კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ესტონელების კვლევით, საქართველოში ფიზიკური ძალადობა ლიდერობს

29 მაისი, 2009

“მოძალადე იმიტომ ძალადობს, გრძნობს, მისი ეშინიათ”

ეკა გულუა

ესტონურმა არასამთავრობო ორგანიზაციამ “ღია საზოგადოება” ოჯახურ ძალადობასთან დაკავშირებით საქართველოსა და ესტონეთში კვლევა ჩაატარა. კვლევის ობიექტები ექიმები იყვნენ, რომლებსაც ძალადობის მსხვერპლებთან პირდაპირი კავშირი აქვთ. შედეგი საკმაოდ მძიმე აღმოჩნდა. საქართველოში ძალადობის რამდენიმე ფორმა გამოიკვეთა – ფიზიკური, ფსიქოლოგიური და სექსუალური.

კვლევის მიხედვით, ექიმების 50% ადასტურებს, რომ ქართულ ოჯახში ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობა სერიოზული პრობლემაა. ისინი ამბობენ, რომ სექსუალური ძალადობა საქართველოში ტაბუდადებულია და ამ თემებზე დაზარალებულები იშვიათად საუბრობენ. ყოველი მეორე ექიმი თვლის, რომ ფიზიკური ძალადობის მსხვერპლნი ძირითადად გათხოვილი ქალები არიან, დაახლოებით 30 წლის. სექსუალური ძალადობის მსხვერპლნი კი 13-18 წლის გოგონები. ყოველი მეოთხე ექიმის დასკვნით, ფიზიკური ძალადობით მიყენებული ტრამვების შედეგად ხშირია მუცლის მოშლა. გენოკოლეგთა 9%-ს ჰქონა შემთხვევა, როცა ფეხმძიმე ქალებს ძალადობის შედეგად ინვალიდი შვილი გაუჩნდათ.

ესტონელებმა საქართველოში ჩატარებულ გამოკითხვაში სამართალდამცველებიც ჩართეს, რადგან მათ ოჯახურ ძალადობასთან პირდაპირი შეხება აქვთ. პოლიციელებისა და ექიმების შეფასებით სხვადასხვა სახის ძალადობა სხვადასხვა პროცენტს იკავებს. ფიზიკურ ძალადობას მთავარ პრობლემად პოლიციელების 92% და ექიმების 50% ასახელებს.

გამოკითხვით, საქართველოში ოჯახში ფიზიკური ძალადობის შედეგად ყველაზე მეტად დედები იტანჯებიან (48%), ესტონეთში კი -74%; შემდეგ ბავშვები (62% ესტონეთში, 27% საქართველოში); შემდეგ - გოგონები (68% ესტონეთში, 26% საქართველოში); შემდეგ კი ბებიები და ბაბუები (35% ესტონეთში, 15% საქართველოში).

ძალადობის მსხვერპლებს არასამთავრობო ორგანიზაციები სხვადასხვა სახის დახმარებას სთავაზობენ. მათ შორის თავშესაფარსაც. როგორც “ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელი-ს” ხელმძღვანელი ნატო შავლაყაძე “ადამიანის უფლებათა ცენტრთან” საუბრისას აცხადებს, მათ თავშესაფარს ხშირად ფეხმძიმე მსხვერპლები თუ  შვილიანი დედებიც მიმართავენ.

ნატო შავლაყაძე: პრობლემის დინამიკას ქვეყანაში არსებული გარემო პირობები განაპირობებეს. ნებისმიერ ყვეყანაში ასეა. თუ ეკონომიკური კრიზისია, თუ საომარი მოქმედებაა, თუ მოსახლეობას უჭირს, აგრესია მატულობს. შესაბამისად, ოჯახური ძალადობის შემთხვევებიც იზრდება. სამწუხაროდ, საქართველოში ჩვენთან დინამიკა შემცირებისკენ კი არ მიდის, პირიქით, ძალადობის მაჩვენებელი იზრდება.

“ჟურნალისტი:” კვლევაში საუბარია, რომ ძალადობა ხშირია ფეხმძიმე ქალებზე, რაც მუცლის მოშლით მთავრდება. მსგავსი ფაქტები მხოლოდ ფაქტად რჩება თუ მოძალადე ისჯება?

ნ.შ. ჩვენ გენოკოლოგებთან შეხვედრებიც გვქონდა, რომლებიც ამბობენ, რომ ყოველთვის ხვდებიან რომ მათთან მისული ყოფილი ორსული ძალადობის მსხვერპლი იყო. თუმცა, მათ ხშირად მოძალადეებიც მიჰყვებიან ექიმებთან, რომ არაფერი თქვან. შესაბამისად, ფაქტების დაფიქსირება ვერ ხერხდება.  საქართველოში ექიმებთან მეტი მუშაობაა საჭირო, რადგან მათ კარგად არ იციან, მსხვერპლთან როგორ მოიქცნენ, როგორ დაარიგონ, როგორ მიაწოდონ ინფორმაცია. არადა, აღნიშნულის სხვადასხვა მეთოდები არსებობს. მაგალითად, არსებობს სპეციალური ძალიან მცირე ზომის ბუკლეტები, რომლიც მსხვერპლს  შეიძლება ისე მისცე, მოძალადემ ვერც დააფიქსიროს. თუ გოგონას ინტერესი გაუჩნდება, ოდესმე დარგვირეკავს. გვქონდა შემთხვევა, როცა გოგონამ 2 წლის მერე დაგვირეკა.

რაც შეეხება სექსუალურ ძალადობას, ამ საკითხს საერთოდ ტაბუ ადევს. სექსუალურ ძალადობაზე საუბარი ყველა ქვეყანაში ყველას უჭირს, მაგრამ ქალები, რომლებიც ჩვენს კრიზისულ ცენტრში მოდიან, ფსიქოლოგთან მუშაობის შემდეგ 80% აღიარებს, რომ სექსუალური ძალადობის მსხვერპლნი არიან.

“ჟ:” რეგიონებში რა მდგომარეობაა?

ნ.შ. პრობლემა რეგიონებში მეტია, რადგან, ქალქში შედარებით მეტი ინფორმირებულია ხალხი. მართალია, რეგიონებში საკითხი უფრო ტაბიურებულია, თუმცა, იქ ყველამ იცის, ვის ოჯახში რა ხდება. რეგიონებში ქალები მუშაობენ, კაცები შინ რჩებიან და სვამენ. აღნიშნული პრობლემა ძალიან ბევრ ოჯახშია. ამ ყველაფერს ხელს ეკონომიკური კრიზისიც უწყობს, კაცებისთის სამუშაოს მოძიებნა უფრო რთულია.

“ჟ:” ძალადობის მსხვერპლნი რამდენად ხშირად მოგმართავენ და ძირითადად რა პრობლემებით?

ნ.შ. მომართვა საკამოდ ხშირია. დღეში საშუალოდ 6 ადამიანი მოდის. მათ სხვადასხვა სახის პრობლემა აწუხებთ. ზოგს გაყრის იურიდიული დეტალები აინტერესებს, ზოგი ძალადობისგან დაცვას ითხოვს. მათი ასაკი 27-40 წელია. 42 წლის მერე კი ძალადობას იმდენად მიჩვეულები არაინ, არც საუბრობენ.

“ჟ:” რას სთავაზობთ იმ ქალებს, რომლებსაც უკიდურესი მდგომარეობა აქვთ და სახლიდან წამოსვლა უნდათ?

ნ.შ. ასეთი კატეგორიისთვის გვაქვს თავშესაფარი. ძალიან მალე სახელმწიფო თავშესაფარიც გაიხსნება, რაც ადგილების პრობლემას მოგვიხსნის.  თავშესაფარში მოთავსების შემდეგ მათთვის სამსახურს ვეძებთ. ქალები ცდილობენ, საკუთარი თავის რწმენა დაიბრუნონ და ახალი ცხოვრება დაიწყონ. ბევრს ეს გამოსდის. ისინი თავშესაფარში შვილებთან ერთად ცხოვრობენ, თუმცა, 14 წლის ზევით ბიჭებს ვერ ვღებულობთ. მათ სხვა ალტერნატივას ვთავაზობთ. თავშესაფარში მსხვერპლნი სხვადასხვა ხანგრძლივობით ჩერდებიან, შემდეგ ან მოძალადე მეუღლეებს უბრუნდებიან, ან ახლობლებთან მიდიან. ამჯერად თავშესაფარში ერთი ორსული გოგონაც გვყავს. მას გარდა, კიდევ ერთი ქალი, მისი 22 წლის გოგონა და ვაჟით. დედა წლებია ძალადობის მსხვერპლია, თუმცა, სახლიდან საბოლოოდ ვერ მოდის. ვაჟს ვერ ვღებულობთ, რადგან დიდი ბიჭია. გოგოს დამსახურებაა, რომ დედა ჩვენთან მოვიდა. ვცდილობთ, ვაჟი სადმე სკოლა ინტერნატში გადავიყვანოთ. თუ ეს მოვახერხეთ, მერე ალბათ დედაც წამოვა.

როგორც წესი, ქალები თავშესაფარში მხოლოდ მაშინ მოდიან, როცა უკიდურეს ზღვარზე არიან და ოჯახში ვითარება იმდენად დაძაბულია, რომ ცხოვრება შეუძლიებელია. მაგალითად, მოდიან მაშინ, როცა ძალადობას უკვე ბავშვი იწყებს და იგივეს აკეთებს, რასაც მამა. მაგალითად 8 წლის ბავშვი როცა დედის ცემას იწყებს. როცა 3 წლის ბავშვი ამბობს, ჩემი მამიკო კუბოში რომ ჩავაწვინოთ არ შეიძლებაო. ანუ, როცა დედები ხედავენ, რომ პრობლემები უკვე ბავშვებსაც უჩნდებათ. მინდა ქალებს რჩევა მივცე - როცა ძალადობის ფაქტი პირველად მოხდება, შეიძლება ეს ცემა არც იყოს და ყვირილით ან დამტვრევით დაიწყოს, ქალბატონებს არ უნდა შეეშინდეთ და არ უნდა იფიქრონ, რომ ყველაფერი მათი ბრალია. მთავარია, მათ არასოდეს შეგეშინდეთ. მოძალადე იმიტომ ძალადობს, რომ გრძნობს, მისი ეშინიათ.

ახალი ამბები