15:56, Monday, 14.10.2019
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

დევნილები დევნილის სტატუსის გარეშე

09.09.2009
თეა თედლიაშვილი, გორი

გორის საბავშვო ბაღებს დღემდე 413 დევნილი ოჯახი აფარებს თავს. მათ შორის სოფელ ზარდიაანთკარიდან დევნილებიც არიან. ეს სოფელი გორის რაიონშია და ის პატარა ლიახვის ხეობის დაქვემდებარებაში არასოდეს ყოფილა. დევნილები ამბობენ, რომ ზარდიაანთკარში მათი სახლები უვნებლადაა გადარჩენილი, თუმცა, შინ დაბრუნებისა და ე. წ. საზღვრის გადაკვეთის საშუალებას მათ, როგორც თავად გვითხრეს, ქართული პოლიცია არ აძლევს.

„აპრილამდე ჩემი სახლიდან არაფერი მოუპარავთ. თუმცა სოფლის და სახლ-კარის მიტოვებიდან 8 თვის თავზე სახლი გამიძარცვეს... ვფიქრობ რომ სახლიდან რაღაცის გამოტანა მაინც შემეძლო. ახლა ჩვენი პოლიცია გვეუბნება, გამოგეტანათ რამეო, არადა, თვითონ არ გვიშვებდნენ და სოფელში მხოლოდ შემოვლითი გზებით გზით ვახერხებდით ხოლმე იქ შეპარვას. ახლა საერთოდ აგვიკრძალეს სოფელში შესვლა. რა ვქნათ? აქ არც სახლს გვაძლევენ, არც კომპენსაციას და არც სოფელში გვიშვებენ. როდემდე უნდა ვიყოთ შეხიზნულები ნათესავებთან და საბავშვო ბაღებში?“ - ამბობს ზარდიაანთკარიდან დევნილი ლუბა თაზიაშვილი.

„სოფელი ნოემბერში, მხოლოდ მაშინ დავტოვეთ, როცა გაუსაძლისი გახდა იქ ყოფნა: თავს დაგვესხნენ და შემეშინდა. წამოვედით გორში, საბავშვო ბაღში შეგვასახლეს, თუმცა იქ დიდხანს არ გავჩერებულვართ, რადგან პრაქტიკულად შეუძლებელია საბავშვო ბაღში ცხოვრება: სააქტო დარბაზები და დერეფნები ფარდებითაა გაყოფილი სხვადასხვა ოჯახებზე. აგერ უკვე ერთი წელია ნათესავის ბინაში ვცხოვრობთ და ჩვენი პატრონი არავინაა. თვეში ერთხელ გვაძლევენ პურს და მშრალ საკვებს. არც სახლი მოუციათ, არც კომპენსაცია. ნათესავთანაც რამდენ ხანს ვიცხოვრებთ?“ - ამბობს ზარდიაანთკარიდან დევნილი ნარგიზა აღდგომელაშვილი.

დევნილთა და განსახლების სამინისტროს შიდა ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის სამმართველოს უფროსის, მანანა ჭამპურიძის თქმით, უახლოეს პერიოდში საცხოვრებელი ფართით 400 დევნილი ოჯახი დაკმაყოფილდება. აქედან 300 სახლის მშენებლობას გერმანიის ტექნიკური დახმარების ორგანიზაცია (GTZ) 8 მილიონი ევროთი აფინანსებს. 100 ოჯახისთვის კი, სოფელ საქაშეთში, კოტეჯებს თურქული კომპანია აშენებს. ჭამპურიძის თქმით, ამ ახალ კოტეჯებს, რომელსაც გერმანელები და თურქები აშენებენ, დიდი და პატარა ლიახვის ხეობიდან დევნილებს გადასცემენ, რომლებიც დღესდღეობით გორის საბავშვო ბაღებში და თბილისში, სხვადასახვა შენობაში არიან შესახლებულები. დევნილების ნაწილს კომპენსაციები მიეცემა. ზარდიაანთკარელების ბედი კი ამ დრომდე გაურკვეველი რჩება. რამდენი ხანი მოუწევთ ზარდიაანთკარელებს უსტატუსოდ ცხოვრება არავინ იცის, ხელისუფლებას მათთან დაკავშირებით აგვისტოს ომიდან 13 თვის შემდეგ ჯერაც არა აქვს ჩამოყალიბებული პოზიცია და როგორც ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებებიდან ჩანს, უახლოეს მომავალში ამ საკითხს ნათელი არ მოეფინება.

„ზარდიაანთკარისა და უკონტროლო სოფლებიდან საბავშვო ბაღებში ჩასახლებული ოჯახებისთვის დევნილის სტატუსის მინიჭების საკითხი ჯერ არ განიხილება, რადგან, როგორც მე ვიცი, მუნიციპალიტეტი მათთვის სხვა პოლიტიკური სტატუსის მინიჭებას აპირებს“, - განმარტავს მანანა ჭამპურიძე.

გორის მუნიციპალიტეტის აპარატის უფროსის, კახა ტოლიაშვილის განცხადებით, ზარდიაანთკარის მოსახლეობის საკითხი ჯერ ისევ განხილვის პროცესშია.
„ველოდებით ცენტრალური ხელისუფლების გადაწყვეტილებას: დააბრუნებენ ამ ადამიანებს თუ არ დააბრუნებენ, ამის მიხედვით გადაწყდება რა სტატუსს მიანიჭებენ ამ ადამიანებს. კომპენსაციას მივცემთ, თუ კოტეჯებით დავაკმაყოფილებთ, ეს ჯერ არ ვიცით. მიდის მუშაობა ამ საკითხზე და საქართველოს მთავრობის გადასაწყვეტია, რას მოიმოქმედებს. ჯერჯერობით არ ვიცით, როდის მოგვარდება ეს საკითხი, მანამდე მოსახლეობა უნდა დარჩეს საბავშვო ბაღებში. ისინი ყველანაირ პროგრამაში სხედან, რაც ხორციელდება და საკითხის გადაწყვეტამდე მათ დახმარებები არ შეუწყდება“, - აცხადებს კახა ტოლიაშვილი.

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
მხარს უჭერთ თუ არა სავალდებულო დაგროვებით საპენსიო სისტემას?
დიახ არა თავს შევიკავებ პასუხის გაცემისგან

ბლოგი

გორაშვილი vs ნაჭყებია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ლექტორმა, გიორგი გორაშვილმა ამავე ფაკულტეტის სტუდენტს ბუბა ნაჭყებიას ფეისბუქის დახურულ ჯგუფში გინების გამო უჩივლა.
ვრცლად...
სიკვდილით სავსე ქალაქი
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2019 HRIDC