კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

განუკითხაობა ლაგოდეხის საბაჟოზე

13 აგვისტო, 2009

გელა მთივლიშვილი, კახეთი

2009 წლის 18 ივნისიდან ფიზიკური პირებისათვის საბაჟო კონტროლი გამკაცრდა. ახალი წესების მიხედვით, რომელიც უკვე ამოქმედდა, ყველაფერი, პირადი მოხმარების საგნების ჩათვლით, განბაჟებას ექვემდებარება. შეიცვალა ფინანსთა სამინისტროს მიერ შემუშავებული დაბეგვრის რეჟიმი. თუ აქამდე ფიზიკური პირები მეზობელი ქვეყნებიდან პირადი მოხმარების ნივთების შემოტანისას 1000 ლარიანი ლიმიტით სარგებლობდნენ, ახალი რეჟიმით ეს ლიმიტი 500 ლარამდე შემცირდა. მებაჟეები ჩანთებში არსებულ ყველა ნივთს ფიზიკურად ათვალიერებენ და თუ დეკლარაციაში ერთი ნივთის შეტანა მაინც გამოგრჩათ, მინიმუმ 1000 ლარით გაჯარიმებენ.

ცვლილების შედეგად განსაკუთრებით ის ფიზიკური პირები დაზარალდნენ, რომლებიც საქართველოდან აზერბაიჯანში თვეში რამდენჯერმე გადადიან. მადონა ნაცვლიშვილი ერთ-ერთი მათგანია. აზერბაიჯანში ტანსაცმლის შესაძენად ის ბოლოს ორი კვირის წინ იყო წასული.

„აზერბაიჯანიდან შემოსვლის დროს ლაგოდეხის საბაჟოზე პრობლემები შეგვიქმნეს. სამგზავრო ავტობუსიდან ყველა ჩამოგვყარეს. დაახლოებით 8 საათის განმავლობაში პასუხს ვერ ვიღებდით, რატომ არ გვაძლევდნენ ჩანთებს, რომლებშიც ბაქოში შეძენილი ნივთები იყო მოთავსებული. იმ მიზეზით, რომ 500 ლარზე მეტის ნავაჭრი გვქონდა, რამდენიმე ჩვენგანი დააჯარიმეს. ერთ მოქალაქეს კი მხოლოდ იმის გამო გამოუწერეს 1000 ლარიანი ჯარიმა, რომ დეკლარაციაში ერთი შარვლის შეტანა დაავიწყდა. ამ პირობებში ბაქოში წასვლას და წვალებას აზრი აღარ აქვს, რადგან იმაზე გაცილებით მეტს გვართმევენ გადასახადს რაც ოჯახის გამოსაკვებად უნდა დაგვრჩეს“, - აღნიშნავს მადონა ნაცვლიშვილი.

ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ ცოტა ხნის წინ, მებაჟეებმა 2000 ლარით დააჯარიმეს საქართველოში მომუშავე ერთ-ერთი გადამზიდავი კომპანია, იმ მიზეზით, რომ სატვირთო ავტომანქანაში, დეკლარაციაში მოცემული კბილის ჯაგრისების ოდენობაზე ორით მეტი ჯაგრისი აღმოჩნდა.

საინტერესოა ჩვენი ერთი რესპონდენტის ისტორიაც, რომელიც ბაქოში გამართული ერთ-ერთი კონფერენციის მონაწილე იყო  - „აზერბაიჯანში ყოფნისას ოჯახისთვის სხვადასხვა ნივთები შევიძინე. ადრე, პირადი მოხმარებისათვის შეძენილი ნივთების საქართველოში შემოტანისათვის საბაჟოზე პრობლემა არასოდეს მქონია. მებაჟეთა მოთხოვნაზე, რომ ნივთები უნდა განმებაჟებინა, უარი ვთქვი, რადგან თანხა აღარ მქონდა. იქვე მათ ავუხსენი, რომ ჩემს მიერ ბაქოში შეძენილი ნივთების საერთო ღირებულება სულ 500 ლარამდე იყო, მაგრამ არ მომისმინეს. განბაჟების თანხას თუ ვერ გადაიხდი, მაშინ ნივთებს ვერ წაიღებო და ნივთების ნაწილი ჩამომართვეს“, - აღნიშნავს ის. მისივე თქმით, ივლისის თვეში ის აზერბაიჯანში სულ ორჯერ იმყოფებოდა, ორივეჯერ სამუშაო მივლინებით და არცერთ შემთხვევაში მისი მიზანი ეკონომიკური საქმიანობის წარმოება არ ყოფილა. „პირველად ტრენინგზე ვიყავი, მეორედ კი კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად. მაქვს ოფიციალური მივლინებებიც. მებაჟეებმა მითხრეს, ჩვენ არაფერ შუაში ვართ, კანონია ასეთი, რომ თუ თვეში ორჯერ მაინც ხარ აზერბაიჯანში გასული, ე. ი. ეკონომიკური საქმიანობის მიზნით იყავიო“, - ამბობს რესპონდენტი.

ფინანსთა მინისტრის ბრძანებულებაში, რომელიც ფიზიკური პირების მიერ საზღვარზე პირადი მოხმარებისათვის ტვირთის გადმოტანისას მათ დაბეგვრას ითვალისწინებს, ნათქვამია, რომ საკანონმდებლო ცვლილებები ეხებათ მხოლოდ იმ ფიზიკურ პირებს, რომლებიც 30 დღეში საზღვარს ერთ ჯერზე მეტად გადმოკვეთენ. „მათი ტვირთი ითვლება ეკონომიკური საქმიანობისათვის განკუთვნილად და იბეგრება შესაბამისი წესით, საქონლის საერთო ღირებულების 13 პროცენტით“, - აღნიშნულია ბრძანებაში.

ფინანსთა სამინისტროს ვებგვერდზე განთავსებულ ინფორმაციაში მითითებულია, რომ გაუგებრობის შემთხვევაში დაინტერესებულ პირს შეუძლია მიმართოს ცხელ ხაზს ნომერზე 077. ვებგვერდზე მოცემული ინფორმაციის თანახმად: „ამ სერვისის საშუალებით თქვენ გეძლევათ შესაძლებლობა საგადასახადო და საბაჟო ორგანოში ვიზიტის გარეშე მიიღოთ თქვენთვის საჭირო ინფორმაცია, კვალიფიციური კონსულტაცია და განმარტება, დროულად იქნეთ ინფორმირებული ახალ საკანონმდებლო ცვლილებებზე. 077 ზე დარეკვა შეგიძლიათ: თუ გაგიჩნდებათ საგადასახადო და საბაჟო კანონმდებლობასთან დაკავშირებული შეკითხვა; თუ ვერ გაერკვევით საბაჟო ან საგადასახადო პროცედურებში, გჭირდებათ ოპერატიული და კვალიფიციური რჩევა; თუ ფინანსთა სამინისტროს მოხელის მხრიდან დაირღვა თქვენი უფლებები“.

ლაგოდეხის საბაჟოზე არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით ამ ნომერზე დაკავშირებას მთელი დღის განმავლობაში ვცდილობდით, მაგრამ უშედეგოდ.

ამ თემაზე:

საბაჟო - სივრცე სადაც კანონზე მეტად ზემოდან მომავალი დავალება მოქმედებს

ვადამდე ამოქმედებული კანონი სარფის საბაჟოზე

ახალი ამბები