კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მოქალაქე სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებას ითხოვს

31 აგვისტო, 2009

შორენა კაკაბაძე, ქუთაისი

აფხაზეთის ომის მონაწილის, რამაზ გორგაძის მეუღლე ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებას ითხოვს. სასამართლოს მიერ  2007 წლის 7 აპრილს გაცემული სააღსრულებო ფურცლის მიხედვით, მოსამართლე მერიას აღნიშნული საკითხის შესწავლას და ნუცუბიძეების ოჯახისთვის მიწის ნაკვეთის გადაცემას  ავალებს. ქუთაისის მერიაში მოქალაქე მარინა ნუცუბიძემ სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების მოთხოვნით განცხადება არაერთხელ შეიტანა, თუმცა, ამას რეაქცია დღემდე არ მოჰყოლია.

ადგილობრივი მმართველობისა და თვითმმართველობის ორგანოებთან შექმნილი პრობლემების შემდეგ მარინა ნუცუბიძემ დახმარებისთვის „ადამიანის უფლებათა ცენტრს“ მიმართა. ის აცხადებს, რომ ოჯახი უკიდურესად გაჭირვებულ მდგომარეობაშია; რომ საქართველოს შეიარაღებული ძალების ერთ დროს აქტიური მებრძოლი, მეორე ჯგუფის ინვალიდი (როგორც მთელი ოჯახი) დღეს სრულიად დაუცველი და ქვეყნისა და ქალაქის ხელისუფლების მიერ  შეურაცხყოფილია. ქუთაისის მერია უარს ამბობს მისთვის იმ მიწის ნაკვეთის გადაცემაზე, რომლისთვისაც წლების მანძილზე ინსტანციიდან ინსტანციაში იარა და რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით ეკუთვნის.

საქმეში არსებობს იუსტიციის სამინისტროს იმერეთის სააღსრულებო ბიუროს სასამართლო აღმსრულებლის მიმართვა ქუთაისის მერის ნუგზარ შამუგიას სახელზე. მიმართვაში ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობაზეა საუბარი. სასამართლოს აღმსრულებელი ქუთაისის მერისგან სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებას და „ომისა და სამხედრო ძალების შესახებ კანონის“ მე-15 მუხლის „გ“ პუნქტის შესაბამისად, დადგენილი წესითა და ოდენობით, საკარმიდამო მიწის ნაკვეთის უფასოდ გამოყოფას ითხოვს.

„ყველა ამ დოკუმენტების გათვალისწინებით, რომლის მოგროვებას წლები და მთელი ჩემი ჯანმრთელობა შევალიე, დღეს სადაო აღარაფერი უნდა მქონდეს. მაგრამ ამ ხალხს (მერიის წარმომადგენლებს) ვერაფერი შევაგნებინე. იმას მედავებიან, რაც კანონით მეკუთვნის. და ეს ხდება მაშინ, როცა ჩვენი პრეზიდენტი აცხადებს, რომ მთელი ქვეყანა ომის მონაწილეთა ოჯახების გვერდითაა. ქალაქის მერიისა და საკრებულოს თანამშრომლები, იმის მაგივრად რომ გვერდით დაგვიდგნენ, მთელი ძალით ებრძვიან ჩვენს ოჯახს. ესაა სამართალი და უფლებების დაცვა, რომელზეც ტელევიზიით ამდენს ლაპარაკობენ“, - ამბობს მარინა ნუცუბიძე.

„ადამიანის უფლებათა ცენტრმა“ აღნიშნული საკითხზე ინფორმაციის მოპოვების მიზნით, მერიის ეკონომიკური განვითარებისა და საგარეო ურთიერთობათა საქალაქო სამსახურს მიმართა. ჩვენს მიერ მიღებულ პასუხში წერია, რომ ამ საქმესთან დაკავშირებით - „ქუთაისის მერიის მიწის მართვისა და განკარგვის საკონკურსო კომისიის 2003 წლის 24 აპრილის ოქმის შესაბამისად, კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება, როგორც გამონაკლისი, აღიძრას შუამდგომლობა საქართველოს პრეზიდენტის წინაშე მიწის ნაკვეთის პირდაპირი განკარგვის წესით უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ. ქუთაისის მერიის 2003 წლის 12 ივნისის წერილით მასალები მიწის ნაკვეთის უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის წინაშე შუამდგომლობისთვის საქართველოს მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტს გაეგზავნა. ამის შემდეგ აღნიშნული მასალები მიწის მართვის დეპარტამენტიდან იუსტიციის სამინისტროში გადაიგზავნა. იუსტიციის მინისტრის მოადგილის წერილით ირკვევა, რომ „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის შესახებ“ საქართველოს კანონი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის უსასყიდლოდ განკარგვას არ ითვალისწინებს. რაც შეეხება „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15-ე მუხლით დაწესებულ შეღავათებს, დადგენილი წესითა და ოდენობით საკარმიდამო მიწის ნაკვეთის უფასოდ მიღების უფლებას, საუბარია სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე და არა ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის მშენებლობისთვის გათვალისწინებულ მიწის ნაკვეთზე". „ადამიანის უფლებათა ცენტრისთვის“ გამოგზავნილ პასუხს ხელს ქუთაისის მერიის ეკონომიკური განვითარებისა და საგარეო ურთიერთობათა საქალაქო სამსახურის უფროსი იუზა უგულავა აწერს.

„მე კანონის დაცვას და სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებას ვითხოვ. რა საჭიროა სასამართლო. თუ მის გადაწყვეტილებებს ძალა არ აქვს და არ უნდა აღსრულდეს? ყველა ის პასუხი, რომელიც ჩემს საქმეს მერიის მხრიდან მოჰყვა, არის პასუხისმგებლობის თავიდან აცილება. იქ არავის სურს დაჯდეს და ეს საკითხი საფუძვლიანად შეისწავლოს. დარწმუნებული ვარ, ასეთ შემთხვევაში, სამართალი ჩემს მხარეს იქნება“, - აცხადებს მარინა ნუცუბიძე.

აფხაზეთის ომის მონაწილის, საქართველოს სამხედრო ძალების ვეტერანის მეუღლე საკუთარი უფლებების დაცვას კვლავ სასამართლოს გზით, ამჯერად მერიის წინააღმდეგ სარჩელის შეტანით გეგმავს.

ახალი ამბები