კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ვისი ტელევიზორი ვისი სახურავის ქვეშ

7 სექტემბერი, 2009

საბა წიწიკაშვილი, გორი

ყოფილი ბუფერული ზონის სოფლებში გაწეული დახმარებების შესახებ ინფორმაციის მოძიებას „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ გორის ოფისი და ადგილობრივი გაზეთი „ქართლის ხმა“ ერთობლივად ახორციელებს. უკანასკნელი ორი თვის მანძილზე ორივე ორგანიზაციამ არაერთი განცხადება შეიტანა ადგილობრივ მთავრობაში, თუმცა პასუხებს ან საერთოდ არ გვცემდნენ ან არასრულყოფილად და დაგვიანებით გვაწვდიდნენ.
 
„ადამიანის უფლებათა ცენტრმა“ სოფელ ზემო ხვითსა და კარბში გაწეული დახმარებების შესახებ დეტალური ინფორმაცია გამოითხოვა. თუმცა შიდა ქართლის ხელისუფლამ ამ მასალებს  დაადგო გრიფი - „საიდუმლო“ ინფორმაციის გაცემაზე უარი განაცხადა.

ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით ხელისუფლება საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გაწეულ დახმარებას თავისად ასაღებს.

83 წლის დიმიტრი გოგიშვილის გასაჭირი, რომელმაც ოს მოსწავლეს „ვეფხისტყაოსანი“ ათარგმნინა
 
ზემო ხვითში მცხოვრები  დიმიტრი გოგიშვილი 83 წლისაა და აგვისტოს ომის დროს დაიჭრა. მის შესახებ „ადამიანის უფლებათა ცენტრმა“ ერთხელ უკვე გამოაქვეყნა წერილი 2009 წლის 9 მაისს. მოხუცი ყოფილი პედაგოგია, ის ჯერ ცხინვალში, პირველ ქართულ ვაჟთა სკოლაში მუშაობდა, ხოლო შემდეგ - ნიქოზში. 30 წლის მანძილზე ნიქოზის სკოლის დირექტორი იყო. ოჯახს დანგრეული სახლის სანაცვლოდ კომპენსაცია არ მიუღია. გოგიშვილები აგვისტოს ომის შემდეგ სახლის რეაბილიტაციას ამაოდ ელოდებიან.

„როცა ცხივნალის სკოლაში ვმუშაობდი, ოსი, სომეხი, ებრაელი და სხვა ეროვნების მოსწავლეები ქართველებთან ერთად  სწავლობდნენ. ერთმა ოსმა მოსწავლემ, გიორგი ბესტაუთმა, რომელიც მთიანი სოფლიდან იყო და თავიდან ქართული კარგად არ იცოდა, ჩემი პედაგოგობის დროს ისე შეიყვარა ქართული მწერლობა, რომ ჩემი დახმარებით, ქართულიდან ოსურ ენაზე თარგმნა „ვეფხისტყაოსანი“. ის ოსურ და ქართულ ენებზე ლექსებსაც წერდა“ - ამაყობს 83 წლის მოხუცი, რომელსაც ქართველი და ოსი ხალხის მეგობრობა კარგად ახსოვს.

83 წლის მოხუცი ომის დროს ზემო ხვითში იყო. ის თავისი თვალით ხედავადა, როგორ ეწირებოდნენ უდანაშაულო ადამიანები ომს.

„6 აგვისტოს უკვე ინტენსიურად დაიწყო ქართული სოფლების დაბომბვა, გორის რაიონის სოფლების მიმართულებით ისროდნენ. გამაყრუებელი გუგუნი ისმოდა. მთელი ღამე შიშში და ნერვიულობაში გავატარე, დილით ცოტა ხანს ჩამეძინა და გათენებისას საშინელმა ხმამ გამომაღვიძა. 7 აგვისტო რომ გათენდა, ხმა ორჯერ განმეორდა, სახლიდან რამდენიმე მეტრში ორი ბომბი ჩამოვარდა, ტალღამ საწოლიდან გადმომაგდო, როცა გონს მოვედი - დაჭრილი ვიყავი, ზედ აგურის, ბლოკის და მინის ნამსხვრევები მეყარა. სწორედ მაშინ დამაკლდა თვალში სინათლე. ბომბის ჩამოვარდნამ დაანგრია მთლად ბლოკის კედელი, ჭიშკარი დახვრიტა, სახლის ყველა კედელი  დაზიანდა, კიბე, აივნის მილები, სულ დახვრეტილია კედლები, ყველა ფანჯარა ჩაიმსხვრა. დაზიანდა ვაზის ხეივანი, მსხმოიარე ვაზი სულ ძირს ჩამოიყარა. ოთახებში ფარდები, ჭაღები, ლოგინი სულ დაგლიჯა. ბავშვის საწოლი, სკამები, მაგიდა, მაცივარი, ტელევიზორი, სარეცხის მნქანა, ჭურჭელი, ტანსაცმელი, ტახტი, ყველაფერი დაზიანებული და გაუბედურებულია“, - თქვა დიმიტრი გოგიშვილმა.

სოფელში ომმა 11 ადამინი იმსხვერპლა, ორი ჯარისკაცი, დანარჩენი ზოგი გაქცევისას ჩაცხრილეს მანქანაში, ზოგი ბომბის დაცემისას სახლში, ზოგიც გზაში.
მოხუცს სასწრაფოდ ესაჭიროებოდა ასევე თვალის ოპერაცია, რასაც უსახსრობის გამო ვერ იკეთებს. ის ხელისუფლებას მიმარათავს თხოვნით, რათა გამოუყონ კონპენსაცია“.

როგორ ეხმარება მთავრობა დაზარალებულებს

ფაქტია, რომ 83 წლის გოგიშვილი და მისი ოჯახი სახელმწიფოს დახმარებას საჭიროებდა.

„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ 2009 წლის მარტში დაუკავშირდა კიდეც სამხარეო ადმინისტრაციას და გოგიშვილების ოჯახისთვის, ასევე სოფელ ზემო ხვითში მცხოვრები სხვა ოჯახებისთვის გაწეულ დახმარებაზე ინფორმაცია მოითხოვა.

განცხადებაზე ივლისის თვეში ჯერაც პასუხგაუცემელი იყო და, როგორც უკვე გითხარით, „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ გორის ოფისმა შიდა ქართლის გუბერნატორს დამატებითი განცხადებით 22 ივლისს მიმართა. გოგიშვილების თაობაზე ეს უკვე მეორე წერილი იყო შიდა ქართლის გუბერნატორის სახელზე.
განმეორებით წერილშიც ჩვენ იგივე ინფორმაციას ვითხოვდით: -

„გთხოვთ, აღნიშნულთან ოჯახთან დაკავშირებით დაწვრილებით გვაცნობოთ თქვენს მიერ ან კიდევ თქვენდამი დაქვემდებარებული უწყებების მიერ გატარებეული ღონისძიების შესახებ. გარდა ამისა, საქართველოს ზოგადადმინისტრაციული კოდექსის (თავი 3, ინფორმაციის თავისუფლება,) თანახმად გთხოვთ წერილობით, გონივრულ ვადაში გვაცნობოთ რა ტიპის ღონისძიებები განხორციელდა ან განხორციელდება გორის რაიონის სოფელ ზემო ხვითში აგვისტოს ომის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის მიმართ.“
 
ამჯერად გაგვიმართლა და განმეორებით წერილზე ერთი თვისა და 5 დღის (არაჩვეულებრივად „გონივრული ვადაა“) დაგვიანებით, 2009 წლის 27 აგვისტოს შიდა ქართლის ვიცე-გუბერნატორი ზურაბ ჩინჩილაკაშვილის პასუხი მივიღეთ.

„გაცნობებთ, რომ დიმიტრი გოგიშვილის საცხოვრებელი სახლის ხელახლა გადამოწმება მოხდება უახლოესი ერთი თვის განმავლობაში. ამჟამად მის საცხოვრებელ სახლთან მიტანილია ბლოკი, ქვიშა და სხვა სამშენებლო მასალები აფეთქების შედეგად დაზიანებული კედლების აღსადგენად და საჭირო სარემონტო სამუშაოების ჩასატარებლად. აქვე დამატებით განგიმარტავთ, რომ განმცხადებელზე დროულად გაცემულია როგორც სახელმწიფო, ასევე სხვადასხვა პროგრამით გათვალისწინებული ყველა სახის დახმარება, მათ შორის სახელმწიფოს მიერ მის საცხოვრებელ სახლს შეეცვალა სახურავი და კარ-ფანჯარა, გადაეცა ტელევიზორი, მაცივარი, სურსათი, გვარჯილა, უფასოდ გაუკეთდა თვალის ოპერაცია და გაეწია სხვა სახის დახმარებები“.

მივიღეთ თუ არა პასუხი, დიმიტრო გოგიშვილის შვილს, თინათინ გოგიშვილს დავუკავშირდით, რომელიც ზურაბ ჩინჩილაკაშვილის წერილის შინაარსით აღშფოთებული დარჩა:

„არანაირი სამშენებლო მასალა ჩვენთან არ მოუტანიათ. გუბერნატორის მოადგილე ზურაბ ჩინჩილაკაშვილი ჩვენთან პირველად გააფხულზე მოვიდა, მას შემდეგ რაც  „ადამიანის უფლებათა ცენტრმა“ ჩვენს შესახებ ინფორმაცია ვებ-გვერდის საშუალებით გაავრცელა.  გვისაყვედურა - რატომ გვიჩივლეთ, ისედაც გეხმარებითო. სახურავი სანახევროდ გადაგვიხურეს, რის გამოც წვიმის წყალი სახლს იმაზე უარესად აზიანებს ვიდრე რუსების მიერ დაბომბვის შემდეგ იყო. ისედაც დაზიანებული კიბეები დაიშალა, კედლები სამივე მხრიდან იშლება, რამდენიმე ბლოკი მოიტანეს ადრეულ გაზაფხულზე და დღემდე აქ ყრია. სამივე მხარეს კედელი იშლება, ორ წელიწადს შეიძლება არც გასძლოს. ასეთი კედლები ამ სანახევროდ გადახურულ სახურავს დიდი ხანი ვეღარ დაიჭერს. რა აზრი აქვს ასეთ სახურავს, თუკი კედლები იშლება? კედლები თავიდანაა ასაშენებელი და მას რამდენიმე ბლოკი რას უშველის? რაც შეეხება კარ-ფანჯარას, ისე დააყენეს მეტალოპლასტმასის ფანჯარა, რომ არც ამოლესეს. იმას ხომ დამაგრება უნდოდა? ის ფანჯრებიც გადაზნექილია. რა გავაკეთოთ არ ვიცი. თუ ამობრძანდებით ჩვენთან საკუთარი თვალით ნახავთ, რაც გააკეთეს." - გვითხრა თინათინ გოგიშვილმა.

რაც შეეხება ოჯახის ქონებას, თინათინ გოგიშვილმა გვითხრა, რომ სოციალური სუბსიდიების სააგენტომ ისინი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფთა სიაში არ ჩასვა: „მამაჩემს 83 წლის მოხუცს ჩაუწერეს, რომ მას მობილური ტელეფონი აქვს და ამიტომ არ ეკუთვნება სიღარიბის ქვემოთ მყოფთა კატეგორიას. ეს არის ცინიზმი. მამაჩემს სად აქვს მობილური ტელეფონი? კაცი პრაქტიკულად ვერ ხედავს და თითქმის აღარ ესმის“, - გვითხრა თინათინ გოგიშვილმა.

რაც შეეხება ანგარიშში ნახსენებ ტელევიზორსა და მაცივარს, ეს ნივთები ომის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებმა გადასცეს და რატომ ცდილობს ხელისუფლება მიიწეროს საერთაშორისო ორგაზაციების მიერ დაზარალებულებისთვის გაწეული დახმარება თავის თავზე გაუგებარია.

ახალი ამბები