კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

უკრაინელ მოქალაქეს თბილისის საქალაქო სასამართლომ 23 წლით პატიმრობა მიუსაჯა

23 ივნისი, 2009

ნონა სალაღაია

უკრაინელ მოქალაქე ორესტო ბოხონკოს, თბილისის საქალაქო სასამართლომ 18 ივნისს, 23 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. საქართველოში სტუმრად ჩამოსულ ბოხონკოს, ნარკოტიკების შეძენა-შენახვა და ქვეყნის საზღვრების შიგნით, უკანონოდ შემოტანა ედება ბრალად.

უკრაინელი მოქალაქის საქმის გამოძიება დიდხანს გაჭიანურდა, მის მიმართ სამართალდამცავების არაადამიანური მოპყრობისა და მრავალი კანონდარღვევების გამო, „ადამიანის უფლებათა ცენტრმა“ საქმეში საკუთარი ადვოკატიც ჩართო. ადვოკატ ნინო ანდრიაშვილის განცხადებით, სასამართლო პროცესის დასრულება პროკურატურის მხრიდან მიზანმიმართულად ჭიანურდებოდა. სასამართლო გამოძიების დასრულების შემდეგ, ორჯერ გადაიდო, ორივე შემთხვევაში მოთხოვნა პროკურორისგან მომდინარეობდა. პირველად მან განაცხადა, რომ კამათისთვის სიტყვა არ ჰქონდა მომზადებული, მეორედ კი შვილის ავადმყოფობა მოიმიზეზა.

37 წლის ორესტო ბოხონკო შსს სამეგრელო-ზემო სვანეთის მთავარი სამმართველოს  თანამშრომლებმა გასული წლის 27 სექტემბერს, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე თბილისის აეროპორტში დააკავეს. საგამოძიებო ჯგუფმა მისი აყვანის პირველივე წუთიდან უამრავი ნორმა დარღვეა.

დარღვევა პირველი: ბოხონკოს დაკავება მოხდა უკანონოდ. ევრო-სასამართლოს განმარტებით, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე პირის დაკავება დაუშვებელია. ოპერატიული ინფორმაციის თანახმად, მათ შეიძლება ეჭვი ქონოდათ, რომ ბოხონკოს ნაკროტიკული ნივთიერება შემოჰქონდა საზღვარზე, მაგრამ სამართალდამცავებმა არ იცოდნენ, სად ინახავდა ეჭვმიტანილი ამ ნივთიერებას.

ფაქტი მეორე: აეროპორტში ბოხონკოს დაკავებისა და ჩხრეკის ოქმზე მოაწერინეს ხელი. ოქმი მხოლოდ ქართულ ენაზე იყო შედგენილი და მისი შინაარსი დაკავებულს არ ესმოდა. სამართალდამცავებმა ბოხონკოს „აუხსნეს“, რომ ამ ფორმალური ხასიათის პროცედურას მოწმეების დასწრება არ სჭირდებოდა, რადგან კიდევ უფრო მეტი ფორმალობა უფრო მეტ დროს წაიღებდა.

ფაქტი მესამე: უშედეგო ჩხრეკის შემდეგ ბოხონკო აეროპორტის ერთ-ერთ ოთახში სამართალდამცავებმა ძალის გამოყენებით გააშიშვლეს და უგონოდ მყოფ პირს ანალური ხვრელი შეუმოწმეს. ჩხრეკის პროცედურას 4 პოლიციელი მობილურის კამერებით იღებდა. ეჭვმიტანილი აღნიშნავს, ისინი  შიშველ ბოხონკოს დასცინოდნენ. კანონის მიხედვით, საჭიროების შემთხვევაში, ეჭვმიტანილისთვის ანალური ხვრელის შემოწმება, მხოლოდ და მხოლოდ სპეციალისტის მეშვეობით არის შესაძლებელი და არ შეიძლება ეს პროცედურა პოლიციის თანამშრომელმა ჩაატაროს. ეჭვმიტანილის უფლებები ამ შემთხვევაშიც დაირღვა, ექიმის ნაცვლად, მას სამედიცინო „შემოწმება“ ოპერატიული ჯგუფის ხელმძღვანელმა, კოხტა კუდუამ ჩაუტარა. ბრალმდებელი მხარე სასწრაფო წესით ჩხრეკის ჩატარებას, გადაუდებლობით ასაბუთებს, რაც დაუსაბუთებელია, რადგან ჩხრეკის შედეგად ეჭვმიტანილს ნარკოტიკი ანალური ხვრელიდან ამოუღეს, რაც იმას ადასტურებს, რომ მას ნივთმტკიცების თავიდან მოშორების ან დამალვის საშუალება არ ექნებოდა, თუ მისი გადაადგილება განყოფილებაში პოლიციის მეთვალყურეობის ქვეშ მოხდებოდა.

ფაქტი მეოთხე: ნაწამებ ბოხონკოს გონზე მოსვლის შემდეგ პოლიციელებმა ყვითელი ბუშტი და თეთრ პოლიეთილენის პარკში მოთავსებული ნივთიერება აჩვენეს. ისინი მაგიდაზე ერთმანეთისგან განცალკავებით იდო. პოლიციელებმა მას უთხრეს, რომ ესაა ნარკოტიკული ნივთიერებაა, რომელიც მისი სხეულიდან გამოიღეს. კანონის მიხედვით, ის ნივთიერება ან საგანი, რომელიც წინასწარი გამოძიების მიერ იქნება ამოღებული, ისეთივე ფორმით უნდა შეიფუთოს, და დაილუქოს, როგორი ფორმითაც ეს ნივთმტკიცება ამოიღეს. პოლიციელების მტკიცებით, მათ ბოხონკოს ანალური ხვრელიდან ყვითელ პარკში მოთავსებული თეთრი პოლიეთილენის პარკი ამოიღეს, რომელშიც ნარკოტიკი იყო. ნივთმტკიცებებს შორის ყვითელი ბუშტი უკვე აღარ არსებობს. არადა შესაბამისი ექსპერტიზის საშუალებით, შესაძლებელი გახდებოდა იმის დადგენა, მართლაც იყო თუ არა ბუშტი უშუალოდ ბოხონკოს სხეულიდან ამოღებული. ამ ნივთმტკიცებულების არარსებობას, გამომძიებელი იმ ფაქტით ხსნის, რომ ფეკალური მასებით დაბინძურებულ ნივთმტკიცებას ცუდი სუნი ასდიოდა და სამართალდამცავებმა მისი შენახვა საჭიროდ არ ჩათვალეს.

უნდა აღინიშნოს, რომ ბოხონკოს საქმის გამოძიებას, თავიდან ბოლომდე ცუდი სუნი ასდის, რადგან უკრაინელი მოქალაქის უფლებები მთლიანად შელახა ქართულმა მართლმსაჯულებამ. როგორც ჩანს სამართალდამცავებს მხედველობიდან გამორჩათ ის ფაქტიც, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქის დაკავების შემთხვევა, მისი ქვეყნის საელჩოს ან საკონსულოსთვის არაუგვიანეს 5 საათის განმავლობაში უნდა გახდეს ცნობილი. ბოხონკოს შემთხვევაში კი ხუთი საათი, ხუთმა დღემ შეცვალა.

კანონის დარღვევის გზით მოპოვებული ნივთმტკიცებულება, რომელიც პროკურატურის მიერ იქნა წარმოდგენილი, დაცვის მხარეს მათი დაუშვებლად ცნობის საშუალებას აძლევდა. საქალაქო სასამართლომ, მოსამართლე ლელა შკუბულიანის თავმჯდომარეობით, გამომძიებელ ჯანაშიას მიერ, ბოხონკოს დაკავებისა და წარმართული ჩხრეკის ფაქტი უკანონოდ სცნო და შესაბამისი ზომების გასატარებლად, საქმის განხილვა პროკურატურის მეშვეობით მოითხოვა.

„ამ განაჩენით სასამართლომ პრაქტიკულად აღიარა, რომ გამომძიებელმა მტკიცებულებები კანონის დარღვევით მოიპოვა. რაც იმას ნიშნავს, რომ გამომძიებელი ჯანაშია სისხლის სამართლის დამნაშავეა. ამავდროულად სასამართლო კანონდარღვევით მოპოვებული მტკიცებულების დაუშვებლად ცნობაზე უარს აცხადებს, რაც გაუგებარია“ - განმარტავს ნინო ანდრიაშვილი.

ბოხონკოს ადვოკატები საქალაქო სასამართლოს განაჩენის გასაჩივრებას სააპელაციო სასამართლოში გეგმავენ. „თუ სააპელაციო სასამართლომ განაჩენი არ შეცვალა, „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ ბოხონკოს საქმეს სტრასბურგის სასამართლოს გადაუგზავნის. მე დარწმუნებული ვარ, რომ იმ დარღვევებით, რაც ბოხონკოს დაკავებიდან დღემდე ხორციელდება, ჩვენ საქმეს მოვიგებთ“ - განაცხადა ნინო ანდრიაშვილმა.

ამ თემაზე:

უკრაინის მოქალაქის „კოხტად“ შეკერილ საქმეზე სასამართლო დღეს იმსჯელებს

ახალი ამბები