კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ყოფილი დირექტორი განაჩენის მოლოდინში

25 ივნისი, 2009

ბათუმის წყალკანალის ყოფილი დირექტორი - ვლადიმერ მიქელაძე გაწეული სამუშაოებისთვის 2007 წლის ივლისში ქების სიგელით დააჯილდოვეს. ჯილდოს მიღებიდან ერთ თვეში კი მის მიმართ სამართალდამცავებმა სისხლის სამართლის საქმე აღძრეს. ბრალდების მტკიცებით, ვლადიმერ მიქელაძემ იცოდა წყლის დაბინძურების შესახებ და მოსახლეობას ინფორმაცია არ მიაწოდა, ანუ ადამიანების სიცოცხლე საფრთხეში ჩააგდო.

ნათია როყვა

2007 წელს, 16-დან 25 ივნისის ჩათვლით, ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში რამდენიმე ადამიანი მოხვდა. ექიმებმა ყველას ერთი და იგივე „სავარაუდო დიაგნოზი - წყლის ინფექცია“ დაუდგინეს. წყალკანალის დირექტორს სასამართლომ აღკვეთ ღონისძიებად გირაოს - 25 ათასი ლარის გადახდა შეუფარდა, რის საფუძველზე იგი წინასწარი პატიმრობიდან გაათავისუფლეს. სისხლის სამართლის კოდექსის 247-ე მუხლის (წყალკანალის ყოფილ დირექტორს ამ მუხლით ასამართლებენ) თანახმად, „იმ ფაქტის ან მოვლენის შესახებ ინფორმაციის დამალვა, რომელიც საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან გარემოს, ისჯება ვადით სამიდან შვიდ წლამდე“.

საქმეში დაზარალებული ორი ბავშვი და სამი ქალია. „ამ პერიოდში იმავე დიაგნოზით რაიონებიდანაც იყვნენ პაციენტები ინფექციურში მოთავსებული. რაც შეეხება მიქელაძის მიერ ინფორმაციის დაფარვას, ჩვენ ტელევიზიაში მოვიპოვეთ მტკიცებულება, რითაც დასტურდება, რომ ბრალდებულმა მოსახლეობას მოუწოდა ერიდონ სასმელი წყლის გამოყენებას გადადუღების გარეშე, რადგან წყალი დაბინძურებულია და სიცოცხლისთვის საშიშია“, - ამბობს განსასჯელის ადვოკატი - რამინ პაპიძე. პაპიძის ინფორმაციით, აჭარის ტელევიზიამ დაცვის მხარეს მიწერა, რომ ეს ინფორმაცია „დაზიანებულია და არ ინახება არქივში“; თუმცა კადრები აჭარის ტელევიზიიდან გამოძიებამ მოიპოვა და საქმეშიც დევს, როგორც ბრალდების მტკიცებულება. „25“-ე არხმა კი დაადასტურა, რომ ამ პერიოდში წყალკანალის დირექტორმა ნამდვილად განაცხადა წყლის დაბინძურების შესახებ.

აჭარის ტელევიზიიდან ამოღებული ვიდეოფირი 2007 წლის ივნისის თვეშია ჩაწერილი. ფირის მიხედვით ოქმში წერია, რომ წყალკანალის დირექტორმა - ვლადიმერ მიქელაძემ, სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის უვნებლობის სამსახურის უფროსმა - რამაზ სურმანიძემ, აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა - მამუკა ნაკაშიძემ და დაავადებათა კონტროლის ერთიანი ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა - პაატა იმნაძემ მოსახლეობას აცნობეს: „წვიმის შედეგად წყალი მღვრიეა და ამიტომაც არის გადაკეტილი“.

ქსელში წყლის გაშვების შემდეგ ზემოთ მითითებული ყველა ჩინოვნიკი მოუწოდებს მოსახლეობას, „მხოლოდ გადადუღებული წყალი მიიღონ“. რაც შეეხება დაზარალებულებს, სასამართლო პროცესზე მათ განაცხადეს, რომ იმ პერიოდისთვის ტელევიზორისთვის არ უყურებიათ და წყლის დაბინძურების შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდათ. წყლით ინფიცირებაზე, ანუ „სავარაუდო დიაგნოზი“ დაზარალებულებს ექიმებმა დაუსვეს.

სასამართლოზე დაიკითხა ჩაქვის წყალსადენის სათავე ნაგებობის ინჟინერი - რეზო დიდმანიძე, რომელმაც თქვა, რომ ვლადიმერ მიქელაძემ დაბინძურებული წყლის შესახებ ინფორმაცია მოსახლეობას ტელევიზიით მიაწოდა. იგივე ინფორმაცია დაადასტურა სურსათის უვნებლობისა და მასზე ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა - რამაზ სურმანიძემ.

იყო თუ არა სასმელი წყალი დაბინძურებული იმ პერიოდისთვის ბათუმში? ჩატარებული ექსპერტიზით დადასტურდა, რომ სასმელი წყალი ნამდვილად იყო დაბინძურებული. განსასჯელის ადვოკატი ექსპერტიზას არაკანონიერს უწოდებს „რადგანაც აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან არსებული სურსათის უვნებლობის ზედამხედველობის სამსახურს და მასთან არსებული ლაბორატორიების თანამშრომლებს არ ჰქონდათ შესაბამისი აკრედიტაცია, ანუ მათ არ ჰქონდათ წყლის სინჯების მოპოვებისა და ლაბორატორიული  გამოკვლევის უფლება, რასაც დაეყრდნო ექსპერტიზა“.

წინასწარი გამოძიება დასრულებულია. საქმეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე _ თემურ ქათამაძე განიხილავს. მომდევნო სასამართლო პროცესზე ლაბორატორიის თანამშრომლები დაიკითხებიან.

წყალკანალის დირექტორი ბრალდებას უარყოფს.

წყარო: გაზეთი „ბათუმელები“

ახალი ამბები