კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

შსს “კუდ”-ის თანამშრომელმა მამაკაცი სცემა

12 ივნისი, 2009

ნანა ფაჟავა, ზუგდიდი

შსს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლის მიერ ახალგაზრდა მამაკაცის ცემის თვითმხილველი ზუგდიდში მიმდინარე საპროტესტო აქციის ერთ-ერთი მონაწილე ნიკა პაჭკორია გახდა. მან ვიდეოკამერით ინციდენტის დეტალების გადაღება ფარულად მოახერხა და presa.ge-ს მიაწოდა.

ვიდეო-კადრებით გაირკვა, რომ ცემის ფაქტი “კუდ”-ის რეგიონალური სამმართველოს შენობასთან მოხდა. ახალგაზრდა, ათლეტური აღნაგობის მამაკაცს შავ სამოსში ჩაცმული პირი მუშტებს უღერებს და გამეტებით სცემს. რამდენიმე წამიანი პაუზის შემდეგ ორთაბრძოლა განახლდა. სავარაუდოდ “კუდ”-ის თანამშრომელი თავის არეში ურტყამს მამაკაცს, რომელიც მოგერიებას ცდილობს. კადრში ჩნდება სამი სამხედრო პირი, რომლებმაც მოჩხუბართა გაშველება მოახერხეს. ნაცემი მოქალაქე ადგილზე რჩება, ხოლო დანარჩენი ოთხი უკან იხევს.

ის, რომ მოქალაქეს “კუდ”-ის თანამშრომელი სცემდა, ვიდეოკადრების ავტორს ეჭვი არ ეპარება, რადგან იგი ამავე სამსახურის კუთვნილი ავტომანქანიდან გადმოვიდა.

ნიკა პაჭკორია: “ნაცემი მოქალაქე ტაქსის მძღოლებს აუხირდა, ვფიქრობ ისინი მომსახურეობაზე უარს ამბობდნენ. შეხლა-შემოხლის დროს მათ “ნივის” მარკის, თეთრი ფერის ავტომანქანა, SIS-382 მიუახლოვდა. შემდეგ ის მოქალაქე ჯიკავით ჩასვეს ნივაში და მანქანაც დაძრეს. ამ ყველაფერს საკნიდან ვადევნებდი თვალს. მაინტერესებდა, თუ რა მიმართულებით გავიდოდნენ. “ნივა” რამდენიმე მეტრში, “კუდ”-ის შენობის წინ გაჩერდა. მამაკაცი გადმოათრიეს და ცემა დაუწყეს. ის მოქალაქე ფიზიკურად ძლიერი ჩანდა, ამიტომაც პოლიციელს მისი დამორჩილება გაუჭირდა”.

presa.ge-მ მომხდარის გადამოწმება “კუდ”-ში სცადა. შენობასთან ახლოს რამდენიმე სამსახურეობრივ მანქანებს შორის სწორედ ის “ნივა” იდგა, რომელიც თვითმხილველებმა დაასახელეს. მცდელობის მიუხედავად presa.ge-მ “კუდ”-ის უფროსისგან, დავით დარცმელიძისგან მომხდარის შესახებ კომენტარი ვერ მიიღო. დაცვის თანამშრომლებმა ტერიტორიაზე ვიდეოკამერით გადაღების აკრძალვაც სცადეს.
რამდენიმე წუთის შემდეგ, რაც presa.ge-მ სამმართველოს მიმდებარე ტერიტორია დატოვა, “კუდ”-ის თანამშრომლებმა ავტომანქანის სანომრე ნიშნები ადგილზევე შეცვალეს. SIS-382 ნაცვლად IHI-316 გაჩნდა...

სამართალდამცავების ავტომანქანაზე სანომრე ნიშნების გაცვლა-გამოცვლას თვალს საკნების აქციის მონაწილეები ადევნებდნენ, რომლებიც აცხადებენ, რომ ქალაქში “კუდის” არსებობას მხოლოდ ოპოზიციურად განწყობილი ადამიანები გრძნობენ.

კახა მიქაია: “ცემა, დარბევა და მკვლელობაა დღეს შსს მთავარი საქმიანობა... ზუგდიდის ხელისუფლება და ძალოვნები სრულ აგონიაში არიან. სწორედ ისინი წარმოადგენენ კრიმინალურ დაჯგუფებას. მათ სურთ ზუგდიდი გადაყლაპონ და სააკაშვილს საფაშო მოუწყონ. ისეთი საფაშო, სადაც მოვა მიშა, ალტერნატიული აზრი არ დახვდება - შეჭამს, დალევს და დამშვიდებული დაბრუნდება თბილისში, რომელსაც მან თურმე ვერ გაუგო”.

ახალი ამბები