კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„რესპუბლიკელები“ გორში სამართალს ვერ პოულობენ

24 აგვისტო, 2009

თეა თედლიაშვილი, გორი

გორის რაიონულმა სასამართლომ 14 აგვისტოს რესპუბლიკური პარტიის აქტივისტს თამაზ ტლაშაძეს, რომელიც პარტიის წევრთა განცხდაებით მხოლოდ მისი პოლიტიკური შეხედულებებისთვის ისჯება, 3 წლიანი თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ერთი დღის შემდეგ, 15 აგვისტოს კი 4 წლიანი თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა ასევე რესპუბლიკელ ზაალ გუდაძესაც. გუდაძეს ცეცხლასასროლი და ფეთქებადი ნივთიერებების შენახვა ტარება ედება ბრალად. „რესპუბლიკელები“ გორის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას თბილისის სააპალაციო სასამართლოში აპირებენ.

სამართალდამცავებმა ტლაშაძე 15 ივნისს დააკავეს, როცა იგი მამის ბინიდან, საკუთარ ბინაში მიდიოდა. რესპუბლიკელების განცხადებით, თამაზი იმ პერიოდში ავადმყოფობდა და „ბორჯომის“ საყიდლად იყო გამოსული. სამართალდამცავებმა, ის სახლთან დააკავეს და ჯიბეში ნარკოტიკული ნივთიერება „აღმოუჩინეს“. ზაალ გუდაძე კი სამართალდამცავებმა მეგობრის სამძიმარიდან მომავალი აიყვანეს.

მოსამართლე რევაზ ნადოიმ არ გაითვალისწინა განსასჯელების ტლაშაძის და გუდაძის ადვოკატის რევაზ რევაზიშვილის შუამდგომლობები და საქმეში არსებული ყველა მტკიცებულება იურიდიული ძალის მქონე მტკიცებულებებად მიიჩნია. ადვოკატი კი ირწმუნება, რომ ეს მტკიცებულებები უკანონო გზითაა მოპოვებული.

ტლაშაძეს ბრალად სისხლის სამართლის კოდექსისი 260 მუხლის პირველი ნაწილის დარღვევა ედება (ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის  უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება). ზაალ გუდაძეს კი სისხლის სამართლის კოდექსის 236 მუხლის პირველი და მეორე ნაწილის დარღვევაში ედავებიან ( ცეცხლასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა ან შენახავა/ტარება).

თამაზ ტლაშაძე და ზაალ გუდაძე, სახალხო დამცველის აპარატმა საკუთარ დასკვნებში, პოლიტიკურ ნიადაგზე დაკავებულ პირებად აღიარა.

„საქმეში უამრავი მტკიცებულება არსებობს, რომელიც თამაზ ტლაშაძის უდანაშაულობას ამტკიცებს. უფრო მეტიც, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები უკანონო გზით იყო მოპოვებული, ამას ადასტურებს ისიც, რომ ჩხრეკის ოქმი შემთხვევის ადგილას არ შემდგარა, თამაზ ტლაშაძე საერთოდ არც გაუჩხრეკიათ, პირიქით - ის მოტყუებით ჩასვევს მანქანაში და წაიყვანეს პოლიციაში. არანაირი კანონიერი ღონისძიებები მის მიმართ არ გატარებულა. ეს დადასტურდა სასამართლო გამოძიებისას, მაგრამ მოსამართლემ არ გაიზიარა ეს დასაბუთება, ჩვენთვის ძალიან საინტერესოა რას დაწერს მოსამართლე, რა მოტივაციას მოიყვანს გორის რაიონული სასამართლო თამაზ ტლაშაძის ბრალის დასაბუთებისას. მივიღებთ თუ არა გადაწყვეტილების დასაბუთებულ ნაწილს აუცილებლად გავასაჩივრებთ თბილისის სააპელაციო სასამართლოში, ეს მუხლი, რასაც ედავებიან ტლაშაძეს ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ექვსი თვიდან 10 წლამდე, თუმცა პიროვნული მახასიათებლებიდან გამომდინარე სასამართლომ მას პატიმრობის ვადა სამი წელი განუსაზღვრა... სიმართლე გითხრათ, ჩვენ იმედი არც გვქონდა, რომ სასამართლო გაამართლებდა თამაზ ტლაშაძეს, თუმცა ჩვენ ვიბრძოლებთ ყველა ინსტანციაში და თუ საჭირო გახდა სტრასბურგშიც. ეს საქმე საქართველოს მასშტაბით გამოირჩევა დარღვევების ერთობლიობით, რადგან როგორც უკვე აღვნიშნეთ ყველა, აბსოლუტურად ყველა, მტკიცებულება სამართალდამცავების მხრიდან კანონდარღვევით არის მოპოვებული“ - აცხადებს ტლაშაძის ადვოკატი რევაზ რევაზიშვილი.

სასამართლოს მიმდინარეობით და მოსამართლის მიერ დაცვის მხარის ყველა შუამდგომლობის იგნორირებით აღშფოთებას ვერ მალავდა რესპუბლიკური პარტიის გორის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე დავით რაზმაძე: - „იმედი მაქვს სასამართლოს უფრო მაღალ ინსტანციებში შედარებით ღირსეული მოსამართლეები იქნებიან და ჩვენ შევეცდებით იქ მაინც დავამტკიცოთ სიმართლე. მოსამართლეს არანაირი არგუმენტი არ ჰქონდათ, რომ დამნაშავედ ეცნოთ თამაზ ტლაშაძე. თვითონ ტლაშაძეს მებრძოლი განწყობა აქვს, კაცს დანაშაული არ ჩაუდენია და ფიქრობს, რომ სიმართლის დამტკიცებას მაინც მოახერხებს. ამ უკანონო და უზნეო გადაწყვეტილებას აუცილებლად გავასაჩივრებთ და თუ საჭირო გახდება სტრასბურგამდე ჩავალთ. დაკავებულია ასევე ჩვენი თანაპარტიელი ზაალ გუდაძეც, რომელსაც ცეცხლსასროლი ნივთიერებების გადატანა ედება ბრალად. გუდაძეზეც გვაქვს უამრავი მასალა, რომელიც მის უდანაშაულობას ამტკიცებს, მაგრამ ამ პროცესის მერე ქართული მართლმსაჯულებისგან სასიკეთოს არაფერს ველოდებით. ასეთი ხალხის მნახველი არ ვარ, სამართალდაცავები აქედანვე არიან დასჯის ღირსი, უნდა გამოიყვანო დარბაზიდან პროკურორი, მოსამართლე, მოწმეები და დააპატიმრო... მე ქრისტიანი კაცი ვარ, მაგრამ მაგათ დასჯას მოვითხოვ, ამათ არ უნდა ჰქონდეთ მაგათ საზოგადოებასთან ურთიერთობის უფლება“ - განაცხადა ჩვენთან საუბრისას დავით რაზმაძემ.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-7 მუხლი კატეგორიულად კრძალავს კანონდარღვევით მოპოვებული მტკიცებულებების გამოყენებას მტკიცებულებად, ამას კრძალავს საქართველოს კონსტიტუციაც, მეტიც  სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მეშვიდე მუხლის მეხუთე პუნქტის შესაბამისად ყველა მტკიცებულება, რომელიც დარღვევით არის მოპოვებული უნდა გაუქმდეს. გორის რაიონულმა სასამართლომ ეს არ გააკეთა და სამართალდამცავების მიერ წარმოდგენილი „მტკიცებულებები“ კანონიერად სცნო.

პროცესს გორის რაიონული ორგანიზაციის „რესპუბლიკური“ პარტიის წარმომადგენლების გარდა, ივლიანე ხაინდრავა, კახა შარტავა და სოფიო ხორგუანი ესწრებოდნენ, ასევე პოლიტპატიმრის  პროცესს თვალს ადევნებდა „ახლაგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე თამარ ხიდაშელი. ტლაშაძესა და გუდაძეს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ადვოკატი რევაზ რევაზიშვილი იცავს.

ამ თემაზე:

გორში კიდევ ერთი აქცია გაიმართება

გორში პოლიტიკური დაჭერები გრძელდება

ახალი ამბები