კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

დევნილების კოტეჯებში ბალახი ამოდის

27 მაისი, 2009

თეა თედლიშვილი

ხელისუფლების მიერ კომფორტულად გამოცხადებულ და 27 000 დოლარად შეფასებულ კოტეჯებში იატაკიდან ბალახი ამოდის. სკრაში ჩასახლებული დევნილები, გარდა იმისა, რომ ყოველდღე გველების, ხვლიკების და თრითინების შემოსევას უძლებენ, იმასაც ითმენენ, რომ დილით გაღვიძებულთ ოთახში ბალახი დახვდებათ.

თენგიზ ბასიშვილი, სახლში იატაკიდან ამოსულ ბალახს საგანგებოდ უფრთხილდება და ხუმრობს: “კარგად რომ გაიზრდება, უნდა გავთიბოო”. შემზარავად გამწკრივებული კოტეჯები ახლა უკვე შიდა ფასადითაც ვერ დაიტრაბახებს, ორ თვეში აშენებულ სახლებში ნედლი სამასალე ხის გამოყენების გამო, იატაკის ფიცრები ერთმანეთისგან 10 სანტიმეტრითაა დაშორებული, ამასთანავე, კოტეჯები პირდაპირ მიწაზეა დაშენებული და რა საკვირველია, რომ ბალახმა სახლში დაიწყოს გაზრდა. ასეთი დაშორებების მქონე, მიწაზე იატაკის ფიცრების პირდაპირ დაწყობის გამო, სახლში ქვეწარმავლების და მცენარეების ამოსვლა საკვირველი აღარ არის.

კოტეჯები სკრაში ჩასახლებულ დევნილებს 1 დეკემბერს ჩაბარდათ, კედლის კუთხეები კი ერთმანეთისგან უკვე რამდენიმე სანტიმეტრით არის დაშორებული და არ იქნება გასაკვირი, ერთ წელიწადში საერთოდ თუ დაინგრევა. ჭერი, რომელიც დევნილების “კომფორტულ” კოტეჯებს აქვს, ფანერით არის გაკეთებული.

სახლში წყლის ჩამოსვლის გამო, ქურთიდან დევნილი თენგიზ ბასიშვილი იძულებული გახდა ჭერში ასასვლელი ამოეჭრა და ის ადგილი მოეძებნა, საიდანაც წყალი ჩამოდიოდა, მაგრამ ასვლა კოტეჯის ჭერში შეუძლებელი გახდა, რადგან ფანერა სხვა თუ არაფერი, ადამიანის სიმძიმეს ვერ გაუძლებს და ჩამოვარდება, მით უმეტეს, თუკი სველია.

”სახლში ბალახი ამოდის, ჭიანჭველები იმდენია, ვერ ვახერხებთ მათთან გამკლავებას, გარეთ გველი ისე დასეირნობს არ ვიცით რა მოვიმოქმედოთ. გუშინაც მოკლეს აქ ერთი გველი. კაციშვილი არ მოსულა და უკითხვს, როგორ შეიძლება ამ კოტეჯებში ცხოვრება, რომელიც უკვე იშლება და თავზე გვენგრევა. ვითხოვე სახლის წინ ბოსელს ავაშენებ-მეთქი, - არ შეიძლებაო. რაც არსამთავრობოებმა მომცეს ფულადი დახმარება, იმით ღორები ვიყიდე, ახლა ეზოში ვაშენებ საღორეს. რა ვქნა, აბა სოფელში კაცმა რითი უნდა იცხოვროს. ერთი არასამთავრობო ორგანიზაცია იყო მოსული. შეგვპირდნენ ძროხებს გიყიდითო, ხელი მოგვაწერინეს რაღაცაზე. არავის არაფერი არ უყიდია. მერე ის ბიჭი ისევ იყო მოსული ჩვენს ჩასახლებაში და დიდად იუარა, როდის შეგპირდით ძროხებსო”, – ამბობს თენგიზ ბასიშვილი.

“ნაკვეთები მოგვცეს. 15 ჰექტარი სიმინდი დაგვითესეს, მაგრამ რომ აიღებენ, არ ვიცით რამდენი შეგვხვდება თითო ოჯახს. ნაკვეთები კი გვაქვს, მაგრამ წყალი არ არის და მორწყვას ვერ ვახერხებთ. რაც ეზოშია, იმას ხელით ვრწყავთ, მაგრამ ხილიანის მორწყვა არ შეგვიძლია. ახლა ეზოში ვაკეთებ ჭას სახლის მიმდებარე პატარა ნაკვეთები მაინც რომ მოვრწყათ ხოლმე”, - ამბობს სკრის ჩასახლებაში მცხოვრები გოჩა კახნიაშვილი.

შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაცია მშვიდად იყო, ვიდრე ჩვენგან შეიტყობდნენ, რომ გველები და სხვა ქვეწარმავლები მხოლოდ წეროვანში კი არა, სკრაშიც იყვნენ, თუმცა სამხარეო ადმინისტრაციის პრესსამსახურის უფროსმა ნათია ომაძემ რამდენიმე წუთში “გაარკვია, რომ გველების არსებობასთან დაკავშირებით, ადმინისტრაციამ უკვე აცნობა სოფლის მეურნეობის სამინისტროს და შესაბამისი ღონისძიების გატარება სთხოვა, რადგან ეს მათი კომპეტენციაა”.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახურის უფროსი გიორგი ჩადუნელი გაოცდა, როდესაც მსგავსი შეტყობინების გაგზავნის თაობაზე ვკითხეთ. სოფლის მეურნეობის სამინისტროში 40 წუთის განმავლობაში იმას არკვევდნენ, მართლა იყო თუ არა შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციისგან შეტყობინება შესული, წინა დღეს კი ჟურნალისტ საბა წიწიკაშვილთან საუბრისას აღნიშნა, რომ “გველების, ქვეწარმავლების და მსგავსი ტიპის პრობლემების მოგვარება ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს ევალებათ. სოფლის მეურნეობის სამინისტრო მსგავს საქმიანობას არ ახორციელებს”.

ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ ბავშვი მარიამ შერმადინი, რომელსაც წეროვანში გველი შეოეხვია, დამუნჯდა. წეროვანში არსებული საავადმყოფოს უფროსი გელა ჭულუხაძე აღნიშნავს, რომ ბავშვს და მშობელს გველის შემოხვევის შემდეგ, დამამშვიდებლები გაუკეთეს და სახლში გაუშვეს.

გელა ჭულუხაძის თქმით, ბავშვი საავადმყოფოდან გასვლის შემდეგ თბილისში წაიყვანეს, დამუნჯების ფაქტთან დაკავშირებით კი მამას მეზობლებისთვის უთქვამს, ჩასახლების საავადმყოფო სხვა ინფორმაციას არ ფლობს.

ახალი ამბები