კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ფრთხილად, ქართული მართლმსაჯულება გელით!

5 აგვისტო, 2009

ერთი სასამართლო დანაშაულის ისტორია

მაია გოგოლაძე

ეს ისტორია ასე დაიწყო: 2005 წლის 29 ოქტომბრის ღამეს საპატრულო პოლიციის ვაკე-საბურთალოს რაიონის მეორე ოცეულის პატრულ-ინსპექტორები: ნიკოლოზ ჯაყელი და გიორგი აზმაიფარაშვილი 26 მაისის სახელობის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე პატრულირებდნენ, ხოლო გიორგი მიქიაშვილი და მისი მეგობრები იქვე, დოლიძის ქუჩის დასაწყისში, მეგობრის სახლში მისსავე დაბადების დღეს აღნიშნავდნენ. გიორგი მიქიაშვილი წვეულებიდან ადრე გამოვიდა და მეგობრებს მანქანაში ელოდებოდა. დანარჩენები ნელ-ნელა იშლებოდნენ და სადარბაზოდან გამოდიოდნენ ზანტი მუსაიფით ან ხმამაღალი გადაძახილებით. ილია ჯამასპiშვილი წინ მოდიოდა, თან მობილურ ტელეფონზე საუბრობდა, უკან საკუთარი მეუღლე მოჰყვებოდა მეგობრის მეუღლესთან ერთად. გოგონები ხმამაღლა ლაპარაკობდნენ, იქნებ იცინოდნენ კიდეც, ცდილობდნენ, ჯამასპიშვილის ყურადღება მიეპყროთ, მისთვის რაღაც ეთქვათ. ამ დროს ისინი წესრიგის დამცველებმა შენიშნეს და ეჭვის თვალით შეხედეს. პატრულ-ინსპექტორებს მოეჩვენათ, რომ მათთვის უცნობ მოქალაქეს ხელში მოპარული თუ ნაყაჩაღევი ტელეფონი ეჭირა, უკან კი აღელვებული გოგონები მოსდევდნენ. პატრულის მიერ ქურდობასა თუ ყაჩაღობაში ეჭვმიტანილი მანქანასთან მივიდა. სწორედ ამ დროს შეაჩერეს იგი პატრულ-ინსპექტორებმა და წესრიგის დამცველთათვის არცთუ მთლად შესაფერისი ლექსიკით ჰკითხეს ტელეფონის წარმომავლობის და ჯამასპიშვილის თანმხლები, ინსპექტორთა ეჭვით კი, ჯამასპიშვილს დადევნებული ქალბატონების ვინაობის შესახებ. ჯამასპიშვილმა უპასუხა, რომ ტელეფონი მისია, ქალბატონი მისი მეუღლეაამ დროს ჯამასპიშვილს ძლიერი გულისრევის შეგრძნება დაეუფლა და მყისიერად დაეწყო პირღებინება. ამიტომ პატრულს გაერიდა, გოგონები კი წესრიგის დამცველებთან პირისპირ დარჩნენ. პატრულმა საქმის გარჩევა მათთან გააგრძელა. სწორედ, ამ დროს გადმოვიდა მანქანიდან გიორგი მიქიაშვილი, რადგან მეგობრის ცოლისა და პატრულ-ინსპექტორების საუბარი გაიგონა და არ მოეწონა ამ უკანასკნელთა უპატივცემულო ტონი და, ცოტა არ იყოს, უხამსი ლექსიკა. ასე წარმოიქმნა კონფლიქტი გიორგი მიქიაშვილსა და პატრულს შორის. პატრულ-ინსპექტორმა გიორგის ხელი ჰკრა, უხეშად და უდიერად უბრძანა გაცლა, გიორგის თქმით, შეაგინა კიდეც. ცხადია, გიორგი არ გაეცალა. ინსპექტორებმა რაციით დახმარება ითხოვეს. ადგილზე გაჩნდნენ პატრულის 207-ე და 217-ე ეკიპაჟები. შეხლა-შემოხლაში გიორგი მიქიაშვილი წაიქცა. პატრულ-ინსპექტორები წაქცეულს წიხლებით და ხელკეტებით სცემდნენ დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში, თავში გამეტებით ურტყამდნენ კონდახებს, შემდეგ ხელბორკილები დაადეს. მასთან ერთად დააკავეს მისი მეგობარი დავით ბარამიძე, რომელმაც ასევე სცადა ჯამასპარაშვილსა და პატრულს შორის შექმნილი სავალალო გაუგებრობის განმუხტვა მისთვის, წვეულებიდან გამოსული “ნაქეიფარი” სტუდენტისთვის, ხელმისაწვდომი გზით. ჩვენ მიერ მოძიებული ინფორმაციით, სწორედ ასე დაიწყო და განვითარდა ინციდენტი, რომელსაც შედეგად გიორგი მიქიაშვილისა და დავით ბარამიძის დაპატიმრება და წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაყვანა მოჰყვა. შინაგან საქმეთა მინისტრს კი რატომღაც აცნობეს, რომ აყვანილია “ლოტკინის ბანდა”. დაქანცული, თითქმის შინმისული მინისტრი იძულებული გახდა, ღამის 3 საათზე დაკავების ადგილზე გაჩენილიყო. ასეთი მნიშვნელოვანი ოპერაციის შედეგები თავად უნდა ეხილა. ადგილზე მისულმა კი, “ლოტკინის ბანდის” ნაცვლად იხილა პატრულის სამი ეკიპაჟი, ორი ნაცემი სტუდენტი და შინაგან საქმეთა სამინისტროს “უძინარი თვალი”, პრესსამსახურის უფროსი, გურამ დონაძე, თავისი კამერებით და გადამღები ჯგუფით, რომელსაც, ვინ იცის, მერამდენე ღამე არ ეძინა იმისთვის, რომ ფირზე აღებეჭდა მთელი საქართველოსთვის საჯაროდ საჩვენებლად, თუ როგორ ითრგუნება დანაშაული, როგორ იშთობიან დამნაშავეები, რა ძლიერია პატრული, რა ძლიერია სახელმწიფო, თუ რა მოელის ყოველ ჩვენგანს, ვინც გულში გაივლებს წინააღმდეგობის გაწევას...

მაშინ არავის უკითხავს არც პატრულ-ინსპექტორებისთვის, არც დონაძისთვის და, მით უმეტეს, შინაგან საქმეთა მინისტრისთვის, რა მოხდებოდა, პატრულს იმდენი პროფესიონალიზმი ჰქონოდა, რომ წვეულებიდან გამოსული ახალგაზრდა და მისი მეუღლე ლოტკინის ბანდის წევრისა და მისი მსხვერპლისაგან გაერჩია; რა მოხდებოდა, რამდენიმე წუთი მოეცადა, დაკვირვებოდა, მაშინ ხომ დაინახავდა, როგორ ჩასხდებოდნენ ერთ მანქანაში ტელეფონის მიტაცებაში ეჭვმიტანილი ჯამასპიშვილი და მის მსხვერპლად შერაცხული მისი მეუღლე და დარწმუნდებოდა, რომ არავინ გარბის და არავინ მისდევს, რომ ეჭვი უსაფუძვლო, დამნაშავე და დანაშაული კი _ გამოგონილია. რა მოხდებოდა, პატრულს საკმარისი პროფესიული ეთიკა გამოეჩინა (თუ ასეთი გააჩნდა), ბოდიში მოეხადათ ჯამასპიშვილისთვის მისი მეუღლის თანდასწრებით უსაფუძვლო, შეურაცხმყოფელი ეჭვის გამო და მშვიდობიანად გაცლოდნენ დოლიძის ქუჩას; რა მოხდებოდა, პატრულ-ინსპექტორებს საკმარისი პროფესიული წვრთნა და უნარი ჰქონოდათ იმისთვის, რომ ორი აღელვებული სტუდენტის დასაკავებლად მათი უმოწყალოდ ცემა, თან ორი დამხმარე ეკიპაჟის გამოძახება არ დასჭირვებოდათ? არის თუ არა თავად დანაშაული პოლიციელის არაპროფესიონალიზმი, რომელიც დანაშაულის პრევენციის ნაცვლად მის პროვოცირებას ახდენს? როგორ ემსახურება ეს წესრიგს, კანონიერებას, უსაფრთხოებას, კეთილდღეობას? ვინ უნდა აუხსნას პატრულს, რომ მას არა აქვს ყველაფრის, მით უმეტეს, მოქალაქეების უკანონოდ დაკავების, კონფლიქტის პროვოცირების უფლება?

* * *
საპატრულო პოლიციასთან შეკამათების წუთიდან გიორგი მიქიაშვილს თითქმის წელიწად-ნახევრის განმავლობაში სცემდნენ და აწამებდნენ სამართალდამცავი სისტემის ყველა ინსტანციაში: დაკავებისას _ პატრულ-ინსპექტორები, საგამოძიებო იზოლატორში _ ფორმიანი სამართალდამცავები, სასამართლო პროცესის წინ, თვით სასამართლოს შენობაში _ საბადრაგო სამსახურის თანამშრომლები, ადმინისტრაციის წარმომადგენლები და მედპერსონალი _ პატიმართა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულების ფსიქიატრიულ განყოფილებაში, სადაც იგი დაკავებისა და გამოძიების დროს მიღებული მძიმე ფიზიკური (ურტყამდნენ თავში, საგამოძიებო იზოლატორში თავზე ჭიქა დაამტვრიეს) და ფსიქოლოგიური ტრავმების შედეგად მოხვდა, სხვადასხვა საპატიმროებში _ საპატიმროს ადმინისტრაცია, თანამშრომლები, ამ უკანასკნელთა ირიბი წაქეზებით კი _ პატიმრები.

გიორგი მიქიაშვილის ცემისა და წამების ამ ფაქტებზე მეტყველებს ჩვენ მიერ მოძიებული არაერთი ოფიციალური დოკუმენტი: თბილისის N5 დროებით იზოლატორში 2005 წლის 29 ოქტომბერს შედგენილი გარეგნული დათვალიერების ოქმი; თბილისის N1 საპატიმროს მორიგი ექიმის მიერ 2008 წლის 30 ოქტომბერს შედგენილი სამედიცინო ცნობა; საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის 2006 წლის 1 თებერვლის დასკვნა; წამების, ძალადობისა და გამოხატული სტრესული ზემოქმედების მსხვერპლთა ფსიქო-რეაბილიტაციის ცენტრ “ემპათიის” 2005 წლის N4/11 დასკვნა, ცენტრ “ემპათიის” სხვა დასკვნები, სახალხო დამცველის რწმუნებულის, ექიმ ლ. ლაბაურის მიერ 2006 წლის 15 აგვისტოს პატიმართა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში შედგენილი დათვალიერების აქტი, დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის ცენტრ “ვექტორის” ექსპერტების მიერ ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნები. ყველა ეს დოკუმენტი სხვადასხვა ხარისხითა და ნიუანსებით ცხადყოფდნენ, რომ გიორგი მიქიაშვილს დაპატიმრების შემდეგ და სასჯელაღსრულების სისტემის დაწესებულებებში ყოფნის სხვადასხვა ეტაპზე სხეულზე აღენიშნებოდა ცემის, ძალადობის, წამების კვალი: დიდი ზომის ჰემატომები, ექსკორაციები, სისხლდენის კვალი, ქალა-ტვინის დახურული ტრავმა, რბილი ქსოვილების დაჟეჟილობები, ხერხემლის, გულ-მკერდისა და წელის მიდამოებში; ინტრაკრანიალური ჰიპერტენზიის ნიშნები... განსაკუთრებით შემზარავია ექიმ ლაბაურის 2006 წლის 15 აგვისტოს ჩანაწერი:

“გიორგი მიქიაშვილის თქმით, გუშინ, ღამის თორმეტსა და პირველ საათს შორის პერიოდში, ე.წ. “ქურდების ოთახის” წინ დაწესებულების დაახლოებით ექვსმა თუ შვიდმა წარმომადგენელმა, მათ შორის, დირექტორის მოადგილემ გოგა ბუთლიაშვილმა, იგი (გიორგი მიქიაშვილი _ მ.გ.) სასტიკად სცემეს... მას აყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას. შემდეგ დააგდეს ძირს და წიხლებით სცემეს სასტიკად. ასევე აგინებდნენ და აფურთხებდნენ. გონება არ დაუკარგავს, ცხვირიდან წასკდა სისხლი. სხეულის დათვალიერებით ავადმყოფს აღენიშნება სხვადასხვა დაზიანებები: წელის მიდამოში _ სისხლნაჟღენთი, დიაგონალური ექსკორაციებით. მარცხენა ბეჭის მიდამოში ასევე აღენიშნება სისხლნაჟღენთები და ექსკორაციები. შეხებით ძლიერ მტკივნეულია, მარცხენა თხემის და შუბლის ძვლის მარჯვენა მიდამოში, თავის თმოვან ნაწილში, აღინიშნება ტრავმის შედეგად განვითარებული ბორცვისებური წარმონაქმნები... ცემის შემდეგ მოათავსეს კარცერში, რომელშიც გაუსაძლისი პირობებია... ამჟამად ამბობს, რომ ძალიან შია. არ აძლევდნენ წყალს. არ აძლევდნენ საკვებს. არ უშვებდნენ ტუალეტში. იგი იწვა იატაკზე... ავადმყოფი ითხოვს დახმარებას, მის გადაყვანას სხვა რომელიმე დაწესებულებაში, ვინაიდან ეჭვი აქვს, რომ აქ მას მოკლავენ.”

ყველა ეს დოკუმენტი სხვადასხვა დროს წარდგენილ იქნა, როგორც გიორგი მიქიაშვილზე ძალადობის მტკიცებულება, სხვადასხვა ინსტანციის სასამართლოებში: ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში, ქ. თბილისის სააპელაციო სასამართლოში, საქართველოს უზენაეს სასამართლოში. არც ერთი ინსტანციის სასამართლომ არ იმსჯელა გიორგი მიქიაშვილის მიერ დაკავებისას და სასჯელაღსრულებით დაწესებულებებში მიღებული დაზიანებების შესახებ. ანუ, მარტივად რომ ვთქვათ, არც ერთი ინსტანციის სასამართლოს არ აინტერესებდა, ვინ, სად, როდის და რატომ სცემა და აწამა იგი.
თბილისის საქალაქო სასამართლომ 2005 წლის 31 ოქტომბერს ისე გამოუტანა გიორგი მიქიაშვილს განაჩენი _ წინასწარი სამთვიანი პატიმრობა, რომ არც დაინტერესებულა, რატომ და ვის მიერ იყო იგი ნაცემი, რისი კვალიც სახეზე ეტყობოდა. მოსამართლემ ვერ შენიშნა მის სახეზე ჰემატომები და სისხლჩაქცევები. იგივე განმეორდა 2006 წლის 22 ივნისის სასამართლო პროცესზეც. სასამართლომ ისე ცნო გიორგი მიქიაშვილი დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის მე-2 ნაწილით საპატრულო პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევისა და პატრულ-ინსპექტორებისთვის ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებისთვის, რომ ყურადღების საგნად არ მიიჩნია სასამართლო პროცესის წინ სასამართლოს შენობაში ბადრაგის მიერ უმოწყალოდ ნაცემი პატიმრის თუნდაც ვიზუალურად გამოხატული ფიზიკური მდგომარეობა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ დაარღვია ადამიანის უფლებათა დაცვის ევროკონვენციის მე-3 მუხლი, რადგან ყურადღების გარეშე  დატოვა მიქიაშვილზე ძალადობის ფაქტი. ევროკონვენციის მე-3 მუხლის თანახმად, არავინ შეიძლება გახდეს წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან სასჯელის მსხვერპლი. ეს მუხლი აკისრებს სახელმწიფოს, თავი შეიკავოს ამ აკრძალული ქმედებებისაგან და პასუხი აგოს ყველა ძალოვანი ორგანოს ქმედებაზე. გიორგი მიქიაშვილის საქმეში სახელმწიფომ პასუხი უნდა აგოს საპატრულო პოლიციის თანამშრომლების დანაშაულებრივი ქმედების გამო, რომლებმაც ისე აწამეს დაკავებული, რომ მას ფსიქიკა დაერღვა. სასამართლომ კი ამის გამო პასუხისმგებლობა არავის დააკისრა. ევროკონვენციის მესამე მუხლი დაარღვიეს შემდგომი ინსტანციის სასამართლოებმაც იმით, რომ თავად არ მოახდინეს რეაგირება მიქიაშვილის წამების არც ერთ მტკიცებულებაზე.

სასამართლომ ასევე დაარღვია ევროკონვერნციის მე-5 მუხლი, რადგან დააპატიმრა გიორგი მიქიაშვილი, როცა არ არსებობდა ამის საჭიროება. ევროკონვენციის სტანდარტებით დაპატიმრება უკიდურესი ღონისძიებაა და მისი გამოყენების სულ 4 საფუძველი არსებობს: ბრალდებულის მიმალვის საშიშროება; მისი ჩართვა მართლმსაჯულების განხორციელებაში; ახალი დანაშაულის ჩადენა; საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა. ბრალდებამ ვერ წარმოადგინა ვერც ერთი მტკიცებულება, რომ დაპატიმრების ამ ოთხი საფუძვლიდან რომელიმეს საშიშროება არსებობდა. სასამართლომ კი მაინც გამოუტანა მიქიაშვილს დაპატიმრების განაჩენი.

ხოლო საქართველოს პროკურატურამ ან შემთხვევაში დაარღვია სსსკ-ის მე-18 მუხლის პირველი და მეორე პუნქტები, რადგან არ დაადგინა, ვინ იძალადა გიორგი მიქიაშვილზე.
ალბათ, სრულიად ზედმეტია იმის ჩამოთვლა, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის რომელი მუხლის რომელი ნაწილი დაარღვია სასამართლომ განსასჯელზე ძალადობისა და წამების დამადასტურებელი დოკუმენტების უგულებელყოფით, ან სასამართლო პროცესზე ნაცემი პატიმრის წარდგომის იგნორირებით, ან იმით, რომ არ დასაჯა გამომძიებელი, რომელმაც თავად არ დანიშნა სავალდებულო ექსპერტიზა განსასჯელის ჯანმრთელობის მდგომარეობის დასადგენად, ხოლო ადვოკატ ზაზა ხატიაშვილის შუამდგომლობა ასეთი ექსპერტიზის დანიშვნის თაობაზე არ დააკმაყოფილა.

ეს მუხლები და პუნქტები ყველა მოსამართლემ იცის, თუმცა ცოტა მათგანი თუ იცავს. კიდევ უფრო ცოტა აგებს პასუხს მათი დარღვევისთვის. ამიტომ, უბრალოდ, განვაგრძობთ ერთი განსასჯელის, შემდეგ კი მსჯავრდებულის ისტორიის თხრობას...
ადვოკატმა ზაზა ხატიაშვილმა გამომძიებლის უარი სავალდებულო ექსპერტიზის დანიშვნაზე 2005 წლის 9 ნოემბერს სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. სასამართლო ვალდებული იყო საჩივარი 24 საათში განეხილა, მაგრამ  45 დღის დაგვიანებით განიხილა, მხოლოდ მას შემდეგ, რაც განსასჯელის დამ საქართველოს უმაღლეს იუსტიციის საბჭოს მიმართა მოსამართლის დასჯის მოთხოვნით. არც გამომძიებელი (გ. გედენიძე), რომელმაც უარი თქვა ექსპერტიზის დანიშვნაზე, არც მოსამართლე (ლ. მურუსიძე), რომელმაც სავალდებულო ვადაში არ განიხილა ადვოკატის საჩივარი, არავის დაუსჯია. გიორგი მიქიაშვილს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა 2006 წლის 1 თებერვალს ჩაუტარდა, თუმცა არც ამ ექსპერტიზის შედეგები გაუთვალისწინებია რომელიმე ინსტანციის სასამართლოს.

ადვოკატი შუამდგომლობებს, საჩივრებს, მოთხოვნებსა და განცხადებებს აგზავნიდა პროკურატურაში, იუსტიციის საბჭოში, იუსტიციის სამინისტროში, სხვადასხვა ინსტანციის სასამართლოებში... ითხოვდა დაპატიმრებული მიქიაშვილის უფლებების დაცვას, დასაბუთებულ სასამართლო განაჩენს, საქართველოს კანონმდებლობისა და ევროკონვენციის მუხლების დაცვას... გიორგი მიქიაშვილის და კი ვის აღარ მიმართავდა _ ევროპის საბჭოს წამების საწინააღმდეგო კომიტეტს, ამერიკის შეერთებული შტატების, გერმანიის, საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის საელჩოებს, გაერო-სა და ეუთო-ს მისიებს, ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს წარმმადგენლობებს, მათიას იორშს, მიხეილ სააკაშვილს, ითხოვდა მისი ძმისთვის შესაბამისი მკურნალობის ჩატარებას.

მიწერ-მოწერაში დრო გადიოდა, გიორგი მიქიაშვილის მდგომარეობა კი სულ უფრო მძიმდებოდა. არ წყდებოდა ძალადობა, ცემა. წამების, ძალადობისა და გამოხატული სტრესული ზემოქმედების მსხვერპლთა ფსიქორეაბილიტაციის ცენტრის ფსიქიატრებმა მას ასეთი დიაგნოზი დაუსვეს: მწვავე აფექტურ-ბოდვითი მდგომარეობა, ქალა-ტვინის დახრული ტრავმული დაზიანება, თავის ტვინის შერყევა. გიორგი მიქიაშვილი საპატიმროდან პატიმართა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს. იქიდან _ ისევ საპატიმროში. საპატიმროდან ისევ მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო დაწესებულების ფსიქიატრიულ განყოფილებაში, სადაც მას ისევე სცემდნენ, როგორც საპატიმროებში...

გამომძიებელი კი საქმეს აჭიანურებდა. პროკურატურა წინასწარი პატიმრობის ვადის 1 თვით გაგრძელებას ითხოვდა. მოსამართლე ვალდებული იყო, არ დაეკმაყოფილებინა პროკურატურის მოთხოვნა, რადგან გამოძიებას ბოლო ერთი თვის განმავლობაში არაფერი გამოუძიებია. მოსამართლე მიხეილ ბებიაშვილმა გიორგი მიქიაშვილს 2006 წლის 25 იანვარს წინასწარი პატიმრობის ვადა ერთი თვით მაინც გაუგრძელა. ადვოკატმა ისევ გაასაჩივრა მოსამართლის გადაწყვეტილება. სააპელაციო პალატამ ისევ არ დააკმაყოფილა საჩივარი, თუმცა გაიზიარა ის მოსაზრება, რომ გამოძიება ჭიანურდება, რომ ბოლო ერთი თვის განმავლობაში გამომძიებელს არაფერი გამოუძიებია და კერძო განჩინება გამოუტანა ამ უკანასკნელს ანუ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა დაეთანხმა ადვოკატ ზაზა ხატიაშვილს და კერძო განჩინება გამოუტანა გამომძიებელს საქმის გაჭიანურებისთვის, მაგრამ იმავდროულად არ დააკმაყოფილა მისი საჩივარი და ძალაში დატოვა სასამართლოს გადაწყვეტილება გიორგი მიქიაშვილისთვის წინასწარი პატიმრობის ერთი თვით გაგრძელების თაობაზე... დაეთანხმა, მაგრამ არ დაეთანხმა... ასეთი გადაწყვეტილება, გარდა იმისა, რომ გაუგებარი და აბსურდულია, კანონის უხეში დარღვევაც არის, კერძოდ: სსსკ-ის 163-ე და 140-ე მუხლებისა.

გიორგი მიქიაშვილის სასამართლო საქმის გახმაურებამ, ურიცხვმა მიმართვებმა საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ქართული საზოგადოებისადმი, სახალხო დამცველის საჯარო განცხადებებმა ერთი შედეგი მაინც გამოიღო: პროკურატურა იძულებული გახდა, დაეწყო გამოძიება გიორგი მიქიაშვილის წამების ფაქტზე, ანუ, პროკურატურის ენით რომ ვთქვათ, საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მიერ უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე.

ქალაქ თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში გამოიძიეს ზემოხსენებული საქმე. გამოძიების მასალებიდან დაახლოებით ასეთი სურათი იხატება: გიორგი მიქიაშვილი და დავით ბარამიძე თავს დაესხნენ პატრულ-ინსპექტორებს, როცა ეს უკანასკნელნი ილია ჯამასპიშვილს და მის მეუღლეს ესაუბრებოდნენ, ჯამასპიშვილის მობილური ტელეფონის წარმომავლობას არკვევდნენ. მიქიაშვილი და ბარამიძე პატრულს სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდნენ, ურტყამდნენ და აგინებდნენ, ერთ-ერთ მათგანს ფორმის პერანგი და სვიტერი შემოახიეს. პოლიციელები მათ სიმშვიდისა და არაკანონიერი ქმედების შეწყვეტისკენ მოუწოდებდნენ. ბარამიძე და მიქიაშვილი კი განაგრძობდნენ პოლიციელების შეურაცხყოფას. პატრული იძულებული გახდა დამხმარე ძალისთვის მოეხმო. მხოლოდ პატრულის ორი დამატებითი ეკიპაჟის მოსვლის შემდეგ გახდა შესაძლებელი მიქიაშვილისა და ბარამიძის დაკავება და დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაყვანა, სადაც ისინი აგრძელებდნენ პოლიციის მუშაკების შეურაცხყოფას. პოლიციის მუშაკები იზოლატორშიც ამშვიდებდნენ და უყვავებდნენ დაკავებულებს. მიუხედავად ამისა, გიორგი მიქიაშვილმა გამოძიების ჩატარების მიზნით მისულ გამომძიებელს, ავთანდილ  ცაგარელს, სახეში მუშტი ჩაარტყა და თვალი დაუზიანა. საპატრულო პოლიციის თანამშრომლების დახმარებით ცაგარელი დაუყოვნებლივ გაეცალა მიქიაშვილს, რადგან ეს უკანასკნელი განაგრძობდა პოლიციის თანამშრომლების მისამართით ძალადობას, რომლებიც მას მხოლოდ ამშვიდებდნენ და წესრიგისკენ მოუწოდებდნენ.

თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილს სხვა არაფერი დარჩენოდა, გარდა იმისა, რომ საქმეზე ჩატარებული "სრულყოფილი, ყოველმხრივი და ობიექტური" (პროკურორ ლაზაშვილის დადგენილებიდან) გამოძიების საფუძველზე დაედგინა: პოლიციის თანამშრომლები მოქმედებდნენ კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით; მიქიაშვილის ადვოკატის შუამდგომლობაში მითითებული გარემოებები კი, თითქოს ადგილი ჰქონდა პოლიციის თანამშრომლების მხრიდან ამ უკანასკნელის ცემას და მისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტს, არ დასტურდება.

ვერაფერს გააწყობ, როცა პროკურორი ჩვენებებით ადასტურებს, რომ დაკავებულებმა დროებითი მოთავსების იზოლატორში პოლიციელები და გამომძიებელი სცემეს... დაზარალებული სამართალდამცველები კი მათ ამშვიდებდნენ, შემდეგ კი გაეცალნენ.

ჩვენ გადავწყვიტეთ საკუთარი ძალებით მცირე გამოკითხვის ჩატარება. შემთხვევითი შერჩევის მეთოდით თბილისის სხვადასხვა რაიონში გამოვკითხეთ 70 რესპოდენტი. გამოკითხვა ანონიმური იყო. რესპოდენტი ასახელებდა მხოლოდ საკუთარი საქმიანობის სფეროს. გამოკითხულებში იყვნენ საჯარო სამსახურის მუშაკებიც, იურისტებიც, 2 უბნის ინსპექტორი, რამდენიმე პოლიციელი. რესპოდენტებს აღვუწერდით, რა თქმა უნდა, კონკრეტული საქმისა და კონკრეტული პირების დასახელების გარეშე, დროებითი დაკავების იზოლატორში დაკავებულების მიერ პოლიციელებისა და გამომძიებლის ცემის ლაზაშვილისეულ სურათს და ვეკითხებოდით, რამდენად შესაძლებლად მიაჩნიათ, რომ ასეთი რამ მომხდარიყო დროებითი დაკავების იზოლატორში. სამოცდაათიდან სამოცდაოთხმა რესპოდენტმა გვიპასუხა, რომ ასეთი რამ სრულიად შეუძლებელია; ორმა მხოლოდ გაიცინა; ოთხმა რესპოდენტმა გვიპასუხა, რომ ძნელი დასაჯერებელია. შემდეგი შეკითხვა კონკრეტულად მიქიაშვილის საქმეს ეხებოდა: გსმენიათ თუ არა გიორგი მიქიაშვილის სასამართლო საქმის შესახებ? სამოცდაათი გამოკითხულიდან ოცდაჩვიდმეტმა რესპოდენტმა დაახლოებით იცოდა საქმის არსი. ამ ოცდაჩვიდმეტიდან ოცდათხუთმეტმა დააფიქსირა პოლიციისა და სასამართლოსადმი უნდობლობა, ხოლო კითხვაზე, თუ რის შემდეგ გაუჩნდათ მათ ეს უნდობლობა, ოცდათხუთმეტივე რესპოდენტისგან თითქმის ერთი და იგივე პასუხი მივიღეთ: ძალადობისა და უსამართლობის არაერთი შემთხვევის ხილვის შემდეგ.

* * *
პროკურატურამ შეწყვიტა საპატრულო პოლიციის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილებების გადამეტების ფაქტზე აღძრული სისხლის სამართლის საქმე, რადგან ვერაფერი მართლსაწინააღმდეგო მათ მოქმედებაში ვერ აღმოაჩნია.
გიორგი მიქიაშვილის წამება თვეების განმავლობაში ისევ გრძელდებოდა. ჩვენ მიერ მოძიებულია გიორგი მიქიაშვილის მიმართ არაადეკვატური მკურნალობის და მისი გაუსაძლის პირობებში ყოფნის დამადასტურებელი არაერთი მტკიცებულება, მაგრამ ეს უკვე სხვა დანაშაულის ისტორიაა...

საერთაშორისო ორგანიზაციების ჩარევით, სახალხო დამცველის ძალისხმევით, გიორგი მიქიაშვილის ადვოკატისა და ოჯახის დაჟინებული მოთხოვნით სასამართლომ გიორგი მიქიაშვილს ფსიქიატრიული ექსპერტიზა დაუნიშნა. ექსპერტიზა 2006 წლის დეკემბრის პირველ რიცხვებში ჩატარდა. დასმული დიაგნოზის საფუძველზე იგი ქუტირის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში იქნა მოთავსებული სააპელაციო სასამართლოს დადგენილების საფუძველზე, თუმცა ფსიქიატრიული ექსპერტიზის მიერ დიაგნოზის დადგენის მომენტიდან თითქმის ორი თვე მაინც VI საპყრობილეში გაატარა, რომელსაც ექიმი ფსიქიატრი არ ემსახურება.

მას არც ფსიქიატრიულ საავადმყოფოში ივიწყებდნენ სამართალდამცავი ინსტანციები, დაჟინებით ითხოვდნენ ამა თუ იმ საბაბით სასამართლო პროცედურებისთვის მის თბილისში, ანუ ისევ საპყრობილეში დაბრუნებას და, რომ არა ქუტირის ფსიქიატრიული საავადმყოფოს ფსიქიატრების პრინციპულობა და ერთი მოსამართლის წესიერება, კვლავ ატარებდნენ საავადმყოფოდან ციხეში, ციხიდან უკვე გამწვავებული ფსიქიური მდგომარეობით და, რა თქმა უნდა, ნაცემს, ისევ უკან, საავადმყოფოში.

* * *
გიორგი მიქიაშვილის საქმე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გაასაჩივრა მისმა ადვოკატმა. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო კიდევ ერთხელ დაადგენს, ევროკონვენციის რომელი მუხლები დაარღვია ქართულმა სასამართლომ, ანუ ქართულმა სახელმწიფომ და შესაბამის განაჩენსაც გამოიტანს. საქართველოში კი ალბათ სერიოზულად უნდა დაფიქრდნენ ისინი, ვისაც ეს ევალება, იმის თაობაზე, რომ უკონტროლო ძალითა და უფლებებით აღჭურვილი, თუნდაც სახელმწიფოს სამსახურში მდგარი, ადამიანები შესაბამისი მორალური და ფსიქოლოგიური მომზადების გარეშე, საზოგადოებისა და სახელმწიფოს მხრიდან მკაცრი კონტროლის გარეშე, თავად ხდებიან უბოროტესი დანაშაულებების, ძალადობის, უკანონობის, უსამართლობის წყარო. ამის არაერთი ნიმუში ვიხილეთ ეგრეთწოდებული ვარდების რევოლუციის შემდგომ პერიოდში. გიორგი მიქიაშვილის საქმე სრულიად საკმარისია იმის დასანახად, თუ რა საზარელი დანაშაულებების ჩადენა შეიძლება სახელმწიფოს, კანონის, საზოგადოების უსაფრთხოებიასა და კეთილდღეობაზე ზრუნვის სახელით.


ჟურნალისტური გამოძიების ხელმძღვანელი ლია ტოკლიკიშვილი.

გამოძიება ჩატარდა პროექტის ფარგლებში: „სასამართლო სისტემის მონიტორინგი საქართველოში“ – „ადამიანის უფლებათა ცენტრისა“ და ჟურნალ „სიტყვის“ მიერ.
პროექტის მხარდამჭერი - „ევრაზიის პარტნიორობის ფონდი“.

ახალი ამბები