კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

დევნილებს იატაკზე სძინავთ

25 სექტემბერი, 2009

გელა მთივლიშვილი, კახეთი

ოფიციალური ინფორმაციით, აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის საცხოვრებელი პირობების გასაუმჯობესებლად, 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში 138 მილიონი ლარია გათვალისწინებული. დევნილთა გასახლება იმ შენობებიდან, სადაც ისინი აფხაზეთის დატოვების შემდეგ 16 წლის განმავლობაში ცხოვრობდნენ, უკვე დაიწყო. ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ, თელავის ტურისტული ბაზის შენობაში მცხოვრები აფხაზეთიდან დევნილი 37 ოჯახი, ამავე ქალაქში, პროფტექნიკუმის შენობაში შეასახლა. იძულებით გადაადგილებულ პირებს ახალ საცხოვრებელში არც ელექტროენერგია აქვთ და არც ბუნებრივი აირი. სასმელი წყალიც იშვიათად მიეწოდებათ. დევნილების უმრავლესობას ავეჯის უქონლობის გამო იატაკზე სძინავს.

დარეჯან ფანჩვიძე, აფხაზეთიდან დევნილი: „ჩვენთვის საცხოვრებელი ადგილის შეცვლის მიზეზი, პირობების გაუმჯობესება იყო. პროფტექნიკუმის შენობაში, სადაც შემოგვასახლეს, სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარებულია, კედლები და კარ-ფანჯარა შეღებილია, იატაკიც ახალია, მაგრამ არ გვაქვს ელექტროენერგია და ბუნებრივი აირი. ბნელში ვსხედვართ და ისიც არ ვიცით, შუქს როდის გვაღირსებენ. გვპირდებიან, რომ ელექტროენერგია მალე მოგეწოდებათო, მაგრამ დაპირება დაპირებად რჩება“.

ჟანა მერაბიშვილი, აფხაზეთიდან დევნილი: „ხუთი შვილი მყავს. საწოლიც კი არ გვაქვს, რომ ბავშვები ნორმალურად დავაძინო. იატაკზე გვძინავს. არც გათბობა გვაქვს. ერთი სიტყვით, არ ვიცით ზამთარს როგორ გადავიტანთ“.

თელავში მცხოვრები აფხაზეთიდან დევნილების პრობლემების შესახებ ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროში ინფორმირებულები არიან. სამინისტროს წარმომადგენელმა გვაზავამ იძულებით გადაადგილებულ პირებთან სატელეფონო საუბარში აღნიშნა, რომ დევნილებს ელექტროენერგია უახლოეს დღეებში მიეწოდებათ.

სტატისტიკური მონაცემებით, თბილისსა და საქართველოს რეგიონებში აფხაზეთიდან დევნილი 220 ათასი ოჯახი ცხოვრობს, რომლებიც სამ კატეგორიად იყოფიან: დევნილები რომლებიც კოლექტიურ ცენტრებში არიან ჩასახლებულები, რომლებიც ქირით ცხოვრობენ და რომლებიც ნათესავებთან არიან დაბინავებულები. ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ინფორმაციით, 2009 წელს დაგეგმილია, დევნილების მფლობელობაში 400 კოლექტიური ცენტრის გადაცემა. ეს პროექტი მათი გათვლებით 50 ათასზე მეტ დევნილს დააკმაყოფილებს. აფხაზეთიდან დევნილთა საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებისა და სოციალურ პროგრამებში მათი ინტეგრირების მიზნით, საქართველოს მთავრობამ 2008 წლის დეკემბერში სტრატეგია შეიმუშავა. სტრატეგიის მიხედვით, აფხაზეთიდან დევნილთა განსახლების პროცესი 2010 წელს უნდა დასრულდეს, თუმცა იძულებით გადაადგილებული პირების ნაწილი საცხოვრებლის შეცვლაზე უარს ამბობს. მაგალითად, ქალაქ გურჯაანში, კურორტ „ახტალის“ ტერიტორიაზე მცხოვრები დევნილებისთვის ახალი საცხოვრებელი შენობა სოფელ ბაკურციხეში გარემონტდა, მაგრამ დევნილები იქ დღემდე არ გადასულან.

ამის მიზეზად ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი კობა სუბელიანი დევნილების არასწორად ინფორმირებას ასახელებს. „დევნილთა ნაწილი ახალ საცხოვრებლებში გადასვლაზე ნამდვილად უარს ამბობს. მე ვფიქრობ, რომ ვიღაცამ არასწორი ინფორმაცია გაავრცელა, თითქოს მათ შესაძლებლობა მიეცემოდათ ნაღდი ფული მიეღოთ და ა. შ. ბევრმა დევნილმა ოჯახმა მთავრობის შეთავაზება მიიღო. ახალ საცხოვრებელ ოთახებს დევნილები საკუთრებაში მიიღებენ“.

- ბატონო კობა, არ იყო შესაძლებელი, რომ დევნილების მოთხოვნა დაგეკმაყოფილებინათ და მათთვის თანხები მიგეცათ, რის შედეგადაც ისინი საცხოვრებელს თავად შეარჩევდნენ?

- მაგალითად, ორი წლის წინ, როცა თელავის სასტუმრო „ინტურისტიდან“ დევნილები გამოასახლეს, ინვესტორმა მათ სახლების შესაძენად ნაღდი ფული მისცა, მაგრამ დევნილებს სახლების ყიდვა გაუჭირდათ. გარდა ამისა, დონორი ორგანიზაციების რეკომენდაციაა, რომ დევნილები საცხოვრებელი სახლებით მთავრობამ დააკმაყოფილოს“.

ახალი ამბები