კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მაისაიას საქმით წამების საწინააღმდეგო მსოფლიო ორგანიზაცია დაინტერესდა

23 ივლისი, 2009

წამების საწინააღმდეგო მსოფლიო ორგანიზაცია (OMCT) „ადამიანის უფლებათა ცენტრის მიერ“ გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე ცნობილი ქართველი პოლიტოლოგისა და სამხედრო ექსპერტის, ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული ვახტანგ მაისაიას საქმეს ეხმაურება. OMCT შეშფოთებას გამოთქვამს მისი უფლებების შელახვის გამო და საქართველოს ხელისუფლებას, ქვეყანაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებსა და ადგილობრივ თუ საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებს მაისაიას უფლებების დაცვისაკენ მოუწოდებს.

გთავაზობთ წამების საწინააღმდეგო მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გავრცელებული მიმართვის ტექსტს

„საქართველო, საქმე 220709
პროცედურული ნორმების დარღვევა/საფრთხის შიში

OMCT-ის საერთაშორისო სამდივნო მოგიწოდებთ დაუყოვნებლივ მოახდინოთ რეაგირება საქართველოში არსებულ სიტუაციაზე

სიტუაციის მოკლე აღწერა

OMCT-ის საგანგებო ქსელის წევრმა, „ადამიანის უფლებათა ცენტრმა“ (HRIDC) OMCT-ის საერთაშორისო სამდივნოს აცნობა, რომ პოლიტოლოგსა და სამხედრო ექსპერტ ვახტანგ მაისაიას, რომელიც 2009 წლის 5 მაისს შპიონაჟის ბრალდებით დააკავეს, უარი ეთქვა კანონიერ უფლებების გამოყენებაზე. ის ამჟამად იმყოფება თბილისში გლდანის მე-8 საპყრობილეში. OMCT შიშობს, რომ მაისაია შეიძლება წამებისა და სხვა სასტიკი მოპყრობის მსხვერპლი გახდეს.

მიღებული ინფორმაციის მიხედვით, ვახტანგ მაისაიას, მართალია ჰქონდა უფლება საკუთარ ადვოკატ შეხვედროდა, თუმცა, მისი დაკითხვები ადვოკატის გარეშე, ღამით, არასამუშაო საათებში წარმოებდა. გარდა ამისა, მაისაიას ადვოკატს მხოლოდ ერთხელ მიეცა უფლება გასცნობოდა თავისი დაცვის ქვეშ მყოფის საქმის მასალებს 2009 წლის 17 მაისს; მას შემდეგ მისი უფლებები შეიზღუდა.

იმავე ინფორმაციის მიხედვით, კონტრდაზვერვის სამმართველოს შენობაში დაკითხვის დროს, ვახტანგ მაისაიაზე განხორციელდა ზეწოლა და მას ცემით დაემუქრნენ; შედეგად, მაისაიამ ხელი მოაწერა აღიარებით ჩვენებას და გამოძიებას ინფორმაცია ორ სხვა ადამიანზეც მიაწოდა. მოგვიანებით მაისაიას ასევე მუქარისა და ძალადობის ქვეშ მოუწია საკუთარი ჩვენების დადასტურება. ამის შემდეგ, მას სთხოვეს, ეთანამშრომლა კონტრდაზვერვის სამმართველოს თანამშრომლებთან; მას დაემუქრნენ, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, საპყრობილეში მძიმე პირობებში მოუწევდა ყოფნა. ჩვენი ინფორმაციით, მაისაიამ უარი განაცხადა მსგავს თანამშრომლობაზე.

OMCT შეშფოთებულია ვახტანგ მაისაიას უსაფრთხოების პრობლემით და მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, უზრუნველყოს მისი ფიზიკური და ფსიქოლოგიური ხელშეუხებლობა ადგილობრივი და საერთაშორისო კანონებისა და, განსაკუთრებით, ევროპის ადამიანის უფლებათა კონვენციის, გაეროს წამებისა და სხვა სასტიკი მოპყრობის, არაადამიანური და ღისების შემლახავი მოპყრობის წინააღმდეგ კონვენციისა და სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების საერთაშორისო შეთანხმების მიხედვით. 
 
OMCT შეშფოთებას გამოხატავს იმის გამოც, რომ ხელისუფლება პატივს არ სცემს საქართველოს მიერ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად აღიარებულ უფლებებს ვახტანგ მაისაიას საქმესთან დაკავშირებით.


OMCT გთხოვთ, მოუწოდოთ საქართველოს ხელისუფლებას, რომ:

• ნებისმიერ შემთხვევაში უზრუნველყოს ვახტანგ მაისაიას ფიზიკური და ფსიქოლოგიური უსაფრთხოება;

• უზრუნველყოს მაისაიას უპირობო ხელმისაწვდომობა ადვოკატთან და ოჯახის წევრებთან; ასევე დამოუკიდებელი ექიმების დახმარება და ადეკვატური სამედიცინო მომსახურება ინტერ ალია-ს მოთხოვნების,  წამების და არაადამიანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობის აღსაკვეთად ევროპის კომიტეტის მიერ შემუშავებული რეკომენდაციებისა და გაეროს პატიმრებთან მოპყრობის მინიმალური სტანდარტული წესების შესაბამისად;

• უზრუნველყონ, წამების ან სხვა სასტიკი მოპყრობის საშუალებით მოპოვებული არცერთი მტკიცებულება არ გამოიყენონ სასამართლოზე ვახტანგ მაისაიას წინააღმდეგ, როგორც ეს მოთხოვნილია წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან ღისების შემლახავი მოპყრობის წინააღმდეგ გაეროს კონვენციის მე-15 მუხლის შესაბამისად;

• დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ პატიმრობიდან საფუძვლიანი ბრალდებების არარსებობის შემთხვევაში, როგორც ამას საერთაშორისო სამართალი მოითხოვს; მაგრამ თუ არსებობს მსგავსი ბრალდებების საფუძველი, უზრუნველყონ მიუკერძოებელი, დამოუკიდებელი, კომპეტენტური და სამართლიანი სასამართლოს ჩატარება და დაიცვან მისი პროცედურული უფლებები ნებისნიერ დროს;

• ჩატარდეს ეფექტური, საფუძვლიანი, დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი გამოძიება მუქარისა და ზეწოლის ფაქტებზე; გამოძიების შედეგები კი გამოქვეყნდეს საჯაროდ იმისათვის, რომ დამნაშავეები წარდგნენ კომპეტენტური, დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს წინაშე და დაისაჯონ სისხლის სამართლის, სამოქალაქო ან ადმინისტრაციული კანონის შესაბამისად;

• უზრუნველყონ ადამიანის უფლებებისა და ძირეული უფლებების დაცვა მთელს ქვეყანაში ადგილობრივი კანონებისა და ადამიანის უფლებების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.

მიმართვის ადრესატები:

• საქართველოს პრეზიდენტი -  მიხეილ სააკაშვილი
• საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივანი -  ეკა ტყეშელაშვილი
• საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი - ივანე მერაბიშვილი
• საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებებისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავჯდომარე -  გიორგი არსენიშვილი
• საქართველოს იუსტიციის მინისტრი - ზურაბ ადეიშვილი
• საქართველოს სახალხო დამცველი - სოზარ სუბარი
• გაეროში საქართველოს ელჩი - გიორგი გორგილაძე
• ბრიუსელში საქართველოს დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელი - სალომე სამადაშვილი

გთხოვთ, ასევე მისწეროთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებს სხვადასხვა ქვეყნებში.

ჟენევა, 2009 წლის 22 ივლისი“

ახალი ამბები