კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პირველი არხი და უმრავლესობის ვნებები

22 ივლისი, 2009

ნესტან ცეცხლაძე,ნანა კვაჭაძე

„ბოდიშის გარეშე ამ სტუდიიდან ვერ გახვალთ“, _ ასე უყვირა კინორეჟისორ ელდარ შენგელაიას პირდაპირ ეთერში 2001 წელს გადაცემის _ „რას ფიქრობს ხალხი“ წამყვანმა. ბოდიშს ეკა ბერიძე შემდეგი განცხადების გამო ითხოვდა: „პირველი არხი, ჩემი ახალგაზრდობის პერიოდში რაც იყო, სახელმწიფო ტელევიზია, იმის გადმონაშთია“. „ბოდიში, ბოდიში“ - შემდეგ უკვე სტუდიაში მყოფი ჟურნალისტები სკანდირებდნენ. რვა წლის შემდეგ ამ კადრების ჩვენება ამავე არხზე საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორს არ სურდა. კადრები მაინც აჩვენეს.

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის, ლევან გახელაძის თქმით, ყოფილი გენერალურ დირექტორს, ლევან ყუბანეიშვილს გადადგომის შესახებ განცხადებაში მოტივი არ დაუსახელებია. 20 ივლისს სამეურვეო საბჭომ დააკმაყოფილა მისი განცხადება გადადგომის შესახებ. ყუბანეიშვილს ამ თანამდებობაზე ყოფნის ვადა 2014 წლის 8 აპრილს ეწურებოდა. ლევან გახელაძე: „წერილის სახით შემოვიდა მისი განცხადება. იმედი მაქვს, ბატონი ლევანი თავად გააკეთებს ამაზე კომენტარს. მე ვიცი, რომ მან უნდა გააკეთოს კომენტარი და არაეთიკურად მიმაჩნია გავუსწრო მოვლენებს“.

ინფორმაცია ლევან ყუბანეიშვილის გადადგომაზე გასულ სამშაბათს, 14 ივლისს, გავრცელდა. არც მაშინ და არც დღეს მან „ბათუმელების“ სატელეფონო ზარებს და სმს-ებს არ უპასუხა. არც სხვა მედიასაშუალებებით, რომლებიც არაოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებდნენ, გავრცელებულა მისი კომენტარი. გასულ სამშაბათსვე დაიწყო საუბარი, რომ მას არ სურდა გადაცემა „წითელი ზონის“ ეთერში გასულიყო 2001 წელს გადაცემაში - „რას ფიქრობს ხალხი“ გასული კადრები. 14 ივლისს Fაცებოოკ-ზე, ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ სოციალურ ქსელში, შეიქმნა გვერდი „ჩვენ მხარს ვუჭერთ გოგი გვახარიას პროექტს „წითელი ზონა“. პირველივე დღეს გვერდზე 600 მხარდამჭერი დარეგისტრირდა (21 ივლისს მხარდამჭერების რაოდენობა უკვე 1277 იყო). გადაცემის ერთ-ერთმა პროდიუსერმა, დავით გაბუნიამ მხარდამჭერის შეკითხვას Fაცებოოკ-ზე, რა პრობლემები ჰქონდა გადაცემას, ასე უპასუხა: „დახურვის და, საერთოდ, პრობლემის საწყისი იყო ნაწყვეტი ვიდეოჩანაწერიდან, რომელიც გადაცემის შესავალ ნაწილში უნდა გასულიყო (და იმედია, გავა კიდეც). ეს არის 2001 წლის ჩანაწერი, პირველი არხის თოქ-შოუს - „რას ფიქრობს ხალხი“. წამყვანი ეკა ბერიძეა“, - და დაამატა: „წითელი ზონის“ ბედი ჯერ არ გადაწყვეტილა. ეჭვი მაქვს, რომ ამ გამოხმაურებამ გავლენა იქონია“.

გადაცემა „წითელი ზონა“ რადიო „თავისუფლების“ პროექტია და იგი საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში კონტრაქტის საფუძველზე ყოველ პარასკევს გადაიცემა. გადაცემის ავტორი და წამყვანი გოგი გვახარიაა. გასულ პარასკევს „წითელი ზონის“ ეთერში მაყურებელმა იხილა კადრები ამ გადაცემიდან. კადრები, რომელშიც ძალიან ბევრი ცნობილი ჟურნალისტი, მათ შორის ინგა გრიგოლია, ასევე მაშინდელი დირექტორი - ზაზა შენგელია ბოდიშს ითხოვდნენ და უყვიროდნენ შენგელაიას, რომელმაც მაშინდელ პირველ არხს ხელისუფლების იდეოლოგი უწოდა.

სურდა თუ არა საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილ დირექტორს, ლევან ყუბანეიშვილს ჩარეულიყო გადაცემის ავტორების სარედაქციო პოლიტიკაში და შეეზღუდა ამ კადრების გაშვება ეთერში? - ამ კითხვით „ბათუმელებმა“ რადიო „თავისუფლების“ ქართული ბიუროს უფროსს პრაღაში, დავით კაკაბაძეს მიმართა: „ლევან ყუბანეიშვილთან არ მისაუბრია, მქონდა მხოლოდ მიმოწერა ელექტრონული ფოსტით. გადაცემიდან იმ ძველი კადრების ამოღების მოთხოვნამ თუ თხოვნამ (იგულისხმება ეკა ბერიძის გადაცემის კადრები) ჩვენამდე პროდიუსერის პირით მოაღწია. როგორც კი ეს ამბავი შევიტყვე, მივწერე ლევან ყუბანეიშვილს და ვთხოვე, ვითარებაში სიცხადე შეეტანა. მან დაუყოვნებლივ მიპასუხა, რომ „წითელი ზონის“ მიმართ არავითარი პრეტენზია არ აქვს. უბრალოდ, სასურველი იქნებოდა, მათი თხოვნა გაგვეთვალისწინებინა (მან სწორედ ეს სიტყვა - „თხოვნა“ იხმარა). მე ავუხსენი, რომ ეს შეუძლებელი იყო და რომ იმ კადრების ჩვენება არათუ არ არღვევს ჟურნალისტური ეთიკის ნორმებს (სხვა ნორმებზე რომ აღარაფერი ვთქვათ), არამედ ზედმიწევნით უპასუხებს „წითელი ზონის“ კონცეფციასაც. ეს იყო და ეს - მისი მხრიდან პირადად მე ერთი სიტყვაც არ მომისმენია (არ წამიკითხავს) გადაცემის დახურვაზე ან რადიო „თავისუფლებასთან“ კონტრაქტის გაწყვეტაზე“.

გადაცემის პროდიუსერის, თეო ხატიაშვილის თქმით, ამ კადრების გაშვებაზე მსჯელობა ორ კვირას გრძელდებოდა, თუმცა პირადად ლევან ყუბანეიშვილთან არც მათ უსაუბრიათ. მედიატორი კინოპროგრამების პროდიუსერი - გია გაჩეჩილაძე იყო, რომლის პირითაც, ხატიაშვილის თქმით, ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა შეუთვალა, რომ ამ კადრების ეთერში გაშვება არაკოლეგიალობა იქნებოდა, რადგან კადრები ეხებოდა ამავე ტელევიზიას: „მე ვუპასუხე, იმის მიუხედავად, რომ იურიდიული მემკვიდრეა, ფორმალურად მაინც გაიმიჯნა, ის იყო სახელმწიფო არხი და პირდაპირ ატარებდა სახელმწიფო იდეოლოგიას და ეს - საზოგადოებრივი, ანუ დამოუკიდებელია; მით უმეტეს, რომ ჩვენ გვაქვს სარედაქციო დამოუკიდებლობა და არაფერს შევცვლით-მეთქი. მერე კიდევ მკითხა, თუ რაზე შევთანხმდით. „თქვენს პასუხს ელოდებაო“. მე ვუთხარი, არაფერი შეცვლილა-მეთქი. დაურეკა ლევანს, ხუთ წუთში კი მე დამირეკა და მითხრა, რომ თუ ამ სიუჟეტს არ ამოვიღებდით, გადაცემა ასეთი სახით არ გავიდოდა. მშვიდად ვუპასუხე - არ ამოვიღებთ და ნუ გავა-მეთქი“.

21 ივლისს გია გაჩეჩილაძემ „ბათუმელებთან“ უარყო მედიატორის როლი. თეო ხატიაშვილი და გადაცემის ავტორი გოგი გვახარია ამბობენ, რომ ყუბანეიშვილის „მოთხოვნამ“ „თხოვნის“ სახე მას შემდეგ მიიღო, რაც „თავისუფლების“ ქართული ბიუროს უფროსმა ყუბანეიშვილს წერილი გაუგზავნა. „მე მაქვს გამოცდილება, როცა ასეთი თხოვნებით იხურებოდა ხოლმე ჩემი გადაცემები. ვიცი, რა არის ეს თხოვნა“, - ამბობს გოგი გვახარია. ის ასევე ამბობს, რომ არ იცნობს ლევან ყუბანეიშვილს და მოულოდნელი იყო ამ კადრებით მისი გაღიზიანება, რადგან მანამდე ის „წითელი ზონის“ საქმეებში არ ჩარეულა. „წითელი ზონის“ ავტორის თქმით, „ეს (მედია) არის ყველაზე მტკივნეული თემა. ბევრად უფრო ადვილია გააკრიტიკო სააკაშვილი, ან ოპოზიცია, მაგრამ რთულია ილაპარაკო შენს კოლეგებზე, მეგობრებსა და თუ გინდა, შენს თავზე. მედიის კრიტიკა ჩვენთან დახურული თემაა, ძალიან ხშირად გამიგია ფრაზა - არაკოლეგიალურია. მე ამ ფრაზის მნიშვნელობა არ მესმის“. რას ნიშნავს თუნდაც „თხოვნა“ საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის მხრიდან გადაცემის ავტორებზე, არ გაუშვან ეთერში ესა თუ ის კადრები - მედიასამართლის სპეციალისტი - თამარ კორძაია (ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია) ამბობს, რომ ესაა ცალსახა ჩარევა სარედაქციო საქმიანობაში. ამასთან, ეს შეიძლება იყოს ზეწოლაც.

ლევან გახელაძე, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე, შეკითხვაზე, ხომ არ იყო „წითელ ზონაში“ გასული კადრები ყუბანეიშვილის გადადგომის ერთ-ერთი მიზეზი, ამბობს, რომ მისთვის უცნობია ამ ფაქტის შესახებ და არც სამეურვეო საბჭოს ჰქონდა მცდელობა გაერკვია ეს საკითხი: „მე ვუყურე გადაცემას. ვინმეს აქვს პრეტენზია, რომ იქედან რაიმე იყო ამოჭრილი? მე დავით კაკაბაძის განცხადება არ მომისმენია, არც მინახავს არსად დაწერილი. თქვენ გაგიცხადათ ხომ? თქვენდამი დიდი პატივისცემის მიუხედავად, თქვენ მიერ გადმოცემულ დათო კაკაბაძის ინტერპრეტაციაზე დაყრდნობით მე ვერ გავაკეთებ კომენტარს. მე სხვანაირად ვარ მიჩვეული მუშაობას“.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა - ლევან ყუბანეიშვილმა თავისი წილები სტუდია „TBC-TV“-ში ზაზა შენგელიას ამ თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ გადაუფორმა. შეგახსენებთ, ზაზა შენგელია არის პირველი არხის ასევე ყოფილი დირექტორი, შენგელია 2001 წელს გადაცემის - „რას ფიქრობს ხალხი“ ერთერთი გმირი იყო.

„TBC-TV“-ის დამფუძნებლები TBC ჯგუფი, ზაზა შენგელია და მე ვართ. ვის რამდენი წილი აქვს, სამეწარმეო რეესტრის ამონაწერში ნახეთ“, - უთხრა ყუბანეიშვილმა გაზეთ „ბათუმელებს“ მარტში. „ბათუმელების“ მაშინ გამოქვეყნებულ სტატიაში საუბარია იმაზე, თუ როგორ გაიმარჯვა „TBC-TV“-იმ ტენდერების გარეშე (თუ ტენდერებით) და როგორ მიიღო გადაცემების - „დიდი ათეული“, „ცხოვრება მშვენიერია“ და „ავტო მოყვარულთათვის“ წარმოების დაკვეთა საზოგადოებრივი მაუწყებლიდან.

საზოგადოებრივმა მაუწყებელმა „TBC-TV“-ის „დიდ ათეულში“ 517 ათასი, „ცხოვრება მშვენიერიაში“ - 175 ათასი და „ავტო მოყვარულთათვის“ - 145 ათასი ლარი გადაუხადა.

„წითელი ზონის“ გადაცემას - „უმრავლესობის ვნებები“, წინ უსწრებდა სტუდია „რეპორტიორის“ ჟურნალისტური გამოძიება „მედიაკონტროლი ვარდისფრად“, რომელიც სხვა არხების ეთერში გავიდა და რომელშიც საუბარია საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორის, ლევან ყუბანეიშვილის მხრიდან ჟურნალისტებზე განხორციელებულ ზეწოლაზე.

ინტერვიუ ლევან ყუბანეიშვილთან

ლევან ყუბანეიშვილის ჩაწერა წუხელ, გვიან ღამით, „ბათუმელებმა“ კლუბ „ტარაბუაში“, შავი ზღვის ჯაზ-ფესტივალის ბოლო კონცერტზე მოახერხა, სადაც საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი ზაზა შენგელიასა და სხვა მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა. ლევან ყუბანეიშვილმა განაცხადა, რომ პირველი არხის გენერალური დირექტორის თანამდებობიდან გადადგომის მიზეზებზე საუბარი არ სურს. ამის მიუხედავად მან „ბათუმელების“ რამდენიმე შეკითხვას მაინც უპასუხა.

- ბატონო ლევან, რამდენად უკავშირდება თქვენი თანამდებობიდან წასვლა გადაცემას - „წითელი ზონა“?

- არ მესმის, რატომ გახდა ეს თემა ასე საინტერესო... ეს იყო ჩემი და რადიო „თავისუფლების“ ხელმძღვანელის ერთი მიმოწერა... მას თავისი პოზიცია ჰქონდა... ვუთხარი, რომ პრობლემა არ იყო. მგონია, გადაცემა ყოველგვარი შესწორების გარეშე გავიდა, ხომ ასეა? ეს დაახლოებით იმას ჰგავს, მე რომ დამაბრალეს, თითქოს ვიღაცას სიუჟეტი არ გავაშვებინე. მაშინაც არავინ თქვა, რომ ის სიუჟეტი ყოველგვარი შესწორების გარეშე გავიდა ეთერში.

- რომელ სიუჟეტზე საუბრობთ?

- აი ის, გაურკვეველი პიროვნება რომ არის, საგამოძიებო ჟურნალისტიკას რომ აკეთებს. რა გვარია?

- ვახტანგ კომახიძეს გულისხმობთ?

- კი. არავის უკითხავს ეს სიუჟეტი გავიდა თუ არა ეთერში. სიუჟეტი ისე გავიდა, ერთი მძიმეც არ იყო ამოღებული. არასერიოზულია ამ ადამიანების მხრიდან რაღაცის ატეხა. თქვენი რედაქტორი, ალბათ, გისწორებთ რაღაცას, არა? როგორც კომპანიის ხელმძღვანელს, მგონია შემეძლო, რაღაც მომეთხოვა. იმ სიუჟეტზეც ვთქვი, რომ ჩაწერეთ ეს ადამიანი და ისე გაუშვით ეს სიუჟეტი-მეთქი. გვახარიას გადაცემასთან დაკავშირებითაც არაფერი ყოფილა, უბრალოდ მითხრეს, რომ ჩვენი გადაცემიდან იყო კადრები არასასიამოვნო კონტექსტში. ამიტომაც მივწერე.

- კონკრეტულად რა მიწერეთ რადიო „თავისუფლების“ ხელმძღვანელს?

- ისეთი არაფერი მიმიწერია და რატომ ატეხეს აჟიოტაჟი, ჩემთვის გაუგებარია. ეს არ იყო იმ მასშტაბის გადაცემა, რომლის გამოც საზოგადოებრივი არხის გენერალურ დირექტორს რაიმე პრობლემა შეიძლება შექმნოდა.

- მასშტაბებში რას გულისხმობთ?

- იმას, რომ გადაცემის გამო გენერალური დირექტორი იმ შემთხვევაში გადადგება, თუ იგი განსაკუთრებული გადაცემაა. ეს ჩვეულებრივი, რიგითი გადაცემა იყო.

წყარო: ბათუმელები

ახალი ამბები