კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

უკანონო მშენებლობები ძველ ბათუმში და დაზარალებული მოსახლეობა

27 მაისი, 2009

მაკა მალაყმაძე,ბათუმი

ძველ ბათუმში ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით, ბათუმის მერიას მოსახლეობასთან მემორანდუმი ჯერ კიდევ არ გაუფორმებია. არც მოსახლეობის წერილობითი თანხმობაა მათ საკუთრებაში არსებულ ფართზე მიშენება-დაშენების თაობაზე.  ბათუმის მერია იმავე პროგრამას არღვევს, რომელიც მისივე სამსახურების მიერაა მომზადებული და ბათუმის საკრებულოს მიერ დამტკიცებული.

ძველ ბათუმში სარეკონსტრუქციო სამუშაოები 2009 წლის იანვრის შემდეგ დაიწყო. ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ბათუმის საკრებულოს ამასთან დაკავშირებით განკარგულებაც კი არ ჰქონდა გამოცემული, თუმცა უკვე არსებობდა თანხა – საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან გადმორიცხული ხუთი მილიონ ხუთი ათასი ლარი ამ პროგრამისთვის.

თავდაპირველად, ანონიმურად რჩებოდა სამუშაოების შემსრულებელი ფირმების ვინაობაც. დღეს კი ცნობილია, რომ სამუშაოების შესრულება ბათუმის მერი ერთ პირთან მოლაპარაკების გზით შემდეგ კომპანიებს შეუთანხმდა: „ანაგი“ (აჭარის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარი დეპუტატის ზაზა გოგოტიშვილის კომპანია), „ქრიათივ იმფრეშენ კავკასუს“ (სულხან გოგიბერიძის კომპანია), „ფიროსმანი“ (მერაბ ბერიძის კომპანია). აღსანიშნავია, რომ ძირითადად ტენდერებში, აღნიშნული ფირმები იმარჯვებენ. აქვე მნიშვნელოვანია ის ინფორმაციაც, აჭარის უმაღლესი საბჭოს 3 ნოემბრის არჩევნებში აღნიშნულმა ფირმებმა რა ოდენობის თანხა გაიღეს: შპს „ქრიათივ იმფრეშენს კავკასუსმა“  99 941 ლარი, შპს „ანაგი“  94 527 ლარი.

თუ რა თანხებია უკვე დახარჯული და რომელ სამშენებლო კომპანიას რა ოდენობა გადაერიცხა, ამ საკითხების გარკვევა ბათუმის მერიის საფინანსო-ეკონომიკური სამსახურის უფროსთან, ჯემალ ანანიძესთან ვცადეთ, თუმცა მან კომენტარზე უარი, სამუშაო დროის განმავლობაში ამ მოტივით განგვიცხადა: „ფეხბურთის სათამაშოდ მივდივარ და არ მცალია“.

ბათუმის „ისტორიული უბნებისა და ტურისტული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის“ 2009 წლის მუნიციპალური პროგრამა ბათუმის მერიის კეთილმოწყობისა და საფინანსო-ეკონომიკური სამსახურების მიერაა შედგენილი. საკრებულომ პროგრამასთან დაკავშირებით, განკარგულება მხოლოდ 25 თებერვალს გამოსცა. სამუშაოების დაწყების თარიღად კი 26 თებერვალი დაამტკიცა. მასში მითითებულია შემდეგი პუნქტები:

განკარგულების #7.2 პუნქტი: „შენობა-ნაგებობებზე დამატებითი ფართის დაშენება ან მიშენება შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ ამ შენობა-ნაგებობის მესაკუთრის მიერ დადგენილი წესით გაცემული წერილობითი თანხმობით“.

განკარგულების #7.5 პუნქტი: „სამუშაოების განხორციელებასთან დაკავშირებული ურთიერთობა რეგულირდება ფართის მესაკუთრესა და ბათუმის მერიას შორის გაფორმებული წერილობითი ხელშეკრულებით“.

მოსახლეობის განცხადებით, მათ წერილობითი თანხმობები და ხელშეკრულებები მერიასთან არ გაუფორმებიათ.

უკმაყოფილო მოსახლეობა

ძველი ბათუმის ისტორიული უბნებისა ტურისტული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროგრამაში ოფიციალურად 20 შენობაა მითითებული. აღნიშნული მისამართების გადამოწმების დროს, აღმოჩნდა, რომ რეაბილიტაცია დუმბაძის ქუჩის #3-შიც მიმდინარეობს, თუმცა ეს მისამართი ბათუმის საკრებულოს განკარგულებაში არ წერია. ხოლო რუსთაველის ქუჩის #16-ში, სიხარულიძის ოჯახმა განაცხადა, რომ მათ ბინაზე მანსარდი საკუთარი ხარჯებით გააკეთეს, სანამ პროგრამა დაიწყებოდა, თუმცა მათი ბინის მისამართი ძველი ბათუმის რეაბილიტაციის პროგრამაში ერთ-ერთია.

მოსახლეობა პროგრამასთან დაკავშირებით უკმაყოფილებას გამოთქვამს. მათ უმრავლესობას ბინები დაუზიანდათ: „მერია დაგვპირდა კომპენსაციას მოგცემთ, ოღონდ გაჩუმდითო“, – ამბობენ ისინი საუბარში.

რუსთაველის ქუჩა #14, მარინა მელაძე: „სამუშაოები მერიამ ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე დაიწყო. ხელი არც მემორანდუმზე მაქვს მოწერილი. ერთადერთი რაზეც ხელი მოვაწერე, ეს იყო ნებართვა სახლის გეოლოგიურ შემოწმებაზე. არ ვიცი სახლი შეამოწმეს თუ არა, მე არავინ დამინახავს, მაგრამ სამუშაოები მალევე დაიწყო“.

მერიასთან მემორანდუმზე ხელი არც ბარათაშვილის ქუჩის #1-ში მცხოვრებ ეთერ ჯინჭარაძეს აქვს მოწერილი. მანსარდას მისი საცხოვრებელი ბინის თავზეც აკეთებენ. ჯინჭარაძეს მის სახლზე სამუშაობის მწარმოებელ ფირმასთან აქვს პრეტენზია: „ამ ქუჩაზე ორი სამშენებლო ფირმა მუშაობს. ერთ სახლზე მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრებს სვამენ, მეორეზე კი – არა. ორივე სახლის გაკეთებას ხომ მერია აფინანსებს, რატომ არის რომ ერთი უფრო ხარისხიანად მუშაობს?“

ბარათაშვილის ქუჩა #1, ბინა #14, ვენერა მოწყობილი: „ხელშეკრულებაზე ხელმოწერა არ გვაქვს, არაფერი შემოუთავაზებიათ. უკანონოდაა დაწყებული მშენებლობა. წვიმების დროს ჩვენთანაც ჩვეულებრივად წვიმდა, მეორე სართულზეც კი ჩავიდა. ჩვენი ბინა ხომ მთლად გაგვიფუჭდა, პარკეტი პარკეტს აღარ გავს, ხალიჩა – ხალიჩას, ჩვენ კომპენსაციას ვინ გადაგვიხდის? თითქოს, 1 000–ლარიანი თუნუქის სახურავს გვიკეთებენ და უნდა გავჩუმდეთ. სად არის გვაჩვენონ ამ ღირებულების სახურავი. მუშები მოვიდნენ, და დაიწყეს დანგრევა და დაშენება, ჩვენ არაფერი გვკითხეს. რომ შევეკითხეთ მუშას, რას აკეთებო, არ ვიცი, რასაც მეტყვიან იმას გავაკეთებო, ამბობდნენ. „პრარაბი“ გვეუბნება, ოღონდ თქვენ არაფერი თქვათ, ჩვენ ყველაფერს გაგიკეთებთო. თუ რამე უთხარი, გიკეთებენ და კიდევ რა გინდათო. სულ არ მინდოდა ეს მანსარდა, მშვენივრად ვცხოვრობდი, როცა გავაკეთებდი, მაშინ გაკეთდებოდა“.

რაში იხარჯება საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი

ქალაქ ბათუმის საკრებულოს აპარატის მიერ მოწოდებული საკრებულოს #11 და #20 განკარგულებებში, რომელიც ბათუმის ისტორიული უბნებისა და ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროგრამას ეხება, მითითებულია, რომ პროგრამისთვის საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან ხუთი მილიონ ხუთი ათასი ლარი გამოიყო. საქართველოს პრეზიდენტის აღნიშნული განკარგულება – #865, 2008 წლის 18 დეკემბრით არის დათარიღებული, თუმცა განკარგულება, მითითებული დროითა და ნუმერაციით, Gშშ კოდექსის ბაზაში არ მოიპოვება. როგორც ადამიანის უფლებათა ცენტრისთვისაა ცნობილი, აღნიშნული თანხა სარეზერვო ფონდიდან 2008 წლის ბოლოს უკვე ქალაქის ბიუჯეტში იდო.

აღსანიშნავია, კანონმდებლობაში სარეზერვო ფონდიდან თანხების გამოყოფის აუცილებლობის შესახებ წერია: „საქართველოს პრეზიდენტის და საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდებიდან სახსრები გამოიყოფა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ისეთი საგანგებო შემთხვევებისათვის, როგორებიცაა, ბუნებრივი და სხვა სახის კატასტროფები, აგრეთვე სხვა გაუთვალისწინებელი სახელმწიფო გადასახდელების დასაფინასებლად“ (მუხლი #13, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სარეზერვო ფონდები).

ამ შემთხვევაში კი თანხა, ხუთი მილიონ ხუთი ათასი გასული წლის 18 დეკემბერს პროგრამა ძველი ბათუმის რეაბილიტაციისთვის გადმოირიცხა. ეს მაშინ, როცა აგვისტოს მოვლენების გარდა, აჭარაში დღეს 4 000–ზე მეტი ეკომიგრანტიდან 350-მდე საცხოვრებელის გარეშეა დარჩენილი და ამდენივე აფხაზეთიდან დევნილი ოჯახია დასაკმაყოფილებელი.

ბათუმის მერია საჯარო ინფორმაციას ბლოკავს

„არ მეშინია, დაწერეთ რომ გელა მახარაძეს ჩაკეტილი აქვს ფურცლები უჯრაში და არ ვაძლევ პასუხისმგებელ პირს, რომ მოგაწოდოს“, – ეს კომენტარი მერიის აპარატის უფროს გელა მახარაძისგან მაშინ მივიღეთ, როცა საჯარო ინფორმაციის დედანში გასაცნობად დავუკავშირდით.

ადამიანის უფლებათა ცენტრმა ძველი ბათუმის რეაბილიტაციის პროგრამის თაობაზე ბათუმის მერიას, საჯარო ინფორმაციის გასაცნობად, ოფიციალურად რამდენჯერმე მიმართა, თუმცა არც ერთი მათგანზე პასუხი ჩვენ არ მოგვაწოდეს.

მიმართვა #01/41, 15 აპრილი, ვითხოვდით: ძველ ბათუმში მიმდინარე სარემონტო სამუშაობის შემსრულებელ ფირმებთან ბათუმის მერიისა და ფირმებს შორის გაფორმებული ხელშეკრულებების ასლები.

24 აპრილი, ადმინისტრაციული საჩივარი ბათუმის მერს, რობერტ ჩხაიძეს: ზოგადი ადმინისტრაციული კოდესის #40 მუხლის თანახმად, საჯარო ინფორმაციის გაცემის ვადების გასვლის შემდეგ, ადამიანის უფლებათა ცენტრმა ბათუმის მერს რობერტ ჩხაიძეს საჩივრით მიმართა, საჯარო ინფორმაციის არ მოწოდების გამო.

14 მაისი – ბათუმის მერი ადამიანის უფლებათა ცენტრის ადმინისტრაციულ საჩივარს აკმაყოფილებს: „აღნიშნული ინფორმაცია ექვემდებარებოდა გაცემას. აღნიშნულიდან გამომდინარე, თქვენს მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის მოძიება და თქვენთვის მოწოდების უზრუნველყოფა დაევალა ბათუმის მერიის ადმინისტრაციის სხვა საჯარო მოსამსახურეს“, თუმცა როგორც მერიის იურიდიული განყოფილების უფროსმა ირაკლი სურმანიძემ განაცხადა, საჯარო ინფორმაციას საჩივრის დაკმაყოფილებიდან 10 დღეში მივიღებთ.

საქართველოს კანონმდებლობით კი, საჯარო დაწესებულება მაშინ არის ვალდებული გამოიყენოს საჯარო ინფორმაციის გაცემის 10–დღიანი ვადა, როცა ინფორმაცია მოსაძიებელია და დამუშავებას მოითხოვს, რაც ამ შემთხვევაში არ არსებობს. უფრო მეტიც, მერიის საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირის ლალი ოსეფაიშვილის განცხადებით, ინფორმაციას ვერ გვაწვდის, რადგან ხელშეკრულებები ბათუმის მერის მოადგილესთან დავით სამნიძესთანაა კაბინეტში.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ადმინისტრაციული საჩივრის პასუხში, ბათუმის მერს არ დაუკონკრეტებია თუ ვინ, „მერიის ადმინისტრაციის სხვა საჯარო მოსამსახურე“ მოგვაწვდის ინფორმაციას და რა ვადებში. თუ ვის გულისხმობდა ბათუმის მერი „სხვა საჯარო მოსამსახურეში“, ამი შესახებ არც მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში და არც იურიდიულ სამსახურში არიან ინფორმირებულნი.

ახალი ამბები