კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ადამიანური, მეტისმეტად ადამიანური

20 ივლისი, 2009

წერილი არაჰუმანურ სახელმწიფოზე

რომან აფაქიძე

ესპანელ ჟურნალისტთან საუბრისას საქართველოს პირველმა პირმა თქვა: „ევროკავშირის ექსპერტები პოლიცილების მომზადებაში გვეხმარებიან, თუმცა ზოგჯერ მათ ხელები ექავებათ და ჩხუბობენ ხოლმე“. საქართველოში, ბოლო დროს, ძალიან ხშირად ჩხუბობენ, ჩხუბობენ ძირითადად პოლიციელები. ჩხუბობენ, რადგან „ხელები ექავებათ“ და საქართველოს პრეზიდენტი ამაში არაფერს ხედავს შემაშფოთებელს.

საკმაოდ დიდი ხანი ვფიქრობდი დამეწერა თუ არა ეს წერილი. გულწრფელი საუბრები პირველ პირში - მონოლოგია, ხოლო მონოლოგი უფრო ლიტერატურის სამკაულია ვიდრე ჟურნალისტიკის. ჩვენი ორგანიზაცია ცდილობს გამოეხმაუროს ადამიანის უფლების დარღვევის ყველა ფაქტს. ჩვენ ისედაც ვწერთ წერილებს და განცხადებებით ვეხმაურებით იმ საკითხებს, ამ წერილის დასაწერად რომ მიბიძგა. ვეხმაურებით ყველა უფლებადარღვევის ფაქტს, რომელზეც ინფორმაცია ჩვენთვის ხელმისაწვდომია, გამოვთქვამთ შეშფოთებას მომხდარის გამო, მოვითხოვთ რეაგირებას და ცვლილებებს... მაგრამ ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტები ამ ბოლო დროს იმდენად მომრავლდა რომ ეს „რეაგირება-შეშფოთების“ პროცესი უფრო მექანიკურს ჰგავს, ვიდრე ადამიანურს... მექმნება შთაბეჭდილება, რომ გამოგვიმუშავდა რეფლექსის მაგვარი ფუნქცია, სტანდარტულ ფორმას ვარგებთ ყველა კონკრეტულ ფაქტს და ყველა განცხადება, წერილი, მოკლე ინფორმაცია ერთმანეთს კონვეერული პროდუქტივით ჰგავს, მხოლოდ ნომერი აქვს განსხვავებული. ამიტომაც გადავწყვიტე დამეწერა ადამიანური, შეიძლება მეტისმეტად ადამიანური წერილი ძალიან არაჰუმანურ სახელმწიფოზე. და ვწერ ამ წერილს მიუხედავად იმისა, რომ მონოლოგი არ არის საუკეთესო სამკაული ჟურნალისტიკისთვის.

ჩვენ ვცხოვრობთ სახელმწიფოში, სადაც პოლიციელებს ხშირად, ან თუნდაც „ხანდახან“ „ექავებათ“ ხელები; სადაც კანონები იცვლება მაშინ, როცა ყველა წინააღმდეგია ამგვარი ცვლილების ერთი ჯგუფის, ან იქნებ, ერთი კაცის გარდა; სახელმწიფოში, სადაც სამართალს მხოლოდ ისინი პოულობენ ვინც ამ სამართალს ქელავს; სახელმწიფოში, სადაც 12 წლის ბავშვის მშობლები შვილის ოპერაციისთვის 2800 ლარს ვერ შოულობენ; ჩვენ ვცხოვრობთ ტყუილის ქვეყანაში, სადაც ადამიანის ფასი მინიმალური, პრაქტიკულად ნულოვანია; ჩვენ სწორედ ასეთ სახელმწიფოში ვცხოვრობთ და არაფრის შეცვლა უახლოეს მომავალში არ შეგვიძლია.

ძალიან ბევრი ადამიანი დგას არჩევანის წინაშე, დატოვოს ქვეყანა უკეთესი ცხოვრების იმედით, ან დარჩეს ქვეყანაში, სადაც არანაირი გარანტია არა აქვს, რომ მომავალში მაინც ღირსეულად იცხოვრებს.

საქართველოდან 1990 წლიდან დღემდე მილიონზე მეტი ადამიანია წასული და ბოლო წლებს ეს ტენდენცია რეალურად არ შეუნელებია, თუმცა საქართველოში ხომ ორი რეალობა არსებობს და ტელევიზორის რეალობაში ყველაფერი სხვაგვარადაა... ემიგრანტები ქვეყანაში ბრუნდებიან, იწყებენ ბიზნესს, და ცხოვრობენ იმაზე ღირსეულად ვიდრე ემიგრაციაში.

ტელევიზორის საქართველო ლამაზი და მდიდარია, ყველა ღირსეულად ცხოვრობს, არავის უფლებები არ ირღვევა. ამ ლამაზი რეალობის შესანარჩუნებლად ხელისუფლებას ხშირად იმ კამერების დამტვრევა უწევს, რომლებიც ჩვენი ცხოვრების მახინჯ მხარეებს და „ხელაქავებულ“ პოლიციელებს იღებენ, მაგრამ ეს საერთო სურათს არ ცვლის - ყველაფერი არის ძლიერ კარგად!

ერთხელ აზერბაიჯანში ვნახე, როგორ არბევდა პოლიცია ოპოზიციის მიტინგს საპრეზიდენტო არჩევნების მერე. ყველა აზერბაიჯანული ტელეარხი კი უჩვენებდა, როგორ არბევდნენ „შეიარაღებული მომიტინგეები“ „მშვიდობიან“ პოლიციელებს. მაშინ გულწრფელად მიხაროდა, რომ ქართველი ვიყავი, რადგან მეგონა, ასეთი რამ საქართველოში არასოდეს მოხდება-მეთქი... დასკვნა მარტივი და მეტისმეტად ბანალურია - არასოდეს უნდა თქვა არასოდეს.

ორი დღის განმავლობაში ქვეყნის სამ უდიდეს ტელეკომპანიაში, რომლებზე „ბოროტი ადამიანები“ ამბობენ ხელისუფლება აკონტროლებსო, მნიშვნელოვანი თანამდებობის პირები შეიცვალნენ. ყველამ იცის, რომ ეს ადასტურებს ამ ტელევიზიების მართვადობას ხელისუფლების მხრიდან, მაგრამ აქ ქვეყანაში არანაირი მნიშვნელობა არა აქვს რა იცის ყველამ. მნიშვნელოვანი მხოლოდ ისაა, რა იცის ერთმა ადამიანმა, რომელიც ჩვენი ქვეყნის პირველი პირია და ამიტომაც ყველაფერი იცის, ყოველთვის მართალია და ყველაზე დიდი მორალური ავტორიტეტით სარგებლობს. მართალია ის იმისთვის აირჩიეს პირველ კაცად, რომ ქვეყნისთვის ეხელმძღვანელა, მაგრამ მას მორალის საკითხები უფრო მნიშვნელოვანი ჰგონია და ძირითად დროს სწორედ მორალის კითხვას უთმობს.

მისი მორალი კი ასეთია: როცა პოლიციელებს ხელები ექავებათ და მომიტინგეებს „მიშა-მიშას“ ძახილით არბევენ, ეს არაფერია, მაგრამ როცა მომიტინგეები რუსთაველზე საკნებს დგამენ და პროტესტს გამოხატავენ - ეს ქვეყნის ღალატი და რუსეთის წისქვილზე წყლის დასხმაა. ამავე დროს რუსეთის წისქვილზე წყლის დასხმა არაა უაზრო ომის წარმოება, რომლის შედეგადაც დევნილებით ისედაც სავსე ქვეყანას კიდევ უფრო მეტი დევნილი ემატება. დანაშაულია ასევე მათ პრობლემებზე საუბარი. ასეთი მიდგომის გამოა სწორედ, რომ ერთ-ერთი დეპუტატის ბიუროს ხელმძღვანელმა, რევაზ კახნიაშვილმა დევნილებს, რომლებიც საკუთარ გასაჭირზე საუბრობენ უმადურები უწოდა...

ეს არის ქვეყანა, სადაც ყველა, ვინც იმ ერთ ადამიანს არ ეთანხმება ან მოღალატეა, ან, უკეთეს შემთხვევაში, უმადური და დაუნახავი.

კვირის დასასრულს პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო უმრავლესობის საკანონმდებლო ინიციატივა. ამიერიდან „მანიფესტაციების და შეკრებების შესახებ კანონი“ ხელისუფელბისთვის სასარგებლო რედაქციითაა ჩამოყალიბებული. ეს ცვლილებები პარლამენტმა მიიღო იმის მიუხედავად, რომ არავინ ქვეყანაში ნაცმოძრაობის წარმომადგენლების და ქვეყნის პირველი პირის გარდა, ასეთი კანონის შემოღების მომხრე არ იყო. მთავარი ეს არაა. მთავარი ისაა, რომ ქვეყანაში უმადურებისათვის ნაკლები ადგილი უნდა დარჩეს.

ეს ქვეყანა კი არა ერთი პირის საწარმოა, სადაც ყველაფერი ამ ერთი ადამიანის თარგზე იჭრება და იკერება.

აბა რა გითხრათ. სამწუხაროდ ამ მონოლოგის უსასრულოდ გაგრძელება შეიძლება, არადა უკვე არაერთხელ ვთქვი, რომ მონოლოგი არც ისე მისაღებია ჟურნალისტიკაში. ეს წერილიც ხომ მხოლოდ იმიტომ დაიწერა, რომ საკუთარი თავი და თქვენც დაგარწმუნოთ, რომ სტატისტები არ ვართ. ეს ძალიან ერთნაირი ტექსტები, რომლებიც ადამიანის უფლებების დარღვევაზე ჩვენს ვებ-გვერდზე იბეჭდება, ადამიანურია, მეტისმეტად ადამიანურიც. მართალია ჩვენ ყველანი არაჰუმანურ სახელმწიფოში ვცხოვრობთ - სადაც ტყუილი სიმართლეზე მნიშვნელოვანია, მაგრამ მაინც ვბრაზდებით, როცა ვხედავთ, რომ პოლიციელები ადამიანებს სცემენ, ქუჩაში უპატრონოდ ყრიან და იციან რომ ამის გამო არასოდეს მოუწევთ პასუხისგება.

მოუწევთ!

თუ ამ ქვეყანაში ჯერ კიდევ ცხოვრობენ ადამიანები...

ახალი ამბები