კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„დიდი სანახაობა“ კრიტიკის ელემენტებით

17 სექტემბერი, 2009

შორენა კაკაბაძე, ქუთაისი 

საქართველოს მთავრობამ ქუთაისის მოსახლეობას ანგარიში ჩააბარა. თავდაცვის, შინაგან საქმეთა, პრობაციისა და სასჯელაღსრულების, გარემოს დაცვის, განათლებისა და სხვა სამინისტროების პავილიონებთან გუშინ არც ისეთი ხალხმრავლობა იყო, როგორც ამას თავად მთავრობა მოელოდა. თუმცა, საბოლოო ჯამში, „სანახაობა“ შედგა - ხალხმა  და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა ერთმანეთს „გული გადაუშალეს“.

მთავრობის მცდელობის მიუხედავად, „სანახაობამ“ საქართველოს მეორე დედაქალაქში კრიტიკის გარეშე ვერ ჩაიარა. სანამ საზოგადოების ერთი ნაწილი სხვადასხვა უწყების სტენდებთან  ფოტოებს იღებდა და კმაყოფილებას ამრიგად გამოხატავდა, სხვები კრიტიკას არ ფარავდნენ. ფაქტია, ე. წ. მთავრობის ანგარიში ქუთაისში განსჯის საგნად კიდევ რამდენიმე ხანს დარჩება.

რას ფიქრობს ხალხი ხელისუფლების საზოგადოებასთან ურთიერთობის ამგვარ ფორმაზე - „ადამიანის უფლებათა ცენტრმა“ ქუთაისელების შთაბეჭდილებები ჩაიწერა.

მარინა ჩაფიჩაძე, დიასახლისი, 42 წლის: „მიკვირს, ჩვენი მთავრობა ამ სპექტაკლების მოწყობით რომ არ დაიღალა. დღეს თითქმის გაკვეთილები ჩაიშალა სკოლებში, აქაოდა, თვით მინისტრები გვეწვივნენ და ანგარიშს გვაბარებენო. რომელ ანგარიშს გვაბარებენ, ხალხს რომ არც სამსახური აქვს და არც სხვა დადანარჩენი?  მერედა, ვის ჭირდება მათი ანგარიში? მე, მაგალითად, მირჩევნია, სამსახური მქონდეს და ყოველთვიურად შინ თუნდაც 100 ლარი მიმქონდეს...“

ვიოლა ჭელიძე, ექთანი, 39 წლის: „რა დროს გამოფენებია, როცა ქვეყანაში უმუშევრობაა, როცა ადამიანის უფლებები შელახულია და ხალხი საკუთარ სიმართლეს ვერ ამტკიცებს?“

თამაზ გეგუჩაძე, ინჟინერი, 55 წლის: „ვიღაცა იკითხავს, თუ არ გინდოდა აქ მოსვლა, ვინ გაძალებდაო... იცი, რატომ მოვედი? ხალხის განწყობა მაინტერესებდა... გაოცებული ვარ. უმრავლესობას კმაყოფილი სახეები აქვს. ნეტავ, ვიცოდე, რა უხარიათ. ალბათ, ის, რომ ამ რამდენიმე დღის წინ პრეზიდენტი ჩამობრძანდა და ავტოქარხანაში დიდი სპექტაკლი გამართა, თითქოს 10 ათასი კაცი დასაქმდა. ხალხს  მუშის ფორმები ჩააცვეს და როგორც კი, პრეზიდენტი წავიდა, გახადეს და სახლებში გაუშვეს. ეს გვიხარია? კი, ბატონო!“

ავთო ჩხეიძე, უმუშევარი, 48 წლის: „ეს არის წმინდა წყლის პიარი და სხვა არაფერი. დარწმუნებული ვარ, ამ ჩვენს მინისტრებს ხალხის აზრი საერთოდ არ აღელვებს. უბრალოდ, ახარებთ, რომ ხალხს მათი ჯერათ. მე პირადად, ეს ყველაფერი მაღიზიანებს. ხალხის განწყობა მაღიზიანებს. რას ათვალიერებენ, რა არის აქ დასათვალიერებელი? ჩემი მეზობელი შემხვდა, რომელიც 24 საათი მთავრობის ლანძღვაშია. დღეს კი აქ მოსულა და ბედნიერი სახე აქვს. მთავრობასაც ეს უნდა. ეს უკვე, მისი გამარჯვებაა...“

ლალი გიორგაძე, მუსიკოსი, 35 წლის: „ეს ინვენტარი, რომლის ქუთაისში ჩამოსატანად ჩვენმა მინისტრებმა თავი შეიწუხეს, ჯობია თავის ადგილზე ეწყოს. რა უნდა სამხედრო მანქანას ანდა ტრაქტორს შუა ქალაქში? რას დაატარებენ ერთი ქალაქიდან მეორეში და ამაში ზედმეტ ფულს ხარჯავენ? ეს პიარია და სხვა არაფერი. ამას ჯობია, საქმე აკეთონ“

გიორგი აბესაძე, სტუდენტი 19 წლის: „მაგარი გასართობია, რა... ასეთი ხშირად რომ შემოგვთავაზოს ჩვენმა ხელისუფლებამ, ნამდვილად არ მოვიწყენთ...“

ნელი მარუაშვილი, დიასახლისი, 51 წლის: „არ მომწონს, რაც ხდება. ეს ხალხის მასხრად აგდებაა. თუ დააკვირდებით, მინისტრები მხოლოდ იმათ ელაპარაკებიან, ვინც მათ მიმართ (და საერთოდ, ამ სანახაობის მიმართ) კეთილადაა განწყობილი. აბა, ვის გაუგია, სერიოზული საკითხები ქუჩაში წყდებოდეს? საინტერესოა, ყველა ქალაქს რომ მოივლიან, მერე რას მოიფიქრებენ? ალბათ, ახალ სანახაობას შემოგვთავაზებენ.“

მანანა ყურაშვილი, ინჟინერი, 43 წლის: „თუ გასართობად გვაქვს საქმე, გავერთოთ, სხვა რა დაგრჩენია...“

ამ თემაზე:

მინისტრებს წერილს ნუ მისწერთ, ქალაქი დაბინძურდება

ახალი ამბები