კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

კოტე კაპანაძე ოპოზიციის მხარდაჭერისათვის იდევნება

26 ივნისი, 2009

გელა მთივლიშვილი, კახეთი

შემოსავლების სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის კახეთის სამმართველოს თანამშრომლებმა საბაჟო-გამშვები პუნქტი „სამთაწყაროს“ უფროსი ინსპექტორი კოტე კაპანაძე დააკავეს. კახეთის საოლქო პროკურატურა კაპანაძეს, 2007 წელს, თელავის საგადასახადო ინსპექციაში მუშაობის დროს, სახელმწიფოსთვის 208 ათასი ლარის ოდენობის ზიანის მიყენებაში ადანაშაულებს. კაპანაძეს თელავის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეუფარდა, 20 ათასი ლარის ოდენობით. ბრალდებულის განცხადებით, ის და მისი ოჯახი ოპოზიციის მხარდაჭერის გამო იდევნება.

ოფიციალური ინფორმაციით, თელავის საგადასახადო ინსპექციის თანამშრომლების მიერ სახელმწიფოსთვის ზიანის მიყენების ფაქტზე გამოძიება 2009 წლის 23 მაისს დაიწყო. გამოძიების მტკიცებით, კაპანაძემ და ამავე საქმეზე დაკავებულმა საგადასახადო ინსპექციის თანამშრომელმა თენგიზ იარაჯულმა ინდმეწარმე მაილოვის მიერ საქართველოში უცხო ქვეყნიდან შემოტანილი საქონელი არასწორად დაბეგრეს და მას სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ მხოლოდ 15 ათასი ლარის გადახდა დააკისრეს.

კოტე კაპანაძე ეჭვმიტანილად 15 ივნისს ცნეს. კახეთის საოლქო პროკურორის ხვიჩა ბეგიაშვილის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ გამომძიებელმა კაპანაძე დაკითხვაზე არაერთხელ დაიბარა, ის გამოძიებას დაემალა. სამართალდამცავებმა კაპანაძე 22 ივნისს ქალაქ თბილისში დააკავეს.

„მეგობრის სახლში იმყოფებოდა, როცა მის დასაკავებლად 15-ზე მეტი სპეცრაზმელი შევარდა. ისე დააკავეს, თითქოს იგი განსაკუთრებით საშიში დამნაშავე და ბოროტმოქმედი იყოს“, - აღნიშნავს კოტე კაპანაძის ადვოკატი გიორგი რაზმაძე. მისივე თქმით, პროკურორის განცხადება იმის შესახებ, რომ კაპანაძე გამოძიებას ემალებოდა, სიცრუეა. „გამომძიებელს და პროკურატურას არცერთი უწყება არ აქვს გაგზავნილი, რომლითაც კოტე კაპანაძეს შეატყობინებდნენ, რომ მისგან ჩვენების მიღება სურდათ. გამომძიებელმა მას მხოლოდ ერთხელ დაურეკა და უთხრა, რომ დაკითხვის მიზნით, მასთან შეხვედრა სურდა. კონკრეტული დრო და ადგილი არ უთქვამს. მას შემდეგ კაპანაძისთვის აღარ დაურეკავთ. შესაბამისად, ის პროკურატურაში არ გამოცხადებულა. რაც შეეხება ძალოვნების განცხადებას, თითქოს მასთან დაკავშირება მერე ვეღარ მოახერხეს, ესეც სიცრუეა, რადგან კაპანაძეს მობილური ტელეფონი ჩართული ჰქონდა.
საერთოდ, უსაფუძვლოდ ედავებიან. მას ბრალს სდებენ სსკ-ის 332-ე მუხლის I ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ნიშნავს. ამ მუხლში განმარტებულია, რომ პირი დანაშაულს იდენს თავისთვის ან სხვისთვის რაიმე გამორჩენის ან უპირატესობის მისაღებად, რაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებით დარღვევას იწვევს. პროკურატურის მიერ წარმოდგენილ საბრალდებო დასკვნაში დანაშაულის შემადგენლობა არ არსებობს, რადგან კაპანაძეს თავისთვის ან სხვისთვის რაიმე გამორჩენის ან უპირატესობის მისაღებად ქმედება არ განუხორციელებია“, - განაცხადა ადვოკატმა.

აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხის განხილვის დროს ბრალდებულმა კოტე კაპანაძემ აღნიშნა, რომ დანაშაულს არ აღიარებს. იგი არ დაეთანხმა პროკურატურის შუამდგომლობას, მისთვის წინასწარი ორთვიანი პატიმრობის შეფარდების თაობაზე.

პროკურორი ბეგიაშვილი ამტკიცებდა, რომ კაპანაძის თავისუფლებაში ყოფნა ხელს შეუშლიდა გამოძიებას, რადგან მას შეეძლო მოწმეებზე ზეწოლა მოეხდინა. ამასთან ერთად, პროკურორმა სასამართლოს წინაშე იშუამდგომლა კოტე კაპანაძე გადაყენებული ყოფილიყო საბაჟო-გამშვები პუნქტი „სამთაწყაროს“ უფროსი ინსპექტორის თანამდებობიდან. ბრალდების მხარემ აღნიშნულის დასაბუთება იმით სცადა, რომ თანამდებობაზე დარჩენის შემთხვევაში, კაპანაძეს, შესაძლოა, კვლავ ჩაედინა სამოხელეო დანაშაული. დაკავებულმა და მისმა ადვოკატმა პროკურორის ეს შუამდგომლობაც გააპროტესტეს. ადვოკატის განცხადებით, კაპანაძე საბაჟო სამსახურში თითქმის ორი წელია მუშაობს და მას აქამდე შენიშვნაც კი არ მიუღია.

საბოლოოდ, თელავის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ გიორგი გოგიჩაშვილმა კახეთის საოლქო პროკურატურის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. მოსამართლემ კოტე კაპანაძეს წინასწარი ორთვიანი პატიმრობის ნაცვლად გირაო შეუფარდა 20 ათასი ლარის ოდენობით.

კოტე კაპანაძე აცხადებს, რომ ის და მისი ოჯახი ოპოზიციის მხარდაჭერის გამო იდევნება. „ჩემი ძმა, ვაჟა კაპანაძე „ალიანსი საქართველოსთვის“ ცენტრალურ შტაბში მოღვაწეობს და „ახალი მემარჯვენეების“ წარმომადგენელია. ამის გამო ხშირად მსაყვედურობდნენ და მანიშნებდნენ, რომ სახელმწიფო სამსახურში ჩემი მუშაობა არ შეიძლებოდა. სანამ რამეს მოიმოქმედებდნენ, დაახლოებით 2 კვირის წინ, ხელმძღვანელის სახელზე განცხადება თვითონ დავწერე სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე, მაგრამ არ დააკმაყოფილეს“, - აღნიშნა კოტე კაპანაძემ.

შორენა ნეფარიძე, ბრალდებულის მეუღლე: „კოტეს დაკავებამდე რამდენიმე დღით ადრე, როცა ის ჯერ კიდევ არ იყო ეჭვმიტანილად ცნობილი, ჩვენთან სახლში, ლაგოდეხის რაიონის სოფელ კართუბანში, უცნობი პირები შემოიჭრნენ და გვაიძულებდნენ, მათთვის ოჯახის ყველა წევრის პირადობის მოწმობა და საკონტაქო ტელეფონების ნომრები წარგვედგინა. ვაჟას მისამართითაც დაინტერსდნენ, ზუსტად სად ცხოვრობს და პარტიაში მუშაობის გარდა კიდევ რა საქმიანობას ეწევაო. პოლიციის რაიონული განყოფილების და შს სამინისტროს სხვა უწყებების თანამშრომლები ყოველდღე გვითვალთვალებენ. სადაც მივდივართ, უკან დაგვყვებიან“.

ვაჟა კაპანაძე, ბრალდებულის ძმა: „ცოტა ხნის წინ, როცა ლაგოდეხის რაიონში „ალიანსი საქართველოსთვის“ ადგილობრივი ორგანიზაცია ჩამოვაყალიბეთ, ჩემი ძმა მეხმარებოდა. მანამდეც არ მოსწონდათ ეს ოჯახი, რადგან იცოდნენ, რომ ამ ხელისუფლების მხარდამჭერები არ არიან და მას შემდეგ, რაც დაინახეს, რომ საორგანიზაციო საკითხების მოგვარებაში ჩემი ოჯახის წევრები მეხმარებოდნენ, მათი დაშინებისათვის კიდევ უფრო გააქტიურდნენ. კოტეს პოლიტიკური ნიშნით დევნიან“.

ახალი ამბები