კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მინისტრი დახმარების თხოვნით შესულ დევნილს ემუქრებოდა - კედელზე ტვინს მიგანთხმევინებო

22 ივნისი, 2009

ნონა სალაღაია

ფერადი ტელევიზორი და შავთეთრი რეალობა

დევნილებს თითქმის ყველგან უჭირთ და მათ მუდმივად „ეხმარებიან“, თუმცა ეს დახმარება რომ არაეფექტურია იქიდანაც ჩანს, რომ მათ მუდმივად და ყველგან უჭირთ. არაეფექტურთან ერთად ეს დახმარება ხშირად ბუტაფორიულია და დევნილებისავე მტკიცებით ტელე-პიარის ნაწილია. თქმა არ უნდა იმასაც, რომ ასეთი შემთხვევები მათთვის განსაკუთრებით შეურაცხმყოფელია. ადამიანის უფლებათა ცენტრს წინა კვირას რამოდენიმე დევნილი ეწვია. მათ გვთხოვეს დავინტერესებულიყავით მათი ყოფით და ჩვენც ამიერკავკასიის ყოფილი სამხედრო შტაბის („ზაკო“) შენობაში ჩასახლებულ დევნილებს ვეწვიეთ.

პური, მაკარონი და ლობიო, 600 გრ. შაქარი და 150გრ. მარილი ერთ სულზე - ეს დევნილების საკვები რაციონია, რითაც მათ თვიდან თვემდე უწევთ თავის გატანა.

შეკითხვაზე, თუ რამდენად ყოფნით მათ  მიღებული დახმარება შავებში ჩაცმულ ქალბატონს, „ზაკოს“ შენობის წინ რომ ზის ეღიმება და ხმამაღლა ფიქრობს: „600 გრამი შაქარი თვეში... ანუ დღეში 50 გრამიც არ უნდა დავხარჯოთ, არ გვყოფნის, მაგრამ მეტს არ გვაძლევენ“.

საკვების ნაკლებობასთან ერთად, დევნილებს სხვა პრობლემებიც მრავლად აქვთ. ისინი ხელისუფლებისგან იმ დაპირებული დახმარებების მიღებას ელიან, რასაც ხელისუფლების წარმომადგენლები თითქმის ყოველ დღიურად პირდებიან დევნილებს ტელევიზიის საშუალებით. ეკრანის მიღმა რეალობა საბჭოთა კავშირის დროის ტელევიზორივით შავთეთრია და არა ფერადი.
 
ამიერკავკასიის ყოფილი შტაბის შენობაში მცხოვრებმა დევნილებმა ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს განცხადებით მიმართეს. ისინი საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესებას მოითხოვენ. კერძოდ, შენობაში სველი წერტილების მოწესრიგებას, საწოლებს, თეთრეულითა და ჰიგიენური საშუალებებით (საპონი, სარეცხის საშუალება და ა.შ.) მომარაგებას. შეტანილ განცხადებაზე პასუხს დევნილები უკვე თვეზე მეტია ამაოდ ელიან.

„დაგვიბარებენ ორშაბათს, ორშაბათს მისულებს დაგვიბარებენ კვირის ბოლოს და შემდეგ ისევ ორშაბათს. ჩვენ არ ვითხოვთ იმას, რაც არ გვეკუთვნის, აქ მცხოვრები ხალხისთვის საწოლები რომ გამოიყო, ამის შესახებ სამინისტროდან პირადად ელენა რუხაიამ (კოლექტიური ცენტრის ადმინისტრატორი) გვაცნობა. 4 თვის წინ შენობასთან საწოლებით დატვირთული მანქანა მართლაც გაჩერდა. ის ყველამ დავინახეთ, მძღოლმა საბარგულის კარიც კი გამოაღო, მაგრამ სულ მალე მანქანის კარი ისევ დაკეტეს და წავიდნენ. საწოლებიც თან წაიღეს. მას შემდეგ, შეუწყვეტლად ვითხოვთ საწოლებს, მაგრამ პასუხის ღირსიც არ გაგვხადეს“ - მოგვითხრობს დევნილი მერაბ კასრაძე. მისი შვილები მამის მიერ გაკეთებულ საწოლზე თავსდებიან. საწოლი ბატონ მერაბმა წაქცეული კარადისა და ძველი კარისგან გააკეთა და ის საკმაოდ მოუხერხებელია.

მას შემდეგ რაც ოთახი დამათვალიერებინა, სველი წერტილების სანახავად დიდ, ბნელ, ჭერჩამონგრეულ დერეფანში წამიყვანა. როგორც ჩანს, ისევე როგორც გარეთ, შენობაშიც ხშირად წვიმს. დერეფნის ერთ ნაწილში ტუალეტები გაუქმებულია, შიგ შესვლა შეუძლებელილა - დამტვრეულ უნიტაზებსა და ჩამოშლილ ნიჟარებს, საშინელი სუნი ასდიდის. ალბათ კარგიც არის, რომ შენობის ამ ნაწილში სინათლე არა აქვთ.

დერეფნის ბოლოში, ის სველი წერტილებიც დავათვალიერე, რომლებიც ფუნქციონირებს, უფრო სწორად, რომლითაც დევნილები სარგებლობენ.

სისუფთავის მხრივ აქ შედარებით უკეთესი სიტუაციაა, თუმცა კედლებსა და ჭერიდან ჩამოყრილი ბათქაშები, იმაზე მეტყველებს, რომ წვიმა შენობის ამ ნაწილშიც განუწყვეტლად აღწევს. სააბაზანოსთვის განკუთვნილ ოთახებში დამონტაჟებულია ონკანები, როგორც „ზაკოს“ ბინადრები ამბობენ, ეს 4 თვის წინ გაუკეთეს და შეპირდნენ, რომ ატმორსაც დაუმონტაჟებდნენ.
                                                                                                                                              „გამაცხელებლები მართლაც მოიტანეს და ჩვენთან, სარდაფში რამდენიმე დღე დააწყვეს. შემდეგ მოვიდნენ და ისევ უკან წაიღეს. ასე დავრჩით თბილი წყლის გარეშე“ - ამბობს მერაბ კასრაძე.

„ზაკოს“ შენობაში მცხოვრები დევნილების ვარაუდით, შენობა გაყიდულია და ხელისუფლება სპეციალურად ამყოფებს მათ აუტანელ პირობებში, რათა შენობა დატოვონ. „მათ უნდათ ისეთი პირობები შეგვიქმნან, რომ ნებისმიერ შეთავაზებაზე დავთანხმდეთ. ამაზე უარესი რა უნდა იყოს, როცა წვიმაა გვაწვიმს, ნორმალური საპირფარეშო არა გვაქვს, როგორ საწოლებზე ვაძიენბთ ბავშვებს ესეც ნახეთ... დავთანხმდით კიდეც ხელისუფლებას რომ შენობას დავცლით, თვითონ შემოგვთავაზეს თითო ოჯახზე 10 000 დოლარი,“ - გვითხრა ნოდარ ჯოხაძემ - „თავიდან 15 ათას დოლარს ვითხოვდით, შეუძლებელია ათი ათას დოლარად ბინის ყიდვა და ოჯახისთვის აუცილებელი ინვენტარის შეძენა. ჩვენ ეს კარგად ვიცით, მაგრამ სხვა გზა არ გვქონდა და შემოთავასებულ თანხას დავთანხმდით. ახლა ამბობენ, რომ არც ამ თანხის გადახდა არ შეუძლიათ”.

თანხების საკითხის გასარკვევად ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროში მისულ დევნილებს, მინისტრი კეთილგანწყობილად არ შეხვედრია. დევნილ თამაზ გუჯეჯიანის თქმით, ის ძველი ბიჭივით ლაპარაკობდა და დევნილთაგან ერთ-ერთ მამაკაცს კიდეც დაემუქრა, ენა გააჩუმე, თორემ კედელზე ტვინს მიგანთხევინებო.

„ზაკოს“ შენობაში 300-მდე დევნილი ცხოვრობს. მათ იანვრის თვემდე უფრო მეტი ყურადღება ექცეოდათ, დახმარებასაც უფრო ხშირად იღებდნენ, უფასო სამედიცინო დახმარებაც უტარდებოდათ და მედიკამენტებიც მოჰქონდათ მათთან.

„გაზაფხულმა ჩვენი დახმარებაც თოვლივით დაადნო“ - ირონიანარევი ღიმილით ხუმრობენ ბინადრები.

აღნიშნული ინფორმაციის გადასამოწმებლად დევნილთა და განსახლების სამინისტროს მივმართეთ, გვინდოდა გაგვერკვია რას ფიქრობდნენ სამინისტროს თანამშრომლები დევნილების მიერ დასმულ საკითხებზე. თუმცა „ზაკოს“ შენობაში მიტანილ და მერე უკან წამოღებულ საწოლებსა თუ წყლის გამაცხელებლებზე სამინისტროს წარმომადგენლებმა ჩვენთან საუბარი არ ისურვეს და ამ საკითხების კომენტირებისგან თავი შეიკავეს.

ამ თემაზე:

ბერბუკში ჩასახლებული დევნილები

"თუ არ გახვალთ, სპეცრაზმით გაგათრევთ"

ახალი ამბები