კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ოსების აბარგება უკვე მასობრივი გახდა

8 ივნისი, 2009

გელა მთივლიშვილი, კახეთი

მძიმე სოციალურ - ეკონომიკური პირობების გამო კახეთის სხვადასხვა სოფლებში მცხოვრები ოსები საცხოვრებელს მასობრივად ტოვებენ. მათგან ზოგი ცხინვალში მიდის, ზოგი კი ვლადიკავკაზში. ამის მიზეზად კონფლიქტოლოგები და უფლებადამცველები, ეკონომიკურთან ერთად, ეთნიკურ ფაქტორსაც ასახელებენ.

მუნიციპალიტეტების გამგეობების ტერიტორიული ორგანოების რწმუნებულების მონაცემებით, ბოლო სამი წლის განმავლობაში, ახმეტის რაიონის სოფელ ფიჩხოვანსა და არგოხში, ასევე ყვარლის რაიონის სოფელ წიწკანაანთსერში, გურჯაანის რაიონის სოფელ ყიტაანში და ლაგოდეხის რაიონის სოფელ ბოლქვში მცხოვრები ოსების რაოდენობა მკვეთრად შემცირდა. მაგალითად, ლაგოდეხის რაიონის ტერიტორიაზე 2003 წლისთვის თუ 2239 ოსი ეროვნების ადამიანი ცხოვრობდა, ამჟამად, მათი რაოდენობა ხუთასს არ აღემატება.

"აქ მცხოვრებ ქართველებსა და ოსებს კარგი ურთიერთობა გვაქვს, ბევრ ოჯახს შორის ნათესაური კავშირიც არსებობს, მაგრამ ეკონომიკური სიდუხჭირის გამო, ასობით ოჯახმა აქაურობა მიატოვა და საცხოვრებლად ვლადიკავკაზში ან ცხინვალში გადასახლდა, ანუ იქ, სადაც ნათესავები ჰყავთ. კახეთის სოფლებში ცხოვრება ძალიან ჭირს. რაიონულ ცენტრს პრაქტიკულად მოწყვეტილები ვართ. ქალაქში სამუშაო რომც იყოს, ვერ ვიმუშავებთ", - აცხადებენ რეგიონში დარჩენილი ოსები.

გურჯაანის რაიონის სოფელ ყიტაანში, სადაც სამასამდე ოსი ცხოვრობს, ორი წლის განმავლობაში ადგილობრივი ხელისუფლებისათვის არაერთი თხოვნის მიუხედავად, სოფლიდან რაიონულ ცენტრთან დამაკავშირებელი ავტობუსი დღემდე არ დაინიშნა. კერძო მიკროავტობუსები კი უკიდურესად დაზიანებული სავალი გზის გამო სოფელში ვერ დადიან. ყიტაანში სკოლაც გააუქმეს და ბავშვებს 7 კილომეტრით დაშორებულ მეზობელ სოფელში უწევთ სიარული.

კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი ოსების მიგრაციის მიზეზად ეკონომიკურ სიდუხჭირესთან ერთად ეთნიკურ დევნასაც ასახელებს. "ოსები რომ ქართულ სოფლებს მასობრივად ტოვებენ, ეს ჩემთვის დიდი ხანია ცნობილია. ვერ ვიტყვი, რომ ეს მარტო ეკონომიკურმა სიდუხჭირემ განაპირობა. ოსები საქართველოდან აგვისტოს ომამდეც მიდიოდნენ, მაგრამ ომის შემდეგ ეს პროცესი უფრო მასშტაბური გახდა".

"მუქარის ან ძალადობის ფაქტი არ ყოფილა, მაგრამ არის ხოლმე ირიბი ზეწოლა. მაგალითად, "შეთავაზება" ბინის იაფად გაყიდვაზე, იმ მოტივით, რომ საქართველოში მათი ადგილი აღარ არის. ასეთი მინიშნება ოსების მიმართ არაერთხელ იყო. ეს იწვევს შიშს, რის გამოც ისინი საქართველოს ტოვებენ," - აღნიშნავს პაატა ზაქარეიშვილი.

ოს ქალთა საერთაშორისო ასოციაციაში ამბობენ, რომ ოსების საქართველოდან წასვლის რეალური მიზეზი აგვისტოს ომი გახდა. "ოსები საქართველოს ომამდეც ტოვებდნენ, მაგრამ ომის შემდეგ ოსი ახალგაზრდები საცხოვრებლად ვლადიკავკაზში მასობრივად გადავიდნენ. ვლადიკავკაზში გადასვლა ამ დრომდე აქ დარჩენილ ოსებსაც უნდათ, მაგრამ სავიზო რეჟიმის გამო ამას ვერ ახერხებენ", - აცხადებს ოს ქალთა საერთაშორისო ასოციაციის ხელმძღვანელი იზოლდა თიგიევა.

ახალი ამბები