კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

აგვისტოს ომი და ადამიანების „უთქმელი სათქმელი“

28 მაისი, 2009

ნონა სალაღაია

ომს დიდი ადამიანები იწყებენ, პატარები – ეწირებიან. გაეროს დამკვირვებელი, პიტერ ნიკოლასი გორს, ომის შემდეგ, სულების ქალაქს უწოდებს. უცხოელი ექსპერტები განუწყვეტლად იუწყებიან  დაბომბილი და განადგურებული შენობების შესახებ. უსახლკაროდ დარჩენილი ათასობით ადამიანი თავშესაფარს ითხოვს, დაჭრილები სამედიცინო დახმარებას საჭიროებენ, დაღუპულები - დასაფლავებას, ტყვედ აყვანილები გათავისუფლებას ელიან...

რუსეთსა და საქართველოს შორის პოლიტიკურ დაძაბულობაზე ბოლო დროს ბევრს ლაპარაკობდნენ, თუმცა ომის დაწყება არა მხოლოდ მოსახლეობისთვის, ბევრი იმათგანისთვისაც მოულოდნელი იყო, ვინც პოლიტიკურ სფეროში მოღვაწეობდა. სიტუაციის უეცარმა ესკალირებამ მოსახლეობა აპათიურ მდგომარეობაში ჩააგდო და გეგმიერად მოქმედების უნარი დაუკარგა. ალბათ, არაფერია დაბომბილ და განადგურებულ ქალაქში სასოწარკვეთილი ადამიანების შეშლილ სახეებზე მძიმე სანახავი.

“ადამიანის უფლებათა ცენტრის” მიერ გადაღებული ფილმი “KNO3 - შავი დენთი”, სწორედ განწირული ადამიანების შესაკრებელს წარმოგვიდგენს. შეუძლებელია, არ შეგზაროთ ფილმის პროლოგმა, სადაც შვილმკვდარი დედა, სასოწარკვეთილი კივილით, ომში დაღუპული შვილის საფლავზე პირქვე ემხობა და დასტირის ერთადერთ ვაჟს. შეუძლებელია, ჩახედო ნინო ღვედაშვილის რესპოდენტებს თვალებში, როდესაც ისინი საკუთარ თავგადასავალს ყვებიან და არ გაგიჩნდეს კითხვა: ნუთუ არ შეიძლებოდა ამ ომის თავიდან აცილება? ნუთუ მსხვერპლის გაღება მიზნის მისაღწევად აუცილებელი კომპონენტია? ნუთუ ღირს დაკარგული ტერიტორიების დაბრუნება კიდევ უფრო მეტი მსხვერპლისა და დევნილის ფასად?

დოკუმენტური ფილმი “ KNO3 - შავი დენთი” დამნაშავეებს არ ეძებს, ის მხოლოდ და მხოლოდ მსხვერპლთან საუბრობს. მსხვერპლის პოვნა კი გაცილებით იოლია ომის შემდეგ პერიოდის ქალაქში: ქალაქის მუნიციპალური შენობის წინ მდგარი ადამიანები, რომლებიც ჰუმანიტარული დახმარების მიღებას ელოდებიან, 25-26 წლის ბიჭი, რომელიც ტყვედ ჩავარდნილ მამის კვალს ამაოდ ეძებს, ფეხმძიმე ქალი, რომელსაც კარავში, სახელდახელოდ გაკეთებულ საწოლზე ლეიბის გარეშე სძინავს... ისინი მოგვითხრობენ საკუთარ გაჭირვებაზე, მოგვითხრობენ მომხდარსა და განცდილზე. აქ არაფერია ყალბი და შელამაზებული. განადგურებული ქალაქის ფონზე გათელილი სულისა და უიმედოდ დარჩენილი ადამიანების რეალური ყოფა ისახება კადრზე, რომელიც 35 წუთის განმავლობაში ამოსუნთქვის საშვალებას არ აძლევს მხილველს.
“ჩვენ ფილმის გადაღება დავიწყეთ ისევე მოულოდნელად, როგორც ომი დაიწყო თვითოეული ჩვენთაგანის ცხოვრებაში”,- მოგვითხრობს ავტორი – “ვინაიდან “ადამიანთა უფლებების” ცენტრმა გადაწყვიტა მიმდინარე მოვლენების დოკუმენტირება, ჩავთვალეთ, რომ ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალება იქნებოდა, თუ ჩვენ ამ ყველაფერს ვიდეო კამერის მეშვეობითაც დავაფიქსირებდით”.

ცენტრის მიერ შეგროვებული ვიდეო მასალა 14 ვიდეო კასეტას მოიცავს. ბუნებრივია, ყველა რესპოდენტის გულისტკივილი 35 წუთიანმა დოკუმენტურმა ფილმმა ვერ დაიტია. თუმცა როგორც ავტორი ამბობს, ისეთებიც არსებობდნენ, რომლებსაც დიდი გასაჭირი ადგათ, მაგრამ ამ თემაზე ლაპარაკს საჯაროდ ერიდებოდნენ. მათგან ზოგი საკუთარი სიცოცხლის გადასარჩენად დუმდა და ზოგსაც ყოველგვარი იმედი ჰქონდა დაკარგული, რომ მათ ვინმე რეალურად დაეხმარებოდა და მათი სიტყვა თუ სათქმელი დანიშნულების ადგილამდე მიაღწევდა.

“ჩვენი მიზანი იყო, რომ ამ ფილმით საზოგადოებისთვის სწორედ ის უთქმელი სათქმელი მიგვეწოდებინა, გვეთქვა ის, რასაც ყველა ერთმანეთში საუბრობს, მაგრამ რის თქმასაც საჯაროდ ერიდებიან. გვინდოდა დაგვემსხვრია ის ვარდისფერი სამყარო, რასაც ქართული ეროვნული ტელევიზიები გვთავაზობს და გვთავაზობდა თუნდაც ომის დროს და რაც რეალობასთან ძალიან შორს იდგა”,- განაცხადა ნინო ღვედაშვილმა.

“ადამიანის უფლებათა” ცენტრის მიერ გადაღებული ფილმის პრეზენტაცია კინოს სახლის მცირე დარბაზში გაიმართა. ცენტრის დირექტორი უჩა ნანუაშვილის თქმით, მას დიდი სურვილი აქვს, ფილმი ფართო საზოგადოებისთვის გახდეს ცნობილი. თუმცა, მას ეროვნული ტელევიზიების მეშვეობით ამ ფილმის გაშვების იმედი არ აქვს, თუნდაც იმ მიზეზით, რომ მასში წარმოდგენილი კადრები ხელისუფლების სასიკეთოდ არ მეტყველებენ.

“ჩვენ მაინც მივაწვდით მათ ინფორმაციას ამ ფილმის არსებობის შესახებ, მაგრამ მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ მისი გაშვება ეროვნული ტელევიზიების მიერ არ მოხდება. საბედნიეროდ, არსებობს კიდევ რამდენიმე ტელე არხი, რომლებმაც ეს ფილმი შეიძლება აჩვენონ. გარდა ამისა, ამ ფილმის ნახვა შესაძლებელი იქნება ინტერნეტში, ჩვენ მას განვათავსებთ რამდენიმე საიტზე”,- განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.

ახალი ამბები