კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ჟურნალისტს გაუპატიურებით ემუქრებიან

11 აგვისტო, 2009

გელა მთივლიშვილი, კახეთი

ინტერნეტ-გაზეთ „ქიზიყის” რედაქტორი ილია მარტყოფლიშვილი შს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის კახეთის სამმართველოს თანამშრომელ სოსო ბენაშვილს, გაზეთის ჟურნალისტის თამილა გურაშვილის დაშინებაში ადანაშაულებს. მარტყოფლიშვილის თქმით, კუდ-ის თანამშრომელი თამილა გურაშვილს საცხოვრებელ სახლში უკვე რამდენჯერმე მიუვარდა და დაემუქრა, რომ თუ ადგილობრივი ხელისუფლების კრიტიკას არ შეწყვეტს, მცირეწლოვან ბავშვთან დაკავშირებით პრობლემები შეექმნება.

მარტყოფლიშვილი ამბობს, რომ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის სოციალური სამსახურის უფროსი ლევან ჯამალაშვილი და კუდ-ის თანამშრომელი სოსო ბენაშვილი მას გაუპატიურებით ემუქრებიან.

„კუდ-ის თანამშრომელი სოსო ბენაშვილი ჩვენს კორესპონდენტს თამილა გურაშვილს, სახლში, პირველად, ცოტა ხნის წინ მიუვარდა. თამილა მცირეწლოვან ბავშვთან ერთად ცხოვრობს. ბენაშვილი მას დაემუქრა და გააფრთხილა, რომ დედოფლისწყაროს ხელისუფლების კრიტიკა შევწყვიტოთ თან თამილას „ურჩია” ბავშვს გაუფრთხილდიო. რამდენიმე დღის წინ, თელავში „ახალი მემარჯვენეების” ლიდერები რეგიონული მედიის ჟურნალისტებს შეგვხვდნენ. თელავიდან დედოფლისწყაროში დავბრუნდით თუ არა, სოსო ბენაშვილი გურაშვილს სახლში ისევ მიუვარდა და დაკითხვა დაუწყო, აიტერესებდა რისთვის ვიყავით თელავში, რა ვილაპარაკეთ და ა. შ.

- ე. ი. კუდ-ის თანამშრომელი თქვენგან ძირითადად ითხოვს, რომ ადგილობრივ ხელისუფლებაზე კრიტიკული მასალები არ გამოაქვეყნოთ?

- გაგვაფრთხილა, რომ გამგებელთან და მის საქმიანობასთან დაკავშირებით კრიტიკული ინფორმაცია არ უნდა გავუშვათ.

- რატომ? ვინეკითხება კუდ-ის თანამშრომელს ადგილობრივ ხელისუფლებაზე რას დაწერთ?

- სოსო ბენაშვილი „ნაციონალური მოძრაობის” დედოფლისწყაროს რაიონული ორგანიზაციის ყოფილი ხელმძღვანელია. მისი ბავშვის ნათლიაა დედოფლისწყაროს ამჟამინდელი გამგებელი ლევან ბაღაშვილი.

- რა მასალები გამოაქვეყნეთ, რამაც ადგილობრივი ხელისუფლების გაღიზიანება გამოიწვია?

- ყველაფერს, რაც ხდება, ყოველთვის ვაშუქებთ, დადებითსაც და უარყოფითსაც. ინტერნეტ გაზეთი ბლოგის სახით არსებობს, მაგრამ ერთადერთი ადგილობრივი საშუალებაა, სადაც დედოფლისწყაროს თაობაზე კრიტიკული მასალები ქვეყნდება. რაიონში ბეჭდური გაზეთიც გამოდის, რომელიც მუნიციპალური ბიუჯეტიდან ფინანსდება და ადგილობრივი ხელისუფლების პიარს ემსახურება. როგორ ჩანს, თანამდებობის პირები განსაკუთრებით მას შემდეგ გაღიზიანდნენ, რაც გავაშუქეთ არასამთავრობო ორგანიზაციის დასკვნა, რაიონის გამგებლის მიერ ქალაქის პირველი საჯარო სკოლის დირექტორის დევნასთან დაკავშირებით. დასკვნაში ნათქვამი იყო, რომ გამგებელი სკოლის დირექტორს დირექტორის თანამდებობის დასაკავებლად გამართულ კონკურსში გამარჯვების გამო დევნიდა. საქმე ისაა, რომ მოქმედმა დირექტორმა კონკურსში გამგებლის დედა დაამარცხა. გარდა ამისა, სკოლებში სამეურვეო საბჭოს არჩევნების დროს მთელი გამგეობა ამ სკოლაში იყო მობილიზებული, კომისიის წევრის, დამკვირვებლის თუ სხვა სტატუსით, რაზედაც ასევე დავწერეთ.

ასევე გვთხოვდნენ, რომ არ გამოგვექვეყნებინა ინფორმაცია კლანური მმართველობის თაობაზე, მაგრამ მაინც დავწერეთ, რომ მაღალანაზღაურებად სამსახურებში საკრებულოს თავმჯდომარის ოჯახის წევრები და ნათესავები დაინიშნენ. არ უნდათ და არ აწყობთ, ამ ინფორმაციის გამომზეურება. მათ რაიონი იმდენად არ ადარდებთ, უნდათ, რომ ინფორმაციამ რაიონს გარეთ არ გაჟონოს. ამიტომაც, ცდილობენ ჩვენს გაჩუმებას. ბენაშვილმა თამილა გურაშვილს ჩემზე უკვე რამდენჯერმე მიაძახა, ერთხელაც იქნება და გავაუპატიურებო”.

ილია მარტყოფლიშვილის თქმით, ცოტა ხნის წინ, მას გაუპატიურებით დედოფლისწყაროს გამგეობის სოციალური სამსახურის უფროსი ლევან ჯამალაშვილიც დაემუქრა. „შეურაცხყმყოფელი სიტყვებით მომიხსენიებს. შემომითვალა, რომ თუ არ გავჩერდები, ხელში ჩამიგდებს და გამაუპატიურებს”, - ამბობს მარტყოფლიშვილი.

თამილა გურაშვილმა მუქარებთან დაკავშირებით საუბარი არ ისურვა. „ამჟამად ამ საკითხზე საუბარი არ შემიძლია. თუ საჭიროდ ჩავთვლი, მე თვითონ დაგიკავშირდებით“, - განაცხადა გურაშვილმა.

საყურადღებოა, რომ თამილა გურაშვილის მობილურ ტელეფონში დაფიქსირებულია კუდ-ის თანამშრომლის ბენაშვილის პირადი ტელეფონიდან შემოსული ზარი.

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის სოციალური სამსახურის უფროსი ლევან ჯამალაშვილი და კუდ-ის თანამშრომელი სოსო ბენაშვილიც ჟურნალისტის ბრალდებებს უარყოფენ. მათი თქმით, ჟურნალისტებს არ დამუქრებიან.

„ცრუობს ეგ ბიჭი, ნორმალურადაც კი არ ვიცნობ, ვინ არის. არავის არ დავმუქრებივარ. რაც შეეხება ჩემს ნომერს, ეტყობა თამილამ თვითონ დამირეკა”, - გვითხრა ბენაშვილმა.

„მე მარტყოფლიშვილს საერთოდ არ ველაპარაკები, ხმას არ ვცემ და როგორ დავემუქრებოდი”, - განაცხადა გამგეობის სოციალური სამსახურის უფროსმა.

ჟურნალისტების მიმართ მუქარის ფაქტებზე, შესაძლოა, კახეთის საოლქო პროკურატურამ გამოძიება დაიწყოს. მოკვლევის დაწყების მოთხოვნით პროკურატურას არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა ცენტრმა” მიმართა. როგორც უფლებადაცვით ორგანიზაციაში განმარტეს, ჟურნალისტების მონათხრობიდან ჩანს, რომ ჩინოვნიკების ქმედებები სისხლის სამართლის დანაშულის ნიშნებს შეიცავს. „ადამიანის უფლებათა ცენტრს” საქმის ობიექტურად გამოძიების იმედი არ აქვს, თუმცა მიაჩნიათ, რომ მომხდარზე გამოძიება მაინც უნდა დაიწყოს და ყველაფერი გაკეთდეს იმისათვის, რომ მუქარის ავტორები დაისაჯონ.

ახალი ამბები