კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ზაზა შათირიშვილი - ლიბერალიზმის ძალადობით დამკვიდრების მცდელობამ ბოლშევიზმამდე მიგვიყვანა

17 ივლისი, 2009

ქართულ პოლიტიკაში არსებულ ვითარებაზე, იმაზე, თუ როგორ ჩანს  ამერიკიდან საქართველოს პოლიტიკურ სცენაზე მიმდინარე პროცესები, „ინტერპრესნიუსი“  ჩიკაგოს უნივერსიტეტის მიწვეულ მკვლევარ-მეცნიერს, კულტურის ანთროპოლოგს, ზაზა შათირიშვილს ესაუბრა.

შათირიშვილის შეფასებით, რაც დღეს ქართულ პოლიტიკაში  ხდება, შარშან გაყალბებული საპარლამენტო არჩევნების ლოგიკური შედეგია‘ ლიბერალიზმის ძალადობით, პროცედურებისა და კანონის სრული იგნორირებით დამკვიდრების მცდელობამ ბოლშევიზმამდე მიგვიყვანა, რამაც განაპირობა ისეთი ვითარების შექმნა, რომლის დროსაც  ხელისუფლება სერიოზული რესპრესის გარეშე ძალაუფლებას ვერ შეინარჩუნებს.

ბატონო ზაზა, როგორ აღიქმება ოკეანისგაღმიდან ქართული პოლიტიკის შუქ-ჩრდილები და როგორ შეაფასებდით ქართულ პოლიტიკურ სცენაზე მიმდინარე პროცესებს ?

ხელისუფლება პროცესების მართვას ვერ ახერხებს. ოპოზიციას აქვს ნდობა, მაგრამ   პროცესებზე გავლენას ვერ ახდენს იმის გამო, რომ ხელისუფლების მუშაობაში არ მონაწილეობს. საზოგადოების მახასიათებელია სწორედ ის, რომ ხელისუფლებაზე გავლენის რეალური მექანიზმი არა აქვს.

ქვეყნის მართვაში ჩართული უნდა იყოს, როგორც ხელისუფლება, ისე  - ოპოზიცია და საზოგადოება. როცა ქვეყნის მართვიდან ხელოვნურად ხდება საზოგადოების განდევნა და ამოვარდნა, ვიღებთ იმ სიტუაციას, რომელიც გვაქვს. ამას, შეიძლება, ცუდი მენეჯმენტი დავარქვათ. ოპოზიციის მხრიდან მენეჯმენტზე ვერაფერს ვერ ვიტყვით, თუნდაც იმის გამო, რომ ოპოზიცია პარლამენტში რეალურად წარმოდგენილი არ არის.

არჩევნების გაყალბება ცუდი მენეჯმენტის გამოხატულებაა. ოპოზიციას პარლამენტში რომ 45-50 დეპუტატი ჰყოლოდა, ოპოზიციურ ფლანგზე და, ზოგადად, ქვეყანაში თვისობრივად განსხვავებული ვითარება იქნებოდა. ოპოზიციის აქტიურობის მიზეზიც სწორედ იმაშია, რომ ინსტიტუციებში წარმოდგენილი არ არის და პროცესებზე გავლენას ვერ ახდენს. რაც დღეს ქართულ პოლიტიკაში  ხდება, შარშან გაყალბებული საპარლამენტო არჩევნების ლოგიკური შედეგია. ხელისუფლება ვითარებას იმის გამოც ვერ მართავს, რომ პარლამენტში პოლიტიკურ ძალთა რეალური თანაფარდობა დარღვეულია. ხელისუფლებას გონია, რომ ყველაფრის მართვა ერთი წერტილიდან არის შესაძლებელი. მართვისადმი ამგვარმა დამოკიდებულებამ რომ კატასტროფულ შედეგამდე მიგვიყვანა, ფაქტია.

რადიო „პალიტრის" ეთერში თქვენ ბრძანეთ, რომ სააკაშვილი წარუმატებელი პუტინია, ხოლო პუტინი წარმატებული სააკაშვილი. თუ შეიძლება განმარტეთ, რატომ?

ამისთვის საკმარისია სააკაშვილისა და პუტინის პრესისა და ოპოზიციისადმი დამოკიდებულების განხილვა. მასმედიისა და ოპოზიციისადმი სააკაშვილსა და პუტინს ზუსტად ერთნაირი მიმართებები აქვთ _ შეზღუდული მედიასივრცე და მარგინალიზებული ოპოზიცია. მაგრამ, სააკაშვილი საუბრობს დემოკრატიაზე, თუმცა მისი საქმიანობა წარუმატებელია, რადგანაც იმას, რაც ჩვენთან ხდება, დემოკრატიასთან საერთო არაფერი აქვს.

რაც შეეხება პუტინს,  ის დემოკრატიაზე საერთოდ არ ლაპარაკობს; საუბრობს რუსეთის განსაკუთრებულ გზასა და როლზე. ამავე დროს პუტინს აქვს რესურსი რუსი ხალხის უსასრულო მოთბინების სახით, ხოლო როგორც ცნობილია, ქართველ ხალხს  მოთმინება არა აქვს.

ბევრის აზრით და თქვენი შეფასებითაც, ხელისუფლება ოპოზიციას ბოლშევიკური მეთოდებით დაუპირისპირდა. ექსპერთტთა ნაწილი ოპოზიციის აქტიურობას „საბჭოთა ინტელიგენციის" რევანშის სურვილს უკავშირებს. თქვენი აზრით, ვითარების ამგვარი შეფასება რამდენად შეესაბამება სინამდვილეს?

შესაძლოა, ამგვარი აზრი, გარკვეულწილად, შეესაბამებოდეს  სინამდვილეს. შესაძლოა, ოპოზიციაში იყვნენ ძალიან ცუდი ადამიანები ან საზოგადოება ძალიან ცუდი ადამიანებისგან შედგებოდეს, მაგრამ როდესაც მათ დისკრედიტაციას ახდენ, უნდა იცოდე, რომ ისე იქცევი, როგორც ტიპური ტოტალიტარი. ბოლშევიკები ფიქრობდნენ, რომ ბურჟუაზია უნდა გაეწყვიტათ, ესპანელი კომუნისტებისთვის მიუღებელი იყვნენ გლეხები, ეკლესიის წოდების მატარებელი ადამიანები. ჩვენს შემთხვევაში, რადგან მიუღებელია ადამიანების გაწყვეტვა, მათ მიმართ ეიჯიზმი, ანუ ასაკის გამო დისკრიმინირება განხორციელდა.

ხელისუფლებამ მისთვის მიუღებელი მსოფლმხედველობის, ასაკოვანი ხალხი სამსახურიდან განდევნა და პოლიტიკურ პროცესს ჩამოაშორა. ამ კატეგორიის ადამიანებს სივრცე არ დაუტოვა არსებობისთვის. რაც არ უნდა ადამიანების ცუდ ჯგუფთან გვქონდეს საქმე, ხელისუფლება ტოტალიტარული მეთოდებით არ უნდა ხელმძღვანელობდეს. ჰიტლერს მეტი კი არაფერი გაუკეთებია. მან ყველა ხალხში ებრაელები გამოყო, თქვა, რომ ისინი არიან რევანშისტები და მივიღეთ ხოლოკოსტი. ასაკოვანი ადამიანების გასანეიტრალებლად ხელისუფლებამ აშკარად ასაკობრივი დისკრიმინაციის პოლიტიკა გაატარა. უნდა ვთქვათ, რომ ეიჯიზმი დისკრიმინაციის ერთ-ერთი ფორმაა და ქვეყანაში არსებული ყველა პრობლემა ხელისუფლებას უკავშირდება. 

ერთი შეხედვით ხელისუფლება ოპოზიციასთან დაპირისპირებაში გამარჯვებული ჩანს. თქვენი შეფასებით, როგორი ფორმები შეიძლება მიიღოს უახლოეს მომავალში ხელისუფლება-ოპოზიციისა და ხელისუფლება-საზოგადოების ურთიერთობამ?

შემიძლია ვთქვა, რომ ახლანდელი ვითარება ძალიან რთულია იმის გამო, რომ საზოგადოება და ოპოზიცია ინსტიტუციებიდან ამოვარდნილი არიან და პროცესების რეალურ მართვაზე ვერანაირ გავლენას ვერ ახდენენ. ძალადობის რა ფორმებიც არ უნდა გამოიყენოს ხელისუფლებამ, პროცესის შედეგები ხელისუფლებისთვის მძიმე იქნება. ხელისუფლება სერიოზული რეპრესიების გარეშე ძალაუფლებას ვერ შეინარჩუნებს.

იდეოლოგია, რომლითაც ხელისუფლებას ხელმძღვანელობს, დიალოგს აბსოლუტურად გამორიცხავს. თუ ხელისუფლებას ძალაუფლების იმ სახით შენარჩუნება უნდა, რომელიც 2007 წლის 7 ნოემბრამდე ჰქონდა, მაშინ  რეპრესიების განხორციელება მოუწევს. კანონების გამკაცრება, პრაქტიკულად, რეპრსიული მანქანის ამოქმედებისთვის მზადყოფნას ნიშნავს. გამკაცრებული კანონების ფონზე, შესაძლოა, ვითარება ისე გართულდეს, ხელისუფლებამ მათი შესრულებაც ვერ შეძლოს. ხელისუფლება უკმაყოფილო ხალხს ზედმეტად მიიჩნევს, ისინი  ჩუმად უნდა იყვნენ  ან  - მკვდარი. თუ ხელისუფლებამ გამკაცრებული კანონების განხორციელება დაიწყო, პოლიტიკური ვითარება დამძიმდება. ხელისუფლებას პოლიტიკურად აქტიური ხალხის  დაშოშმინების რესურსი არა აქვს. ხელისუფლება კანონებს კი ამკაცრებს, მაგრამ, ჩემი აზრით, მას ფართომასშტაბიანი რესპრესიების რესურსი არა აქვს.

თუ „ვარდების რევოლუცია“ რევოლუცია იყო, მისი ძირითადი მახასიათებელი ეიჯიზმია და ეს არ იყო შემთხვევითი. რევოლუციურ ხელისუფლებას ლიბერალური ღირებულებები კი ჰქონდა, მაგრამ ლიბერალიზმის ძალადობით, პროცედურებისა და კანონის სრული იგნორირებით დამკვიდრების მცდელობამ ბოლშევიზმამდე მიგვიყვანა.

„ინტერპრესნიუსი“
კობა ბენდელიანი

ახალი ამბები