კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

“ალიანსი საქართველოსთვის” წევრებზე პოლიტიკური დევნა ხორციელდება

22 ივნისი, 2009

ნონა სალაღაია

ბოლო ოთხი დღის განმავლობაში საქართველოს სხვადასხვა რეგიონში “ალიანსი საქართველოსთვის” ათი წევრი დააკავეს. ეს ინფორმაცია „რესპუბლიკური“ პარტიის ლიდერმა თინა ხიდაშელმა გაავრცელა. მისი განცხადებით დაკავებული არიან „ალიანსის“ წევრები და რეგიონალური შტაბის წარმომადგენლები ჩოხატაურში, ლანჩხუთში, ტყიბულში, ჭიათურაში, ადიგენში, გორსა და თბილისში. ხიდაშელის განცხადებით ეს კიდევ ერთი დასტურია იმის, რომ ხელისუფლება აგრძელებს ადამიანების პოლიტიკური ნიშნით დევნას, რაც აუცილებლად მიიყვანს ქვეყანას ისეთ მდგომარეობამდე, როცა სერიოზული კონფრონტაცია გარდაუვალი იქნება.

რესპუბლიკური პარტიის პრეს ცენტრმა მოგვაწოდა იმ ადამიანების სია, რომლებიც „ალიანსში“ რესპუბლიკური პარტიის მხრიდან არიან გაწევრიანებული და რომლებიც სამართალდამცავებმა ბოლო ოთხ დღეში დაიჭირეს.
სია ასეთია:
დავით გუდაძე (გორი) - რესპუბლიკური პარტიის წევრი - მანქანაში ასაფეთქებელი მოწყობილობა ჩაუდეს;
თამაზ ტლაშაძე (გორი) - რესპუბლიკური პარტიის მხარდამჭერი - ნარკოტიკი „აღმოუჩინეს“;
მამუკა ცინცაძე (ჩოხატაური) - რესპუბლიკური პარტიის ჩოხატაურის ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე - ბრალად იარაღის შენახვა ედება;
მამუკა ქაშიაშვილი (მცხეთა) - რესპუბლიკური პარტიის წევრი - ნარკოტიკი „აღმოუჩინეს“;
მიხეილ გაბუნია (თბილისი) - რესპუბლიკური პარტიის წევრი - ბრალად იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარება ედება;
ირაკლი ხოჯანაშვილი (თბილისი) - რესპუბლიკური პარტიის წევრი - ნარკოტიკები „აღმოუჩინეს“.

როგორც ხედავთ, ყველა მათგანი დაპატიმრებულია იარაღის უკანონოდ ტარების ან ნარკოტიკის შენახვის ბრალდებით. “რესპუბლიკური პარტიის” პრეს-სამსახურის მტკიცებით, ამ პიროვნებების დაკავება პოლიციელების მიერ ჩადებული იარაღითა და ნარკოტიკით ხორციელდებოდა, რომელთა ნაწილიც ფიზიკური ძალადობის შემდეგ იძულებული გახდა აღიარებითი ჩვენება მიეცა.

რესპუბლიკელები ირწმუნებიან, რომ, მაგალითად: - ჩოხატაურში მცხოვრები მამუკა ცინცაძის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკა, მოწმეების გარეშე წარიმართა.

განსაკუთრებულად გამოყოფას იმსახურებს მიხეილ გაბუნიას შემთხვევაშიც, რომელსაც თბილისის საქალაქო სასამართლომ წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა, იარაღის უკანონო-შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით. 

რესპუბლიკური პარტიის პრესს-სამსახურის მიერ ჩვენთვის მოწოდებული ინფორმაციით, 16 ივნისს, დაახლოებით 15:30 საათზე, სახლიდან გამოსულ მიხეილ გაბუნიას, რომელიც პარტიის ცენტრალურ ოფისში შეხვედრაზე მიემართებოდა, უცნობი პირები დახვდნენ და ძალის გამოყენებით თეთრი ფერის 07 მარკის ავტომობილში ჩაჯდომა აიძულეს. მას თვალები აუხვიეს და გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს.

ავტომანქანის გაჩერების შემდეგ, მას სახვევი მოხსნეს და იარაღი ჩაუდეს. უცნობები გაბუნიას ფიზიკურად უსწორდებოდნენ და ემუქრებოდნენ, რომ ამგვარი თავდასხმის მსხვერპლი, დაუმორჩილებლობის შემთხვევაში, მისი ოჯახის წევრებიც გახდებოდნენ.

“მოგვიანებით მათთან მივიდა უცნობი ოპერატორი კამერით, რომლის თანდასწრებითაც მან სამართალდამცავებს პირველი ჩვენება მისცა. ზეწოლის შედეგად და დამკავებელთა მოთხოვნით, ჩვენებაში მიხეილ გაბუნიამ განაცხადა, რომ “მაკაროვის” ტიპის იარაღი მას ბაბუამ დაუტოვა“ - აცხადებს “რესპუბლიკური პარტიის” პრეს-ცენტრის თანამშრომელი მარიკა გორდელაძე. შსს-ს ორთაჭალის შენობაში გადაყვანის შემდეგ, კვლავ მუქარისა და ზეწოლის შედეგად გაბუნიამ იგივე ჩვენება გაიმეორა.

მიუხედავად ასეთი მომზადებისა, რესპუბლიკური პარტიის წევრის განცხადებით, სამართალდამცავებს ერთი უზუსტობა მაინც გაეპარათ - ბრალის წაყენების დადგენილებაში მითითებულია, რომ მიხეილ გაბუნიას ბრალად “მაუზერის” ტიპის 1938 წელს გამოშვებული იარაღის უცნობი პირისგან შეძენა-შენახვა-ტარებაში ედება, მაშინ როცა მის “აღირებით” ვიდეო-ჩანაწერში “მაკაროვის” ტიპის იარაღზეა საუბარი.

განსაკუთრებულ აღნიშნვას საჭიროებს ისიც, რომ მიხეილ გაბუნია წლების განმავლობაში მუშაობდა სამართალდამცავ ორგანოებში, არის კრიმინალისტი და სწავლობს დოქტორანტურაში. ის ერთადერთი არ არის, ვინც სამართალდამცავი ორგანოებიდან წამოსვლის და ოპოზიციური მოძრაობაში ჩართვის გამო, ხელისუფლებისთვის არასასურველი პიროვნება გახდა. ხელისუფლება, რომ ამგვარ ადამიანებს „მოღალატეებად“ აღიქვამს და განსაკუთრებული სისასტიკით ეპყრობა, ამას სხვა შემთხვევებიც ადასტურებს. მაგალითად, თუნდაც ვაკო გრძელიშვილის დასახელებაც შეიძლება, რომელიც ადრე ასევე მსახურობდა სამართალდამცავ უწყებაში.

რესპუბლიკელები იმასაც აღნიშნავენ რომ ეს არ იყო გაბუნიაზე ზეწოლის პირველი შემთხვევა. რამდენიმე თვის წინ მასზე განხორციელდა ზეწოლა, რომლის შესახებაც ინფორმაცია მიეწოდა სახალხო დამცველს. ამ ფაქტის გამო მიხეილ გაბუნიას დღესაც დაზარალებულის სტატუსი აქვს.

რაც შეეხება გორში დაკავებულ დავით გუდაძესა და თამაზ ტლაშაძეს, ადამიანის უფლებათა ცენტრმა მათზე უკვე დაწერა რამოდენიმე პუბლიკაცია, რომელსაც შეგიძლიათ ჩვენსავე ვებ-გვერდზე გაეცნოთ.

ამ თემაზე:

ახალი ამბები