კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

კუდი ჟურნალისტებსა და არასამთავრობოებს უთვალთვალებს

7 ივლისი, 2009

გელა მთივლიშვილი, კახეთი

 შალვა იმერლიშვილი

შს სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის კახეთის სამმართველოს თანამშრომლები რეგიონში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა და დამოუკიდებელ ჟურნალისტებს უკვე ღიად უთვალთვალებენ. უფრო მეტიც, კუდ-ის თანამშრომლები დამოუკიდებელი მედია-საშუალებებისა და არასამთავრობოების ოფისების გვერდით ოთახებში ჩასახლდნენ და იქ მისულ ყველა მოქალაქეს აღრიცხავენ და აიძულებენ, დეტალურად განუმარტონ, რატომ შეხვდნენ უფლებადამცველებსა და ჟურნალისტებს.

კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომელს შალვა იმერლიშვილს განმარტება მაშინ ვთხოვეთ, როდესაც ის „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ რეგიონული წარმომადგენლობის და კახეთის საინფორმაციო ცენტრის რედაქციის ოფისების გვერდით მდებარე ერთ-ერთი ოთახიდან გამოვიდა.

- რა გინდათ აქ?

- თქვენ არავინ გკითხავთ, სადაც მინდა იქ მივალ და რასაც მინდა იმას გავაკეთებ.

- რას ჰქვია, რასაც გინდათ იმას გააკეთებთ? თქვენ შს სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომელი ხართ. არ გაქვთ უფლება რომელიმე პოლიტიკური პარტიის წევრი იყოთ ან ბიზნესსაქმიანობას ეწეოდეთ. ამიტომაც გეკითხებით, რა გინდათ აქ, სადაც საინფორმაციო საშუალებების რედაქციები, „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ კახეთის ოფისი, „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ გურჯაანის ორგანიზაცია და კომერციული კომპანიები არიან განთავსებულნი?

- მერე რა რომ კუდ-ში ვმუშაობ? ოთახი ვიქირავე და ოფისს ვხსნი.

- რა ოფისს ხსნით? ეს ოთახი „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ გურჯაანის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა მოგაქირავათ?

- ეს არ არის თქვენი საქმე.

შს სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომელმა შალვა იმერლიშვილმა საუბარი ამით დასრულა. მან კორიდორი მაშინვე დატოვა, როგორც კი სურათი გადავუღეთ.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, ქალაქ გურჯაანში, ნონეშვილის ქუჩა 14-ში, მესამე სართულზე მდებარე ოთახი, სადაც კუდ-ის კახეთის სამმართველოს თანამშრომელი და მასთან ერთად სხვა პირებიც იმყოფებიან, მოქალაქე ნინო მურაკაშვილის სახელზეა რეგისტრირებული. ნინო მურაკაშვილი პოლიტიკური ორგანიზაცია „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ გურჯაანის რაიონული ორგანიზაციის ერთ-ერთი ხელმძღვანელია.

უნდა აღინიშნოს, რომ კუდ-ის თანამშრომელი შალვა იმერლიშვილი ცალკე ოთახში გადასვლამდე, თითქმის მთელი სამი თვის განმავლობაში, ამავე სართულზე მდებარე, ნინო მურაკაშვილის კუთვნილ მეორე ოთახში იმყოფებოდა. ამ ოთახში „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ რაიონული ორგანიზაციის წევრები და აქტივისტები იყრიან თავს.

რამდენიმე დღის წინ საინფორმაციო საშუალებებით გავრცელდა ინფორმაცია, სადაც არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები და ჟურნალისტები „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობისგან“ ითხოვდნენ, განემარტათ, რა უნდოდა მთელი დღეების განმავლობაში პარტიის ოფისში კუდ-ის თანამშრომელს, რა კავშირი აქვს პოლიტიკურ ორგანიზაციას კუდ-თან?

ჟურნალისტების მტკიცებით, კუდ-ის თანამშრომლის იქ ყოფნის და თვალთვალის გამო მოქალაქეები რედაქციაში აღარ მიდიან და ჟურნალისტებთან შეხვედრას სხვაგან ითხოვენ. თუმცა, ჟურნალისტები იმასაც ამბობენ, რომ კუდ-ის თანამშრომელი და მასთან ერთად მყოფი უცნობი პირები, მათ გარეთაც უთვალთვალებენ.

„ჩვენ გვაქვს დაზუსტებული ინფორმაცია, რომ ჩვენთან ურთიერთობის შემდეგ, ადამიანებს სახლებში ადგებიან და მათგან მოითხოვენ, განუმარტონ, რისთვის იყვნენ მისულები რედაქციაში ან უფლებადაცვითი ორგანიზაციის ოფისში. აინტერესებთ რატომ შეგხვდნენ, რა ინფორმაცია მოგვაწოდეს და ა. შ. იმ შემთხვევაში თუ ეს ადამიანები ინფორმაციის მიწოდებაზე უარს ამბობენ, ემუქრებიან, რომ პოლიციასთან პრობლემები შეექმნებათ“, - ნათქვამია კახეთის საინფორმაციო ცენტრის განცხადებაში.

 ბორის მამისაშვილი

სტატიაზე მუშაობის დროს შალვა იმერლიშვილთან მყოფი კიდევ ერთი პირი გადავიღეთ. იგი გურჯაანში მცხოვრები ბორის მამისაშვილი აღმოჩნდა, რომელიც სხვადასხვა დროს კახეთის რეგიონული გაზეთ „იმედის“ ჟურნალისტებზე ზეწოლას ახორციელებდა. „ცოტა ხანში ნახავ, რაც დაგემართებათ“, - საჯაროდ გვიყვირა მამისაშვილმა.

საგულისხმოა, რომ ორი დღის წინ, როცა „ქრისტიან-დემოკრატების“ გურჯაანის ოფისში მყოფი კუდ-ის თანამშრომლების მიერ ჟურნალისტების თვალთვალთან დაკავშირებით ინფორმაცია გავრცელდა, „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ ადგილობრივი ორგანიზაციის წარმომადგენლები ჟურნალისტების მისამართით საჯაროდ იმუქრებოდნენ, რომ „ოფისიდან გულზე ხელებდასვენებულებს გაგვიტანენ“.

ჩვენ შევეცადეთ კომენტარისთვის „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერებს დავკავშირებოდით. გიორგი თარგამაძის, გიორგი ახვლედიანის და მაგდა ანიკაშვილის მობილური ტელეფონები მთელი დღის განმავლობაში გამორთული იყო, ლევან ვეფხვაძემ კი ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხა.

კახა კორძაია, „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ რეგიონების კოორდინატორი: პარტიის ლიდერების უმრავლესობა საზღვარგარეთ არის წასული. თქვენ ჩემზე უკეთესად იცით ვინ არის ჩვენი პარტიის ადგილობრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელი.

- თქვენი სახელი შემახსენეთ.

- გელა მთივლიშვილი, ჟურნალისტი.

- საგარეჯოზე გაინტერესებთ თუ გურჯაანზე? გურჯაანში არის ნინო მურაკაშვილი.

- გაქვთ ინფორმაცია, რომ მის კუთვნილ ოთახში, სადაც თქვენი პარტიის წევრები იმყოფებიან, კუდ-ის თანამშრომლები სხედან და ჟურნალისტებს გვითვალთვალებენ?

- ეგ არის მცდარი ინფორმაცია, რომელიც ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა, აბსოლუტურად ტყუილია.

- როგორ არის ტყუილი, კამერითაც დავაფიქსირეთ.

- ხოდა დააწყეთ და დაბეჭდეთ სადაც გინდათ.

- რატომ საუბრობთ ასე, მით უფრო ის პოლიტიკური ორგანიზაცია, რომელიც წინასაარჩევნოდ ჟურნალისტების უფლებების დაცვის თემით აპელირებდა?

- იმიტომ ვლაპარაკობ, რომ თქვენ ლაპარაკობთ ტყუილს. გაქვთ ფოტომასალა, სადაც გინდა იქ დაბეჭდეთ. მეორედ ჩემთან აღარ დარეკოთ. თქვენზე ვიცით ყველაფერი თავიდან ბოლომდე.

- რა იცით, არ გვეტყვით?

- რაც ვიცი, ვიცი. თქვენ წერთ ტყუილებს ჩვენი პარტიის შესახებ. არ გეკადრებათ ნამდვილად, თუ თქვენ გინდათ თქვათ, რომ ხართ ჟურნალისტი.

ახალი ამბები