კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სიცივისა და შიმშილისგან ბავშვი მოუკვდათ, მაგრამ საარსებო შემწეობა მაინც არ აღირსეს

14 აგვისტო, 2009

გელა მთივლიშვილი, კახეთი

სიღნაღის რაიონის სოფელ ანაგაში მცხოვრები ალექსანდრე სიყმაშვილის ოჯახი უკიდურესად გაჭირვებულია. ოჯახის მთელ ქონებას დანგრეული სახლი, ორი რკინის საწოლი, ფეხმოტეხილი სკამი, რკინის ღუმელი, ერთი მაგიდა, მეზობლების მიერ ნაჩუქარი 70 ლარიანი შავ-თეთრი ტელევიზორი და რამდენიმე თეფში შეადგენს. ოჯახის შემოსავალი ალექსანდრე სიყმაშვილის მიერ თვეში ორჯერ ან სამჯერ მეზობლის საქონლის მწყემსვის შედეგად მიღებული 21 ლარია. გასულ ზამთარს, სიცივისა და შიმშილისგან ალექსანდრე და ირმა სიყმაშვილებს 10 თვის გოგონა დაეღუპათ. გაუსაძლისი პირობების მიუხედავად, სოციალური მომსახურების სააგენტომ სიყმაშვილებს საარსებო შემწეობის დანიშვნაზე უარი უთხრა.

ალექსანდრე სიყმაშვილმა საარსებო შემწეობის დანიშვნის მოთხოვნით სოციალური მომსახურების სააგენტოს სიღნაღის რაიონულ განყოფილებას სამჯერ მიმართა.

„პირველად სააგენტოს 2007 წლის სექტემბერში მივმართე. სოცაგენტი მოვიდა და სახლი შეამოწმა, მაგრამ დახმარება არ დაგვინიშნეს. მეორედ სააგენტოს 2008 წლის მარტში მივმართე. ისევ შეგვამოწმეს, მაგრამ პასუხი არ მოგვივიდა. მე თვითონ მივაკითხე სააგენტოს, მაგრამ ყურადღება არ მომაქციეს. რამდენიმე დღის განმავლობაში ტყუილად დავდიოდი. 2009 წლის იანვარში, სააგენტოს განცხადებით ისევ მივმართე. შეგვამოწმეს, მაგრამ პასუხი არც ამჯერად მოუციათ“, - ამბობს ალექსანდრე სიყმაშვილი.

„ჩვენს სოფელში სოციალურ დახმარებას ისეთი ოჯახები იღებენ, ვისაც სახლიც აქვს, მანქანაც, სამსახურიც და ნაკვეთიც. მთავარია, საქმე ჩააწყო“, - გვიხსნის ალექსანდრე სიყმაშვილის მეზობელი ნათელა სიყმაშვილი.

- საქმის ჩაწყობაში რას გულისხმობთ?

- სააგენტოს ხელმძღვანელობას რამდენიმე თვის დახმარების თანხა თუ არ დაუტოვე, ისე დახმარებას არ დაგინიშნავენ. რა, პირველად გაიგეთ, რომ ფულს აკეთებენ?

- არა, პირველად არ გავიგე, მაგრამ კონკრეტული ფაქტი თუ გაქვთ?

- ისე აკეთებენ საქმეს, რომ ფაქტს არ ტოვებენ, მაგრამ ვიცით, რომ 200 აშშ დოლარამდე თანხა უნდა დაუტოვო ზურაბაშვილს.

- ზურაბაშვილი ვინ არის?

- სააგენტოს რაიონულ სამსახურს ხელმძღვანელობს.

- თქვენ მოგთხოვათ პირადად თანხა იმისათვის, რომ დახმარება დაენიშნა?

- ჩემთვის არც მოუთხოვია და არც დახმარება დამინიშნა, მიუხედავად იმისა, რომ სახლი თავზე მენგრევა, არც ფრინველი მყავს და არც საქონელი. მეუღლე ინვალიდი მყავს. ოჯახს სხვის ნაკვეთებში ფიზიკური მუშაობით ვარჩენ. არ უნდა მუშაობდეო, რომ ამბობენ, დახმარებას არ გვაძლევენ და შიმშილით რომ არ მოვკვდეთ, სხვა რა უნდა გავაკეთოთ“, - აღშფოთებას ვერ მალავს ნათელა სიყმაშვილი.

გასულ ზამთარში, ალექსანდრე და ირმა სიყმაშვილებს 10 თვის ბავშვი რომ სიცივისგან და შიმშილისგან დაეღუპათ, ალექსანდრეს მამისგან, ანზორ სიყმაშვილისგან გავიგეთ: „როგორ უნდა უჭირდეს ოჯახს, რომ ბავშვი მოგიკვდეს. საწყალი, დედასთან ერთად ეძინა, მაგრამ ისეთი სიცივეები იყო, რომ ღამით გაიყინა. არ ჰქონდათ შეშის ფული და ვერ იყიდეს. ტყეში კიდევ თუ უნებართვოდ მოჭრი, გაჯარიმებენ და ვერც იქ გაბედა წასვლა. ძალიან უჭირთ, ძალიან. ხან მე ვუგზავნი საჭმელს, ხან სხვა და ძაღლუმადურად არსებობენ“.

სოციალური მომსახურების სააგენტოს კახეთის რეგიონალურ საკოორდინაციო ცენტრში განაცხადეს, რომ ალექსანდრე სიყმაშვილის ოჯახი ბოლოს 2009 წლის 10 თებერვალს შემოწმდა და ოჯახმა 68 610 სარეიტინგო ქულამ  მიიღო. საარსებო შემწეობა კი, რომელიც ერთი თვის განმავლობაში სულზე 30 ლარს შეადგენს, ოჯახს მხოლოდ 57 ათასი ან მასზე დაბალი ქულის მინიჭების შემთხვევაში ენიშნება.

„ალექსანდრე სიყმაშვილის ოჯახი სოციალური აგენტის მიერ სამჯერვე შემოწმდა. პირველ შემთხვევაში დეკლარაცია შეივსო, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ განაცხადში მითითებულ მისამართზე სოცაგენტის ვიზიტის დროს ალექსანდრე სიყმაშვილი სახლში არ იმყოფებოდა, შევსებულია ოქმი და დეკლარაცია შეწყვეტილია. ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენელი რომ სახლში არ იმყოფებოდა, დადასტურებულია მეზობლების ხელმოწერითაც. იგივეა მეორე შემთხვევაშიც. რაც შეეხება ალექსანდრე სიყმაშვილის მესამე განაცხადს, ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა ამჯერადაც შემოწმდა და სარეიტინგო ქულად განისაზღვრა 68 610. სარეიტინგო ქულა განსაზღვრულია მოქმედი კანონმდებლობის სრული დაცვით“, - აცხადებს სოციალური მომსახურების სააგენტოს კახეთის საკოორდინაციო ცენტრის უფროსი ოთარ სესიკაშვილი.

სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის დახმარების დანიშვნის გამო მათთან კორუფციული გარიგებების შესახებ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფს სააგენტოს სიღნაღის განყოფილების უფროსი ზურაბ ზურაბაშვილი. „არ მესმის ეს საკითხი რაში გაინტერესებთ. მე არ ვიცი, ვინ რას ამბობს. სულელი ვიქნები, თქვენი რესპონდენტების ბრალდებები რომ დავადასტურო“, - აღნიშნა ზურაბაშვილმა.

ალექსანდრე სიყმაშვილმა დახმარებისათვის ადამიანის უფლებათა ცენტრს მიმართა. უფლებადაცვითი ორგანიზაციის წარმომადგენლებმა სიყმაშვილის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა შეისწავლეს და ის შეაფასეს როგორც უკიდურესად მძიმე. ორგანიზაციის იურისტები სოციალურად დაუცველი ოჯახისთვის საარსებო შემწეობის დანიშვნის მიზნით შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს, ასევე სასამართლოს მიმართავენ.

ახალი ამბები