კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სევდიანი ფიქრები მედიის თავისუფლებაზე საქართველოში

29 მაისი, 2009

ანა ნაცვლიშვილი

აპრილის თვეში დაწყებულ საპროტესტო აქციებზე საზოგადოების ნაწილმა სირცხვილის კორიდორი მოუწყო საზოგადოებრივ მაუწყებელს და ამით თავისი პროტესტი გამოხატა მაუწყებლის საინფორმაციო პოლიტიკის მიმართ. საპასუხოდ, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა მალევე განაცხადა, რომ ის აღარ გააშუქებდა ამ მოვლენას.

ამ ყოველივეში ორი ფაქტია განსაკუთრებით დამაფიქრებელი და მრავლისმთქმელი, პირველი – საზოგადოების ნაწილს გაუჩნდა პროტესტის გრძნობა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების იმ ფორმით გაშუქებაზე, როგორც ამას ქართული სატელევიზიო მედია და ამ კონკრეტულ შემთხვევაში საზოგადოებრივი მაუწყებელი აკეთებს და მეორე – საზოგადოებრივმა მაუწყებლებელმა, მის წინააღმდეგ გამოხატულ პროტესტს ინფორმაციის დაბლოკვით უპასუხა.

საზოგადოებას, რომ პროტესტის გრძნობა გაუჩნდა ეს კარგია. ჯერ ერთი – საზოგადოებაში პროტესტის გაჩენა და მისი მშვიდობიან ფორმებში გამოხატვა მომწიფებული დემოკრატიის ერთ-ერთი ნიშანია, მეორეც - თუკი მოქალაქეები განსხვავებულად აღიქვამენ, ამა თუ იმ მოვლენას და ამას ხმამაღლა აფიქსირებენ, ესეც იმაზე მიგვანიშნებს, რომ  სამოცდაათწლიანი ტოტალიტარიზმის აჩრდილები უკვე საკმაოდ შორს დარჩნენ ჩვენგან. . .

მაგრამ ცუდია ის, რომ საზოგადოების პროტესტის ადრესატი ხელისუფლებასთან ერთად გახდა მედიაც. საზოგადოების დიდი ნაწილის მიერ მიკერძოებულობაში ბრალდებული მედია სახელმწიფოს დემოკრატიულობაზე ნამდვილად არ მიუთითებს. ის ფაქტი, რომ პროტესტის ადრესატი საინფორმაციო ბლოკადით პასუხობს საზოგადოების იმ ნაწილის უკმაყოფილებას, რომელიც ხელისუფლებისადმი ოპოზიციურადაა განწყობილი, ამ ბრალდებას კიდევ უფრო დამაჯერებელს ხდის.

თუკი საზოგადოების რომელიმე ნაწილს მიაჩნია, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი ადექვატურად ვერ ან არ ასახავს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს, მაშინ ამ  უკანასკნელს ისღა დარჩენია, გულდასმით მოუსმინოს ამ ჯგუფს და გაითვალისწინოს მისი მოსაზრებები. საზოგადოებრივ მაუწყებელს კანონი ავალდებულებს  გამოხატოს არა რომელიმე კონკრეტული ჯგუფის ან ფენის, არამედ მთელი საზოგადოების ინტერესები: სწორედ ეს არის მაუწყებლისათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან ასიათასობით ლარის გამოყოფის, სამართლებრივი და მორალური  საფუძველი.

მაგრამ, საზოდოებრივმა მუწყებელმა პროეტესტის საპასუხოდ სირაქლემას პოზიცია აირჩია.

ამბავი ამით არ დასრულებულა: იმავე დღეს, ერთიმეორეს მიყოლებით ქართულმა სატელევიზიო არხებმა – “იმედი”, “რუსთავი2”, “ალანია” და “აჭარის ტელევიზია”, სოლიდარობა გამოუცხადეს საზოგადოებრივ მაუწყებელს (თანაც ისე, რომ შესაბამისი განცხადებების ტექსტი საეჭვო სიზუსტით ემთხვეოდა ერთმანეთს) და უარი განაცხადეს სირცხვილის კორიდორის გაშუქებაზე.  ამგვარი ნაბიჯით ყველა მათგანმა ფატალური შეცდომა დაუშვა, – მათ პრაქტიკულად დაადასტურეს გავრცელებული ეჭვი, რომ ქართული სატელევიზიო მედია მაყურებლის ინფორმირებაზე კი არა, მის იდეოლოგიზირებაზეა ორიენტირებული.

მედიის უპირველესი როლია, საზოგადოებას მომხდარი ფაქტების შესახებ მიაწოდოს ინფორმაცია, რათა მაყურებელმა თავად შეძლოს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების ანალიზი, საკუთარი სამოქალაქო პოზიციის გამომუშავება და ამ პოზიციაზევე დაყრდნობით შესაბამისი რეაქციის გამოხატვა. ფაქტების ანალიზი უწინარესად საზოგადოების პრეროგატივაა და არა მედიის, მაგრამ თუ მედია საზოგადოებას არ მიაწვდის ინფორმაციას ფაქტებზე, ბუნებრივია საზოგადოება ვერ შეძლებს სიტუაციის ანალიზს. მედიის მიერ ფაქტების დამახინჯება და დაფარვა საზოგადოებისათვის სწორედ ანალიზის შესაძლებლობის და შესაბამისად უფლების წართმევაა.

სწორედ ეს გააკეთა საზოგადოებრივმა მაუწყებელმა და ყველა იმ არხმა, ვინც მას სოლიდარობა გამოუცხადა, როცა კორიდორის გაშუქებაზე უარი განაცხადა.  ამასვე აკეთებს ქართული სატელევიზიო მედიის დიდი ნაწილი, როცა მთელი დღის განმავლობაში მიმდინარე მასშტაბურ სახალხო ღონისძიებას  ისეთი სიმწირით და მიკერძოებით აშუქებს, როგორც მაგალითად ეს 26 მაისს მოხდა. სწორედ ეს გააკეთა “იმედმა”, როცა პატრიარქის მიმართვიდან ამოჭრა მისი უწმინდესობის გაფრთხილება ქართული ჯარისადმი, ხელი არ აღემართათ თანამოძმეებზე ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური კრიზისის დროს. ამასვე აკეთებენ ქართული ტელეარხები, როცა უცხოელი დიპლომატების მიერ გაკეთებულ განცხადებებს არასწორად თარგმნიან სახელისუფლებო პოზიციის სასარგებლოდ, და ა.შ. და ა.შ.

თითოეული ეს შემთხვევა საზოგადოებისათვის ინფორმაციის თავისუფლების და შესაბამისად – საკუთარი აზრის ჩამოყალიბების შესაძლებლობის წართმევაა. აღარაფერი ვთქვათ ამ ქმედების კანონთან შეუსაბამობაზე. მედიის მხრიდან მსგავსი პოზიცია შეურაცხყოფს საზოგადოების და თითოეული ადამიანის ღირსებას. (ღირსების შელახვა ხდება იმისაგან დამოუკიდებლად, აცნობიერებენ თუ არა ამას ქართული მედიის მესვეურები და საზოგადოების ის ნაწილი, ვისაც ტყუილში ცხოვრების კომფორტი ურჩევნია სიმართლისათვის თვალის გასწორებას.)

საინტერესოა ასევე არგუმენტები, რომლებიც ტელევიზიებმა საინფორმაციო ბლოკადის გასამართლებლად დაასახელეს: “სოლიდარობა კოლეგების მიმართ” და “შესაძლო პროვოკაციების თავიდან აცილება”.

პირველი არგუმენტი უკანასკნელი წლებში მედიაში განვითარებული მოვლენების ფონზე, სხვა რომ აღარაფერი ვთქვათ – უსუსურია. ვარდების რევოლუციიდან ძალიან მალე, ტელეკომპანიებმა: “იბერია”, “მეცხრე არხი” და “202”  ხელისუფლების პირდაპირი თუ არაპირდაპირი ზეწოლით მაუწყებლობა შეწყვიტეს, სატელევიზიო სივრციდან გაქრა პრაქტიკულად ყველა “თოქ-შოუ,” 2006 წელს ეკა ხოფერიამ პირდაპირ ეთერში განაცხადა მასზე განხორციელებულ ზეწოლაზე და “რუსთავი2” დატოვა, 2007 წელს სპეცრაზმა დაარბია “იმედი” და კანონით დადგენილი წესის დარღვევით შეუწყვიტა მაუწყებლობა.

ქართული მედიის უკანასკნელი წლების ისტორია, ზეწოლის ათეულობით ასეთ ფაქტს იტევს, მაგრამ სოლიდარობის გამოხატვის – არც ერთს.

“სჯობს გვიან ვიდრე არასდროს” ლოგიკით ამ სოლიდარობის ახსნა და გამართლება შესაძლებელია;  მაგრამ იმის ახსნა და გამართლებაა ძნელი, თუ რატომ ამოიღეს ხმა მედია საშუალებებმა მაშინ, როცა მათ კოლეგებზე ზეწოლა ხელისუფლების მხრიდან ხორციელდებოდა და მხოლოდ მაშინ რატომ გადაწყვიტეს დუმილის დარღვევა, როცა საზოგადოების და ოპოზიური პოლიტიკური სპექტრის კრიტიკა მოისმინეს.

საინფორმაციო ბლოკადის გასამართლებლად ვერც მეორე, – შესაძლო პროვოკაციების თავიდან აცილების არგუმენტი გამოდგება. საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის ლეგიტიმურ საფუძველს წარმოადგენს, მაგრამ მხოლოდ მაშინ, როცა ამგვარი საფრთხე მყისიერი და სერიოზულია. იმის თქმა კი, რომ რაიმე თემაზე ინფორმაციის მიწოდებას წინასწარ სრულიად შევწყვეტ, რადგან რაღაც ეტაპზე შეიძლება პროვოკაცია მოხდეს, რომელიც ამ წესრიგს დაარღვევსო – რბილად რომ ვთქვათ, ცენზურაა. ცენზურა კი საქართველოს კანონმდებლობით აკრძალული ქმედებაა.

უდავოა, რომ ჟურნალისტს და მაუწყებლობას აქვს უფლება გააჩნდეს საკუთარი პოზიცია ამა თუ იმ მოვლენასთან დაკავშირებით და მაყურებელსაც გაუზიაროს ეს პოზიცია; მაგრამ ერთია, - ვის რამდენად სჯერა, რომ მედიის წარმომადგენლებს საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო ბლოკადისადმი სოლიდარობის გრძნობა ხელისუფლების მესვეურთაგან დამოუკიდებლად გაუჩნდათ; მეორეც - ასეც რომ იყოს, ფაქტების დაბლოკვა, რაც თბილისის მიღმა დარჩენილი მთელი საქართველოსათვის პრაქტიკულად მიმდინარე მოვლენის დამალვის ტოლფასია, გაუმართლებელია.

ინფორმაციის კონტროლი, ქართულ სივრცეში დაბადებული მოვლენა არა არის; იგი ოდითგანვე წარმოადგენდა საზოგადოების კონტროლის საშუალებას.  ლიბერალური ტრადიციის მიხედვით გამჭირვალე და დემოკრატიული სახელმწიფოს ფუნდამენტად სწორედ ინფორმაციის თავისუფლება იქნა აღიარებული. ინფორმაციის თავისუფალლების უზრუნველყოფის ფუნქცია დემოკრატიულ საზოგადოებაში უპირველესად, სწორედ მედიას აქვს მინიჭებული. გამოხატვის და მისგან მომდინარე ინფორმაციის თავისუფლება არის ჟურნალისტების საქმიანობის ის სამართლებრივი საფუძველი, რომელიც აღიარებული და გარანტირებულია დღეს უკვე მრავალი სახელმწიფოს, მათ შორის საქართველოს კონსტიტუციითა და კანონებით. მაგრამ არსებითია ის ფაქტიც, რომ ინფორმაციის მოპოვებისა და გავრცელების თავისუფლების განუყრელ ნაწილს წარმოადგენს შესაბამისი ვალდებულებაც – ობიექტური ინფორმაციის მოძიების და თავისუფლად გავრცლეების ვალდებულება, რომელიც მედიას საზოგადოების წინაშე აკისრია.

რადგან მედიის უფლებები და მოვალეობები ერთმანეთისაგან გამიჯნულად არ არსებობს და ერთი მედლის ორ სხვადასხვა მხარეს წარმოადგენს, ვალდებულებებზე უარის თქმით, მედია პრაქტიკუად საკუთარ უფლებებზეც ამბობს უარს.

ბევრი რომ აღარ გავაგრძელოთ, ინფორმაციების დაბლოკვით და ფაქტების არაობიექტურად გაშუქებით, მედიამ სწორედ იმ ტოტის მოჭრა დაიწყო, რომელზეც თავადაა მოკალათებული. რაც მალე გააცნობიერებს იგი ჩადნილ შეცდომას, მით მალე შეძლებს დაიბრუნოს თავისი კუთვნილი ადგილი და როლი ქართულ სახელმწიფოებრივ სივრცეში. სხვაგვარად, მის წინაშე მდგომი საფრთხე - გადაიქცეს პოლიტიკურ და ეკონომიკურ მოთამაშეებს შორის, მხოლოდ და მხოლოდ ძალაუფლების განმტკიცების ინსტრუმენტად, – კიდევ უფრო რეალური და გარდაუვალი გახდება.

P.S. მე მაინც უპირველესად სევდა დამეუფლა, როცა ქართული სატელევიზიო არხების პრაქტიკულად იდენტური განცხადებები მოვისმინე, საზოგადოებრივი მაუწყებლისადმი სოლიდარობის გამოცხადების შესახებ. წინა წლებში მათზე განხორციელებულ ზეწოლას გაცილებით ვერაგი ეფექტი ჰქონია, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანდა – ბევრი მათგანი არამხოლოდ შეჰგუებია ლაგამამოდებულ მდგომარეობაში ყოფნას, არამედ გათავისუფლებაზე ფიქრის მაგიერ თავის ამგვარ მდგომარეობას თავგამოდებით იცავს კიდეც!

თავისუფლება მარტო უფლება არაა, თავისუფლება ეს ვალდებულებებია - აი რატომაა იგი ასე რთული. . .

ახალი ამბები