კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ვიცე-გუბერნატორის კლანი კახეთში

24 ივნისი, 2009

გელა მთივლიშვილი, კახეთი

„სკანდალების მოყვარული“ ვიცე-გუბერნატორი აცხადებს „ისეთმა ფურმა დამწიხლოს ჩემზე მეტს რომ იწველიდესო“

კახეთის რეგიონში საჯარო სამსახურებში თანამდებობებზე ძირითადად მხოლოდ ვიცე-გუბერნატორის გიორგი სიბაშვილის ნათესავები, ახლობლები, მეგობრები ან მისი ნდობით აღჭურვილი პირები ინიშნებიან. ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში გუბერნატორის პირველი მოადგილის მიერ გატარებული საკადრო პოლიტიკა რეგიონის საჯარო სკოლებზე, სოციალური სუბსიდიების სააგენტოს რაიონულ განყოფილებებზე და კერძო კომპანიებზეც კი გავრცელდა. ქვემოთ მოცემულ კონკრეტულ ფაქტებზე კომენტარისას, ვიცე-გუბერნატორმა განაცხადა, რომ „ბრძოლისთვის მზად არის“, თუმცა ჩვენ მხოლოდ პროფესიულ მოვალეობას ვასრულებთ.

გიორგი სიბაშვილი კახეთის გუბერნატორის პირველ მოადგილედ 2008 წლის სექტემბრიდან მუშაობს. მანამდე ის თბილისში მუდმივმოქმედ არბიტრაჟს „ბარისტერს“ ხელმძღვანელობდა. 2008 წლის 21 მაისის საპარლამენტო არჩევნებისთვის, სიბაშვილი, „ნაციონალური მოძრაობიდან“ გურჯაანის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის - გიორგი ღვინიაშვილის საარჩევნო შტაბს კურირებდა. 1998-2002 წლებში სიბაშვილი გურჯაანის რაიონის გამგებელი იყო. ამ თანამდებობიდან საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის გამო გადადგა, მაგრამ საარჩევნო კომისიის მონაცემებით, მასზე მეტი ხმები მისმა კონკურენტმა ნიკოლოზ კვეზერელმა დააგროვა.

გიორგი სიბაშვილს გურჯაანში ბევრი ნაცნობი და მეგობარი ჰყავს. წარმოშობით ის გურჯაანის რაიონის სოფელ ვეჯინიდანაა. მისი ნათესავებიც კახეთში ცხოვრობენ და მუშაობენ.

სიბაშვილმა სამსახურებში თავისი კადრების მოყვანა ჯერ კიდევ 2008 წლის 21 მაისის საპარლამენტო არჩევნებამდე დაიწყო, როცა დეპუტატობის კანდიდატის და „ნაციონალური მოძრაობის“ გურჯაანის საარჩევნო შტაბის უფროსად დაინიშნა. მისი უშუალო მოთხოვნით თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე განცხადება დააწერინეს ქალაქ გურჯაანის საგანმანათლებლო რესურს-ცენტრის უფროსს დალი მინდიაშვილს. რესურს-ცენტრის უფროსად სიბაშვილის მეგობარი, გურჯაანის მე-4 საჯარო სკოლის მასწავლებელი ლალი გაბიტაშვილი დაინიშნა. საპარლამენტო არჩევნების დამთავრების შემდეგ გურჯაანის პოლიციის უფროსის მოადგილედ დაინიშნა გიორგი სიბაშვილის ძმა – გოჩა სიბაშვილი. 2000-2003 წლებში გოჩა სიბაშვილი საგზაო პოლიციის ინსპექტორად მუშაობდა გურჯაანის რაიონში. 2009 წლის იანვარში შს გურჯაანის სამმართველოში დასაქმდა გიორგი სიბაშვილის ძმისშვილი - გიორგი სიბაშვილიც.

2009 წლის 27 იანვარს გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველი მოადგილის თანამდებობაზე დაინიშნა სიბაშვილისავე მეგობარი დავით ქათამაშვილი. 2001-2004 წლებში ქათამაშვილი კონტროლის პალატის კახეთის სამმართველოს ინსპექტორად და თელავის საოლქო საგადასახადო ინსპექციის გადამხდელთა კონტროლის განყოფილების უფროსად მუშაობდა. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, ქათამაშვილმა სამსახურიდან წასვლის შესახებ განცხადება მას შემდეგ დაწერა, რაც რეგიონის პროკურატურამ მის წინააღმდეგ მოკვლევა დაიწყო. სიბაშვილი არ მალავს და არაერთხელ განუცხადებია, რომ ქათამაშვილი მისი კადრია.

სიბაშვილი აქტიურად ერევა ისეთი სამსახურების საკადრო საკითხებშიც, რომელიც კახეთის სამხარეო ადამინისტრაციას არანაირად არ ექვემდებარება. 2009 წლის მაისში, მისი მოთხოვნით, სოციალური სუბსიდიების სააგენტოს გურჯაანის განყოფილების უფროსის თანამდებობიდან გაათავისუფლეს ხათუნა პაპუნაშვილი. განყოფილების უფროსის ადგილი იმ დროისთვის გურჯაანში გამომავალი გაზეთ „პროგრესის“ გამომცემელმა ლეილა მურაკაშვილმა დაიკავა, რომელიც გუბერნატორის პირველი მოადგილის ახლო მეგობარია.

ამავე სააგენტოში იურისტად დაინიშნა გიორგი სიბაშვილის მეგობარი და თანაკლასელი ზაზა გაბიტაშვილი, რომელიც მაშინ როცა სიბაშვილი გურჯაანის რაიონის გამგებელი იყო, გამგეობაში მუშაობდა.

ვიცე-გუბერნატორის ძმის მეგობარმა - ქეთევან ბერიაშვილმა დაიკავა გურჯაანის რაიონის სოფელ ვაზისუბნის საჯარო სკოლის დირექტორის ადგილი. სკოლის ყოფილი დირექტორი ნონა აჩუაშვილი ამბობს, რომ ის ამ თანამდებობიდან სწორედ გიორგი სიბაშვილის და კახეთის სამხარეო ადმინისტრაციის მოთხოვნით გაათავისუფლეს.

სოფელ გურჯაანის საჯარო სკოლის დირექტორადაც სიბაშვილის მეგობრის დავით პაპუაშვილის მეუღლე - რუსუდან მამულაშვილი დაინიშნა. ამ სკოლის ყოფილი დირექტორი მარინე უტიაშვილიც ამბობს, რომ სკოლის სამეურვეო საბჭომ, რომელსაც თავად რუსუდან მამულაშვილი ხელმძღვანელობდა, მას შრომითი ხელშეკრულება გუბერნატორის პირველი მოადგილის მითითებით შეუწყვიტა. უნდა აღინიშნოს, რომ სკოლის დირექტორის ვაკანტურ ადგილზე დასაქმებას 16 ადამიანი ითხოვდა, რომელთაგან რუსუდან მამულაშვილზე ბევრად მაღალი კვალიფიკაციით სხვები გამოირჩეოდნენ.

რამდენიმე დღის წინ, კახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში ზედამხედველობის სამსახურის სპეციალისტის თანამდებობაზე ყოველგვარი კონკურსის გარეშე დაინიშნა სიბაშვილის ახლობლის და ბიზნესპარტნიორის ნარგიზ მინდიაშვილის ძმისშვილი შალვა მინდიაშვილი. არადა, ცოტა ხნის წინ, კახეთის სამხარეო ადმინისტრაციის თანამშრომლებს ატესტაცია ჩაუტარდათ. გუბერნატორმა ის ადამიანები, რომლებმაც გამსვლელი მინიმალური ქულები ვერ დააგროვეს და მათ შორის სამხარეო ადმინისტრაციის იურისტი ზიტა იმანოვა, რომელმაც გამსვლელი ქულები დააგროვა, სამსახურიდან გაათავისუფლა. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, ვაკანტური ადგილების შევსება კონკურსის წესით უნდა მომხდარიყო. კონკურსი არ ჩატარდა, მაგრამ გუბერნატორის ადმინისტრაციის აპარატში ვაკანტური ადგილები აღარ არის.

კახეთის ვიცე-გუბერნატორის ახლობელი არჩილ ხანდამაშვილი დაინიშნა „სახალხო ბანკის“ გურჯაანის ფილიალის მმართველადაც.

ეს თანამდებობებზე სიბაშვილის ახლობლების, ნათესავებისა და მეგობრების დანიშვნის არასრული ჩამონათვალია.

ამ ფაქტებზე სიბაშვილის კომენტარი ასეთია:
 
„გურჯაანის რაიონის გამგეობაში 1993-2002 წლებში ვმუშაობდი სხვადასხვა თანამდებობაზე. 9 წელი საკმარისი დროა იმისათვის, რომ სრულფასოვნად იცნობდე რაიონს, მის მრავალათასიან მოსახლეობას და მინიმუმ ყოველ მეათესთან მაინც შეძლო მეგობრული თუ არა ახლობლური ურთიერთობის დამყარება.

2008 წლის 21 მაისს არჩევნებში საარჩევნო შტაბს კი არ ვკურირებდი, არამედ ვხელმძღვანელობდი, ვიყავი საარჩევნო შტაბის თავმჯდომარე და საარჩევნო კამპანიის ხელმძღვანელი.

ჩემი ძმა – გოჩა სიბაშვილი არასოდეს არ ყოფილა პოლიციის უფროსის მოადგილე. იგი 2008 წლის 09 თებერვალს დაინიშნა გურჯაანის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორთა განყოფილების გამგედ. საარჩევნო კამპანიის დაწყებამდე და არა არჩევნების დამთავრებისთანავე.

ჩემმა ძმისშვილმა წარმატებით გაიარა სათანადო კონკურსი, ასევე პოლიციის აკადემიაში შესაბამისი სასწავლო კურსი და დანიშნულია გამოსაცდელი ვადით ერთ-ერთ რიგით თანამშრომლად, თუმცა არა გურჯაანის პოლიციის სამმართველოში.

გურჯაანის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის და გურჯაანის გამგებლის მოადგილის თანამდებობაზე დანიშნულ პიროვნებებთან დაკავშირებით არაერთხელ გავაკეთე კომენტარი.

სოციალური სუბსიდიების სააგენტოს გურჯაანის განყოფილების უფროსის არც განთავისუფლებაში მიმიღია მონაწილეობა და არც დანიშვნაში. სამართლიანობისათვის უნდა ითქვას, რომ ყოფილი უფროსი ხათუნა პაპუნაშვილი მართლაც ჩემი ახლობელია, თუმცა ურიგო არ იქნებოდა გადავხედოთ კახეთის საინფორმაციო ცენტრის მიერ მის შესახებ გამოქვეყნებულ სტატიებს, რაც საგრძნობლად შემცირდა ახალი უფროსის დანიშვნის შემდეგ. ეს უკანასკნელი პროფესიით ჟურნალისტია და გავრცელებული ინფორმაციით, ზემოთხსენებული სტატიები ამ მიზანს ემსახურებოდა.

ვადასტურებ, რომ ზაზა გაბიტაშვილი ჩემი ბავშვობის მეგობარია, იგი საკმაოდ კარგი იურისტია და მან სუბსიდიების სააგენტოში ახლად შემოღებულ იურისტის ვაკანტურ თანამდებობაზე სხვებისგან განსხვავებით წარმატებით გაიარა კონკურსი. /სხვათაშორის იმ კონკურსზე ჩემი უახლოესი ნათესავიც იღებდა მონაწილეობას, რომელმაც ვერ დააკმაყოფილა საკონკურსო მოთხოვნები/.

ვაზისუბნის და გურჯაანის სკოლის დირექტორები სამინისტროს გენერალური ინსპექციის დასკვნის საფუძველზე განთავისუფლდნენ. ახალი კადრებიც მრავალრიცხოვანი კონკურსანტების სიიდან სამინისტრომ შეარჩია. სამართლიანობისათვის ისიც უნდა ითქვას, რომ კახეთის საინფორმაციო ცენტრი და „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ კახეთის ბიურო უკანასკნელი ერთი წლის მანძილზე სისტემატურად აქვეყნებდა სოფელ გურჯაანის სკოლის დირექტორის მიმართ დარღვევების თაობაზე სტატიებს.

გუბერნატორის პირველ მოადგილედ დანიშვნამდე მართლაც ვხელმძღვანელობდი შპს „ბარისტერს“ - თუმცა ასეთი ბიზნეს პარტნიორი არ მყოლია.

გუბერნატორის ადმინისტრაციაში ყველა ახალი დანიშნული პირი მოვალეობის შემრულებელია და ისევე გაივლიან კონკურსს, როგორც ყველა მსურველი“.

სიბაშვილმა მოითხოვა, მისი კომენტარი სრულად და შეუცვლელად დაგვებეჭდა. მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობით ასეთი ვალდებულება არ გვაკისრია, ვიცე-გუბერნატორის მოთხოვნა მაინც შევასრულეთ.

მისივე თქმით, იგი არ გამოვრიცხავს რომ გამოიყენოს მისი, როგორც პიროვნების უფლება „და არა მარტო ამ კითხვებზე, ასევე სხვა კიდევ ბევრ პასუხგაუცემელ კითხვაზე ვრცლად ისაუბროს და არა მარტო ადგილობრივ მედია საშუალებებში“.

„დიახ, მე მაქვს პრეტენზია და ვაღიარებ, რომ ზედმიწევნით სრულყოფილად ვფლობ ინფორმაციას (რა თქმა უნდა არა მხოლოდ ინფორმაციის დონეზე) ვინ რით სუნთქავს რაიონში, ვინ ვის და რა ამოძრავებს. ასევე მე მაქვს პრეტენზია ჩავთვალო ჩემი თავი იმ ადამიანების რიგებში ვისაც აქვს პრეტენზია სუფთა აწმყოსა და სუფთა წარსულზე. ამიტომ, „ისეთმა ფურმა დამწიხლოს ჩემზე მეტს რომ იწველიდეს“ - ეს უკანასკნელი შენ ყველაზე ნაკლებად გეხება, რამეთუ ამ სტატიასთან დაკავშირებით შენ მხოლოდ გამხმოვანებლის შთაბეჭდილებას ტოვებ, და არა მარტო შთაბეჭდილებას.

მე იმაზე მეტი ვიცი ზოგიერთებს რომ ჰგონიათ...

შედეგისათვის ბრძოლა კანონიერი მეთოდებით და თანაც პირდაპირ (განსხვავებით ზურგს უკან მიპარვისა და სხვისი ხელით ნარის გლეჯვისა) სახალისოა, საინტერესო და ყოველშემთხვევაში მე ჟინს მმატებს და უფრო ბრძოლისუნარიანს  მხდის.

ვნახოთ რა შედეგს მივიღებთ, მეც ხომ მიყვარს სკანდალები~, - ასე ასრულებს კახეთის გუბერნატორის პირველი მოადგილე თავის წერილს, რომელიც მან ელექტრონული ფოსტით გამოგვიგზავნა.

განმარტებისათვის აღვნიშნავთ, რომ შს გურჯაანის სამმართველოს ფაქტობრივი მმართველი სწორედ ვიცე-გუბერნატორის ძმაა. მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელები პოლიციის სამმართველოს ხშირად სტუმრობენ და ძირითადად საკადრო საკითხებზე გადაწყვეტილებებს გოჩა სიბაშვილთან ათანხმებენ. რაც შეეხება გიორგი სიბაშვილის განცხადებას, რომ ნარგიზ მინდიაშვილი მისი ბიზნესპარტნიორი არ არის, შპს „ბარისტერის“ თანამშრომელი იყო ნარგიზ მინდიაშვილის მეუღლე. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ შპს „ბარისტერს“ ფაქტობრივად დღემდე სიბაშვილი მართავს, რაც კანონდარღვევაა.

ახალი ამბები