კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მიწა და სამართალი

16 სექტემბერი, 2009

თეა თოფურია

გოდერძი გორდეზიანს საკუთარი მიწის ნაკვეთი ისე ჩამოართვეს, რომ მან ამის შესახებ ყველაზე ბოლოს შეიტყო, ისიც მაშინ, როცა საჯარო რეესტრიდან ამის მაუწყებელი ცნობა მიიღო. მას შემდეგ უშედეგოდ ცდილობს, წართმეული ქონება სასამართლოს დახმარებით დაიბრუნოს. გორდეზიანისთვის ჩამორთმეული და სახელმწიფო მფლობელობაში გადასული მიწა კი ბოდბის დედათა მონასტერს გადაეცა. და მიწის ერთსა და იმავე ფართობთან მიმართებაში დღეს არსებობს ორი სიმართლე: გორდეზიანის, რომელიც მიიჩნევს, რომ მას მიწის ნაკვეთი კანონდარღვევით ჩამოართვეს, და მონასტრის, რომელსაც უკვე სახელმწიფო მფლობელობაში გადასული მიწა გადასცეს .

ჩინოვნიკებმა ბრძანებების წერა არ იციან

კანონი სახელმწიფო სტრუქტურებში დაირღვა. გოდერძი გორდეზიანმა 5 ჰექტარი მიწის ნაკვეთი, რომელიც ბოდბის (ქ. სიღნაღი) დედათა მონასტრის გვერდით მდებარეობს, 2007 წელს შეისყიდა და მასში მხოლოდ 75 ლარი გადაიხადა (ეს კი იმას ნიშნავს, რომ მიწის ეს ფართობი მთლიანად 140 ლარად იყო შეფასებული, რადგან პირველი შენატანი საერთო ღირებულების 50%-ს უნდა შეადგენდეს). 5 ჰექტარი მიწის ფართობის ამ ფასად შესყიდვის საფუძვლად გორდეზიანი იმას ასახელებს, რომ მას შესყიდვამდე მიწა იჯარით ჰქონდა აღებული და ჰქონდა მისი შესყიდვის უპირატესი უფლება.

აღმასრულებელმა სტრუქტურებმა კიდევ ერთ გაუგებრობას დაუდეს საფუძველი. გორდეზიანმა აღნიშნული მიწის ნაკვეთი შეისყიდა, როგორც სასაძოვრე მიწა. მოგვიანებით ამავე სტრუქტურებში გორდეზიანისთვის მიწის ჩამორთმევის სიტყვიერ მოტივად (ეს მოტივი ბრძანებაში არ ასახულა), სწორედ, ის დასახელდა, რომ ეს ფართობი სინამდვილეში არა სასაძოვრე, არამედ ტყე იყო. ალბათ, საჭიროა, დადგინდეს, ვინ და ვისი ინტერესების დაცვისთვის მიანიჭა მიწას არასწორი კატეგორია - სადაო ტერიტორია აშკარად ტყის მასივით არის დაფარული, იგი წმინდა ნინოს მონასტრის გვერდით მდებარეობს და ნებისმიერ ჩვენგანს არაერთხელ ექნება ნანახი.

ასეა თუ ისე, ჩინოვნიკებმა გორდეზიანის მფლობელობაში დააკანონეს 5 ჰექტარი მიწის ფართობი. მიწა რომ ნამდვილად გორდეზიანის გახდა, ეს სამხარეო სამმართველოს მიერ მიწისა და სხვა უძრავი ქონების შეძენის დამადასტურებლად შედგენილი ოქმიდან (#557) ჩანს, რომელიც იმავე წლის 12 აპრილით თარიღდება. იმავე დღეს საჯარო რეესტრშიც დაფიქსირდა, რომ სოფელ ქედელში არსებული 5 ჰექტარი სასაძოვრე მიწა გოდერძი გორდეზიანს საკუთრების უფლებით გადაეცა.

იმავე – 2007 წლის 30 აპრილს ეკონომიკის სამინისტროს კახეთის სამხარეო სამმართველოს უფროსმა ზურაბ ბუცხრიკიძემ გამოსცა ბრძანება #720 გორდეზიანისთვის მიწის მიკუთვნების ბრძანების ბათილად ცნობის შესახებ.  ბრძანება რომ სწორი ფორმით, შესაბამისი კანონების ცოდნითა და დაცვით დაწერილიყო, მიწის ჩამორთმევის მოტივი სწორად რომ მითითებულიყო (სასაძოვრედ გასაღებული და სინამდვილეში ტყის მასივით დაფარული მიწა), იქნებ სამხარეო სამმართველო დღეს მადლობის ადრესატიც გამხდარიყო, მაგრამ ჩინოვნიკებმა ბრძანება არასწორად დაწერეს და, შესაბამისად, გორდეზიანს აქვს საფუძველი, საკუთარი უფლებები დარღვეულად, ხოლო მიწა უკანონოდ ჩამორთმეულად მიიჩნიოს. სამხარეო სამმართველოში დაწერილ ბრძანებაში გორდეზიანისთვის მიწის ჩამორთმევის მიზეზად დასახელებული იყო ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 მუხლის პირველი ნაწილი.

გაუგებარია, რატომ მიუთითეს ეს მუხლი მაშინ, როცა იგი არარად ცნობას ითვალისწინებს და არა ბათილობას.

 არარად დოკუმენტის ცნობა კი ხდება რამდენიმე მიზეზით, თუ:
ა) დოკუმენტის მიხედვით შეუძლებელია მისი გამომცემი ორგანოს დადგენა; ბ) გამოცემულია არაუფლებამოსილი ორგანოს ან პირის მიერ; გ) მისი შესრულება შეუძლებელია ფაქტობრივი მიზეზების გამო; დ) მისი შესრულება გამოიწვევს სისხლისსამართლებრივ ან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას.

ბრძანებაში მიწის ჩამორთმევის მოტივად არ  ყოფილა მითითებული ჩამოთვლილი მუხლებიდან არც ერთი.

დოკუმენტის ბათილობა კი ხდება მაშინ, როცა ის ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად არის დარღვეული მისი მომზადების ან გამოცემის კანონით დადგენილი სხვა წესები. ამ შემთხვევაშიც აუცილებელია, ჩაიწეროს, კერძოდ, რა გახდა ბათილობის მიზეზი. ბრძანებაში ამის მსგავსიც არაფერი წერია.

თუკი ბრძანება §720-ის ავტორებმა მიწის ჩამორთმევის მოტივად ის იგულისხმეს, რაც სიტყვიერ საუბარში გვითხრეს (მიწისთვის არასწორი კატეგორიის მინიჭება), ხომ შეიძლებოდა, ეს მოტივი კანონის ენით და შესაბამისი მუხლის მითითებით ჩაწერილიყო ბრძანებაში? ამის გაკეთება ხელისუფლების ადგილობრივ ორგანოში ან ვერ შეძლეს (შესაბამისი კომპეტენციის არქონის გამო), ან არ მიიჩნიეს საჭიროდ თავის ზედმეტი შეწუხება.

აღსანიშნავია, რომ დარღვეულია კანონის შედგენის ფორმალური მხარე. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის თანახმად, წერილობითი ფორმით გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტში უნდა იყოს მითითებული ის ადმინისტრაციული ორგანო (მისი მისამართი და საჩივრის წარდგენის ვადა), რომელშიც შეიძლება ამ აქტის გასაჩივრება. ბრძანება $720 ასეთ რეკვიზიტებს არ შეიცავს.

სამხარეო სამმართველომ უგულებელყო კანონის კიდევ ერთი მოთხოვნა (ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის მე-2 ნაწილი), რომლის მიხედვითაც, მოსალოდნელი ცვლილებების შესახებ მესაკუთრისათვის წინასწარ უნდა ეცნობებინათ. მათ არც ეს გაუკეთებიათ. გორდეზიანმა მომხდარის შესახებ მხოლოდ მაშინ გაიგო, როცა მიწა მის საკუთრებად უკვე აღარ ითვლებოდა. ამის შესახებ მას 10 მაისს აცნობეს.

გორდეზიანის ვარაუდი

გორდეზიანი ამბობს, რომ ამ მიწებით ბოდბის მონასტერი იყო დაინტერესებული და ადგილობრივი ხელისუფლებისგან ზეწოლა ამის გამო ხდებოდა. თავის მხრივ, მონასტერი არ უარყოფს, რომ, რადგან ეს მიწა მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარეობს, ტყის მასივი კი, რომლითაც დაფარულია ტერიტორია, დღითიდღე ნადგურდება და ეს მონასტერს მეწყრის საშიშროებას უქმნის, მონასტერი დაინტერესებულია ამ მიწების დაცვით. მაგრამ, რა თქმა უნდა, არავითარ შემთხვევაში - კანონის დარღვევით, სხვისი ქონების ჩამორთმევის, სხვისი ზარალის ხარჯზე. ეს ეკლესიისათვის მიუღებელია. აშკარაა, სახელმწიფო სტრუქტურებმა ამ შემთხვევაში არცთუ კარგი სამსახური გაუწიეს მონასტერს, რადგან მისთვის ისტორიული და საჭირო მიწის დაბრუნების მიზნით არა კანონის დაცვის გზა აირჩიეს, არამედ, სწორედ, ადამიანის უფლებების შელახვის გზა. ბრძანება ისე დაწერეს, რომ მონასტერიც უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენეს და მოქალაქე გორდეზიანსაც დაუმთავრებელი ბრძოლის პოლიგონი შესთავაზეს. რა იქნებოდა, ჩინოვნიკებს ბრძანების წერა რომ შესძლებოდათ?!

სამინისტროში დრო ნელა გადის

გოდერძი გორდეზიანმა გადაწყვიტა, საკუთარი უფლებებისთვის ებრძოლა, სამმართველოს ბრძანება იქ გაესაჩივრებინა, საიდანაც ცნობა მიიღო, ანუ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში. მისი უფლებების დარღვევების ჯაჭვიც აქედან გაიბა. გორდეზიანმა რეესტრს მიმართა და #720 ბრძანების ბათილად ცნობა მოითხოვა. განცხადება 11 მაისს დაწერა, პასუხი 24 მაისს მიიღო. საჯარო რეესტრიდან აცნობეს, რომ ბრძანების ბათილად ცნობა მათ კომპეტენციაში არ შედიოდა და რომ საჩივარი ეკონომიკური განვითარების სამინისტროს გადაეგზავნა.

2007 წლის 16 აგვისტოს გორდეზიანმა საჩივარი თელავის რაიონულ სასამართლოში შეიტანა. 2007 წლის 4 სექტემბერს სასამართლომ, მოსამართლე ნათელა ჯაშიაშვილის ხელმძღვანელობით, გამწესრიგებელ სხდომაზე სარჩელი დაუშვებლად ცნო და საქმის წარმოება შეწყვიტა. მიზეზად ადმინისტრაციული კოდექსის მე-100 მუხლის პირველი ნაწილი დასახელდა: სასამართლომ მიიჩნია, რომ სარჩელის წარდგენის ერთთვიანი ვადა უკვე გასული იყო.

სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩელის დაუშვებლად ცნობის შესახებ არ გახლდათ კანონიერი. ,,ადამიანის უფლებათა ცენტრის” იურისტი ნესტან ლონდარიძე აღნიშნავს, რომ ,,სასამართლომ გასაჩივრების ერთი თვის ვადა არასწორად აითვალა. მან ათვლა დაიწყო 24 მაისიდან, როდესაც გორდეზიანმა საჯარო რეესტრიდან პასუხი მიიღო. მაგრამ რეალურად ამ პასუხში მხოლოდ ის ეწერა, რომ საქმეს სამინისტრო განიხილავდა. თავად სამინისტროსგან პასუხი კი გორდეზიანს თვეების მერე მიუვიდა.”

ეკონომიკის სამინისტროში საქმის წარმოება, მართლაც, გრძელდებოდა. თუმცა, ძალიან ნელა. სამინისტრომ გორდეზიანს საბოლოო პასუხი 29 თებერვლით დათარიღებული ბრძანებით (1-1/274) გასცა. ეკონომიკის სამინისტრო საჩივრის განხილვაზე უარს ამბობდა.

სამინისტრო ამირანივით გულში მღეროდა

სამინისტრომ თავისი გადაწყვეტილება დაასაბუთა ადმინისტრაციული კოდექსის 182-ე მუხლის ,,გ” ქვეპუნქტით, რომლის თანახმადაც, ესა თუ ის ორგანო საქმეს არ განიხილავს, თუ არსებობს ამავე ორგანოს ან ზემდგომი ორგანოს გადაწყვეტილება ამ საქმესთან დაკავშირებით.

მარტივად რომ ვთქვათ, სამინისტრომ მიიჩნია, რომ ამ საკითხზე მას ერთხელ უკვე ჰქონდა გადაწყვეტილება გამოტანილი და ეს გადაწყვეტილება განხილვაზე უარის თქმა იყო. ხოლო იმაზე, რომ ეს გადაწყვეტილება თავად გორდეზიანს დროულად არ შეატყობინეს, სამინისტრო მეტად უცნაურ პასუხს იძლევა: მისი აზრით, პასუხის არგაცემა ავტომატურად უარის თქმას ნიშნავს და თავის დროზე პასუხი რომ არ გასცა, გორდეზიანი უნდა მიმხვდარიყო, უარს რომ ეუბნებოდნენ და სასამართლოში დროულად უნდა გაესაჩივრებინა. (ადმინისტრაციული კოდექსის 177. 2 მუხლის თანახმად,  ,,ადმინისტრაციული ორგანოს მიერ აქტის გამოცემისთვის დადგენილი ვადის დარღვევა ჩაითვლება აქტის გამოცემაზე უარის თქმად და იგი გასაჩივრდება დადგენილი წესით”).

იურისტ ნესტან ლონდარიძის თქმით, გორდეზიანისთვის პასუხი ყველა შემთხვევაში უნდა ეცნობებინათ. ,,ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად, თუ დაინტერესებული მხარე ვალდებულია, დაიცვას დადგენილი ვადა, აღნიშნული ვადის ათვლა დაიწყება მხოლოდ დაინტერესებული მხარისათვის შესაბამისი დოკუმენტის გადაცემის ან ინფორმაციის გამოქვეყნების დღიდან”, ანუ, კანონის თანახმად, უარის წერილი გორდეზიანისთვის თავიდანვე ოფიციალურად უნდა გაეგზავნათ ან ეს ინფორმაცია მედიის საშუალებით უნდა გაევრცელებინათ.

ამასთან, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ბრძანება, რომლის გაბათილებასაც გორდეზინი ითხოვდა, სამხარეო სამმართველომ მე-60 მუხლის საფუძველზე დაწერა. ეს მუხლი კი ვადების შეზღუდვას საერთოდ არ ცნობს (,,არარა აქტების მიმართ არ ვრცელდება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გასაჩივრების ამ კოდექსით დადგენილი ვადები”, მუხლი 60, 2)”. ამიტომ თუ როდის გაასაჩივრებდა გორდეზიანი პასუხს, ამას ამ შემთხვევაში საერთოდ არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა.

რა მიზეზით თქვა უარი სამინისტრომ გორდეზიანის საჩივრის განხილვაზე? ამ კითხვით სამინისტროს ჩვენც მივმართეთ, პასუხად კი იგივე მივიღეთ, რაც თავის დროზე გადაწყვეტილებაში იყო ჩაწერილი. სამინისტროს განმარტებით, გორდეზიანისთვის საჩივრის განხილვაზე უარის თქმის საფუძველი იყო ის, რომ მათ თავადაპირველადაც უარი ჰქონდათ ნათქვამი (ეს უარი  დროულად პასუხის არგაცემაში გამოიხატა), ხოლო ის, თუ რა იყო  თავადაპირველი უარის საფუძვველი, დოკუმენტში ისევ არ ეწერა.

მას შემდეგ, რაც თელავის სასამართლომ სარჩელი დაუშვებლად მიიჩნია, სამინისტრომ კი უცნაური პასუხი გასცა, გორდეზიანმა საქალაქო სასამართლოს მიმართა. დაზარალებული ითხოვდა, სასამართლოს ეკონომიკის სამინისტრო დაევალდებულებინა, რომ ამ უკანასკნელს საჩივარი განეხილა და კონკრეტული პასუხი გაეცა. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ საქალაქო სასამართლოში გორდეზიანს ბუცხრიკიძის მიერ დაწერილი ბრძანების გაბათილება არ უთხოვია, ითხოვა ის, რომ სამინისტროს მისი საჩივარი განეხილა.

გორდეზიანის სარჩელი საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა, მიიჩნია რა იგი უსაფუძვლოდ. სასამართლომ ჩათვალა, რომ ეკონომიკის სამინისტრომ კანონიერად უთხრა უარი გორდეზიანს საჩივრის განხილვაზე. ანუ, საქალაქო სასამართლოს ლოგიკით, გორდეზიანი ეკონომიკის სამინისტროსგან ოფიციალურ პასუხს აღარ უნდა დალოდებოდა და თელავის სასამართლოსთვის დროულად უნდა მიემართა.

,,ადამიანის უფლებათა ცენტრის” იურისტი ნინო ანდრიაშვილი ასე აფასებს ერთი მოქალაქის მიმართ სასამართლოს დამოკიდებულებას: „სასამართლომ დაარღვია საქართველოს უზენაესი კანონის – საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლი, რომლითაც გარანტირებულია სასამართლოსთვის მიმართვის წესით ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვა, ასევე დაარღვია „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის” მე-6 მუხლის მოთხოვნა (სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლება).“

საბოლოო ჯამში, ვერავინ შეძლო გადაწყვეტილების კანონთან შესაბამისობაში მოყვანა და ბრძანება, რომელშიც იმდენი უზუსტობაა, დღემდე მოქმედებს.

აღნიშნულ საქმეში სასამართლო აღმასრულებელი ხელისუფლების ერთი რიგითი რგოლივით მოიქცა. მან ვერ მოახერხა იმის გაცხადება, რომ ეკონომიკის სამინისტროს კახეთის სამხარეო სამმართველოში დაწერილი ბრძანება ერთდროულად იყო არაკომპეტენტური, კანონის დარღვევით შედგენილი და თვითონვე აფუჭებდა იმ საქმეს, რისი ხელის შეწყობაც სურდა.

სახელმწიფოში მოქმედი კანონები საყოველთაოა და მას ყველა ვემორჩილებით. ხომ შეიძლებოდა, ბოდბის მონასტერს მიმდებარე მიწა ისე გადასცემოდა, გოდერძი გორდეზიანის უფლებები არ დარღვეულიყო? ჩვენ ვეწვიეთ ბოდბის მონასტერს, სადაც დედა იოანამ გვითხრა, რომ მონასტერს არასდროს არავისზე მოუხდენია ზეწოლა აღნიშნული მიწის დასაკუთრების მიზნით. მათ უკვე სახელმწიფო მფლობელობაში არსებული მიწა გადაეცათ 2009 წლის 12 ივნისის პრეზიდენტის ბრძანებულებით, სიმბოლურ ფასად - 1 ლარად.

ერთი სიტყვით, სასამართლოს რომ დროულად დაედგინა, რამდენად კანონიერი იყო ეკონომიკის სამინისტროს მიერ გორდეზიანისთვის მიწის ჩამორთმევა და სამინისტროში მონახულიყო თუნდაც ერთი კადრი, რომელიც ბრძანებას სწორად დაწერდა, მაშინ არც მოქალაქის უფლებები დაირღვეოდა, არც სასამართლო ჩაითვლებოდა უსამართლოდ და, რაც მთავარია, არც საშიში ბზარი გაჩნდებოდა ადამიანსა და ეკლესიას შორის. 

გამოძიება ჩატარდა ადამიანის უფლებათა ცენტრისა და ჟურნალ “სიტყვის” მიერ “ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის“ მხარდაჭერით
გმოძიების ხელმძღვანელი ლია ტოკლიკიშვილი

ახალი ამბები