კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გარევაჭრობა ქუთაისის მერიის წინ

26 აგვისტო, 2009

შორენა კაკაბაძე, ქუთაისი

გარევაჭრობამ ქუთაისში „მისამართი შეიცვალა“. საყოფაცხოვრებო ნივთებითა და პირველადი მოხმარების საგნებით სავსე ჩანთები გარემოვაჭრეებმა  უკვე რამდენიმე დღეა ქალაქის მერიის წინ დააწყვეს და სახელდახელო ვაჭრობა გააჩაღეს. პროტესტის ამ ფორმას მათ მას შემდეგ მიმართეს, რაც პოლიციის თანამშრომლებმა ისინი ცენტრალური ბაზრის მიმდებარე ტერიტორიიდან გააძევეს.

„ამ ხელისუფლებამ სხვა გზა არ დაგვიტოვა. ხელებს გულზე ვერ დავიწყობთ და ვერ დაველოდებით, შვილები შიმშილით როდის დაგვეხოცება. თუ იქ, სადაც ვიყავით და ხელს არავის ვუშლიდით, ვაჭრობა არ შეიძლება, აქ მოვედით და ამით ორ საქმეს ვაკეთებთ: კიდევაც ვვაჭრობთ და თანაც ველოდებით ქალაქის ხელმძღვანელობა როდის შეგვხვდება. იმედია მოწყინდებათ ჩვენი და ამ ჩანთების ცქერა და იკადრებენ ჩვენთან გასაუბრებას“, - ასეთია გარემოვაჭრეების განწყობა.

გარემოვაჭრეებს პრობლემები ბოლო პერიოდში ბევრჯერ შეექმნათ. ადგილობრივმა პოლიციამ ისინი არაერთხელ დაარბია.

„არ დაგვკლებია მათგან არც სიტყვიერი და არც ფიზიკური შეურაცხყოფა. კი ბატონო, იქ აღარ დავდგებით და აღარ ვივაჭრებთ, მაგრამ ხომ უნდა გვითხრან, სად წავიდეთ. პირველად რომ აგვყარეს იქედან, დაგვპირდნენ, რომ სხვა ადგილას გადაგვიყვანდნენ, მაგრამ მერე პირობა დაავიწყდათ და პირდაპირ შეურაცხყოფაზე გადავიდნენ. რამდენიმე დღის წინ, როგორც იქნა, ქალაქის მერს შევხვდით და იმის მაგივრად, რომ დაინტერესებულიყო და შეწუხებულიყო ჩვენი გასაჭირით, გვითხრა - თქვენ თავს თქვენ თვითონ მოუარეთ, მე რა გიყოთო. ესაა ხალხთან საუბარი? ამ ენაზე უნდა ესაუბროს ქალაქის მერი ხალხს? თუ ასეა, არც ჩვენ დავიხევთ უკან და აქ ვიდგებით მანამ, სანამ საკითხს ჩვენს სასარგებლოდ არ გადაწყვეტენ“, - ამბობს ერთ-ერთი გარემოვაჭრე ირმა გიორგაძე.

ქუთაისის მერიაში აცხადებენ, რომ გარევაჭრობა ქალაქის იერსახეს ამახინჯებს და ის ერთხელ და სამუდამოდ აღკვეთილ უნდა იქნას. არაფერს ამბობენ იმ დაპირებაზე, რომელიც გარემოვაჭრეებს სხვა ადგილას განთავსებასთან დაკავშირებით მისცეს.

„არ შეიძლება ქალაქის ყველა კუთხეში ვაჭრობა იყოს გამართული. შევიდნენ ბაზრობაზე და იქ გააგრძელონ თავიანთი საქმიანობა. სხვა გამოსავალი აქ, უბრალოდ, არ არსებობს“, - აცხადებს ქუთაისის მერი ნუგზარ შამუგია.

მას შემდეგ, რაც მერიის წინ გამართული აქცია ხმაურსა და აურზაურში გადაიზარდა, პროტესტის მონაწილეებს „ნაციონალური მოძრაობიდან“ პარლამენტის წევრი გოჩა თევდორაძე შეხვდა. 

„გვითხრა, რომ ხმაური და აყალ-მაყალი არაფერს აკეთებს და ჯობია პრობლემა სხვანაირად გადავჭრათ. დაგვპირდა, რომ ქალაქის მერს შეხვდება და საკითხს ჩვენს სასარგებლოდ გადაწყვეტენ. ჩვენ, რა თქმა უნდა, არ დავიშლებით და  დანაპირების შესრულებას დაველოდებით. სხვა შემთხვევაში აქციები კიდევ უფრო მწვავე ფორმით გაგრძელდება და მანამ არ დასრულდება, სანამ ჩვენი უფლებები დაცული არ იქნება“, - აცხადებენ გარემოვაჭრეები.

მათ გარდა მსგავსი პრობლემები სასურსათო და სოფლის პროდუქტებით მოვაჭრეებსაც აქვთ. ქალაქის ცენტრალური ბაზრის მიმდებარე ტერიტორიიდან სახელდახელოდ მოწყობილი დახლები პოლიციელებმა მათაც არაერთხელ აუყარეს. სურსათითა და სოფლის მეურნეობის ნაწარმოთ მოვაჭრეები აცხადებენ, რომ ქალაქის მერიის წინ გამართულ „ბაზრობას“ უახლოეს დღეებში ისინიც შეუერთდებიან.

ახალი ამბები