კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საქართველო აღდგენის გზაზე

7 აგვისტო, 2009

მიხეილ სააკაშვილი

თბილისი, საქართველო - 2008 წლის 7 აგვისტოს რუსეთის 58-ე არმიამ საქართველოს საყოველთაოდ აღიარებული საზღვრები გადმოლახა. ასე დაიწყო ის, რაც მტკიცებულებების დადასტურებით, დიდი ხნის წინ დაგეგმილ ოპერაციას წარმოადგენდა და რომლის მიზანიც ჩემი მთავრობის დამხობა და რეგიონში მოსკოვის გავლენის განმტკიცება იყო. მას შემდეგ ერთი წელი გავიდა და კრემლმა ის შედეგი ვერ მიიღო, რომელსაც ელოდა

ტრაგიკულია რომ  ჩვენი 410 თანამემამულე, მათ შორის ძირითადად მშვიდობიანი მოქალაქეები დაიღუპნენ, ხოლო 1700-ზე მეტი დაიჭრა. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ლტოვილთა უმაღლესი კომისრის მონაცემების თანახმად, თითქმის 130 000-ზე მეტი ადამიანი იძულებული იყო სახლებიდან გაქცეულიყო, მათ შორის ათობით-ათასი, სამხრეთ-ოსეთისა და აფხაზეთის ქართულ ტერიტორიებზე მდებარე სოფლებში, ეთნიკური წმენდის მსხვერპლი გახდა. ზარალმა მილიარდებს მიაღწია, ხოლო იმ საზავო შეთანხმების დარღვევით, რომელსაც  12 აგვისტოს რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა მოაწერა ხელი, დაახლოებით 10 000 რუსი სამხედრო დღესაც საქართველოს ორ რეგიონში რჩება.

რუსეთის პროვოკაციები არ შეწყვეტილა. რუსეთის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიებიდან სნაიპერის ტყვიით 12 ქართველი პოლიციელი იქნა მოკლული. ამ ბოლო დღეებში მოსკოვი პროვოკაციული ქმედებების და განცხადებების  მთელ სერიაშია ჩართული, რაც გასული წლის შემოჭრის პრელუდიის გამეორებაა. მოსკოვმა მსოფლიოს თვალწინ, გაერთიანებული ერების ორგანიზაციისა და ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის სამეთვალყურეო მისიებს ვეტო დაადო. საზავო შეთანხმების დარღვევით, რუსეთი ევროპის კავშირის მეთვალყურეებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ოპერირების ნებას არ აძლევს.

მიუხედავად ამისა და ზოგიერთი მოლოდინის საპირისპიროდ, საქართველო ნორმალურ მდგომარეობას დაუბრუნდა. ჩვენი დემოკრატიული ინსტიტუტები იზრდება, უცხოელი ინვესტორები ბრუნდებიან. მსოფლიომ უნდა აღიაროს, რომ გასულ აგვისტოს რუსეთის  ქმედებები არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთელს რეგიონს უქმნის საფრთხეს.

2003 წლის “ვარდების რევოლუცი”-ის შემდეგ, ჩვენ ბევრი ვიშრომეთ იმისთვის, რომ ღრმად კორუმპირებული, წარუმატებელი ქვეყანა დასავლეთის მოკავშირე, თანამედროვე და პასუხისმგებლობის მქონე სახელმწიფოდ გვექცია, ისეთ სახელმწიფოდ, რომელიც ევროპული სტანდარტებით იმართება, ლიბერალური დემოკრატიის, თავისუფალი ბაზრის პრინციპების და თავის მეზობლებთან მშვიდობიანი ურთიერთობების ერთგულია. კომუნიზმის დაცემიდან 20 წლის შემდეგ, ასეთი მიზნების დასახვა ჩვეული რამ უნდა ყოფილიყო. რუსეთი უნდა მისალმებოდა წარმატებული, სტაბილური მეზობლის არსებობას, მაგრამ მოსკოვი ჩვენს მისწრაფებებში საფრთხეს ხედავს.

ომის შემდეგ ჩვენ არჩევანის პირისპირ დავდექით. ბევრი ქვეყანა, რომელიც საშინელ საფრთხეს უპირისპირდება, საკუთარ თავში იკეტება. ჩვენ კი იმ ღირებულებებისადმი, რომელსაც დასავლეთთან ერთად ვიზიარებთ, ერთგულების განმტკიცება გადავწყვიტეთ, ისეთი ღირებულებებისა, როგორიცაა პერსონალური და ეკონომიკური თავისუფლება. ჩვენ ყველაზე მეტად ეს ღირებულებები დაგვიცავს და ჩვენს ხალხს აღმშენებლობისკენ სწრაფვას შთააგონებს, მიუხედავად იმისა რომ რუსეთის არტილერიის დამიზნების რადიუსში ვიმყოფებით.

მე კიდევ უფრო ღრმა დემოკრატიული რეფორმების ჩატარების ვალდებულება ავიღე. როდესაც აპრილში შიდა პოლიტიკური პროტესტი ამოტივტივდა, ჩემმა მთავრობამ ღიაობისა და თავშეკავების პოლიტიკას მისდია. ჩვენ დემონსტრანტებს სამი თვით თბილისის მთავარი პროსპექტის უკანონოდ გადაკეტვის ნება დავრთეთ, ხოლო შემდეგ კი ოპოზიციის ლიდერები  მოვიწვიეთ, რათა დაგვეწყო დიალოგი ჩვენი კონსტიტუციის, საარჩევნო პროცესის, მედიისა და  სასამართლოს რეფორმაზე.

გასულ თვეს მე მოკლე ვადებში სპეციფიკური რეფორმები დავიწყე, მათ შორისაა: მომავალი წლის მაისში მერების პირდაპირი არჩევნები; ახალი საარჩევნო კოდექსის შემუშავება; კონსენსუსის საფუძველზე ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის დანიშვნა; ნაკლები ძალაუფლება პრეზიდენტს და მეტი პარლამენტს; მოსამართლეებზე გავლენის მოხდენის მცდელობისათვის ოფიციალური პირებისთვის უფრო მკაცრი სანქციების დაწესება და საზოგადოებრივი მაუწყებლის საბჭოს  მთავრობისა და ოპოზიციური პარტიების თანაბარი წარმომადგენლობით დაკომპლექტება.

ჩვენ მადლიერები ვართ მომხდარზე საერთაშორისო საზოგადოების პასუხის გამო. $4.5 მილიარდზე მეტი დახმარების სახით აღგვითქვეს, რათა აღვადგინოთ ომით მოყენებული ზარალი და ვიზრუნოთ იძულებით გადაადგილებულ ქართველებზე. ჩვენს ქვეყანაში ისევ შემოედინება უცხოური ინვესტიციები. საერთაშორისო საზოგადოებამ დაგმო რუსეთის მიერ საზავო შეთანხმების დარღვევები.  გასულ თვეს მოსკოვში, პრეზიდენტმა ობამამ მტკიცედ დაიცვა ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა და ნატო-სკენ მისწრაფება.

საქართველო ისეთი სიტუაციის პირისპირ აღმოჩნდა, რომელიც ახალია და იმავდროულად ძველი. როგორც გერმანელებს ჰყოფდა კედელი,  ჩვენც ასევე გვაშორებს ეკლიანი მავთული ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიებისგან. ამ ტერიტორიებზე, არ უშვებენ მეთვალყურეებს, მედიას ახშობენ, ხოლო საქართველოს მოქალაქეებს უკრძალავენ თავიანთ სახლებში დაბრუნებას  - რუსეთი კი ამ დროს იქ სამხედრო ბაზებს აშენებს.

მოვლენების ასეთმა განვითარებამ შეიძლება შეარყიოს ყველა თავისუფალი ერის რწმენა იმაში,  რომ საყოველთაოდ აღიარებული საზღვრების შეცვლა ძალისმიერი გზით არ შეიძლება. თუ ჩვენ წინ არ აღვუდექით საზღვარებს შორის აგრესიის, “გაყინული კონფლიქტების” შექმნის,  სუვერენული ქვეყნების დესტაბილიზაციის, ეთნიკური წმენდის ლეგალიზაციის, პოლიტიკური მოგების მიზნით ენერგეტიკული მომარაგების შეწყვეტის ტაქტიკას, ვერც ერთი ჩვენგანი ვერ შეინარჩუნებს ხანგრძლივ სტაბილურობას.

სწორედ ამიტომ, ჩვენი პასუხები ძალიან ჰგავს იმ ნაბიჯებს, რომლებმაც “ცივი ომის” მშვიდობიანად დასრულებას შეუწყო ხელი.

ჩვენ, დაჟინებით მოვუწოდეთ სხვა ქვეყნებს, მხარი  დაეჭირათ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის და  არ ეღიარებინათ ოკუპირებული ტერიტორიები. ჩვენ მადლიერები ვართ იმისთვის, რომ ქვეყნების უმეტესობამ მიიღო ეს მიდგომა. ჩვენ არ ვესწრაფვით ამ ტერიტორიების ძალით დაბრუნებას, მაგრამ მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი არასდროს დავივიწყოთ იძულებით გადაადგილებული ადამიანების უფლებები და უკეთესი მომავლისთვის ჩვენ გავაგრძელებთ ღია დემოკრატიისა და ეკონომიკის მშენებლობას. გასულ თვეს ვიცე-პრეზიდენტმა ბაიდენმა, თბილისში განაცხადა, რომ - “მსოფლიოს ყველა პროგრესული ქვეყანა დაინტერესებულია თქვენს წარმატებაში, განსაკუთრებით კი ამ რეგიონის ქვეყნები.”

20 წლის წინ თავისუფალი, წარმატებული დასავლეთის ხიბლმა დაანგრია ბერლინის კედელი. ჩვენ გვჯერა, რომ თავისუფალი და წარმატებული საქართველო საბოლოოდ აღადგენს თავის  სუვერენიტეტს და   უკან მოიტოვებს რუსეთის შემოჭრით გამოწვეულ ზარალს. ჩვენი ამერიკელი და ევროპელი მეგობრების დახმარებით, იმ მეგობრების დახმარებით ვის მიმართაც ღრმა მადლიერებით ვართ განმსჭვალულნი, საქართველო განაგრძობს აღმასვლას და რეგიონში სამაგალითო ქვეყნად იქცევა.

წყარო: http://foreignpress.ge/

ორიგინალი

ახალი ამბები