კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„მკაცრი ხელი“ ციხის და ბიზნესმენების შემდეგ ჯარში გადაინაცვლებს

14 სექტემბერი, 2009

სახალხო დამცველი ახალაიას წინააღმდეგ

ნონა სალაღაია

„ნასვამ მდგომარეობაში იყო… დარტყმის შემდეგ მან ავალიანს პირში „სტეჩკინის“ მარკის იარაღი ჩაუდო და  მოკვლით დაემუქრა, შემდეგ მიუთითა სპეცრაზმს მისთვის ჭკუა ესწავლებინათ, ავალიანს ოთახში მყოფი ნიღბიანები მივარდნენ  და თავის არეში რეზინის ხელკეტებით ცემა დაუწყეს...“

- სახალხო დამცველის 2008 წლის ანგარიშში ასეა აღწერილი ბაჩო ახალაიას მიერ პატიმარ გიორგი ავალიანის ცემის ფაქტი. სახალხო დამცველი ახალაიას ბრალს პატიმრებზე ძალადობის არაერთ ფაქტსა თუ 2006 წლის 27 მარტის „ორთაჭალის ციხის ბუნტის“ ინსპირირებაში სდებს. ანგარიშში საუბარია ბაჩო ახალაიასა და მისი მოადგილეების მონაწილეობაზე ქიბარ ხალვაშის წინააღმდეგ წარმოებულ კომპანიაშიც.

მიუხედავად იმისა, რომ სახალხო დამცველის 2008 წლის ანგარიში მთლიანად ბაჩო ახალაიას მიერ ჩადენილ უკანონობებს ეძღვნება, და ანგარიშში მოხსენიებულ ფაქტებზე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, ხელისუფლება როგორც ჩანს თეორიულადაც არ განიხილავს ახალაიას სავარაუდო ბრალეულობის საკითხს.

2009 წლის 27 აგვისტოს ბაჩო ახალაია, რომელიც აქამდე თავდაცვის მინისტრის მოადგილის თანამდებობას იკავებდა დააწინაურეს და თავდაცვის მინისტრად დანიშნეს.

„მკაცრი ხელი“ თუ დამნაშავე

უშიშროების საბჭოს სხდომაზე, საქართველოს პრეზიდენტმა ბაჩო ახალაიას დანიშნვა რამოდენიმე მოტივით ახსნა. მთავარი მოტივი მისი მართვის მკაცრი და ამდენად ეფექტური სტილია: - „ბევრად მეტია გასაკეთებელი და ბევრად უფრო მკაცრი ხელია საჭირო ამ უწყებაში“ -სააკაშვილის ეს გადაწყვეტილება და მაღლა ციტირებული სიტყვები ხელისუფლების ოპონენტებმა ხელისუფლების ცინიზმის კიდევ ერთ გამოვლინებად შეაფასეს. ოპოზიციის წარმომადგენლებმა ახალაიას მთავრობის ყველაზე დისკრედიტებული მინისტრი უწოდეს. რასაც საზოგადოების ოპოზიციურად განწყობილი ნაწილი ახალაიას დამნაშავეობის დამადასტურებელ არგუმენტად მიიჩნევს, პრეზიდენტი ღირსებად აფასებს. „დღეს ჩვენს ციხეს აღარ მართავს კანონიერი ქურდი და დღეს დანაშაული აღარ იმართება ციხიდან. აი, ამ კაცმა გააკეთა ეს. მე ვიყავი იუსტიციის მინისტრი და ეს ვერ გავაკეთე, მან კი ეს ძალიან მკაცრი ზომების გატარების ხარჯზე განახორციელა“ - ამბობს პრეზიდენტი, თუმცა ის არაფერს ამბობს იმაზე, რომ „ძალიან მკაცრი ზომების“ გატარებას 2006 წლის 27 მარტს 7 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

სახალხო დამცველის აზრით, „კანონიერი ქურდების“ ინსტიტუტის დანგრევა მართლაც ახალაიას დამსახურებაა, თუმცა ამ შედეგს მან კანონის უხეში დარღვევით მიაღწია, რაზედაც პასუხი უნდა აგოს. „2005წლის დეკემბრის ბოლოს, როდესაც ახალაიას დეპარტამენტის ხელმძღვანელობა შესთავაზეს, ძალიან გამიხარდა და ვთქვი კიდეც პარლამენტში, აი, ახლა გამოჩნდება არის თუ არა ციხეების სხვანაირად მართვა შესაძლებელი. იმედი მქონდა, რომ ის ამას შესძლებდა და მართლაც შეძლო, დაანგრია სისტემა, რომელიც დასანგრევი იყო, მაგრამ არანაირად არ ვამართლებ იმ მეთოდებს, რაც მან ამ სისტემის დასანგრევად გამოიყენა. ციხეებში დაიწყო პატიმრების უსასტიკესი ცემა, მათი უფლებების დარღვევა, რეჟიმის არანორმალური გამკაცრება, ნარკოტიკისა და იარაღის ჩადება ზოგ შემთხვევებში, იმ პატიმრებისთვის, რომლებსაც პატიმრობის ვადა უმთავრდებოდათ და გარეთ უნდა გამოსულიყვნენ. ამ მხრივ, რასაც აკეთებდა ბაჩო ახალაია, იყო დანაშაული და ადამიანის უფლებების იგნორირება. „კანონიერი ქურდების“ ინსტიტუტი კი მოისპო, მაგრამ კანონს ვინ დაარღვევს და ვინ მოიქცევა როგორც „კანონიერი ქურდი“ ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს“, - აცხადებს სახალხო დამცველი.

პირველი არგუმენტი ახალაიას წინააღმდეგ - ციხის ბუნტის ინსპირირება

სახალხო დამცველის ანგარიშში განსაკუთრებული ყურადღება 2006 წლის 27 მარტის ციხის ბუნტს ეთმობა. პირველი არგუმენტი ახალაიას წინააღმდეგ სწორედ ესაა.

გამოძიების მასალებიდან ირკვევა, რომ ციხეში ბუნტის დაწყების საფრთხე ახალაიასთვის მინიმუმ ორი დღით ადრე იყო ცნობილი. უსაფრთხოების სამსახურის უფროსის, დავით ჭკადუას 2006 წლის 25 მარტის პატაკის მიხედვით, ირკვევა რომ ხელისუფლებას ჰქონდა ინფორმაცია საპყრობილეში მასიური არეულობის დაწყების საფრთხის თაობაზე. სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ხელმძღვანელობამ აღნიშნული საკითხი განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება, რომ მასობრივი არეულობის თავიდან აცილების მიზნით, სამკურნალო დაწესებულებაში მყოფი კანონიერი ქურდები და კრიმინალური ავტორიტეტები #7 საპყრობილეში გადაეყვანათ.

გართულების თავიდან ასაცილებლად, სამართალდამცავებმა პატიმრების გადაყვანა ღამით გადაწყვიტეს. 27 მარტს ბაჩო ახალაია სამკურნალო დაწესებულების ტერიტორიაზე რამდენიმე თანმხლებ პირთან ერთად მივიდა. მოსალოდნელი მასობრივი არეულობის აღკვეთისა და არეულობის ორგანიზატორების (მალხაზ ზედელაშვილი, პლატონ მამარდაშვილი, ნიკოლოზ მახარაძე, გიორგი ავალიანი, ზურაბ ვიბლიანი, ლევან ცინდელიანი) იზოლირების მიზნით, მან საპყრობილედან პატიმრების გამოყვანა დაიწყო.

„ეს პროცესი იმდენად ხმაურიანად წარიმართა, რომ არა თუ მოსალოდნელი არეულობა აღკვეთა, პირიქით, უფრო დააჩქარა და თუ გამოძიების ვერსიას გავიზიარებთ, ბაჩო ახალაიას მიერ დაწყებულმა პროცესმა ხელი შეუწყო ბუნტის ორგანიზატორებს არეულობის მოხდენაში, ანუ ბაჩო ახალაიამ დააჩქარა პროცესი“, - აღნიშნულია „სახალხო დამცველის“ ანგარიშში.

სახალხო დამცველის მიერ ჩატარებული გამოძიების მიხედვით, საეჭვოა, ნამდვილად დაიწყო თუ არა წინასწარი გამოძიება 25 მარტს? „ეჭვის საფუძველს იძლევა ბაჩო ახალაიას სახელზე დ. ჭაკუას, ა.ხუხუას და მ. სინაურიძის მიერ დაწერილი საიდუმლო ოპერატიული პატაკები. არც ერთ პატაკზე არ არის რეგისტრაციის ნომერი, შტამპი თუ სხვა აღნიშვნა, რომლებიც დაადასტურებდნენ პატაკთა სინამდვილეს”, - აღნიშნულია ანგარიშში.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის 2006 წლის 13
აპრილის დადგენილებით ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემულ იქნენ
მალხაზ ზედელაშვილი, გიორგი ავალიანი, ნიკოლოზ მახარაძე, პლატონ მამარდაშვილი, ზურაბ ვიბლიანი და ლევან ცინდელიანი. მათ ბრალი სასჯელაღსრულების დაწესებულების თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობასა და ამ დაწესებულების საქმიანობის დეზორგანიზაციაში დაედოთ. მათ ასევე ბრალი წაუყენეს სასჯელაღსრულების დაწესებულების ადმინისტრაციაზე თავდასხმასა და ამავე მიზნით დანაშაულებრივი დაჯგუფების შექმნაში.

ჩამოთვლილთაგან არც ერთს თავი დამნაშავედ არ უცვნია. სახალხო დამცველი ყურადღებას ამახვილებს ერთ-ერთი ბრალდებულის, პლატონ მამარდაშვილის ჩვენებაზე, საიდანაც ირკვევა რომ ის: „2006 წლის 26 მარტს იმყოფებოდა თავის საკანში მალხაზ ზედელაშვილთან და წინა დღით მოსულ ნიკოლოზ მახარაძესთან ერთად, რომელსაც საერთოდ არ იცნობდა. ღამით მორიგემ გაიყვანა დირექტორის კაბინეტში, სადაც დახვდა ბაჩო ახალაია, #7 საპყრობილის დირექტორი მეგის ქარდავა და კიდევ 15 ადამიანი, აქედან 5 იყო ნიღბიანი, ყველანი იყვნენ ავტომატური იარაღით შეიარაღებულები, ოთახში შემოიყვანეს ვიბლიანი და ავალიანი. ამ დროს მეგის ქარდავამ პლატონ მამარდაშვილს მაკრატლით ამოაჭრა ერთი ბღუჯა თმა და ჩაუდო ჯიბეში, როდესაც პლატონ მამარდაშვილმა უთხრა, გეყოფა ამდენი დამცირებაო, იქვე მდგომმა ნიღბიანმა სახის არეში დაარტყა რკინიანი ხელი, რა დროსაც მოტყდა კბილი და ცხვირპირიდან წამოუვიდა სისხლი. დაინახა, რომ ხელკეტებს ურტყამდნენ ვიბლიანსაც და ავალიანსაც... დერეფანში აიძულეს ჩაკუზულიყო და ამ მდგომარეობაში მყოფს დაახლებით 10 წუთი ურტყამდნენ ხელკეტებს. შემდეგ ლ. ცინდელიანთან ერთად გაიყვანეს ეზოში, სადაც მიწაზე ეყარნენ ვიბლიანი და ავალიანი. იქაც გააგრძელეს ცემა, რა დროსაც გაიგო პატიმრების ხმა, რომლებიც მოუწოდებდნენ შეეწყვიტათ ცემა. შემდეგ ოთხივენი გადაიყვანეს #7 საპყრობილეში, სადაც საერთოდ გააშიშვლეს და გააგრძელეს ცემა, რის შემდეგაც შიშვლები შეყარეს საკანში. პლატონ მამარდაშვილი უარყოფს ვინმესთან ბუნტზე და არეულობაზე საუბარს, აცხადებს, რომ არც არავისთვის გაუწევია წინააღმდეგობა და არც დაუმორჩილებლობისაკენ მოუწოდებია. მისი აზრით არეულობის და ხმაურის დაწყების მიზეზი გახდა პატიმრების ცემის ფაქტი სამკურნალო დაწესებულების ეზოში“.

ანალოგიური სახის ჩვენებები აქვთ მიცემული დანარჩენ ბრალდებულებსაც. სახალხო დამცველის ანგარიშის თანახმად ბაჩო ახალაიას ბრალეულობას ამტკიცებს ის ფაქტიც, რომ ყველა ჩვენება ზედმიწევნით ზუსტად ემთხვევა ერთმანეთს. სახალხო დამცველის ანგარიშის თანახმად ბაჩო ახალაიას დანაშაული ცალსახაა - ანგარიშის თანახმად იკვეთება მის მიერ უფლებამოსილების არაერთგზის გადამეტება, პატიმრების ცემის არაერთი ფაქტი, ციხის ბუნტის ინსპირირება... თუმცა ეს არ არის ერთადერთი ბრალდება, რომელსაც სახალხო დამცველი ყოფილ კოლეგას უყენებს. სახალხო დამცველის ანგარიშის თანახმად

ახალაია პირადად იყო დაინტერესებული ქიბარ ხალვაშის საქმით

2007 წლის 25 სექტემბერს ტელეკომპანია „იმედის“ პირდაპირ ეთერში საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას, ქვეყანაში პოლიტიკური ვითარების დაძაბვაც მოჰყვა. ამ გამოსვლაში ის საქართველოს ხელისუფლებას მრავალ დანაშაულში, მათ შორის პრემიერ-მინისტრ ჟვანიას მკვლელობის დეტალების დამალვაში ამხელდა. საბოლოოდ, ირაკლი ოქრუაშვილი იძულებული გახდა დაეტოვებინა საქართველო.

ქვეყნიდან წასულ ოქრუაშვილს არაერთხელ განუცხადებია, რომ მისი წასვლის შემდეგ, საქართველოს ხელისუფლება მის მეგობრებსა და პოლიტიკურ თანამოაზრეებს დევნის. საქართველოს ხელისუფლების მიერ შევიწროებულ მეგობრებს შორის ოქრუაშვილი ყველაზე ხშირად ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშს ასახელებს, რომელსაც ოქრუაშვილის გაძევების შემდეგ საქართველოში ბიზნესის წარმოების საშუალება არ მისცემია.

სახალხო დამცველი ხალვაშის საქმით დიდი ხნის წინ დაინტერესდა და შესაბამისი უწყებებიდან მისი საქმის მასალები გამოითხოვა. აპარატში წარმოდგენილი მასალების შესწავლის შედეგად გამოირკვა, რომ 2007 წლის 20 სექტემბერს შპს „ინტერნეიშენალ ბილდინგ კომპანის“ ოფისში მივიდნენ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო ინსპექციის თანამშრომლები, რომლებმაც კომპანიის ხელმძღვანელობას წარუდგინეს შეტყობინება ათი დღის შემდეგ მოსალოდნელი გეგმური საგადასახადო შემოწმების შესახებ. პარალელურად, საგადასახადო ორგანოს ოთხმა თანამშრომელმა საწარმოს დირექტორის ზურაბ მეტრეველის კაბინეტი დაიკავა. მათ კომპანიის თანამშრომლებისგან საბუღალტრო დოკუმენტაციის წარმოდგენა მოითხოვეს. 20 სექტემბრიდან სამი დღის განმავლობაში საგადასახადოს თანამშრომლები ლუქავდნენ ბუღალტერიას. დალუქვას მსხვილ გადამხდელთა ინსპექციის ინვენტარიზაციის კომისიის თავმჯდომარე თენგიზ ზურაბაშვილი ახორციელებდა.

24 სექტემბერს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსურ პოლიციაში დააკავეს სამშენებლო კომპანია „ინტერნეიშენალ ბილდინგ კომპანის“ დირექტორი ზურაბ მეტრეველი, ასევე ქიბარ ხალვაშის ძმა - ნიაზ ხალვაში და ქიბარ ხალვაშის მიერ დაფუძნებულ სამივე საწარმოში (შპს „ინტერნეიშენალ ბილდინგ კომპანი“, შპს „არტი ჯგუფი“ და შპს „პრიზა“) ერთდროულად შევიდა ფინანსური პოლიცია.

„საგადასახადო შემოწმების მიმდინარეობის პარალელურად, საქართველოს თავდაცვისა და იუსტიციის სამინისტროს ხემძღვანელობამ კანონის მოთხოვნათა უხეში დარღვევით და სხვადასხვა იძულების მეთოდების გამოყენებით, ხელშეკრულებები შეუწყვიტეს სამშენებლო კომპანიას. კომპანიის კუთვნილი სამშენებლო მასალები, ინვენტარი და ტექნიკა კი თანამშრომლებს სამხედრო ბაზაზე დაატოვებინეს. საქმე ეხება გორისა და სენაკის სამხედრო ბაზების მშენებლობას“, - ნათქვამია ანგარიშში.

მსგავსი მეთოდის გამოყენებით შეწყდა გლდანის საპყრობილის მშენებლობაც. კომპანიის მაშინდელი მთავარი ინჟინრის მალხაზ ოსაძის განმარტებით, იგი თავად დაესწრო აღნიშნულ ფაქტს და აღნიშნა, რომ სამხედრო ფორმიანებთან ერთად იმყოფებოდა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარე ბაჩო ახალაია, რომელმაც კომპანიის წარმომადგენლებს განუცხადა, რომ რადგან მშენებლობა დროულად ვერ განხორციელდა, შპს „ინტერნეიშენალ ბილდინგ კომპანის“ მშენებლობა უნდა შეეწყვიტა.

მოგვიანებით ბაჩო ახალაიამ კომპანიის წარმომადგენლებს განუცხადა, რომ უნდა მომხდარიყო შპს „ინტერნეიშენალ ბილდინგ კომპანის“ გადაფორმება მათ მიერ მითითებულ პიროვნებაზე. რამდენიმე დღის შემდეგ კი ახალაიას მოთხოვნით, კომპანია (რომელშიც ქიბარ ხალვაში წილის მხოლოდ 25 პროცცენტს ფლობდა) მთლიანად ქიბარ ხალვაშის სახელზე უნდა გადაფორმებულიყო, რაზედაც ხალვაშმა სასტიკი უარი განაცხადა. ხალვაში მიხვდა, რომ სამართალდამცავი ორგანოების მიერ ამ მომენტისთვის უკვე დაკავებული ირაკლი ოქრუაშვილის გირაოს თანხას მისი სახელით გადაიხდიდნენ.

საბოლოო მოლაპარაკების შედეგად კომპანია მის თანამშრომლებზე მალხაზ ოსაძესა და ზაზა გოცირიძეზე გადაფორმდა. 2007 წლის 24 ოქტომბერს შპს „ინტერნეიშენალ ბილდინგ კომპანის“ დირექტორმა, მალხაზ ოსაძემ  ირაკლი ოქრუაშვილის გირაოს ფონდში 7 100 000 (შვიდი მილიონ ასი ათასი) ლარი გადარიცხა.
 
სახალხო დამცველის ანგარიშის თანახმად საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილის, ნიკა გვარამიას მიერ 2007 წლის 6 ნოემბერს ტელევიზიით გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ირაკლი ოქრუაშვილის გირაოს თანხის ნაწილი 6 500 000 (ექვსი მილიონ ხუთასი ათასი) გადარიცხა ქიბარ ხალვაშის კომპანიამ, სიმართლეს არ შეესაბამება. ნიკა გვარამია: „საინტერესოა, 10 მილიონ ლარს სხვის მაგივრად ვინმე იხდის საქართველოში ან სხვაგან?!“ - თქვა მან და განმარტა, რომ ამ გირაოს ნაწილი, 6 მილიონ ხუთასი ათასი ლარი გადაიხადა „ინტერნატიონალ ბილდინგ კომპანიმ“, რომელიც ოქრუაშვილის მეგობრის ქიბარ ხალვაშის მფლობელობაშია, ნაწილი კი ნიჟარაძემ დაფარა”.

„სახალხო დამცველის ხელთ არსებული ახსნა-განმარტებებით და სატელეფონო საუბრების ამონაწერებით ირკვევა, რომ ხელისუფლება უშუალოდ მონაწილეობდა პარტნიორთა ნების საწინააღმდეგოდ შპს ,,ინტერნეშენალ ბილდინგ კომპანის“ წილების გადანაწილებაში. ხელისუფლებას სურდა საჯაროდ მოეხდინა ირაკლი ოქრუაშვილისა და ქიბარ ხალვაშის მეგობრული ურთიერთობის დემონსტრირება და ეს უკანასკნელი გამოეყენებინა მათი დისკრედიტაციის მიზნით. ამისათვის აუცილებელი იყო ქიბარ ხალვაშის კუთვნილ საწარმოს ირაკლი ოქრუაშვილისათვის გადაეხადა უპრეცედენტო რაოდენობის გირაოს თანხა ათი მილიონი ლარის ოდენობით. იმ პირობებში, როდესაც ქიბარ ხალვაში ფლობდა ,,ინტერნეშენალ ბილდინგ კომპანის“ მხოლოდ 25%–ს, ამგვარი პიარ კამპანია არადამაჯერებელი იქნებოდა. საჭირო იყო მთელი საწესდებო კაპიტალის წილების ქიბარ ხალვაშზე გადაფორმება. სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარე, ბაჩო ახალაია ითხოვდა კომპანიის დანარჩენი საწესდებო კაპიტალის წილების ქიბარ ხალვაშის სახელზე გადაფორმებას, ხოლო მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში, ქიბარ ხალვაშს მთელი ქონების წართმევით ემუქრებოდა. მუქარა მომდინარეობდა როგორც ბაჩო ახალაიას, ისევე მის სამსახურებრივ დაქვემდებარებაში მყოფი პირების, რევაზ ჭარბაძისა და კახა ბუცხრიკიძის მხრიდან ბაჩო ახალაიას უშუალო მითითებით“, - წერია ანგარიშში.

დღეს ქიბარ ხალვაშის ბიზნესი სრულიად განადგურებულია. იგი გერმანიაში პოლიტიკური დევნილის სტატუსით შეიფარეს.

ბეწვის ხიდი: ადამიანის უფლებების დამცველიდან მათი უფლებების დამრღვევამდე

სახალხო დამცველი სოზარ სუბარი, ბაჩო ახალაიას, როგორც ყოფილ თანამშრომელს პოზიტიურად ახასიათებს. მისი თქმით, ახალაია პირნათლად ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, იყო ძალიან მოტივირებული თანამშრომელი და ნამდვილად არ იყო უმნიშვნელო პირი სახალხო დამცველის აპარატში. „მე მას ვენდობოდი და ახლაც მიმაჩნია, რომ ჩემი ნდობა მან ბევრ საქმეში გაამართლა, თუმცა იყო ერთი შემთხვევა, როდესაც ბაჩო ახალაიას მიერ გაკეთებულ განცხადებას მწვავე კრიტიკა მოჰყვა, მათ შორის არაოფიციალური უმრავლესობის წევრების მხრიდანაც. ისინი მე მაკრიტიკებდნენ ახალაიას გამო, მიუხედავად იმისა, რომ მისი განცხადება ჩემთვის მიუღებელი იყო, მაშინ მაინც დავიცავი ჩემი კოლეგა“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.

სუბართან საუბრის შედეგად გავარკვიეთ, რომ 4 წლის წინ ასამდე ჯარისკაცი მუხროვანის ბატალიონიდან გამოიქცა და პრეზიდენტის რეზიდენციასთან საპროტესტო აქცია გამართა. ჯარისკაცებს სახალხო დაცვის აპარატიდან ირაკლი სესიაშვილი შეხვდა, რომელმაც ისინი სახალხო დამცველის ოფისთან მიიყვანა, სადაც მათ პრესკონფერენციის გამართვა უნდოდათ. ბაჩო ახალაიამ მომხდარის შესახებ სოზარ სუბარს აცნობა, რომელიც თბილისში არ იმყოფებოდა და რჩევა სთხოვა. იმის გამო, რომ კონსტიტუციის მიხედვით ჯარისკაცების მიერ მიტინგის ჩატარება აკრძალულია, სახალხო დამცველმა მათი წახალისებისგან თავი შეიკავა, თუმცა მოლაპარაკების დროს შეთანხმდნენ, რომ სახალხო დამცველის აპარატი ჯარისკაცების გვერდით დადგებოდა და მათ უფლებებს დაიცავდა იმ პირობით, რომ ისინი ბატალიონში დაბრუნდებოდნენ. „ბაჩო ახალაიამ ეს განცხადება გააკეთა, რასაც ერეკლე სესიაშვილის მხრიდან შეკამათება მოჰყვა. ამის შემდეგ ბაჩო ახალაიამ დაიწყო ყვირილი და ჯარისკაცებს დეზერტირები უწოდა. მათთვის დეზერტირების სტატუსის მინიჭება არც მორალურად იყო გამართლებული და არც იურიდიულად იყო სწორი. დეზერტირი იურიდიული ტერმინია და იმისთვის, რომ ადამიანს დეზერტირი ეწოდოს ერთი თვე მაინც უნდა იყოს გამოსული ნაწილიდან. საბოლოოდ გამოვიდა, რომ ბაჩო ახალაიამ დაიცვა ის პოზიცია, რა პოზიციაც ორივეს გაგვაჩნდა, მაგრამ გამოხატვა იყო აბსოლუტურად არასწორი“, - აცხადებს სოზარ სუბარი.

ბაჩო ახალაიას მიერ ჩადენილ დანაშაულებრივ ქმედებებზე სახალხო დამცველმა რამდენჯერმე მიმართა პროკურატურას, რის შემდეგაც პროკურატურა ვალდებული იყო დაეწყო გამოძიება აღნიშნულ ფაქტებზე. თუმცა, როგორც წესი, ომბუდსმენის რეკომენდაციით საქართველოში გამოძიება ან არ იწყება ან ბოლომდე არ მიდის.

„ჩემი ღრმა რწმენით, დანაშაულში ეჭვმიტანილი და ბრალდებული პირები არ უნდა მუშაობდნენ მაღალ პოლიტიკურ თანამდებობებზე, არ აქვს მნიშვნელობა, ბაჩო ახალაია იქნება ის თუ სხვა. ჯერ სრულყოფილად უნდა იქნეს მათი საქმეები გამოძიებული და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა გადაწყდეს ამა თუ იმ პირის მომავალი. თუ გაირკვევა, რომ ის დამნაშავეა უნდა დაისაჯოს, ხოლო უდანაშაულობის დამტკიცების შემთხვევაში შეუძლია საზოგადოებრივი საქმიანობის გაგრძელება. აქედან გამომდინარე, მიმაჩნია, რომ ბაჩო ახალაიას დანიშვნა მინისტრად, ან სხვა თანამდებობაზე, სანამ აღნიშნულ ბრალდებებზე არ ჩატარდება სრულყოფილი გამოძიება, არ არის გამართლებული”, - ფიქრობს სახალხო დამცველმა.

ახალაიას შემთვევაში პროკურატურას რეაგირება არ მოუხდენია იმ საქმეებზე, რომელიც მათ სახალხო დაცვის აპარატიდან გაუგზავნეს. საქმე ეხება დანაშაულებრივი ქმედებების იმ გრძელ ჩამონათვალს, რომლის ავტორებიც დღემდე არ დასჯილან: ქიბარ ხალვაშის დევნისა და შევიწროების ფაქტი, 2006 წლის ბუნტი ციხეში, 2006 წლის ბათუმის ციხეში მომხდარი პატიმრების ცემა, 2006 წლის 19 იანვარს პატიმარ გოჩა ფაცურიას წამება ქსნის საპყრობილეში და მრავალი სხვა.

ციხეში აღმოფხვრილმა „კანონიერი ქურდების“ ინსტიტუტმა და დაუსჯელობის სინდრომმა ხელისუფლების სტრუქტურებში გადაინაცვლა. როგორც ჩანს, ახლა სამხედროების ჯერია, მათაც ხომ სჭირდებათ „მკაცრი ხელი“.

ახალი ამბები