კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საქართველოს პრეზიდენტი ცვლილებების განხორციელებაზე პირობას დებს

20 ივლისი, 2009

ენდრიუ ოსბორნი

თბილისი, საქართველო - როგორც მოსალოდნელია, ორშაბათს, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მისი ოპონენტების დასამშვიდებლად და დაკარგული პოზიციების აღსადგენად იმ ზომებზე ისაუბრებს, რომლებიც ხელისუფლების დამატებით განაწილებისა და არჩევნების დემოკრატიზაციის პროცესს უზრუნველყოფს.

ის ქვეყნის პარლამენტს მიმართავს „მორალური განწყობის“ ამაღლების მიზნით, ეს ამერიკის ვიცე-პრეზიდენტის ჯო ბაიდენის თბილისში ვიზიტამდე ერთი დღით ადრე მოხდება. მესამე თვეა, რაც პრეზიდენტის პოლიტიკური ოპონენტები  ქუჩის საპროტესტო აქციებს მართავენ და სააკაშვილის გადადგომას მოითხოვენ, მას შემდეგ, რაც შარშან ზაფხულში ის რუსეთთან ომში კატასტროფულად დამარცხდა. სააკაშვილის კრიტიკოსები მას ავტორიტარიზმის განმტკიცებაში, საკუთარი მიზნებით სახელმწიფოს მასობრივი საინფორმაციო საშუალებების მონოპოლიზებასა და ოპოზიციის საპროტესტო აქციების ჩასახშობად პოლიციის გამოყენებაში სდებენ ბრალს.

მის სიტყვაში, რომელიც თჰე ჭალლ შტრეეტ ჟოურნალ-მა ნაწილობრივ გაანალიზა, პრეზიდენტი პირობას დებს, რომ ახალი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩვენებს გამართავს, მოწინააღმდეგეებს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში მეტ სივრცესა და დროს დაუთმობს, ასევე ოპოზიციას მთავრობაში სამართავად ზოგიერთი უწყების ხელმძღვანელობას შესთავაზებს.

თავის ინტერვიუში პრეზიდენტმა განაცხადა, რომ „ფსიქოლოგიური გააზრების“ შემდეგ ის მიხვდა, რომ მისი მიზანი საქართველოს მოდერნიზაციაა. მისი თქმით, ის დემოკრატიის გარღმავებასა და 2013 წელს მისი წასვლის შემდეგ ხელისუფლების მშვიდად გადაცემის უზრუნველყოფას გეგმავს.    

მან საქართველოს ნატოში გაწევრიანების იმედებს „ფაქტობრივად მკვდარი“ უწოდა.
„ეს ტრაგედიაა და იმას ნიშნავს, რომ რუსები სწორად  იბრძოდნენ“, განაცხადა მან. 

აგვისტოს ომის წინ სააკაშვილი დარწმუნებით აცხადებდა, რომ მისი ქვეყანა ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანდებოდა. ის სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის საქართველოში რეინტეგრაციის გარდაუვალ პროცესზე საუბრობდა. ახლა პრეზიდენტი აცხადებს, რომ უახლოეს მომავალში ამ სამი მიზნის მიღწევა ფაქტობრივად შეუძლებელია. 

სააკაშვილის მოწინააღმდეგეები მის ნაბიჯს სკეპტიკურად აფასებენ, „ეს ყველაფერი ბლა, ბლა, ბლა, ცარიელი სიტყვებია. ის მსგავს დაპირებებს ადრეც გასცემდა, მაგრამ ამას არანაირი შედეგები არ მოჰყოლია“, განაცხადა ოპოზიციის ლიდერმა ლევან გაჩეჩილაძემ, როდესაც სააკაშვილის დაგეგმილი სიტყვის დეტალები შეიტყო.       

ინტერვიუში სააკაშვილმა უარყო ის მოსაზრება, თითქოს მისი ინიციატივების გახმოვანების დრო, ვიცე-პრეზიდენტ ბაიდენის ორ დღიან ვიზიტს საგანგებოდ ემთხვევა, რომელიც ოთხშაბათს იწყება. პრეზიდენტის განცხადებით, მისი წინადადებები შიდა პროცესებითაა განპირობებული.
  
„ეს სწორად შერჩეული დროა. რადიკალური ოპოზიცია დაბნეულია“, თქვა მან.

ამ კვირაში, ვიცე-პრეზიდენტი ბაიდენი საქართველოს და უკრაინას ესტუმრება. ვიზიტი იმ ფონს ემთხვევა, როდესაც ორივე ქვეყანაში სერიოზული შეშფოთებაა იმასთან დაკავშირებით, თუ რას შეიძლება ნიშნავდეს რუსეთის პროდასავლური მეზობლებისთვის კრემლთან ვაშინგტონის ურთიერთობების „გადატვირთვა“. პრეზიდენტის თანაშემწეები ამბობენ, რომ ის აშშ-სგან პოლიტიკურ, სამხედრო და ეკონომიკურ სფეროებში ვალდებულებების მიღებას გეგმავს - შარშანდელი შემოდგომის იმ ხანგრძლივი დროის შემდეგ, როდესაც იგი გრძნობდა, რომ მოკავშირეებმა, მათ შორის ვაშინგტონმა ის „მიატოვა“.

„ჩვენ ვიცით რას არ ნიშნავს რუსეთის მეზობლებისთვის ეს გადატვირთვა. ჯერჯერობით მას მხოლოდ ნეგატიურად ახასიათებენ. მაგრამ ჩვენ ზუსტად და მკაფიოდ ვიცით რას ნიშნავს ეს“, ამბობს მისი ერთ-ერთი თანაშემწე.

ანალიტიკოსების აზრით, ყოფილი აღმოსავლეთ ბლოკის ქვეყნებს - საქართველოდან დაწყებული, პოლონეთით დასრულებული - ეშინიათ, რომ ობამას ადმინისტრაცია რუსეთთან ურთიერთობების გაუმჯობესებას მათთან ურთიერთობაზე წინ დააყენებს. ეს შიშები კიდევ უფრო გამძაფრდა მას შემდეგ, რაც პრეზიდენტი ბარაკ ობამა ამ თვეში მოსკოვში იმყოფებოდა, რათა ხელახლა განესაზღვრა და გაეფორმებინა ორმხრივი ურთიერთობების ძირითადი მიმართულებები მათში ხანგრძლივი ვარდნის შემდეგ. მოსკოვში ამერიკის პრეზიდენტმა საქართველოს და უკრაინის სუვერენიტეტის დაცვის აუცილებლობაზე ისაუბრა. ამ ქვეყნებს ძალიან დაძაბული ურთიერთობები აქვთ რუსეთთან. მაგრამ ბევრს სურს, რომ აშშ-ს მაღალჩინოსნებმა მოსკოვს კიდევ უფრო ძლიერად მიანიშნონ, რომ მან „უკან უნდა დაიხიოს“.       

საქართველოში პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით ათობით ათასი ოპოზიციის მხარდამჭერი ქუჩაში გამოვიდა. ისინი სააკაშვილზე, როგორც ძალაუფლებაზე გაგიჟებულ დიქტატორზე ისე საუბრობენ, რომელმაც რუსეთთან ომი აწარმოა და წააგო, ომი, რომლის თავიდან აცილება შეიძლებოდა.

ხმაურიანი აქციები ას დღეზე მეტხანს გაგრძელდა, რამაც  დედაქალაქის, თბილისის ცენტრის პარალიზება მოახდინა, მაგრამ სააკაშვილი ჯერ კიდევ ხელისუფლებაშია. მისი პირადი საზოგადოებრივი აზრის მკვლევარები ამბობენ, რომ მარტში პრეზიდენტის პოპულარობის რეიტინგები 38%-მდე დაეცა, მაგრამ მაისში კვლავ 43%-მდე გაიზარდა.

საპროტესტო აქციების მონაწილეებიც კი, რომლებსაც თბილისის ცენტრი დაბლოკილი ჰქონდათ, სულს ღაფავენ. ყოველდღიურ მიტინგებზე ზაფხულის მცხუნვარე მზის სხივებქვეშ 200 ადამიანზე მეტი იშვიათად იკრიბება.

თუმცა ორგანიზატორებს იმედი აქვთ, რომ ბაიდენისთვის იმის საჩვენებლად, რომ ოპოზიცია კვლავ ანგარიშგასაწევი ძალაა, უფრო მრავალრიცხოვან აქციას შეკრებენ.

პრეზიდენტის ორშაბათის გამოსვლის იმ ნაწილში, რომელიც შიდა პროცესებს ეხება ისე ჩანს, რომ საქართველო მძიმე პოლიტიკური გამოწვევების წინაშე მას შემდეგ აღმოჩნდა, რაც შარშან ზაფხულში რუსეთის არმიამ მისი ჯარი გაანადგურა და მის ორ რეგონს დამოუკიდებლობის გამოცხადების შესაძლებლობა მისცა. 

სააკაშვილმა განაცხადა, რომ პუტინს მისი ჩამოგდება სურს, იმოწმებს რა იმ მოსაზრებას, რომელიც რუსეთის პრემიერ- მინისტრმა ომის შემდეგ საფრანგეთის პრეზიდენტთან გამოთქვა. 

„ერთადერთი რისი გაკეთებაც მე საპასუხოდ შემიძლია, ეს არის ის, რომ ხელისუფლების გადაცემის პროცესს ისეთი ორგანიზება გავუკეთო, რომ ის რუსეთმა ვერ გააკონტროლოს. მაშინ მეზობლები მიხვედებიან -  და არამხოლოდ ლიდერები, არამედ ხალხიც - რომ პუტინი უბანში მთავარი ქუჩის ბიჭი აღარ არის“, განაცხადა პრეზიდენტმა.

თუმცა ოპოზიციის ლიდერების დიდ ნაწილს მიაჩნია, რომ სააკაშვილი თავად არის პრობლემის ნაწილი და არა მისი გადაწყვეტა. მათი თქმით, ისინი შეეცდებიან ვიცე-პრეზიდენტის დარწმუნებას, რომ ამ უკანასკნელმა აშშ-ს ფინანსური დახმარება სააკაშვილის ქმედებებთან მიმართებაში განსაზღვროს, რათა მან თავისი მისწრაფებები მოთოკოს.     

ზოგიერთები იმასაც ამტკიცებენ, რომ ახალ პრეზიდენტს და ადმინისტრაციას რუსეთთან ურთიერთობის აღდგენის ლეგიტიმური შესაძლებლობა ექნება, რაც დღეს აბსოლუტურად აღარ არსებობს. კავშირების გაწყვეტამდე რუსეთი საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი იყო. ახლა ეს ადამიანები, სააკაშვილისგან ახალი არჩევნების დანიშვნას მოითხოვენ, მათი მანდატის დასადასტურებლად.

„მან არ გააკეთა ის, რასაც საკუთარი ქვეყნის ტერიტორიის 20%-ის დაკარგვის (ომში) შემდეგ ნებისმიერი დემოკრატიული ლიდერი გააკეთებდა. ის უნდა გადადგეს“, ამბობს ოპოზიციის კიდევ ერთი ლიდერი სალომე ზურაბიშვილი.

წყარო: foreignpress.ge

ორიგინალი

ახალი ამბები