კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ვახტანგ მაისაიას საქმე და ჯაშუშების სია [ვიდეო]

15 სექტემბერი, 2009

 ელენე მაღრაძე, ვ. მაისაიას მეუღლე

იხ. ვიდეო

ნონა სალაღაია

ერთ-ერთი უკანასკნელი ინფორმაცია, რომელიც თბილისის მე-8 საპყრობილეში მყოფი ვახტანგ მაისაიასგან ადამიანის უფლებების დამცველებმა და ადვოკატებმა გამოიტანეს, მეტად სკანდალური გახლავთ. მაისაიამ მათთან საუბარში თქვა, რომ სამართალდამცავები არაოფიციალურ დაკითხვებზე ცნობილი პოლიტიკოსებისა და ხელისუფლების მაღალჩინოსნების წინააღმდეგ ჩვენების მიცემას აიძულებენ. პატიმრობაში მყოფმა პოლიტოლოგმა ჩვენს საგამოძიებო ჯგუფს გამოუგზავნა რვეული, რომელშიც გვაუწყებს ამ ადამიანების სახელებს. იმ 20 პირიდან, რომელთა სამშობლოს ღალატში დადანაშაულებას მოითხოვენ მისგან, ბევრი მოქმედი ხელისუფლების წარმომადგენელია, ზოგი კი - საზოგადოებისთვის ცნობილი პოლიტოლოგი თუ სამხედრო ექსპერტი.მათგან ყველაზე ცნობილი სახელებია:

ალექსანდრე (კახა) ლომაია, ელჩი გაეროში;
გელა ბეჟუაშვილი, ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი;
გიორგი მანჯგალაძე, საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე;
ლევან გერაძე, აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენელი;
ირაკლი ტორონჯაძე, საქართველოს საგარეო საქმეთა დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე;
დავით ნაირაშვილი, გვარდიის ბრიგადის გენერალი;
გიორგი გვალია, უშიშროების საბჭოს წევრი;
თორნიკე თურმანიძე, თსუ-ის ასოცირებული პროფესორი;
თავდაცვის სამინისტროს დეპარტამენტის დირექტორები: ნიკოლოზ რთველიაშვილი და ნოდარ ხარშილაძე;
თორნიკე შარაშენიძე, პოლიტიკური და სამხედრო ექსპერტი;
ლევან ცუცქირიძე, ჯიპას ყოფილი რექტორი, ექსპერტი სამხედრო და პოლიტიკურ საკითხებში;
ზვიად მიხანაშვილი, თორნიკე ფარულავა, ტატო ჯანაშია, დავით ნარდაია, კოტე ელიზბარაშვილი, კახა ჩიქოვანი, ნიკოლოზ ხუნძაგიშვილი, ომარ ბედოიძე, სერგო აბაშიძე, ბექა ალადაშვილი,
კახა და ლაშა ძებისაშვილები- თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლები
ზურან ყიფიანი, გელა კვაშალავა, ზვიად ჩხაიძე, ანდრო გოცირიძე, ირაკლი ბატკუაშვილი, ბესო ობოლაძე და სხვ.
სიაში მითითებული დანარჩენი პირები საქართველოში აკრედიტებული საზღვარგარეთული მისიების წარმომადგენლები არიან:
რობერტ კენეტი, აშშ მისიის ხელმძღვანელის მოადგილე;
იენ ლენტი და რობ ფულერი, დიდი ბრიტანეთის მისიის დიპლომატები;
ადილი და იბრაჰიმი, ეუთოს მისია;
ბოდგან უდრისტე, ეუთოს მისია.
მაიკლ სიმონსი - ბრიტანელი დიპლომატი
ჯონ ანტონი - აშშ საელჩოს თანამშრომელი

მაისაიამ სამართალდამცავთა მიერ წაყენებულ პირობაზე უარი განაცხადა იმ მიზეზით, რომ მას დასახელებული პიროვნებების შესახებ მსგავსი ინფორმაცია არ გააჩნია, არც შეიძლება გააჩნდეს, რადგან მას ჯაშუშურ საქმიანობასთან არასდროს  არავითარი კავშირი არ ჰქონია. მაისაიას თქმითვე, კონტრდაზვერვის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე მას ურჩობისთვის 20 წლიანი პატიმრობით ემუქრება. საქმე სასამართლო ძიებაშია. სექტემბერში პირველი სასამართლო პროცესია მოსალოდნელი.

საქმის როგორც წინასწარი, აგრეთვე სასამართლო ძიება გრიფით საიდუმლო რეჟიმში მიმდინარეობს, ასეთივე რეჟიმში წარიმართება სასამართლო. საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, საიდუმლო გრიფის მინიჭება მთელი საქმისთვის არ შეიძლება. საიდუმლოდ შეიძლება გამოცხადდეს მხოლოდ საქმეში არსებული მასალები, რომელთა კონფიდენციალობის დაცვას სასამართლო საჭიროდ მიიჩნევს ძიების ინტერესებიდან გამომდინარე და კონკრეტული არგუმენტებით დაასაბუთებს ამ გადაწყვეტილებას. ვახტანგ მაისაიას საქმის მიმართ კანონის დამახინჯების მიზეზების ახსნას სამართალდამცავები საჭიროდ არ მიიჩნევენ. ეს კი მაისაიას საქმის მიმართ ხელისუფლების მიკერძოების შესახებ საზოგადოებაში არსებულ ეჭვს აძლიერებს. იმ ქვეყანაში, რომელშიც საჯარო სასამართლოებზეც სკანდალური დარღვევები ხდება, დახურული სასამართლოს ობიექტურობის იმედი არავის შეიძლება ჰქონდეს. მით უმეტეს, რომ ეჭვნიტანილის აყვანის მომენტიდან დღემდე მის მიმართ უხეშად ირღვეოდა და ირღვევა საერთაშორისო და ქვეყანაში მოქმედი კანონები, ადამიანის უფლებათა ნორმები - არა მხოლოდ სამართალდამცავების, ხელისუფლების უმაღლესი პირების მხრიდანაც.   

უკანასკნელი ლექცია

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი, სამხედრო ექსპერტი “საქართველოს უნივერსიტეტის” შენობიდან “მუხროვანის ამბოხის” დღეს, 2009 წლის 5 მაისს, აიყვანეს.
იმავე დღეს ტელევიზიებით გადასცეს მაისაიას აღიარება სახელმწიფო ღალატსა და ჯაშუშობაში და ამით დაარღვიეს როგორც დემოკრატიული სამყაროს მიერ აღიარებული ადამიანის უფლებათა ნორმები, ასევე კანონი უდანაშაულობის პრეზუმფციის შესახებ. არავინ იცის, ვის მიერ და რატომ ჩაითვალა აუცილებლად ეჭვმიტანილის სასწავლო დაწესებულებიდან აყვანა სტუდენტებისა და კოლეგების თვალწინ. რატომ არ შეიძლებოდა, სამართალდამცავებს იგი თუნდაც სახლიდან აეყვანათ, უნივერსიტეტში მისვლამდე? რამდენად კანონიერი და ეთიკური იყო სამართალდამცავთა ქმედება? კანონი ასეთ ვითარებაში აყვანას მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში უშვებს: თუ პირის დაკავება გადაუდებელი აუცილებლობით არ არის განპირობებული, საზოგადოებრივი ან სამუშაო ადგილიდან მისი პატიმრობაში აყვანა, სადაც მის პატივსა და ღირსებას შეიძლება ზიანი მიადგეს, არ არის მიზანშეწონილი. საინტერესოა, ბრალის დაუდასტურებლობის შემთხვევაში, როგორ უნდა მოახერხოს ვახტანგ მაისაიამ მორალური ზიანის კონპენსაცია? სტუდენტების წინაშე შელახული იმიჯის აღდგენა? სასამართლოს საშუალებით? მაგრამ სად არის გარანტია, რომ სასამართლო მეტად მიაგებს კანონს პატივს, ვიდრე მას შსს-მ პროფესორ მაისაიას აყვანის დღეს მიაგო?

კანონზე მაღლა დგას პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტმა სასამართლოს მიერ განაჩენის გამოტანამდე დაკავებული დამნაშავედ ცნო და სამშობლოს ღალატში დასდო ბრალი. “აგვისტოს ომის დროს, ყოველ ორ საათში თუ საათნახევარში ერთხელ – გამოძიება ადგენს, მაგრამ ეს დადგენილია უკვე და ისიც (მაისაია) ადასტურებს, რომ ის გადასცემდა საქართველოს ჯარის პოზიციებს, რათა მოწინააღმდეგეს ეპოვა ჩვენი ნაწილები და უკეთესად დაებომბა... რანაირი მორალის და ზნეობის მატარებელი უნდა იყოს ადამიანი, რომელიც არა მხოლოდ ღიად მუშაობს თავისი ქვეყნის წინააღმდეგ, ემუშავება გაცნობიერებულად მისი ქვეყნის მოწინააღმდეგეს, არამედ ღია სამხედრო დაპირისპირების დროს ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ჩვენი ჯარი განადგურდეს, ჩვენი დედაქალაქი დაიბომბოს იმიტომ, რომ თბილისიდან აწვდიდა პოზიციებს და ეს გამოყენებული იქნა შემდეგ სამიზნეების შესარჩევად და ყველაფერ ამას აკეთებდა ფულის გულისთვის“.

საქართველოს პრეზიდენტმა, ქვეყნის უმაღლესმა პირმა ამ განცხადებით თავი კანონზე და მართლმსაჯულებაზე მაღლა დააყენა. სამწუხაროა, რომ, მაღალი კვალიფიკაციის იურიდიული განათლების მიუხედავად, მას დაავიწყდა უდანაშაულობის პრეზუმფციის შესახებ კანონი, რომლის მიხედვით, არავის აქვს პირის დამნაშავედ ცნობის უფლება, გარდა სასამართლოსი. რას ნიშნავს პრეზიდენტის სიტყვები: “სასამართლო ადგენს, მაგრამ ეს დადგენილია უკვე”. თუ სასამართლო ჯერ კიდევ ადგენს, მაშ როგორღაა დადგენილი? რას ემსახურება ასეთი ლოგიკა? ერთი შეხედვით ის მართლმსაჯულებაზე ზემოქმედებას ისახავს მიზნად და, სამწუხაროდ, დემოკრატიული ღირებულებების შკალაზე ნულს ქვემოთ სწევს ქვეყნისა და პრეზიდენტის იმიჯს.

კანონი - ერთისათვის და არა ყველასათვის   

მაისაიას საქმემ კანონის კიდევ ერთი პრინციპი დააყენა ეჭვქვეშ - კანონის საყოველთაობის პრინციპი. საქმე ის გახლავთ, რომ ის, რაშიც მაისაიას კანონის დამცველები ედავებიან, სადაო არ აღმოჩნდა სხვების მისამართით. სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ კანონში წერია, რომ საიდუმლოა ინფორმაცია “ჯარების სტრატეგიული და ოპერატიული გადაადგილების, მათი მობილიზაციის, საბრძოლო მზადყოფნისა და სამობილიზაციო რესურსების გამოყენების საკითხებზე”. სასამართლომ უნდა გაარკვიოს, შეიცავდა თუ არა ვახტანგ მაისაიას მიერ გავრცელებული რეპორტები კანონის მიერ საიდუმლოდ მიჩნეულ ინფორმაციებს. მაგრამ იქამდე კანონის დამცველებმა ერთ საკითხში უნდა გაარკვიონ საზოგადოება: რატომ ჩაითვალა საეჭვოდ მხოლოდ მაისაიას ქმედება მაშინ, როცა “ჯარების სტრატეგიული და ოპერატიული გადაადგილების, მათი მობილიზაციისა” და ა. შ. შესახებ ინფორმაციებს ცხინვალის საომარი პროცესების დროს თითქმის ყველა მედიასაშუალება გადასცემდა? მაგალითად, “რუსთავი-2-მა” 8 აგვისტოს ზუსტად გადასცა იმ პუნქტების დასახელებები, რომლებშიც რეზერვისტების მობილიზება მიმდინარეობდა.

„ეს ტერიტორიები რუსებმა შემდეგ დაბომბეს, სადაც ხალხი დაიხოცა. თავად ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებდნენ საჯაროდ, სად, რა ვითარებაში და როდის ხდებოდა რეზერვისტების მობილიზება. ესეც ხომ კანონის დარღვევაა. განა ამ ინფორმაციებმა არ დააყენა ქვეყნის უსაფრთხოება საფრთხის წინაშე? ვინ აგო ამის გამო პასუხი?“-  ამ შეკითხვით მიმართავს პოლიტოლოგი თემურ ჩაჩანიძე მართლმსაჯულებას, მას მიაჩნია, რომ მისი კოლეგის მიმართ კანონის შერჩევითმა დამოკიდებულებამ ბევრ რამეზე დააფიქრა ქართველი სამხედრო და პოლიტიკური ექსპერტები.
ხელყოფილი რეპორტები - ნივთმტკიცება: მაისაიას თუ სამართალდამცავთა წინააღმდეგ?
ეჭვმიტანილი “მოდულის” შენობაში გადაიყვანეს, სადაც მისი დაკითხვა დილის 5 საათამდე გრძელდებოდა. დაკითხვას მაისაიას ორი ადვოკატი: მანანა ჩიქოვანი და ჯემალ ახობაძე ესწრებოდნენ. სწორედ, ქალბატონ მანანა ჩიქოვანის თქმით, მაისაიას რეპორტების გაშიფვრა სამართალდამცავებმა ადვოკატების დაუსწრებლად დაიწყეს, რაც ასევე კანონის დარღვევაა და ეჭვქვეშ აყენებს რეპორტების ხელშეუხებლობის საკითხს. თავად ეჭვმიტანილიც აცხადებს, რომ, დასაკითხად შეყვანილს, მისი სახლიდან ამოღებული, ლუქმოხსნილი, ფურცელზე ამობეჭდილი და გამომძიებლის მაგიდაზე გაშლილი რეპორტები დაახვედრეს. რამდენად სანდოდ შეიძლება მიიჩნიოს სასამართლომ ასეთი გზით მიღებული ნივთმტკიცებები? ამ კითხვას პასუხი სექტემბრის სასამართლო პროცესებზე გაეცემა.

სულ მაისაიას საქმეში 13 ასეთი რეპორტი დევს. ცამეტივე საიდუმლო ინფორმაციის შემცველად არის მიჩნეული. მათგან 3 შინაგან საქმეთა სამინისტრომ საკუთარ ვებგვერდზე გამოაქვეყნა, ისინი, ამავე უწყების მტკიცებით, 2008 წლის აგვისტოს ომის დროს მაისაიამ მტრის ბანაკში გადაგზავნა.

ბრალდებული არ უარყოფს, რომ რეპორტები მისი დაწერილია, მაგრამ ხაზგასმით აღნიშნავს იმასაც, რომ გარკვეული ადგილები სხვების მიერ არის ჩამატებული. ეჭვმიტანილის ბინიდან ამოღებულ ნივთმკიცებაზე ლუქის მოხსნა კანონიერად _ ადვოკატისა და მოწმეების თანდასწრებით რომ მომხდარიყო, სამართალდამცავებს არ გაუჭირდებოდათ რეპორტებში ადგილების ჩამატების საქმეში საკუთარი უდანაშაულობის მტკიცება, რაც მათ ახლა ძალიან გაუჭირდებათ. აღსანიშნავია ისიც, რომ აღნიშნული რეპორტების ორიგინალები მაისაიას კუთვნილი ელექტრონული ფოსტიდან წაშლილია სამართალდამცავთა მიერ. საინტერესოა, რატომ? მათსა და ნივთმტკიცებად მიჩნეულ რეპორტებს შორის შედარებითი ანალიზი ხომ ბევრ რამეს მოჰფენდა ნათელს! ვის არ აწყობდა ეს?

რეპორტებში არ არის არც ერთი საიდუმლო ინფორმაცია 
მოხსენება #81-10-08 - ეს მაისაიას ერთ-ერთი რეპორტის ნომერია და იგი შსს-ს ვებგვერდზე დევს

“მასიური ცეცხლის სარაკეტო სისტემები, როგორიცაა “LAR-160” რომელიც საკმაოდ ეფექტური აღმოჩნდა საქართველოში ომის დროს, კონკრეტულად კი მისი საშუალებით მოხდა ცხინვალისკენ როკის გვირაბის გავლით მოძრავი რუსული სამხედრო კოლონის (დაახლოებით 500 სამხედრო ტანკი და შეჯავშნული ტრანსპორტიორი) სრული განადგურება საქართველოს არტილერიის მიერ წარმოებული დაბომბვის შედეგად... “
 
გაურკვევლობა I:  აღნიშნული მოხსენება 9 ოქტომბრით თარიღდება. რა ფასი უნდა ჰქონოდა 9 ოქტომბერს გაგზავნილ ამ ინფორმაციას რუსული პეცსამსახურებისთვის, რომლებთან თანამშრომლობაც, სავარაუდოდ, ბრალდება მაისაიას? ამ დროისთვის ხომ ომი უკვე ორი თვის დამთავრებული იყო?

ღიმილისმომგვრელი გაურკვევლობა:  ექსპერტი კახა კაციტაძე შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ მოხსენებას არაფრისმთქმელს უწოდებს: “რუსული ნორმატივების თანახმად, ყოველ ტანკს შორის დაშორება 20 მეტრი უნდა იყოს. თვითონ ტანკი საკმაოდ დიდი მოცულობისაა. 500 ტანკის აღნიშნულ ტერიტორიაზე განლაგება ნიშნავს იმას, რომ ტანკები 20 კილომეტრზე მაინც უნდა ყოფილიყო განლაგებული, რის საშუალებასაც აღნიშნული ტერიტორია არ იძლევა. რაც შეეხება იმას, თუ რა გადაურჩა დაბომბვას და რა არა, ამის შესახებ რუსეთს უფრო ზუსტი ინფორმაცია ექნებოდა. და, საერთოდ, ვინმეს სჯერა, რომ ჩვენ 500 ტანკი გავანადგურეთ? ასეთი რეპორტი რომ გაეგზავნა მაისაიას რუსეთისთვის, სასაცილო იქნებოდა”.

მონიტორზე წაკითხული ჩვენება

„ტელეკამერა ჩართეს. წინ მონიტორი დამიდგეს და სიტყვასიტყვით წამაკითხეს მასზე წინასწარ დაწერილი ტექსტი. არავითარი კონკრეტული სამხილი არ წარმოუდგენიათ. ზეპირი საუბრებით შემოიფარგლნენ. გამომძიებელმა მითხრა, რომ ის პირები, რომლებთანაც ქვეყნის ფარგლებს გარეთ წლების განმავლობაში ვთანამშრომლობდი, რუსეთის ჯაშუშები აღმოჩნდნენ და თავიანთი ქვეყნის სამართალდამცავების მიერ დაკავებულები არიან. უკრაინელ პოლიტოლოგ ელენე იატსუნსკასა და სლოვაკელ იოსებ დოლეჟალს გულისხმობდნენ. იოსებ დოლეჟალი იატსუნსკამ გამაცნო. ის ფარმაცევტული ფირმა „ნოვარტისის“ თანამშრომელი გახლავთ. მე მას არაერთხელ შევხვედრივარ კონფერენციებზე, როგორც ამ ორგანიზაციის წარმომადგენელს. ამ ორგანიზაციას კავკასიის პოლიტიკური სიტუაციის შესწავლა აინტერესებდა თავისი კომერციული ინტერესებისთვის. ამ მიზნით თანამშრომლობდა საქართველოში ჩემთან, ხოლო უკრაინაში - იატსუნსკასთან.“

ვახტანგ მაისაიას თქმით, დაკითხვის დროს მას ისიც უთხრა გამომძიებელმა, რომ, არსებული ოპერატიული ინფორმაციის თანახმად, რუსეთის სპეცსამსახურებს მისი განადგურება უნდოდათ. გამომძიებელი მაისაიას დაჰპირდა, რომ, თუ ის სამართალდამცავებთან თანამშრომლობას გააგრძელებდა და მათთვის სასურველ ჩვენებას მისცემდა, ბატკუაშვილი და ობოლაძე პატიმრობიდან გათავისუფლდებოდნენ. ისინი მაისაიას მიერ მიცემული პირველი ჩვენების საფუძველზე დააკავეს.

მაისაიას დაკითხვის ფსიქოლოგიური ანალიზი ადასტურებს დაკავებულის მიერ ზემოთ მოთხრობილს. ფსიქოლოგებმა კონფიდენციალურად დარჩენა არჩიეს. მათი კომენტარი ასეთია: „კადრში, რომელიც ტელევიზიებმა გაავრცელეს, ნათლად ჩანს, რომ ეჭვმიტანილი დაწერილ ტექსტს კითხულობს. სიტყვიდან სიტყვაზე გადასვლისას ხშირად ბორძიკობს და, დაშვებული შეცდომის კორექტირების მიზნით, უკვე წაკითხულ სიტყვებს თავიდან უბრუნდება. იგი ერთი კონკრეტული მიმართულებით იყურება, არა - კამერის მიმართულებით.“ 

ბრალდება

ბრალდება ძალზე მძიმეა და ის სახელმწიფოს ღალატსა და ჯაშუშობას შეეხება. ვახტანგ მაისაიას ბრალად ედება უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებთან კავშირი, მათგან მიღებული დავალების შესაბამისად, სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის მოპოვება და დაშიფრული სახით გაგზავნა. მაისაია აგზავნიდა “ინფორმაციებს საქართველოში არსებული სამხედრო, პოლიტიკური და ეკონომიკური ვითარებისა და სამთავრობო ცვლილებების შესახებ. ასევე საქართველოს მიერ შეძენილი შეიარაღებისა და საბრძოლო ტექნიკის შესახებ. 2008 წლის აგვისტოში, საქართველო-რუსეთის ომის პერიოდში, საათობრივად აწვდიდა ინფორმაციას საქართველოს შეიარაღებული ძალების დანაყოფების, სამხედრო ტექნიკის რაოდენობისა და დისლოკაციის ადგილების შესახებ”.
სამართალდამცავები მაისაიასთვის საიდუმლო მასალების ხელმისაწვდომობას, სავარაუდოდ, ნატო-ში მის წარსულ მოღვაწეობასა და ახლანდელ ერთიერთობებს უკავშირებენ. 2004-2008 წლებში მაისაია დიპლომატიური მისიით ნატოში მრჩევლად მსახურობდა. 2008 წლის დასაწყისიდან ის საქართველოში დაბრუნდა და სამეცნიერო საქმიანობას შეუდგა.

„სამართალდამცავებმა მითხრეს, რომ თვალთვალი, სწორედ, ბრიუსელიდან დაბრუნების შემდეგ დამიწყეს, კერძოდ კი, 2008 წლის იანვრის ბოლოდან,“- თქვა ადვოკატებთან საუბარში მაისაიამ.
ძალზე აქტუალურია კითხვა, რომელიც ამ ინფორმაციის საფუძველზე ჩნდება: თუკი შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სტრუქტურებს მაისაიას ჯაშუშობის შესახებ ოპერატიული ინფორმაცია ჯერ კიდევ იანვრის თვეში ჰქონდათ, რატომ არ მოხდა ამ პირის ანტისახელმწიფოებრივი საქმიანობის აღკვეთა უფრო ადრე, თუნდაც აგვისტოს ომის დასაწყისში? თუკი მაისაიამ ომის დროს თავისი ჯაშუშური საქმიანობით ასე დააზარალა ქვეყანა, რატომ არ შეაჩერეს იგი დანაშაულის ჩადენამდე? ვინ არ იმუშავა უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების მიზნის ჩასაშლელად? ვინ არ ამხილა დროულად მაისაიას და მტრული ქვეყნის ტანდემი?

იდუმალებით მოცული “ნოვარტისი” და იოსებ დოლეჟალი

ვახტანგ მაისაიას მონათხრობის მიხედვით, მან უკრაინელი პოლიტოლოგი, ნიკოლაევის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ელეონორა იატსუნსკა ბუდაპეშტში ერთ-ერთი ვიზიტის დროს გაიცნო. იატსუნსკა ამ დროისათვის უკვე იყო ფარმაცევტული კომპანია “ნოვარტისის” ანალიტიკოსი პოლიტიკური მიმოხილვის დარგში. მან დააკავშირა ვახტანგ მაისაია სლოვაკეთში ამ კომპანიის წარმომადგენელ იოსებ (დოდო) დოლეჟალთან. მათი პირველი შეხვედრა მიუნჰენში 2003 წელს შედგა. მოგვიანებით იოსებმა მაისაიას იანი გააცნო, რომელსაც “ნოვარტისის” მარკეტინგული კომპანიის დირექტორის თანამდებობა ეკავა აღმოსავლეთ ევროპის მიმართულებით. პირველ ეტაპზე ის ამზადებდა ანალიტიკური შინაარსის მასალებს, შემდეგ კი მას ოპერატიული ინფორმაციის მოპოვება-გადაგზავნა დაევალა.

ჩვენმა საგამოძიებო ჯგუფმა გადაწყვიტა, გაერკვია, რამდენად შეესაბამებოდა სიმართლეს მაისაიას მონათხრობი. ჩვენ მოვახერხეთ, დავკავშირებოდით როგორც უკრაინელ პოლიტოლოგს, ასევე მაისაიას სლოვაკ კოლეგას. ეს კი იმას ნიშნავს, რომ გამომძიებლის მიერ მაისაიასთვის მიწოდებული ინფორმაცია, თითქოს იატსუნსკა და დოლეჟალი უკვე დაკავებულნი იყვნენ, არ გამართლდა.

უკრაინელმა პოლიტოლოგმა ელენე იატსუნსკამ ჩვენთან პირად საუბარში დაადასტურა ის ფაქტი, რომ მაისაია და დოლეჟალი მან დააკავშირა ერთმანეთთან. ასევე დაადასტურა ის, რომ ფარმაცევტულ კომპანიას აქვს სპეციალური განყოფილება, რომელიც იმ ქვეყნების ეკონომიკურ-პოლიტიკური მდგომარეობით არის დაინტერესებული, რომლებშიც საკუთარი ფილიალები აქვს. მათი ბიზნესის განვითარებისათვის საჭიროა, ჰქონდეთ ინფორმაცია ამა თუ იმ ქვეყნის  პოლიტიკურ-ეკონომიკური მდგომარეობის მდგრადობაზე. ამ მიზნით ისინი სხვადასხვა ქვეყნის პოლიტოლოგებს ანალიტიკური სახის სტატიებს უკვეთენ. იატსუნსკა ამ ტიპის სტატიებს უკრაინიდან უგზავნიდა მათ. ელენა იატსუნსკამ ისიც გვითხრა, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში მასა და დოლეჟალს შორის თანამშრომლობა შეწყდა. მიზეზი ის იყო, რომ დოლეჟალმა მას კუთვნილი ჰონორარი არ გადაუხადა.

ჩვენმა საგამოძიებო ჯგუფმა დოლეჟალის კვალსაც მიაგნო. მან ჩვენთან საუბარზე კატეგორიული უარი განაცხადა. ვახტანგ მაისაიას მეუღლეს _ ელენე მაღრაძეს კი სატელოფონო საუბარში აუხსნა, რომ ის ვახტანგ მაისაიას ჩვენების საფუძველზე ორი კვირის წინ დააპატიმრეს და ოთხი დღის განმავლობაში მისი ინტენსიური დაკითხვა მიმდინარეობდა. სლოვაკმა სამართალდამცავებმა მას იქ დაახლოებით ის უთხრეს, რაც მათმა ქართველმა კოლეგებმა უთხრეს მაისაიას საქართველოში: რომ მაისაია აღმოჩნდა რუსეთის ჯაშუში და, სწორედ, მისი ჩვენებიდან გამომდინარე ადანაშაულებენ დოლეჟალს რუსეთთან ჯაშუშურ კავშირში. დოლეჟალმა უარყო რუსეთთან თანამშრომლობა, თქვა, რომ მას მაისაიას ჩვენებამ სამსახურშიც, `ნოვარტისის~ ფარმაცევტულ ქსელში, პრობლემები შეუქმნა. დანარჩენ კითხვებზე პასუხის გაცემა არ ისურვა: “მე რომ თქვენთან ვითანამშრომლო, ისინი ისევ მცემენ. იცით, როგორ სასტიკად მცემეს? მე არაფერი ვიცი, ვახტანგი ბოლო ერთი წლის განმავლობაში ჩემი მარკეტინგის უფროსთან, იანთან, თანამშრომლობდა და მე მისი წერილები აღარ წამიკითხავს... სამსახურიდანაც ხომ გამათავისუფლეს, იანი ახლო აღარ მიკარებს, მის ტელეფონზე რომ ვრეკავ, არ მპასუხობს. გამიგეთ, სხვანაირად არ შემიძლია, ძალიან დიდი პრობლემები შემექმნა. ხვალ პოლიციაში მივალ და განვაცხადებ, რომ საქართველოდან დამირეკეთ, სასტიკად ვარ გაფრთხილებული ამის შესახებ, ნებისმიერი ინფორმაცია უნდა ვაცნობო”.

ცხადია, ჩვენ „ნოვარტისის“ ხელმძღვანელებსაც დავუკავშირდით. ისინი  უარყოფენ როგორც დოლეჟალისა და იანის ამ კომპანიასთან თანამშრომლობას, ასევე ეკონომიკურ-პოლიტიკური სახის ინფორმაციების შეგროვების პრაქტიკას თავიანთ საქმიანობაში. იკვრება ჯადოსნური წრე: ვინ ცრუობს: მაისაია, დოლეჟალი, იატკუნსკა? თუ “ნოვარტისი”? თუკი პირველი სამი პირი ცრუობს, რატომ აღმოჩნდნენ მათი ხელისუფლებები დოლეჟალისა და იატსუნსკას მიმართ ლოიალურები? რატომ მოატყუეს მაისაია, თითქოს დოლეჟალი და იატკუნსკა დაპატიმრებულები იყვნენ? და რატომ პასუხობს დოლეჟალის ტელეფონზე ავტომატი, რომ ზარი “ნოვარტისის” ფირმის წარმომადგენელთან შედის, თუკი იგი არ არის და არც არასდროს ყოფილა ამ ორგანიზაციის თანამშრომელი?

ძიების ცდომილებები და დაცვის პრობლემები

მაისაია “აღიარებით” ჩვენებაში, რომელიც სამართალდამცავებმა კანონდარღვევით აჩვენეს საზოგადოებას (მათ პრეზიდენტზე გაცილებით ადრე დაარღვიეს უდანაშაულობის პრეზუმფციის შესახებ კანონი, რადგან ამ აღიარების ჩვენებით მაისაიას დამნაშავეობის შესახებ აზრი დანერგეს საზოგადოებაში), სხვა ქვეყნებთან თანამშომლობასა და მათთვის ინფორმაციის მიწოდებაზე საუბრობს. აღიარება ინფორმაციის გაცვლის თაობაზე, თავისთავად, არამც და არამც არ ნიშნავს იმას, რომ მაისაიამ დანაშაული აღიარა, რადგან ინფორმაციის გაცვლა, თუ იგი არ შეიცავს სახელმწიფო საიდუმლოებას, კანონით, დანაშაულად არ ითვლება.

გარდა ამისა, თუნდაც მაისაიას თავისი პირველი ჩვენებით დანაშაული ეღიარებინა,  მისი ბრალეულობის დამამტკიცებლად არ იქნებოდა საკმარისი, რადგან ეჭვმიტანილის აღიარებითი ჩვენება, კანონის მიხედვით, პირის ბრალეულობას არ ამტკიცებს. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 115-ე მუხლის მე-4 ნაწილში ხაზგასმით აღინიშნება, რომ "ბრალდებულის მიერ ბრალის აღიარება არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ბრალდებასა და გამამტყუნებელ სასამართლო განაჩენს, თუ ბრალის აღიარება დამტკიცებული არ არის საქმეზე შეკრებილ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით". რა მტკიცებულება აქვს გამოძიებას მაისაიას წინააღმდეგ მისი ჩვენებისა და იმ 13 რეპორტის გარდა, რომლებიც საქმეში დევს? ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ძიებას სხვა მტკიცებულებები არ გააჩნია.
არსებობს მხოლოდ რამდენიმე საეჭვო გარემოება, რომელთა ახსნა და ბრალდებულის სასარგებლოდ გამოყენება გაუჭირდება დაცვის მხარეს:
ინფორმაციებსა და ანალიტიკურ სტატიებს მაისაია ფარმაცევტულ კომპანიაში მცირე კოდის საშუალებით გზავნიდა. ამის მიზეზად ასახელებს „ნოვარტისის“ პირობას, რომლის მიხედვით, კოდი კონკურენტი ფირმებისთვის ინფორმაციის ხელმიუწვდომლობისა და კომერციული საიდუმლოს დაცვის მიზნით უნდა ყოფილიყო გამოყენებული.Mადვოკატ ნათია კორკოტაძის თქმით, ეს იყო ELPI კოდი, რომელიც ნებისმიერმა მომხმარებელმა შეიძლება ინტერნეტიდან ჩამოტვირთოს. „ეს არ იყო მაისაიასთვის სპეციალურად შექმნილი საიდუმლო კოდი, როგორც ამას სამართალდამცავები ამტკიცებენ, არამედ სპეციალური შიფრი, რომელიც გაგზავნილი მასალების მოცულობის შეკუმშვის საშუალებას იძლეოდა“, - განაცხადა ადვოკატმა.
როგორც ექსპერტები განმარტავენ, წესით, ფარმაცევტული ფირმა დაშიფრულ ინფორმაციებზე არ უნდა მუშაობდეს, რადგან ასეთი ფირმები არც საიდუმლო ინფორმაციებს ეძიებენ (შიფრის გამოყენების სავარაუდო საფუძველი) და არც სისწრაფეში უწევენ ერთმანეთს კონკურენციას (შიფრის გამოყენების კიდევ ერთი სავარაუდო საფუძველი).

ამას გარდა, აუცილებელი იქნება, გაირკვეს, რატომ უარყოფს „ნოვარტისი“ დოლეჟალთან, იატსუნსკასა და მაისიასთან თანამშრომლობას; რატომ უარყოფს ბრატისლავის უნივერსიტეტი მაისაიას ნათქვამს, რომ უნივერსიტეტში სწავლის საფასურს მას „ნოვარტისი“ უხდიდა (სწორედ, ინფორმაციული თანამშრომლობის საფასურად პირდაპირი გადარიცხვის გზით. ბრატისლავის უნივერსიტეტმა ჩვენს  საგამოძიებო ჯგუფს მოსწერა, რომ ვახტანგ მაისაია საკუთარი ხარჯებით სწავლობდა უნივერსიტეტში).

მაისაიას დაცვის მხარეს დასაძლევი ექნება არა მხოლოდ საქმის სირთულიდან გამომდინარე პრობლემები, არამედ ბევრი ხელოვნურად შექმნილი პრობლემაც. ადვოკატს სამართალდამცავები საქმეში არსებული მასალების ასლების გადაღების საშუალებას არ აძლევენ. ნათია კორკოტაძე, ვახტანგ მაისაიას მეორე ადვოკატი, რომელიც ორიოდე თვის წინ აიყვანა ბრალდებულის ოჯახმა, საქმის მასალების გაცნობას სამი კვირის განმავლობაში ამაოდ ცდილობდა. ბოლოს მან მასალების გაცნობის უფლება კი მოიპოვა, მაგრამ მათი ასლების გადაღების უფლებას დღემდე არ აძლევენ. „არ მაქვს საშუალება, საქმეში არსებული რეპორტები გავაცნო ბრალდებულს. შესაბამისად, მესპობა იმის საშუალება, რომ მაისაიას პასუხები მივიღო იმ კითხვებზე, რომლებიც მის მიმართ წაყენებული ბრალდების გამო  მიჩნდება. მე ვარ ადვოკატი და არა სამხედრო ექსპერტი, არ შემიძლია ვთქვა, არის თუ არა საქმეში არსებული მასალები სახელმწიფო საიდუმლოს შემცველი. უფლება კი არ მეძლევა, რომ აღნიშნული რეპორტები სამხედრო ექსპერტს გავაცნო და კომენტარი გავაკეთებინო“, - განაცხადა ნათია კორკოტაძემ.

რუსეთის “აგენტი” აგვისტოს ომის დროს ბაქოში თავშესაფარს ითხოვს

ვახტანგ მაისაიას კიდეც რომ დაუდასტურდეს უცხო ქვეყნებთან თანამშრომლობა, დასაზუსტებელი იქნება, ეს ქვეყანა მაინც და მაინც რუსეთია თუ არა. სამართალდამცავებმა და ქვეყნის პრეზიდენტმა ამ საკითხის გადაწყვეტაშიც დაასწრეს სასამართლოს და მაისაია რუსეთის ჯაშუშად გამოაცხადეს. თუმცა, ჩვენს საგამოძიებო ჯგუფს რამდენიმე საწინააღმდეგო არგუმენტი მოეპოვება: მაისაია, რომელიც, სამართალდამცავთა მტკიცებით, მტერთან თანამშრომლობდა და მას თბილისის აღებაში ეხმარებოდა, 9 აგვისტოს ბაქოში მეგობარ ჯანგირ არაზლის ამ თემაზე სხვაგვარი განწყობის წერილს სწერდა: „სიტუაცია ძალიან დაძაბულია. შესაძლებელია, რუსეთმა თბილისიც კი დაბომბოს და ქალაქი აიღოს. ჯანგირ, მე ერთი თხოვნა მაქვს შენთან, შესაძლებელია, უახლოეს მომავალში თავშესაფარი დამჭირდეს. რუსებისთვის მე მტერი ვარ, თუ ისინი თბილისში შემოვლენ, ისინი მე დამხვრეტენ, რადგან ვიცი მათ „შავ სიაში“ ვწერივარ...“ (ამოღებულია მაისაიას ელექტრონული ფოსტიდან მისივე ნებართვით).

მაისაიამ სახალხო დამცველის წარმომადგენლების ხელით ჩვენს საგამოძიებო ჯგუფს გამოუგზავნა თავისი ჩანაწერების რვეული, რომელშიც თავისი პატიმრობის ერთ საღამოს ასე იგონებს: “ღამე ჩემთან სასაუბროდ შემოვიდნენ. ასეთ დროს არაოფიციალურ დაკითხვებზე შემოდიან ხოლმე. წარმომიდგინეს ერთი რუსულენოვანი კაცი და მითხრეც, ფსბ-ის თანამშრომელიაო. ეს პიროვნება მეკითხებოდა რუსეთის მიმართ ჩემი არასიმპათიური დამოკიდებულების შესახებ. მეკითხებოდა, საიდან მქონდა მონაცემები რუსეთის სამხედრო შეიარაღების შესახებ, კერძოდ, საიდან ვიცოდი აგვისტოს ომამდე საქართველოს საზღვართან რუსეთის არმიის კონცენტრაციის თაობაზე.”

საინტერესოა, როგორ უნდა აიხსნას მაისაიას მონათხრობი. რა გზებითა და მიზნებით შედიან რუსი გენერლები საქართველოს პენიტენციალურ დაწესებულებაში? ვინ მუშაობს რუსეთზე? ვახტანგ მაისაია თუ ვინმე სხვა?ß 
თვალთვალი

მაისაიას დაპატიმრებამდე რამდენიმე თვით ადრე მას სახლში ორი პიროვნება ესტუმრა. თავი ინტერნეტის ტექნიკურ თანამშრომლებად წარუდგინეს, მიზეზად ინტერნეტის ქსელის დაზიანება დაასახელეს და მოდემის შემოწმება დაიწყეს. “გაერთიანებული ქსელების” ერთმა წარმომადგენელმა მაისაიას უთხრა, რომ საჭირო იყო მოდემის ოფისში წაღება და მისი ადგილზე შემოწმება, რის შემდეგაც ვახტანგ მაისაიამ ის ნუცუბიძის ქუჩაზე მდებარე ოფისში მანქანით წაიყვანა. მეორე თანამშრომელი კი მასთან სახლში დარჩა და კომპიუტერის “შემოწმება” განაგრძო. ჟურნალისტურ გამოძიებას “გაერთიანებული ქსელების” ხელმძღვანელობამ განუცხადა, რომ ისინი კლიენტებს ბინაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში ემსახურებიან, თუ ამ უკანასკნელისგან ინტერნეტის შეფერხებით მიწოდებაზე განცხადება შევიდა. აგვიხსნეს ისიც, რომ, რადგან მაისაიას ასეთი განცხადებით არ მიუმართავს მათთვის, “გაერთიანებულ ქსელები” ტექნიკურ მოსამსახურეს მასთან ვერ გააგზავნიდა. მაშ, ვინ ეწვია მაისაიას ოჯახს “გაერთიანებული ქსელების” სახელით? ვფიქრობთ, ამ კითხვაზე პასუხი ჩვენთან ერთად ამ სატელეფონო კომპანიის ხელმძღვანელებსაც უნდა აინტერესებდეთ, რადგან იგი მათი იმიჯის სფეროს პიდაპირ უკავშირდება. უცნობმა “ტექნიკოსებმა” ხომ მაისაია “ახალი ქსელების” ოფისში წაიყვანეს. ვინმემ კომპანიასთან შეუთანხმებლად გამოიყენა მათი სახელი თუ კომპანიასთან შეთანხმებით? ნებისმიერ შემთხვევაში, კანონი დარღვეული გახლავთ, რადგან მაშინაც კი, როცა პირზე სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებით თვალთვალი ან სატელეფონო მოსმენა მიმდინარეობს, მის კუთვნილ ბინაში მოტყუებით შესვლა და გარკვეული სათვალთვალო პროცედურის ჩატარება კანონით აკრძალულია.

ფსიქოლოგიური ზეწოლა და ფიზიკურად განადგურების მუქარა

ვახტანგ მაისაიამ  სამართალდამცავების მიერ განხორციელებული ზეწოლის შესახებ საუბარი პირველად მას შემდეგ დაიწყო, რაც მისმა ოჯახმა ახალი ადვოკატი - ნათია კორკოტაძე აიყვანა. ადვოკატის გამამხნეველმა სიტყვებმა, რომ ის მარტო არ არის და რომ ამ წუთებშიც მიმდინარეობს საპყრობილის წინ საპროტესტო აქცია, რომლის მონაწილეები პოლიტპატიმრების და, მათ შორის, ვახტანგ მაისაიას გათავისუფლებას ითხოვენ, მასზე დიდი გავლენა მოახდინა და, როგორც ამას თავად ადვოკატი ვარაუდობს, სიმართლის დადგენის იმედი ჩაუსახა.

მე-8 საპყრობილეში მოთავსებული მაისაია აღნიშნავს, რომ აყვანის შემდეგ მას საკანში ხშირად სტუმრობდნენ გამომძიებლები, ძირითადად, გვიან საღამოს, რა თქმა უნდა, ადვოკატის გარეშე. მიჰყავდათ ციხის ადმინისტრაციის შენობაში, სადაც მიმდინარეობდა უკანონო და მისი ღირსებისთვის შეურაცხმყოფელი დაკითხვები. მაისაიამ ასეთი დაკითხვების შესახებ წერილობით აუწყა თავის ადვოკატს. ჩანაწერის ამ ფორმას გამოკითხვის ოქმი ჰქვია და ამ ამონაწერიდან 9 ივლისისAშესახებ ინფორმაციას ვთავაზობთ მკითხველს: “ოთარიმ (კონტრდაზვერვის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე) მითხრა, რომ მე ძალიან ცუდად ვიქცევი, რომ უარს ვამბობ თანამშრომლობაზე და ვწერ რაღაც განცხადებებს, რომელიც ჩემთვის ძალიან ცუდად დასრულდება, ანუ 20 წლის პატიმრობა ეგრევე მქონდა “აკიდებული” და ისიც საეჭვოა, 20 წელი თუ ვიცოცხლებდი. მანვე მითხრა, გამეხსენებინა, თუ რა ვითარებაში აღმოვჩნდი ე.წ. ციხის კარცერში და გამეანალიზებინა, თუ ვისი მითითებით მოხდა ეს აქცია, რომ მალე განმეორდება აღნიშნული აქცია უფრო უარეს ფორმებში და მე მექნება ნამდვილი ჯოჯოხეთი და რომ თავის მოკვლა მექნება სანატრელი ოცნება”. “ღამისეულ” დაკითხვებს ჩემს გამომძიებელთან ერთად შსს-ს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის ოპერატიული თანამშრომლებიც აწარმოებდნენ.“ Mმაისაიას „ღამისეულ დაკითხვაზე გაყვანის ფაქტი, მის კამერაში მჯდომმა პატიმარმა ზაზა მჭედლიშვილმა წერილობით დაადასტურა.

ჯაშუშობაში ბრალდებულის მონათხრობიდან

ვახტანგ მაისაია იმ ფსიქოლოგიურ ზეწოლასა და ფიზიკური შეურაცხყოფის მუქარაზე საუბრობს, რომლის გავლენითაც მან აღიარებითი ჩვენება მისცა სამართალდამცავებს. როგორც წესი, ოფიციალური სტრუქტურების მიერ ამ ტიპის ზეწოლები არასდროს დასტურდება. ეჭვმიტანილები ხშირად, სწორედ, ასეთ პირობებში აძლევენ აღიარებით ჩვენებას. თუ რა გზას გადის ბრალდებული დაპატიმრებიდან სასამართლოს დარბაზამდე, ამის დასადგენად ჩვენ ჯაშუშობაში ბრალდებულ ერთ-ერთ ყოფილ პატიმარს მივმართეთ, რომლის მონათხრობი სამართალდამცავების მიერ განხორციელებულ ზეწოლაზე გაჭრილი ვაშლივით ჰგავს მაისაიას მონათხრობს.

აღნიშნულმა პირმა საკუთარი ვინაობის გამხელა არ ისურვა. უცხო ქვეყნებთან თანამშრომლობა და საიდუმლო ინფორმაციების გაცემა მასMდაახლოებით 4 წლის წინ წაუყენეს ბრალად და ამ მოტივით ტელეკამერების თანხლებით, საჯაროდ და დემონსტრაციულად დააპატიმრეს. მიუხედავად იმისა, რომ გამოძიებამ ვერანაირი დამამტკიცებელი საბუთის მოძიება ვერ შეძლო, დაკავებული აიძულეს, “დანაშაული ეღიარებინა”. გარკვეული გარიგებებისა და საკუთარ ღირსებაზე გადაბიჯების შემდეგ ის პატიმრობიდან გაათავისუფლეს. ის ვარდების ხელისუფლების მიერ დაკავებული “ჯაშუში” ნომერი პირველი გახლდათ: “ვიცოდი, როგორ სახელმწიფოში ვცხოვრობდი და რომ გამიჭირდებოდა სიმართლის დამტკიცება, მაგრამ იმედს მაინც არ ვკარგავდი. საბოლოოდ მათ კი დავუმტკიცე ჩემი უდანაშაულობა, მაგრამ, სამწუხაროდ, მაინც მომიწია იმ აღიარებით ჩვენებებზე ხელის მოწერა, რომლებიც მე არ ჩამიდენია. იქ ნათლად განახებენ იმას, რომ თუ წაყენებულ ბრალდებას არ აღიარებ, ხელისუფლება და ძალაუფლება გაგანადგურებს. ვაჭრობა ღიად მიდის, იყენებენ ოჯახის ფაქტორს, ყველა ღირსების ფაქტორს, რაც კი კაცს შეიძლება გააჩნდეს, მათ შელახვაზე ვერ წახვალ. ვახტანგის საქმეს რომ ვუყურებ, ის ჩემზე ოდნავ უკეთეს მდგომარეობაშია. საზოგადოება თანაუგრძნობს. წარმოიდგინეთ, როცა ესეც არ გაქვს. მაშინ „ვარდების რევოლუციის“ მერე სულ რაღაც წელიწად-ნახევარი იყო გასული და ხელისუფლების რეიტინგი საკმაოდ მაღალი იყო. საზოგადოებამ ზურგი შემაქცია. ეს ყველაზე დიდი სასჯელი იყო. ვახტანგს შემიძლია მხოლოდ ის ვუთხრა, რომ სიმართლის დამტკიცებისთვის ბრძოლა ღირს, რადგან თავისუფლება მხოლოდ ციხიდან გამოსვლას არ ნიშნავს.”
       
 

ჟურნალისტური გამოძიების ხელმძღვანელი ლია ტოკლიკიშვილი
პროექტი ხორციელდება “ადამიანის უფლებათა ცენტრისა” და ჟურნალ “სიტყვის” მიერ “ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის” მხარდაჭერით

ახალი ამბები