კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ქუთაისის ციხეში პატიმრებმა პირი ამოიკერეს

11 სექტემბერი, 2009

„იქნებ, ჩვენი შემთხვევის შემდეგ მაინც შეწყდეს ამ ქვეყანაზე უდანაშაულო ადამიანების დაპატიმრება“

შორენა კაკაბაძე, ქუთაისი

ქუთაისის №2 საპყრობილეში პატიმრები უსამართლობას პროტესტის უმკაცრესი ფორმით ებრძოდნენ. გიორგი გორგოძემ და გიორგი ზირაქაძემ  პირი 7 აგვისტოს ამოიკერეს და საპროტესტო აქცია გუშინ, 9 სექტემბერს, პროტესტის დაწყებიდან ოცდაცამეცამეტე დღეს შეწყვიტეს. ისინი 23 თებერვალს, ბაღდათის რაიონში, ქურდობის ბრალდებით აიყვანეს.

ბრალდებულების ახლობლები აცხადებენ, რომ ორივე უდანაშაულოა და სამართალდამცავებმა ისინი შემთხვევით (და შეცდომით) დააკავეს.

„დარწმუნებული ვარ, რომ არც ჩემს ძმას და არც გიორგი ზირაქაძეს ბრალი არაფერში მიუძღვით. ამას ისინიც დაკავების წუთიდან ხმამაღლა იძახდნენ და ყველას გვეხვეწებოდნენ, სიმართლე არ დაგვეთმო. მათ არ ეგონათ, რომ საკუთარი სიმართლის დამტკიცებას ვერ შეძლებდნენ. ისინი რომ მართლები არიან ისიც ადასტურებს, რომ 23 თებერვლის მერე სასამართლო განაჩენის გამოტანას ვერ ახერხებს. ჩვენ იმედი გვქონდა, რომ სიმართლეს გავარკვევდით და მათი უდანაშაულობა დადგინდებოდა, მაგრამ, როგორც ხედავთ, საქმე გაიწელა და ამ ყველაფერმა სავალალო შედეგამდე მიგვიყვანა. დღეს ისინი უმძიმეს მდგომარეობაში არიან და ხვალ შეიძლება ცოცხლებიც აღარ იყვნენ“, - ამბობს გიორგი გორგოძის და თეა გორგოძე.

პატიმრების პროტესტის მეხუთე დღეს ადვოკატმა პრეზიდენტის ადმინისტრაციას, პარლამენტს, სახალხო დამცველსა და მთავარ პროკურატურას წერილობით მიმართა და მათ ბრალდებულთა უმძიმესი მდგომარეობის შესახებ აცნობა. სახალხო დამცველის წარმომადგენლობის გარდა, ადვოკატის წერილს რეაქცია არც ერთი უწყებიდან მოჰყოლია.

„ჩვენ მათ ორჯერ შევხვდით და ვეცადეთ, დაგვერწმუნებინა ისინი, უარი ეთქვათ პროტესტის ამ ფორმაზე, რადგან მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა იმთავითვე უმძიმესი იყო. ასეთ შემთხვევში პატიმარი მეათე დღეს უკვე ცუდად ხდება და შეიძლება ყველაფერი სავალალო შედეგით დასრულდეს... სამწუხაროდ, მათ ჩვენ არ მოგვისმინეს. ჩვენ  ექიმებს ვთხოვეთ დახმარება. ორივე პატიმარი დღესაც ექიმების ზედამხედველობის ქვეშაა, თუმცა, ორივე მათგანის მდგომარეობა ამ დრომდე უმძიმესია“, - აცხადებს სახალხო დამცველის დასავლეთ საქართველოს სამმართველოს უფროსი მადონა ბასილაძე.

გიორგი გორგოძისა და გიორგი ზირაქაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო შეშფოთებული არიან  მათი ოჯახის წევრები. ისინი ოცდაცამეტი დღის განმავლობაში ამაოდ ცდილობდნენ (ადვიკატის შუამავლობით) დაერწმუნებინათ პატიმრები, უარი ეთქვათ პროტესტის უმძიმეს ფორმაზე.

„მე მათთან საუბარი ძალიან მიჭირს. უარესი მდგომარეობა, უბრალოდ, წარმოუდგენელია. რეაქცია აღარაფერზე აქვთ. ერთერთს, გიორგი გორგოძეს უკვე აცეტონის სუნი ამოსდის და შეიძლება ეს მდგომარეობა ვერც გადაიტანოს. ციხეში პატიმრების გარდაცვალების ფაქტები იშვიეთობას სამწუხაროდ არ წარმოადგენს და არ მინდა, მათ ეს შემთხვევაც დაემატოს. მე მყავდა პატიმარი, რომლის საქმეზე სამშაბათს ექსპერტიზა იყო დანიშნული და კვირას თავი ჩამოიხრჩო. ამას, ყველაფერს მათ ვუყვები და ვარწმუნებ, გადაიფიქრონ, რასაც ჩადიან, მაგრამ - ამაოდ“, - თქვა ორი დღის წინ ციხიდან გამოსულმა ადვოკატმა ფიქრია ცერცვაძემ.

პირგაკერილი პატიმრები ბოლო დღეებში მკურნალობაზეც უარს აცხადებდნენ. არ გაიკეთეს გადასხმა, რასაც, ადვოკატის თქმით, მათთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს.

„ამას აკეთებენ იმიტომ, რომ თავს დამნაშავედ არ ცნობენ და ამბობენ, რომ ამ ქვეყანაზე ქურდის სახელით ცხოვრებას, სიკვდილი ურჩევნიათ. იქნებ, ჩვენი შემთხვევის შემდეგ მაინც შეწყდეს ამ ქვეყანაზე უდანაშაულო ადამიანების დაპატიმრებაო - აცხადებენ პატიმრები. მათი მდგომარეობით უკვე ციხის თანამშრომლებიც კი, შეწუხებული არიან. არავის ეგონა, ეს ორი ადამიანი ამდენს თუ შეძლებდა, ნებისყოფა თუ ეყოფოდათ. ბოლოს, როგორც იქნა, დავარწმუნე, რომ პირი გაეხსნათ და გამოსავალი მოიძებნებოდა“, - ამბობს ფიქრია ცერცვაძე.

პატიმრები პროკურატურის წარმომადგენლებთან შეხვედრას ითხოვდნენ. სხვა შემთხვევაში პროტესტის შეწყვეტაზე უარს ამბობდნენ. ისინი ჩაუდენელი დანაშაულის აღიარებას არ აპირებენ. ადვოკატი მათ პროკურატურის წარმომადგენლებთან შეხვედრას დაპირდა, რასაც პროტესტის შეწყვეტა მოჰყვა.

„სხვა შემთხვევაში, ისინი ორშაბათიდან კვლავ პროტესტის გაგრძელებას აპირებენ. გამამართლებელს ითხოვენ. ეს, ბუნებრივია, პროკურატურას არ აწყობს. სასამართლო კი, მოგეხსენებათ, პროკურატურაზეა დამოკიდებული. ერთადერთი გამოსავალი, რასაც მე პირადად ვხედავ, საპროცესო გარიგებაა. მხოლოდ, საპროცესო აღიარების გარეშე. მთავარია ახლა პროკურატურამ არ თქვას მათთან შეხვედრაზე უარი, თორემ, მერე მართლა უმძიმეს შემთხვევასთან გვექნება საქმე“, - ამბობს ადვოკატი.

„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ დასავლეთ საქართველოს პროკურატურის რაიონულ პროკურორს კახა კოჩივარს დაუკავშირდა. შეკითხვაზე, შეხვდება თუ არა იგი (ან პროკურატურის სხვა წარმომადგენლები) მძიმე მდგომარეობაში მყოფ პატიმრებს, კოჩივარმა გვიპასუხა: „საქმეზე სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. ვიცი მათი მდგომარეობა... შევხვდებით და როგორც საქმე გვიჩვენებს, ისე მოვიქცევით...“

ახალი ამბები