კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ხელისუფლებასთან დიალოგის ფინალი - ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა

13 აგვისტო, 2009

ნინო მიქიაშვილი

შსს-ს ახალ შენობაში ძალოვანი უწყებების პირველ პირებს, სახალხო დამცველსა და ოპოზიციას შორის შემდგარი შეხვედრისა და სამომავლო გეგმების ირგვლივ, პრესა.გე ”ალიანსი საქართველოსთვის” ლიდერს ირაკლი ალასანიას შეხვდა და ესაუბრა.

ირაკლი ალასანია: შეხვედრაზე კონკრეტულ შეთანხმებებს მივაღწიეთ. პირველი ის, რომ გადავეცით 48 კაციანი სია (იმ ადამიანების, რომლებსაც პოლიტიკური ნიშნით დაკავებულებად მივიჩნევთ), რომელსაც შეისწავლიან და ერთი კვირის შემდეგ თითოეულ მათგანთან დაკავშირებით პასუხს გვეტყვიან.

ასევე, ჩვენ გადავეცით იმ პირთა რვაკაციანი სია, რომლებიც ბოლო პერიოდში თავდასხმების და პოლიტიკური დევნის მსხვერპლნი გახდნენ. მათთან დაკავშირებით გამოძიების ჩატარება და დამნაშავეების გამოვლენა მოვითხოვეთ. ჩვენ ვთვლით რომ მათზე თავდასხმა იმიტომ მოხდა, რომ კავშირები ჰქონდათ სხვადასხვა ოპოზიციურ პარტიებთან, ან იყვნენ ამ პარტიების აქტვისტები. ამ შეხვედრაზე მისვლის ჩემი მთავარი მოტივაცია, დაკავებულების, რაც შეიძლება სწრაფად გათავისუფლებაა.

შედგა შეთანხმება, რომ 24-საათიან რეჟიმში გვექნება შსს-ს ხელმძღვანელობასთან ოპერატიული კავშირის შესაძლებლობა - თუკი მივიღეთ ინფორმაცია, რომ პოლიტიკურად მოტივირებული დანაშაული ხდება, ინფორმაციას მივაწოდებთ და ერთობლივ რეაგირებას მოვახდენთ. ამგვარი დანაშაულის შესაძლო პრევენციისთვის, ეს ჩემი აზრით, ძალიან კარგი მექანიზმია. სამუშაო ჯგუფი შედგება, რისთვისაც ჩვენ გამოვყოფთ კვალიფიციურ პიროვნებებს.

ამ პროცესში ის პარტიებიც ჩაერთვებიან, რომლებიც დღევანდელ შეხვედრაზე არ ყოფილან?

- ამის შესახებ მათ ჰკითხეთ. დღეს ვინც წარმოდგენილი იყო, ისინი თანახმა არიან და მოლაპარაკებებზე მოდიან. დანარჩენს მომავალში ვნახავთ.

ზურაბ აბაშიძე რატომ სცემეს, ამაზე თუ ილაპარაკეთ?

- ყურადღება ძირითადად სხვა პარტიის წარმომადგენლებზე გავამახვილეთ. სიაში, რომელიც გადავეცით, ზურაბ აბაშიძე არ არის. თუმცა, ჩვენ დავაყენეთ საკითხი 15 ივნისს მომხდარ ინცინდენტთან დაკავშირებით - რატომ არ არის  გამოძიებასთან დაკავშირებით რაიმე ხელშესახები წინსვლა. ამ საკითხზეც ველოდებით გარკვეულ რეაგირებას.

რა თქვეს 15 ივნისის დარბევაზე, რას გავაკეთებთო?

- კონკრეტულ საკითხებზე პასუხების გასაცემად ერთკვირიანი ვადაა აღებული. ასევე შევთანხმდით, რომ კიდევ შევხვდებით - სამუშაო ჯგუფივით შეიქმნება, რომ ის საკითხები, რაზეც არ ვთანხმდებით (ერთკვირიანი ვადის შემდეგ), ან პოზიციები აცილებულია, ცალ-ცალკე განვიხილოთ.  

ამიტომ, მე კიდევ ერთხელ დავაფიქსირებ, რომ ეს შეხვედრა ორივე მხრიდან გადადგმული პოზიტიური ნაბიჯი იყო. ეს არის გამოცდა ხელისუფლებისთვის; შედეგების მიხედვით ვიმსჯელებთ, რეალურად  რამდენად აქვს ხელისუფლებას იმის პოლიტიკური ნება, რომ ოპოზიციასთან  შინაარსიან დიალოგზე და მოლაპარაკებაზე წავიდეს.

შეხვედრა როგორ რეჟიმში წარიმართა - მონოლოგის თუ დიალოგის?

- ეს იყო დისკუსიები. მათი მხრიდანაც იყო  წარმოდგენილი კონკრეტული ინფორმაციები, სხვადასხვა საინტერესო საკითხზე.

კომპრომატების სახით?

- არავითარი კომპრომატები არ ყოფილა. თავიდან ჩემი მოთხოვნაც გახლდათ, რომ ეს არ ყოფილიყო ზედმეტად პოლიტიზირებული და ისტერიული შეხვედრა. ამიტომაც შეხვედრა ძალიან მშვიდ ატმოსფეროში, კითხვა-პასუხით  წარიმართა - ღია, პირდაპირი საუბარი იყო.

რომელიმე კონკრეტულ ფაქტზე თუ თქვეს, ჩვენი მხრიდან  არასწორი ნაბიჯი იყოო?

- არა. ჩვენ არც ველოდებლოდით რაიმე აღიარებით ჩვენებას, მერაბიშვილის ან სხვა სამართალდამცავების მხრიდან.

რატომ მოიქეცით ასე, ეს რატომ გააკეთეთო, ასეთი შეკითხვები თუ დასვით?

- რა თქმა უნდა, დავსვით. არ მიყვარს შეხვედრიდან შინაარსის გატანა. იქ რაზეც ვიმსჯელეთ და ვილაპარაკეთ, ჩემი აზრით, იმ ოთახში უნდა დარჩეს. მთავარია კონკრეტული შედეგები დადგეს.

რა მოლოდინით მიხვედით შეხვედრაზე და რამდენად გამართლდა ეს?  ამ შეხვედრამდე ორი დღით ადრე, პრესა.გე-სთან საუბრისას პოლიტოლოგთა და ექსპერტთა ვარაუდი სკეპტიკური იყო.

- მე მქონდა მოლოდინი და ფრთხილი ოპტიმიზმი იმისა, რომ უშიშროების საბჭოზე პრეზიდენტი ჩემს შეთავაზებას მიიღებდა და ასეც მოხდა, შეხვედრა დაინიშნა. რა თქმა უნდა, საზოგადოებაში სკეპტიციზმის ძალიან დიდი საფუძველი არის,  მაგრამ მე მაშინ ვთხოვ წარმომიდგინონ სხვა წინადადებები, იგივე ექსპერტებმა, ან თუნდაც სხვებმა, როგორ უნდა მოხდეს უდანაშაულოდ დაჭერილი ხალხის გათავისუფლება, თუ არა დიალოგის და შეთანხმების გზით. თუ რამე სხვა მოსაზრებები აქვთ ექსპერტებს, ვთხოვ წარმომიდგინონ და აუცილებლად გავითვალისწინებ.

როგორ ფიქრობთ, ერთი კვირის შემდეგ თავდასხმები და ცემა-ტყეპა კვლავ გაგრძელდება, თუ შეწყდება?

- ერთი კვირის შემდეგ რა იქნება, ამაზე პროგნოზის გაკეთება და სპეკულაცია არ მინდა. რომ არ მჯეროდეს, რომ ამ საქმიდან რაღაც გამოვა,  რა თქმა უნდა, ამ შეხვედრაზე არ მივიდოდი.

თუ გაქვთ ინფორმაცია, როგორ იმოქმედა თქვენს რეიტინგზე ჯერ უშიშროების საბჭოს სხდომაზე და შემდეგ შსს-ში მისვლამ?

- ამაზე არ მიფიქრია და ეს არ შემიმოწმებია. ვიმეორებ, ჩემთვის მთავარია  კონკრეტული შედეგი დაიდოს, უდანაშაულო ადამიანები გავათავისუფლოთ პატიმრობიდან. მგონია რომ საზოგადოების დიდ ნაწილს სურს, რომ ამ კრიზისიდან გამოსავალი ერთობლივად ვიპოვოთ ოპოზიციამ და ხელისუფლებამ. ანუ მოხდეს შეთანხმება პოლიტიკურ ძალებს შორის. ეს ჩემი აზრია, რაც არ გაგვიზომია.

დასაშვებად მიიჩნევთ თუ არა, რომ ამ დიალოგის ფინალი იყოს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები და ამ დიალოგმა გადაინაცვლოს პარლამენტის სხდომათა დარბაზში?

- თუკი დღევანდელი შეხვედრა წარმატებული იქნა, ეს ოპოზიციასა და ზოგადად საზოგადოებაში გააჩენს საფუძველს და ნდობას პოლიტიკური მოლაპარაკების პროცესისადმი, რაც ქვეყანაში საარჩევნო გარემოს თვისობრივად  შეცვლის მნიშვნელოვანი ფაქტორი გახდება. არჩევნებამდე სანამ მივალთ, უპირველესად საარჩევნო გარემო უნდა შეიცვალოს, რაც პარალელურად გულისხმობს პოლიციის დეპოლიტიზაციას, მედიის სივრცის გახსნას და ბუნებრივია, საარჩევნო კოდექსისა და კომისიის შემადგენლობის ცვლილებას. ამის შემდეგ რა თქმა უნდა, ჩვენ მოგვეცემა საშუალება პოლიტიკურ კალენდარზეც ერთობლივად ვიფიქროთ. ბოლომდე გადაწყვეტილება მიღებული არ არის, მაგრამ ჯერჯერობით ინიშნება ვადამდელი ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნები.

საარჩევნო გარემოს შეცვლის შემთხვევაში, თქვენი ალიანსი ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს?

- არაერთხელ განვაცხადეთ, რომ თუ საარჩევნო გარემო თვისობრივად შეიცვალა და საშუალება მოგვეცა რეალურად კონკურენტუნარიან გარემოში, სამართლიან არჩევნებში მონაწილეობა მივიღოთ, ჩვენ ამას აუცილებლად გავაკეთებთ - ყველა არჩევნებში მივიღებთ  მონაწილეობას.

წყარო: presa.ge

ახალი ამბები