კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

დასავლეთის მორალური მარცხი საქართველოსთან დაკავშირებით

7 აგვისტო, 2009

აფხაზეთისა და სამხრეთ-ოსეთის  თავისუფალ ერებს,   იზოლაციაში მოქცეულსა და დაშინებულს,  საქართველო დასავლეთის თანამონაწილეობით ემუქრება

სერგეი ბაღაფში და ედუარდ კოკოითი

ერთი წლის წინ საქართველოს ლიდერებმა სამხრეთ-ოსეთის მშვიდობიან მოსახლეობაზე სამხედრო თავდასხმის ბრძანება გასცეს. მიღებული თვალსაზრისის თანახმად, ეს ქმედება სამხედრო დანაშაულს წარმოადგენდა და მომდევნო კონფლიქტმა აფხაზეთისა და სამხრეთ-ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებამდე მიგვიყვანა. ჩვენ ამ რესპუბლიკების არჩეული ლიდერები ვართ.

საქართველოს თავდასხმის წუთიდანვე, დასავლეთში პოლიტიკოსებმა, ინტელექტუალებმა და მედიამ  მორალური პასუხისმგებლობა მოიხსნეს - მათ ვერ შესძლეს იმასთან დაპირისპირება, რაც საქართველომ  ჩაიდინა. ამ მორალურ მარცხს ჩვენთვის ძალიან ღრმა შედეგები ჰქონდა, რადგან დასავლელ მთავრობებს აქ ახლად შექმნილი საზღვრებისადმი რეალისტური დამოკიდებულების ჩამოყალიბებაში ხელი შეუშალა.

აფხაზეთი და სამხრეთ-ოსეთი თავისუფალი და დამოუკიდებელი სახელმწიფოებია - ეს მიზანი ასულდგმულებდა ჩვენს ხალხს საუკუნეების განმავლობაში. ჩვენ აღარასდროს ვიქნებით საქართველოს ნაწილი. ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში, ჩვენ ბევრი ვიმუშავეთ იმისთვის, რომ ჩვენთვის ადგილი მოგვემზადებინა სახელმწიფოთა თანამეგობრობაში - მხარს ვუჭერდით სამოქალაქო საზოგადოების განვითარებას, ვახალისებდით თავისუფალ პრესას, ვატარებდით კონკურენტულ არჩევნებს, რომელთა მეშვეობითაც ჩვენი ხალხი საკუთარ ლიდერებს ირჩევდა. საქართველოზე იგივეს ვერ ვიტყვით, რადგან იქ ბოლო ორი ლიდერი ხელისუფლებაში რევოლუციის გზით მოვიდა.

ჩვენ გვინდა ჩვენი შვილები გავზარდოთ და ყოველდღე არ ვწუხდეთ უპასუხისმგებლო ლიდერზე, რომელიც აშშ-ს არსენალს ფლობს. იმის ნაცვლად, რომ გასულ აგვისტოს აშშ-ს მიერ გაწვრთნილი და აღჭურვილი ქართული ჯარის მიერ ჩადენილ სისასტიკეზე სიმართლე ეთქვა და პასუხი მოეთხოვა, დასავლეთი ჩვენს მეზობელს ხელახლა აიარაღებს და მილიონობით დოლარს ხარჯავს იმავე წინდაუხედავი ლიდერის დასახმარებლად.

მას შემდეგ, რაც დამოუკიდებელმა დამკვირვებლებმა, ჟურნალისტებმა და უფლებადაცვითმა ჯგუფებმა დაადასტურეს საქართველოს ქმედებები, აშშ-სა და დასავლეთის ზოგიერთი ლიდერი, ყოველგვარი მიზეზის გარეშე და უსამართლოდ აცხადებს, რომ არა აქვს მნიშვნელობა იმას, თუ ვინ დაიწყო აგვისტოს ომი. მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ჩადენილი სამხედრო ქმედებები არასდროს არის უმნიშვნელო.

გრძელვადიან პერსპექტივაში აფხაზეთი და სამხრეთ-ოსეთი თავის მიზნებს, პოლიტიკურ და ეკონომიკურ თავისუფლებას მიაღწევენ, რადგან ეს მთელი მსოფლიოს ხალხებისთვის უნივერსალური მიზნებია, მაგრამ მოკლევადიან პერსპექტივაში იმის გამო, რომ დასავლეთი ეთანხმება საქართველოს მიერ ჩვენს წინააღმდეგ განხორციელებული იზოლაციისა და დაშინების პოლიტიკას, პროგრესს ხელი ეშლება.

აშშ-ს ლიდერები აცხადებენ, რომ საქართველოსთვის უპირობო სამხედრო და ფინანსური დახმარება  რეგიონში მშვიდობისა და დემოკრატიის დამყარების ყველაზე სარწმუნო გზაა, მაგრამ თვით აშშ-ც კი აღიარებს, რომ პრეზიდენტმა სააკაშვილმა ვერ შესძლო  დემოკრატიის განმტკიცება - ის მედიაში კრიტიკოსებს ახშობს   და ანადგურებს სხვაგვარად მოაზროვნეებს.

ფაქტობრივად დასავლეთი საქართველოს საბჭოთა რესპუბლიკის საზღვრებს იცავს და არა ისტორიული საქართველოსი და  მის მახინჯ ნაციონალიზმსა და ტერორიალიზმს მიესალმება. ჩვენი ხალხის ნების საწინააღმდეგოდ, სწორედ სტალინმა აიძულა სამხრეთ-ოსეთი და აფხაზეთი  1931 წელს, საბჭოთა მმართველობის დროს საქართველოს შემადგენლობაში შესულიყვნენ.

ჩვენ გვჯერა, რომ ჩვენს დემოკრატიებს ბევრი რამის გაკეთება შეუძლიათ რეგიონში სტაბილურობის, მშვიდობისა და დემოკრატიის დასამყარებლად, მაგრამ დასავლეთი იმაზეც კი ამბობს უარს, რომ რაიმე შეიტყოს ჩვენი სახელმწიფოებრივი აღმშენებლობის  შესახებ. ჩვენს მოქალაქეებს, მათ შორის სტუდენტებსა და მძიმედ ავადმყოფ ბავშვებსაც კი აშშ-სა და გერმანიაში, სხვა ქვეყნებშიც  გასამგზავრებლად ვიზებზე უარს ეუბნებიან. გასულ წელს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა, საქართველოს ზეწოლით,  ვაშინგტონში ვიზიტად მყოფი ექვსი ოსი უფლებადამცველი აქტივისტის მიღებაზე უარი განაცხადა. რატომ შეეშინდათ მათი მოსმენის?

წინააღმდეგობის ნაწილი იმ დასავლელი ლიდერების მხრიდან მოდის, რომლებიც ისე არიან გაჟღენთილები  „ცივი ომის“ მენტალიტეტით, რომ ჩვენს ქვეყნებს რუსეთს, აშშ-ს და ევროპას შორის მიმდინარე გეოპოლიტიკურ ბრძოლაში მხოლოდ პაიკებად აღიქვამენ. ეს კი ჩვენს რესპუბლიკებს, აფხაზეთსა და სამხრეთ-ოსეთს, სავალალო მდგომარეობაში აგდებს, ისეთში როგორზეც  აფრიკულ ანდაზაშია ლაპარაკი - როდესაც სპილოები ცეკვავენ, ბალახი ითელება.

ჩვენ ასეთ ბედისწერასთან შეგუება არ გვინდა. ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას იმისთვის, რომ მსოფლიომ სიმართლე გაიგოს და მის შედეგებს შეეგუოს.

სიმართლე კი ასეთია - 2008 წლის 7 აგვისტოს, საქართველოს ირაციონალურმა ლიდერმა, ზუსტად მას შემდეგ რაც საჯაროდ დაარწმუნა სამხრეთ-ოსეთის მოსახლეობა, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ბრძანება გასცა, აშშ-ს სამხედრო მხარდაჭერა გამოიყენა და სამხრეთ-ოსეთზე სასტიკი თავდასხმა განახორციელა. სიმართლე ისაა, რომ შუა ღამით ნასროლმა გრადის რაკეტებმა და კასეტურმა ბომბებმა  ქალები, ბავშვები და მოხუცები დახოცა და მხოლოდ რუსეთის ჩარევამ აღკვეთა კიდევ უფრო დიდი სისასტიკე.

საქართველოს მეტი იარაღი აღარ სჭირდება. მას მეტი ტოლერანტობა და პოლიტიკური თავისუფლება ესაჭიროება. თუ ობამას ადმინისტრაციას ჩვენს რეგიონში ჭეშმარიტად სურს მშვიდობის, დემოკრატიისა და სტაბილურობის ფასეულობების გავრცელება, მან დაჟინებით უნდა მოითხოვოს, რომ საქართველომ ჩვენი ქვეყნების წინააღმდეგ ძალის გამოუყენებლობის პაქტს მოაწეროს ხელი.

აშშ-ს ლიდერები მშვიდობაზე ლაპარაკობენ, მაგრამ მათი ქმედებები სხვა რამეზე მეტყველებს. გასულ თვეს თბილისში ვიზიტის დროს, აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა შემდეგი კომენტარი გააკეთა - „ეს სამწუხარო სინამდვილეა, მაგრამ ეს სიმართლეა“ - განაცხადა მან - „არ არსებობს (აფხაზეთისა და სამხრეთ-ოსეთის) რეინტეგრაციის სამხედრო ვარიანტი“.

რატომ უნდა იყოს „სამწუხარო“ ის, რომ საქართველომ არ უნდა გამოიყენოს სამხედრო ძალა ჩვენს ხალხზე თავდასასხმელად?

დაბოლოს ჩვენ შემდეგ კითხვას დავსვამთ: განა საქართველოში მშვიდობა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე სამხრეთ-ოსეთსა ან აფხაზეთში? განა ქართველი ბავშვი უფრო ძვირფასია, ვიდრე აფხაზი ან ოსი ბავშვი?

ჩვენ აფხაზეთიდან და სამხრეთ-ოსეთიდან მოვუწოდებთ საქართველოსა და მის დასავლელ მხარდამჭერებს - შემოგვიერთდით ისეთი მომავლის მშენებლობაში, რომელიც საერთო ღირებულებებსა და მშვიდობის სურვილს დაეფუძნება.

ჩამოდით სოხუმსა და ცხინვალში, მოგვინახულეთ. დაელაპარაკეთ მათ, ვისაც ომით დანგრეული სოფლების აშენება სურს, შეხვდით სტუდენტებს, რომლებიც გერმანიაში მშვიდობის ბანაკში ვერ ჩავიდნენ, რადგან მათ ვიზებზე  უთხრეს უარი, ესტუმრეთ მეწარმეებს, რომლებიც საქართველოს ბლოკადის მიუხედავად, ცდილობენ გლობალური ბაზრის ნაწილს მაინც მოეჭიდონ. ჩვენ თქვენს დაკვირვებულ მზერასა და რჩევას მივესალმებით. ჩვენ სიმართლის არ გვეშინია.

წყარო: foreignpress.ge/

ორიგინალი

ახალი ამბები