კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ცემა – ტყეპა საპყრობილეებში

23 სექტემბერი, 2009

გელა მთივლიშვილი

სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის დიმიტრი შაშკინის მტკიცების მიუხედავად, რომ ციხეებში პატიმრებს არ სცემენ, არ აშიმშილებენ და არ აწამებენ, სასჯელაღსრულებით დაწესებულებებში მდგომარეობა უარესდება. საპყრობილეებში პატიმრების ცემის, წამებისა და არადამიანური მოპყრობის ფაქტებზე არაერთი სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, თუმცა საკმარისი მტკიცებულებების მიუხედავად, პროკურატურა მაინც არავის სჯის. შედეგად, სასჯელაღსრულებითი დაწესებულებების თანამშრომლები პატიმრებს კიდევ უფრო უმოწყალოდ ექცევიან.

„ვემსახურებით საქართველოს“

სასჯელაღსრულების დეპარტამენტის 7 ივლისის ინფორმაციით, 2009 წლის 6 ივლისს ქუთაისის #2 საპყრობილეში სასამართლოს განჩინებით უკმაყოფილო შვიდმა არასრულწლოვანმა მსჯავრდებულმა დაარბია საკანი და დაამტვრია ინვენტარი. ინციდენტის დროს არავინ დაშავებულა. სახელმწიფო ქონების დაზიანების ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება. მომხდარში მონაწილე შვიდივე მსჯავრდებული სასჯელაღსრულების დეპარტამენტის გადაწყვეტილებით თბილისში, ქალთა და არასრულწლოვანთა საპყრობილის, მკაცრი და საერთო რეჟიმის დაწესებულებაში გადაიყვანეს. წწწ.დოპ.გოვ.გე

საქართველოს ყოფილი სახალხო დამცველის სოზარ სუბარის დავალებით, მისი რწმუნებულები, 7 ივლისს, ქუთაისის #2 საპყრობილისა და მკაცრი რეჟიმის დაწესებულებაში მივიდნენ, ადგილზე გაეცნენ ვითარებას და ზედმიწევნით შეისწავლეს ინციდენტის მიზეზები, მიმდინარეობა და შედეგები.

სახალხო დამცველის რწმუნებულები შეხვდნენ არასრულწლოვან პატიმრებს. მათი ახსნა-განმარტებების თანახმად, 2009 წლის 6 ივლისს, საღამოს 9 საათისათვის, კონტროლიორმა შენიშნა, რომ #102 საკნის გისოსიდან რკინის ჩხირები იყო გამოღებული და საკანში სარეჟიმო განყოფილების თანამშრომელი მიიყვანა. როგორც პატიმრები ამბობენ, საკნის გისოსში მათ ადრე ტელევიზორი ჰქონდათ ჩადგმული, რომელიც გვერდით კამერას გადასცეს. შესაბამისად, სარკმელზე არსებული ჩხირებიც ადრე იყო მოშორებული.

სარეჟიმო განყოფილების დაახლოებით ხუთმა თანამშრომელმა საკანი შეამოწმა, თუმცა გისოსიდან გამოღებული ჩხირები ვერ იპოვა. დაახლოებით 20 წუთის შემდეგ, სარეჟიმო განყოფილების თანამშრომლები საკანში სხვა თანამშრომლებთან ერთად დაბრუნდნენ და პატიმრები ე. წ. კარანტინის კორპუსში გადაიყვანეს. კორპუსის შესასვლელთან პატიმარი ლ. ლ. მეორე პატიმარს გაეხუმრა, რაზეც დაწესებულების თანამშრომელმა მას სახეში ხელი გაარტყა. ხმაურზე მობრუნებულმა პატიმრებმა დაინახეს, რომ ერთ-ერთ თანამშრომელს ლ. ლ. ხელით ეჭირა, ხოლო მეორე ურტყამდა. შემდეგ საპყრობილის თანამშრომლებმა ერთ-ერთი პატიმარი მიიმწყვდიეს კედელთან და ყელზე ხელი წაუჭირეს.

პატიმრების ცემას დანარჩენი არასრულწლოვნების სიტყვიერი პროტესტი მოჰყვა. მათ ჯერ საკანში დაბრუნება, ხოლო შემდეგ უფროსთან შეხვედრა მოითხოვეს. საბოლოოდ, არასრულწლოვნები თავის საკანში დააბრუნეს, მაგრამ მათ პროტესტის ნიშნად, ხმაური და კარებზე ბრახუნი დაიწყეს. მათ მხარდასაჭერად ხმაური გვერდითი საკნის პატიმრებმაც ატეხეს. ამის შემდეგ მათ დაწესებულების უფროსი შეხვდა, რომელთანაც მომხდარის გამო უკმაყოფილება გამოთქვეს. პატიმრები აცხადებენ, რომ სიტყვიერი შეურაცხყოფა მხოლოდ იმ თანამშრომელს მიაყენეს, რომელიც მათ თანასაკნელებს ცემდა. დირექტორთან შეხვედრის შემდეგ არასრულწლოვნები დაწყნარდნენ და როგორც ამბობენ, რამდენიმემ დაიძინა კიდეც.

მიუხედავად იმისა, რომ უკვე ყველაფერი დაწყნარებული იყო, დაახლოებით ღამის 2 საათზე, საკნებში ნიღბიანი სპეცრაზმელები შევიდნენ და პატიმრებს გარეთ გამოსვლა მოსთხოვეს. არასრულწლოვნები ამბობდნენ, რომ თავდაცვის მიზნით, ისინი თვითდაზიანებით იმუქრებოდნენ. ზოგიერთმა მათგანმა ხელიც გადაისერა.

სამ საკანში განთავსებული არასრულწლოვნები დერეფანში გაიყვანეს, ხელები კედელზე დააწყობინეს და სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

არასრულწლოვნებს სცემდნენ გაშლილი ხელით, სველი ცხვირსახოცით, ბოქლომით. არ აძლევდნენ განძრევის უფლებას. აიძულებდნენ პოლიციის ქუდის დახურვას, ე. წ. „ჩესტის“ აღებას და სიტყვების წარმოთქმას: „ვემსახურებით საქართველოს“. პატიმრები ამბობენ, რომ სპეცრაზმელები განსაკუთრებით #102 საკნის პატიმრებს გაუსწორდნენ, მათ შორის ლ. ლ. გონდაკარგული ძირს დაეცა. დერეფანში გამოყვანის შემდეგ, სპეცრაზმელებმა 7 არასრულწლოვნის გვარი ამოიკითხეს და მათ განსაკუთრებით გაუსწორდნენ. როგორც პატიმრები ამბობენ, მათ კედელზე ხელებდაწყობილებმა დაახლოებით 5 საათი გაატარეს, განძრევის შემთხვევაში მათ თავზე „დაშარდვით“ და ე. წ. „ქათმების“ საკანში მოთავსებით ემუქრებოდნენ.  შემდეგ არასრულწლოვნები ორჯერ გაატარეს ე. წ. „კორიდორში“, სადაც მათ საპყრობილის თანამშრომლები და სპეცრაზმელები ერთობლივად სცემდნენ და აფურთხებდნენ. შემდეგ ისინი კარანტინის კორპუსში გადაიყვანეს.

პატიმრებს სხეულზე დაზიანებები აღენიშნებოდათ, ნაწილს არ ჰქონდა ტანსაცმელი, ზოგმა გადაყვანისას ფეხსაცმელი დაკარგა. როგორც პატიმრები ამბობენ, საკნებიდან მათი გამოყვანა ვიდეო ფირზეა ასახული.

აღსანიშნავია, რომ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მიერ ოფიციალურად გავრცელებული ინფორმაციით, ინციდენტის დროს არავინ დაშავებულა, რაც სოზარ სუბარის თქმით, რეალობას მოკლებულია. ყოფილი სახალხო დამცველის განცხადებით, მისი აპარატის თანამშრომლების მიერ არასრულწლოვანთა ვიზუალური დათვალიერებისას აშკარა იყო, რომ ქუთაისის #2 საპყრობილისა და მკაცრი რეჟიმის დაწესებულებაში 7 ივლისის მდგომარეობით მყოფ 12 არასრულწლოვან პატიმარს სხვადასხვა სახისა და ზომის დაზიანებები აღენიშნებოდა.

მისივე თქმით, 12 არასრულწლოვანი პატიმარი სახალხო დამცველის რწმუნებულებმა 8 ივლისსაც მოინახულეს. ერთ-ერთ საკანში განთავსებული არასრულწლოვანი პატიმრები მონახულებამდე რამდენიმე საათით ადრე ნაცემები აღმოჩნდნენ. როგორც ახსნა-განმარტებაში აღნიშნავენ, 8 ივლისს, დაახლოებით 11 საათზე დაუძახეს კონტროლიორს, რადგან საკანში კანალიზაცია გაიჭედა. დაახლოებით ათ წუთში საკანში შევიდა ოთხი ადამიანი, რომლებმაც არასრულწლოვნები აიძულეს მათკენ ზურგით შებრუნებულიყვნენ, რის შემდეგაც ცემა დაუწყეს. ცემასთან ერთად აგინებდნენ და აფურთხებდნენ. ამის შემდეგ მაგიდიდან გადაუყარეს ყველაფერი და აიძულებდნენ მოეწმინდათ იატაკი. სუბარი მიიჩნევს, რომ არასრულწლოვანებზე განხორციელებული ზეწოლა პირდაპირ დამცირების, ღირსების შემლახველ და წამების უხეშ ფორმას წარმოადგენს.

პატიმრებს საპყრობილის დირექტორის კაბინეტშიც სცემენ

სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, ბოლო 2 წლის მანძილზე მათთან არაერთი საჩივარი შევიდა ქსნის #7 დაწესებულების დირექტორის რობერტ არაქელოვისა და ადმინისტრაციის მიერ მსჯავრდებულებზე ძალის გამოყენების შესახებ. ერთ-ერთი ასეთი ფაქტი 2009 წლის 10 მაისს მოხდა.

სახალხო დამცველის რწმუნებულებისათვის მიცემულ ახსნა–განმარტებაში მსჯავრდებული ნუგზარ თაბაგარი აღნიშნავს, რომ 2009 წლის 6 მაისს, მან განცხადებით მიმართა დაწესებულების დირექტორს რობერტ არაქელოვს და აცნობა, რომ გაუსაძლისი პირობების გამო შიმშილობა გამოაცხადა. მსჯავრდებული ცალკე საკანში ადმინისტრაციამ მხოლოდ 8 მაისს გადაიყვანა. შემდეგ იმავე საკანში მსჯავრდებული მიხეილ ჩიხლაძე შეიყვანეს, რომელიც მის მსგავსად გაუსაძლისი პირობების გამო შიმშილობდა. 

მოგვიანებით მიხეილ ჩიხლაძე ცუდად გახდა და მიუხედავად თაბაგარის მცდელობისა, მათთან ექიმი არ მისულა. რეჟიმის თანამშრომელმა მამუკა კენკებაშვილმა კი უთხრა, მე დავუძახე და თუ არ მოვა, ფეხებზე მკიდიაო და გარედან ვიღაცამ შეაგინა კიდეც. დაახლოებით 10 წუთის შემდეგ საკანში შევიდნენ ადმინისტრაციის თანამშრომლები და თაბაგარი იქიდან ცემით გაიყვანეს.

მსჯავრდებული მიუთითებს, რომ მას დაახლოებით 15-20 კაცი სცემდა. მათ შორის, სოციალური სამსახურის უფროსი მამუკა შალამბერიძე და ე. წ. ზონის ოპერატიული მორიგე ლაშა. მას თმებში მოკიდეს ხელი და დაუწყეს ცემა თავისა და ბეჭების არეში და აღნიშნულ ფაქტს, თაბაგარის განმარტებით, მასთან საკანში მყოფი მსჯავრდებული მიხეილ ჩიხლაძე შეესწრო. თაბაგარის განმარტებით, მისმა ცემამ და საკნიდან ძალით გაყვანამ სხვა საკნებში მყოფი პატიმრების პროტესტი გამოიწვია. ისინი ყვიროდნენ და მისთვის თავის დანებებას ითხოვდნენ.

თაბაგარი #22 საკანში აიყვანეს და მისი ცემა გააგრძელეს. შემდეგ ასევე ძალის გამოყენებით დაადეს ხელბორკილი და დაწესებულების დირექტორთან რობერტ არაქელოვთან აიყვანეს. სახალხო დამცველის რწმუნებულთათვის მიცემულ ახსნა-განმარტებაში დირექტორის კაბინეტში ადმინისტრაციის თანამშრომლების მიერ ნუგზარ თაბაგარის ცემას, მსჯავრდებული მიხეილ ჩიხლაძეც ადასტურებს.

სახალხო დამცველმა მსჯავრდებულთა ახსნა-განმარტებები შემდგომი რეაგირებისათვის საქართველოს მთავარ პროკურორს მამუკა გვარამიას გაუგზავნა. ომბუდსმენის განცხადების საფუძველზე გამოძიება დაიწყო და ოფიციალურად, სამი თვეა მიმდინარეობს, მაგრამ უშედეგოდ. პროკურატურას პასუხისგებაში ამ დრომდე არავინ მიუცია.

„პატიმრები სახურავზე აჰყავთ, აშიშვლებენ და ისე ურტყამენ“

არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ადვოკატის ნინო ანდრიაშვილის განცხადებით, ციხეებში პატიმრების ცემისა და წამების მიზეზები სხვადასხვაა.

„რამდენიმე დღის წინ ვიმყოფებოდი ქალაქ თბილისის #8 სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში, სადაც პატიმრებმა მითხრეს, რომ ზედამხედველები მათ საცემად მიზეზებს ეძებენ. პატიმრები დაწესებულების სახურავზე აჰყავთ, აშიშვლებენ და ისე სცემენ. ცოტა ხნის წინ, ერთ-ერთმა პატიმარმა მთხოვა მათთან სახალხო დამცველი შესულიყო და ვიზუალურად დაეთვალიერებინა სახურავი, სადაც პატიმართა ცემის კვალი იყო შემორჩენილი. გუშინ პატიმრებმა განმიცხადეს, რომ ამჟამად, ცემის მიზნით, ისინი აბაზანაში შეჰყავთ, ან სხვა მეთოდს მიმართავენ. მსჯავრდებულებს ათავსებენ ე. წ. „კარცერში“. ერთ-ერთი პატიმარი კარცერში მხოლოდ იმიტომ მოათავსეს, რომ მას ეცვა მოკლე შარვალი“, - ამბობს ადვოკატი.

- პატიმრები ასეთი ფაქტების შესახებ ინფორმაციას რომ გაწვდიან, უფრო მეტად არ სჯიან?

- როდესაც პატიმრისგან მასზე ფიზიკური ანგარიშსწორების ან არაადამიანური მოპყრობის თაობაზე ვიღებ ინფორმაციას, ასეთ ფაქტებთან დაკავშირებით, ხშირად სახალხო დამცველის აპარატს მივმართავთ და მათ ვთხოვთ რეაგირებას. როგორც იცით, კანონმდებლობით სახალხო დამცველის აპარატს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში დაუბრკოლებლად შესვლის და მონიტორინგის ჩატარების უფლება აქვს. სასჯელაღსრულების დაწესებულებაში სახალხო დამცველის რწმუნებულების შესვლის შემდეგ, პატიმრებზე ხორციელდება ზეწოლა მოტივით „როგორ ბედავ ჩივილს“, „რა არ მოგწონს“ და ა.შ. ისიც ფაქტია, რომ ჩივილის შემდეგ პატიმრებს კიდევ უფრო სასტიკად სცემენ. ამიტომაც არის, რომ ბევრი მსჯავრდებული, სერიოზული ზეწოლის მიუხედავად, ხმას არ იღებს“.

ახალი ამბები