ნონა სალაღაია
ოპოზიციის საპროტესტო აქცია, რომელიც დიღომში პოლიციის სამმართველოს წინ გაიმართა,საპროტესტო აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეტაკებით დამთავრდა. აქციამ თავისუფლების მოედნიდან დიღომში „უცნობის“ განცხადების შემდეგ გადაინაცვლა. მისი თქმით, სამი არასრულწლოვანი, რომელიც ჟურნალისტის ცემის ფაქტზე დააკავეს, სასტიკად ცემეს და მათ გაუპატიურებით დაემუქრნენ. გია გაჩეჩილაძის თქმით, ისინი ყველა ღონეს მიმართავდნენ იმისთვის, რომ ეს სამი არასრულწლოვანი პატიმრობიდან გაეთავისუფლებინათ.
სიტუაციამ დაძაბულობის პიკს მიაღწია, როდესაც „უცნობი“ უშიშროების ეზოს ალაყაფზე გადავიდა და შენობისკენ აიღო გეზი.
სამართალდამცავებმა ”წესრიგის” დამყარების დროს სხეულის მძიმე დაზიანებები მიაყენა ოპოზიციის რამდენიმე მხარდამჭერს და ოპოზიციური პარტიების ლიდერებს: გია მაისაშვილს, დავით გამყრელიძეს, შალვა ოგბაიძეს, ლევან და გია გაჩეჩილაძეებს, აგრეთვე ტელეკომპანიების I არხის ჟურნალისტს სალომე ქოქიაშვილს, კავკასიის ოპერატორს ზაზა შუკვანს, რუსთავი - 2 ოპერატორს ლევან კალანდიას, გაზეთ ”ვერსიის” ჟურნასლისტს ნინო კომახიძეს და ფოტო-რეპორტიორს ანა ხავთასს. დაზარალებულებს სხეულის დაზიანებები მიყენებული აქვთ კანონით აკრძალული საგნების საშუალებით, როგორიცაა ბლაგვი საგნები, ქვები და პლასტიკური ტყვიები.
რაც შეეხება „უცნობს“, ის სხვა დაზარალებულების მსგავსად პოლიციის სამმართველოს შენობის ეზოდან ღუდუშაურის სახელობის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
პოლიტიკური გაერთიანება „ახალი მემარჯვენეების“ ლიდერის, მანანა ნაჭყებიას განცხადებით, „საზოგადოების აღშფოთება, იმ არასრულწლოვანებზე განხორციელებულმა უსამართლობამ გამოიწვია, რომელიც ჟურნალისტის ცემის ფაქტზე დააკავეს. მათ ფიზიკურად გაუსწორდნენ და ადმინისტრაციული სასჯელის ნაცვლად 7 წლით პატიმრობით დაემუქრნენ.“
ოპოზიცია გამოძიებას და იმ პირების დადგენას მოითხოვს, ვინც მანიფესტანტების დარბევის ნებართვა პლასტიკური ტყვიების საშუალებით გასცა. მანანა ნაჭყებიას განცხადებით, დაზარალებულ მანიფესტანტებს შორის ერთ-ერთმა მოქალაქემ ჩანტლაძემ ცალი თვალი დაკარგა.