21:45, Thursday, 24.04.2014
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

გზის რეაბილიტაციით ასობით ოჯახს არანებაყოფლობითი განსახლება ემუქრება

16.09.2009
გელა მთივლიშვილი, კახეთი

საგარეჯოს და თელავის რაიონების სოფლებში მცხოვრებ ასობით ოჯახს არანებაყოფლობითი განსახლება ემუქრება. ვაზიანი – გომბორი – თელავის საავტომობილო გზის რეაბილიტაციის პროექტი, გზის არსებული მარშრუტის აღდგენას ითვალისწინებს, რაც გზის გაგანიერებასაც მოიცავს. ადგილობრივი მოსახლეობა, ვისზედაც გზის მშენებლობა ზეგავლენას ახდენს, პროექტის შესახებ ინფორმაციას საერთოდ არ ფლობს.

ვაზიანი – გომბორი – თელავის საავტომობილო გზა ვაზიანის დასახლებასთან იწყება და შუაში კვეთს სოფლებს: უჯარმას, პალდოს, ოთარაანთ კარს, სასადილოს, გომბორს, კობაძეს, თეთრწყლებს და მთავრდება ქალაქ თელავში.
 
აღნიშნული საავტომობილო გზის 10 კმ-იანი მონაკვეთი საქართველოს პრეზიდენტმა, გასულ კვირას, საზეიმო ვითარებაში გახსნა. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გზის ამ მონაკვეთზე სარეაბილიტაციო სამუშაოები შპს `მტკვარმა~ განახორციელა. დეპარტამენტის ცნობით, მომდევნო მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები უახლოეს დღეებში დაიწყება.

მსოფლიო ბანკის ინფორმაციის გავრცელების პოლიტიკისა და გარემოზე ზემოქმედების პოლიტიკის თანახმად, ამგვარი პროექტებისათვის მნიშვნელოვანია სრულფასოვანი კონსულტაციების წარმართვა, რომელიც გრძელდება 120 დღე გარემოზე ზემოქმედების დოკუმენტაციის გამოქვეყნების შემდეგ. წესით, გარემოზე ზემოქმედების შეფასება სხვა დოკუმენტებთან ერთად ხელმისაწვდომი უნდა იყოს როგორც დაზარალებული მოსახლეობისათვის, ასევე სამოქალაქო საზოგადოებისათვის. ამ დროისთვის, პროექტის საინფორმაციო დოკუმენტი და მასთან დაკავშირებული სხვა დოკუმენტები, მათ შორის გარემოზე ზემოქმედების შეფასება არ არის ხელმისაწვდომი არც მსოფლიო ბანკის ვებსაიტზე და არც გზების დეპარტამენტის ვებ-გვერდზე. გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის განხილვა არც ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში, საგარეჯოს და თელავის გამგეობებში მომხდარა. შესაბამისად, იმ სოფლების მოსახლეობა, ვისზედაც გზის მშენებლობა ზეგავლენას ახდენს, პროექტის შესახებ სრულიად არაინფორმირებულია. ჩვენს მიერ სოფლებში უჯარმაში, გომბორსა და სასადილოში გამოკითხული 80 ადამიანიდან, პროექტთან დაკავშირებით ინფორმაციას არცერთი არ ფლობს. მათ მხოლოდ ის იციან, რომ გზის რეაბილიტაცია უნდა მოხდეს, რაზედაც ადგილობრივები დასაქმდებიან.

პროექტში განსაზღვრულია ასანაზღაურებელი ქონების სავარაუდო ღირებულებები. წარმოდგენილი სქემის მიხედვით, შენობა ნაგებობის ერთეულის ღირებულებად, რომელშიც შედის ნებისმიერი შენობა ნაგებობა ფართობისა და დანიშნულების მიუხედავად, ასევე ღობე, აღებულია 4 000 ლარი. ხეხილის ნებისმიერი ერთი ძირისთვის, მაგ. კაკლის ხისთვის შეთავაზებული ანაზღაურება 240 ლარს შეადგენს. ასოციაცია `მწვანე ალტერნატივაში~, რომელმაც ვაზიანი – გომბორი – თელავის საავტომობილო გზის პროექტზე საკუთარი და ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის ბანკების დამკვირვებელთა ქსელის შენიშვნები და კომენტარები გამოაქვეყნა, მიაჩნიათ, რომ მსგავსი ტიპის გათვლები ვერ ჩაითვლება დაკარგული აქტივების სრულ და ეფექტურ კომპენსაციად. `ის ემყარება პროექტის განმახორციელებლის გადაწყვეტილებას და არ ითვალისწინებს შემოსავალს, რომელსაც მესაკუთრეები სხვადასხვა ტიპის ქონებიდან იღებენ~, - ამბობს ასოციაციის ექსპერტი ირაკლი მაჭარაშვილი.

მისივე თქმით, ასოციაცია `მწვანე ალტერნატივამ~ განახორციელა საველე გასვლები სოფლებში უჯარმაში, პალდოში, გომბორში და სხვაგან. `სოფელ უჯარმაში განმეორებითი საველე გასვლისას მოსახლეობამ გვითხრა, რომ სოფელ უჯარმის გამგეობის რწმუნებულის მხრიდან დაფიქსირდა გავლენის მოხდენის მცდელობა იმ ადგილობრივ მაცხოვრებლებზე, რომელთა საკუთრებაზეც შესაძლოა, საპროექტო გზამ გაიაროს. მოსახლეობის განცხადებით, სოფელ უჯარმის გამგეობის რწმუნებულმა მათ განუცხადა, რომ იმ შემთხვევაში, თუ ისინი პროექტთან მიმართებაში საკუთარ აზრს წერილობით გამოთქვამდნენ, შეიძლება საერთოდ კომპენსაციის გარეშე დარჩენილიყვნენ~, - ნათქვამია `მწვანე ალტერნატივას~ ანგარიშში.

ექსპერტები არ უარყოფენ, რომ ვაზიანი – გომბორი – თელავის გზის რეაბილიტაცია მეტად მნიშვნელოვანი პროექტია, თუმცა მიაჩნიათ, რომ პროექტი შესაბამისობაში უნდა იქნეს მოყვანილი მსოფლიო ბანკის პოლიტიკასა და პროცედურებთან. `უნდა მომზადდეს განსახლების სამოქმედო გეგმა ან მისი ჩარჩო მსოფლიო ბანკის მოთხოვნებთან სრულ შესაბამისობაში, რათა დაიხვეწოს ადგილობრივი მოსახლეობის კომპენსაციის და საჩივრების მიღების მექანიზმები. გარდა ამისა, უნდა განიხილებოდეს სხვა ალტერნატივებიც სოფლებში გამავალ მონაკვეთებთან დაკავშირებით. მაგალითად, სოფელ უჯარმის მოსახლეობის ნაწილს მიაჩნია, რომ შესაძლებელია, გზატკეცილმა საერთოდ გვერდი აუროს სოფელს. ყველაზე მისაღები ალტერნატივაა არ მოხდეს გზის სავალი ნაწილის გაფართოება და ჩატარდეს გზის აღდგენა – რეკონსტრუქციის სამუშაოები. ამით აცილებული იქნებოდა სოფლების მცხოვრებთა არანებაყოფლობითი განსახლება; შემცირდებოდა კომპენსაციების საჭიროება, შესაბამისად – მოცულობა და საერთო ჯამში, პროექტის ღირებულება; ამასთანავე, დასახლებულ პუნქტებში ავტოტრანსპორტის მოძრაობის სიჩქარე კანონით არის შეზღუდული. ამდენად, განიერი გზა პრაქტიკულად არაფერს მოიტანდა მოძრაობის სიჩქარის ხარჯზე მგზავრობის დროის შემცირების კუთხით. სამაგიეროდ, ზემოთ აღნიშნულ დადებით მხარეებთან ერთად, გაიზრდებოდა გზის უსაფრთხოებაც~, - აცხადებს მაჭარაშვილი.

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ვაზიანი – გომბორი – თელავის გზის რეაბილიტაციის პროექტი, გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას არ ითვალისწინებს. არადა, გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე ადგილობრივები რომ დასაქმდებოდნენ, ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა კახეთში ყოფნის დროს არაერთხელ განაცხადა. პრეზიდენტის ამ განცხადებებმა მოსახლეობას დასაქმებასთან დაკავშირებით გარკვეული მოლოდინები გაუჩინა, თუმცა როგორც აღმოჩნდა, გზის რეაბილიტაციის პროექტში ადგილობრივების დასაქმების თაობაზე არაფერი არ არის ნათქვამი.

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
თქვენი აზრით, ირღვევა თუ არა წინა ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნების უფლებები?
ირღვევა არ ირღვევა არა ვარ ინფორმირებული მიჭირს პასუხის გაცემა

ბლოგი

მშიერი კომისიის წევრები და გაბრაზებული თავმჯდომარეები ბათუმში
არჩვენებს 2003 წლიდან ვაკვირდები. არც ერთი არჩევნები არ გამომიტოვებია, რასაც ვერ ვიტყოდი ჩემი საარჩევნო ხმის უფლების გამოყენებაზე - ყველა არჩევნებზე, იმის გამო რომ
ვრცლად...
ბეჭედი ნაკვეთურის გარეშე და ორსახელიანი ამომრჩეველი გურიაში
პირველად დამკვირვებლის სტატუსით
არქივი
    

რედაქტორის აზრი

პატიმართა მასობრივი პროტესტის მიზეზები
ბოლო ხანს მედიაში ერთ-ერთი აქტუალური თემაა პატიმართა პროტესტი გეგუთის კოლონიაში. ასობით პატიმარი პროტესტის სხვადასხვა ზომებს მიმართავს და კოლონიის დირექტორის გადაყენებას მოითხოვს. ისინი საპატიმროს
ვრცლად...
შემოდგომის ბუზი
ადამიანის უფლებათა ცენტრი მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესებს დააკვირდება
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2014 HRIDC