კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ყუბანეიშვილს სატენდერო კომისიის ხელმძღვანელობის უფლება არ ჰქონდა

2 სექტემბერი, 2009

საზოგადოებრივი მაუწყებლის წინააღმდეგ აღძრული სასამართლო პროცესი რამდენჯერმე ხელოვნურად გადაიდო

ირინა ჭოჭუა

სარჩელი საზოგადოებრივი მაუწყებლის წინააღმდეგ შპს „სიგმა პლუსმა“ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ კოლეგიაში 2009 წლის 27 თებერვალს შეიტანა. სასარჩელო განცხადებაში მოსარჩელე 2008 წლის სექტემბერში საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ ჩატარებული ტენდერის შედეგების ბათილად ცნობას მოითხოვს. მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობდა პროცესის მსვლელობის შემაფერხებელი იურიდიული გარემოება, სასამართლო პროცესი ხელოვნურად არაერთხელ გადაიდო. შპს „სიგმა პლუსის“ ინტერესებს სასამართლოში ორგანიზაცია „კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ ადვოკატები მერი ჯაფარიძე და მანანა კობახიძე იცავენ.

2008 წელს შპს „სიგმა პლუსმა“ სატენდერო წინადადებით მიმართა საზოგადოებრივ მაუწყებელს და მე-15 ლოტზე წარმოადგინა პროექტები „ეტალონი“ და „დიდი პერსპექტივა“. განცხადებაში ტენდერის ჩატარების შესახებ არ არსეობობდა  სასწავლო-შემეცნებითი მიმართულება, ამიტომ „სიგმა პლუსმა“ პროექტები წარადგინა თავისუფალ შემოთავაზებაზე და გადალახა ტენდერის პირველი ეტაპი. თუმცა საკონკურსო კომისიის შემადგენლობის მიერ „სიგმა პლუსის“ შეთავაზება უარყოფილი იქნა. კომისისამ გადაწყვეტილებაში მიუთითა, რომ წარმოდგენილი წინადადებების ფასებიდან არც ერთი არ შეესაბამებოდა შემსყიდველი ორგანიზაციის ფინანსურ შესაძლებლობებს.

შპს „სიგმა პლუსი“ დაინტერესდა სატენდერო მასალებით და გაირკვა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ დარღვეული იქნა „შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები. კერძოდ, საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურ დირექტორს ლევან ყუბანეიშვილს კანონით არ ჰქონდა უფლება ყოფილიყო საზოგადოებრივი ტელევიზიის სატენდერო კომისიის თავმჯდომარე და მონაწილეობა მიეღო მის მუშაობაში, რადგან ტენდერში მონაწილეობას იღებდა კომპანია „თიბისი თივი“. ლევან ყუბანეიშვილი კი საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურ დირექტორად მუშაობის დაწყებამდე სწორედ ამ კომპანიის დირექტორი და ერთ-ერთი დამფუძნებელი გახლდათ. შესაბამისად, მას გააჩნდა ინტერესთა კონფლიქტი, რის გამოც უნდა მოეხდინა თვითაცილება და გადამდგარიყო ამ პოზიციიდან, რაც მან არ გააკეთა. „შესყიდვების შესახებ“ კანონის თანახმად სატენდერო კომისიის წევრი არ შეიძლება იყოს ის პირი, რომელიც კონკურსში მონაწილე ორგანიზაციაში მუშაობდა ბოლო სამი წლის განმავლობაში. ლევან ყუბანეიშვილის შემთხვევაში ეს პერიოდი არ ღემატებოდა 6 თვეს.

„როდესაც დავსვით საკითხი ამ კანონდარღვევის შესახებ, საზოგადოებრივი არხის იურიდიული სამსახურის წარმომადგენელმა განგვიცხადა, რომ მათ უბრალოდ გამორჩათ მხედველობიდან ეს გარემოება. კანონის საფუძველზე ჩვენ მოვითხოვეთ კომისიის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, მაგრამ საზოგადოებრივმა მაუწყებლმა ეს მოთხოვნა არ დაგვაკმაყოფილა, რის შემდეგაც შევიტანეთ სარჩელი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ კოლეგიაში“, - აცხადებს ადვოკატი მანანა კობახიძე. 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ კოლეგიაში როგორც მოსარჩელის, ასევე მოპასუხის მხრიდან წარმოდგენილი იქნა ყველა საჭირო დოკუმენტი და ადმინისტრაციული წარმოების მასალები. მანანა კობახიძის აზრით სასამართლოს ყველა საფუძველი ჰქონდა იმისთვის, რომ მთავარი სხდომა იმავე დღეს ჩანიშნულიყო და მოსამართლეს ბათილად ეცნო ტენდერის შედეგები.

მოსარჩელის მეორე მოთხოვნა - ტენდერის ახალი კომისიის შემადგენლობის პირობებში გამოცხადება იყო, მაგრამ მოსამართლე ნინო ონიანმა საკუთარი ინიციატივით წარმოადგინა ახალი გარემოება. მან გადაწყვიტა საქმეში მესამე პირებად ჩართო ყველა ის პირი თუ კერძო სტუდია, ვისაც სატენდერო განაცხადი ჰქონდა შეტანილი. მოსამართლემ საკუთარი გადაწყვეტილების გასამყარებლად განაცხადა, რომ ამ გადაწყვეტილებით ტენდერში მონაწილე სხვა სუბიექტების უფლებების შეზღუდვას აიცილებდნენ თავიდან.

„ეს იყო აბსურდული მიზეზი, რადგან თუკი ვინმეს ექნებოდა იურიდიული ინტერესი, თავად აღძრავდა სარჩელს. ამასთან, არანაირად არ ირღვეოდა მათი უფლებები. თუკი ტენდერის შედეგებს სასამართლო ბათილად ცნობდა, ყველა ეს პირი თუ კერძო სტუდია ხელახლა მიიღებდა მონაწილეობას ტენდერში. ეს საჯარო პროცესია და აქედან გამომდინარე მათ უფლებებს ვერ შელახავდა მიმდინარე სასამართლო პროცესი. მე მიმაჩნია, რომ მოსამართლის ეს ინიციატივა ემსახურებოდა სასამრთლო პროცესის გაჭიანურებას, რადგან მესამე პირთა რაოდენობამ რამოდენიმე ათეული შეადგინა“, - აცხადებს მანანა კობახიძე.

სასამართლო პროცესის გადადების მეორე მოტივად თავად მოსამართლის ავადმყოფობა დასახელდა, ხოლო მესამედ პროცესი საზაფხულო შვებულებას დაემთხვა, ამიტომ მოსმენა განუსაზღვრელი ვადით გადაიდო. დღესდღეობით ორგანიზაცია „კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ ადვოკატებისთვის სასამრთლო პროცესის თარიღი უცნობია.

„ხელშეკრულებებს, რომელიც 2008 წელს საზოგადოებრივ მაუწყებელსა და ტენდერში მონაწილე კომპანიებს შორის დაიდო, თავისი ვადები ჰქონდა. ეს იყო ერთწლიანი ხელშეკრულებები, რომლებსაც აგვისტოში ისედაც გასდის ვადა. გამიჩნდა ეჭვი, რომ მოსამართლე სასამრთლო პროცესს სწორედ ამის გამო აჭიანურებს. ხელშეკრულებების ვადის გასვლის შემდეგ დავას აზრი ეკარგება, რადგან ტელევიზიამ ახალი შესყიდვები უნდა განახორციელოს. მაგრამ ეს პროცესი მაინც მნიშვნელოვანია. რატომ აღმოჩნდა „ეტალონის“ შედარებით მწირი ბიუჯეტი მიუღებელი ტელევიზიისთვის, როდესაც „თიბისი თივის“ პროექტებისთვის გადარიცხული თანხა რამდენიმე ასეულ ათას ლარს შეადგენს? ჩვენ სასამართლოს გზით უნდა დავადგინოთ, რომ კომისიის შემადგენლობა უკანონო იყო. გარდა ამისა უნდა შეიქმნას, სასამართლოს საშუალებით საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარე პროცესების დარეგულირების პრეცენდენტი”, - ამბობს ადვოკატი მანანა კობახიძე.

ამ თემაზე:

„სამეურვეო საბჭომ მხარი კორუფციას დაუჭირა“ 

საზოგადოებრივი მაუწყებელის ახალი დირექტორი გიორგი ჭანტურია გახდა 

საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის ადგილისთვის სამი კანდიდატი იბრძოლებს 

ახალი ამბები