კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ქართული მართლმსაჯულების ლაბირინთები

29 სექტემბერი, 2009

                                                                                                 
ნონა სალაღაია

2009 წლის 18 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლომ უკრაინის მოქალაქე ორესტ ბოხონკოს 23 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ბოხონკო თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან გასული წლის 27 სექტემბერს აიყვანეს. მისი დაკავებისა და ნივთმტკიცების მოპოვების დროს სამართალდამცავებმა უხეშად დაარღვიეს საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისო ნორმებით აღიარებული ადამიანის უფლებები. მათ მოწმეთა და ექსპერტის დასწრების გარეშე, ფიზიკური ძალის გამოყენებით, დაცინვისა და ცინიზმის თანხლებით, თანამშრომლების, ფოტოაპარატებისა და ვიდეოკამერების წინ გააშიშვლეს ახალგაზრდა კაცი, მათსავე თვალწინ მოახდინეს გულწასული ადამიანის ანალური ხვრელის დათვალიერება; გონებადაბრუნებულს აუხსნეს, რომ იქვე, მაგიდაზე დადებული, პოლიეთილენის პარკში გახვეული ნარკოტიკული ნივთიერება “მეტადონი” მისი სწორი ნაწლავიდან ამოიღეს; შემდეგ ჩააცვეს, უკრაინის საელჩოსთან დაკავშირებას შეჰპირდნენ, ხელბორკილები დაადეს და წაიყვანეს. სასამართლომ ბოხონკოს დაკავებისა და წინასწარი გამოძიების დროს დაშვებული დარღვევები ნაწილობრივ აღიარა, თუმცა ამან ვერ შეუშალა ხელი მკაცრი განაჩენის გამოტანას. არადა, იმის აღიარება, რომ ნივთმტკიცება კანონის დარღვევით იყო ამოღებული, სწორედ, იმ საკითხს აყენებდა ეჭვქვეშ, რომ იგი ბოხონკოს სხეულიდან ამოიღეს. და თუკი სასამართლომ ნივთმტკიცების მოპოვების კანონიერების საკითხი დატოვა გაურკვეველი, მაშ, როგორ გაარკვია ბოხონკოს დანაშაული, ანუ ის, რომ მას უკრაინიდან საქართველოში ანალური გზით შემოჰქონდა ნარკოტიკი? ამ ყველაფრის გარდა ბოხონკოს საქმეში კიდევ მრავალი პასუხგაუცემელი შეკითხვა დატოვა სასამართლომ.

ორესტ ბოხონკო იმ დღეს თბილისში თავის სენაკელ მეგობართან, ზაზა სამინავასთან, ჩამოფრინდა. ჩვენ დავუკავშირდით ბრალდებულის ძმას, რომელმაც გვითხრა, რომ მისი ძმა უკრაინაში სამი წლის განმავლობაში მასპინძლობდა ზაზას, რომელიც ამ ქვეყანაში თხილის ბიზნესის აწყობას ცდილობდა. ბევრჯერ დაპატიჟა ორესტ საქართველოში, მაგრამ ჩამოსვლა ვერ ხერხდებოდა, გასული წლის ზაფხულში ამას საქართველოში დაწყებულმა ომმა შეუშალა ხელი. ბოლოს ბოხონკო სამინავების ნათესავის ქორწილში მიიწვიეს და, რადგან ძალიან აინტერესებდა ქართული ტრადიციები, ცნობილი ქართული სტუმარ-მასპინძლობა, ბოხონკო საქართველოში გამოფრინდა.
    
სამინავა, შეთანხმებისამებრ, სტუმარს აეროპორტში უნდა დალოდებოდა. როცა ორესტ ბოხონკო ჰოლში მეგობარს ეძებდა, მას უცნობი ადამიანი მიუახლოვდა და უთხრა, რომ ზაზას ნახევარი საათი დააგვიანდებოდა. სამინავა, მართლაც, ნახევარ საათში მოვიდა. მეგობარს თავისი ავტომანქანისკენ გაუძღვა. ამ დროს მათ სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმული ათამდე ახალგაზრდა მიუახლოვდა და ორივეს დამორჩილება მოსთხოვა. ცემა ორივეს დაუწყეს, მაგრამ, როგორც ორესტ ბოხონკო იხსენებს, მხოლოდ ის შეათრიეს უკან, აეროპორტის შენობაში.

ზაზა სამინავა პირდაპირ აეროპოტის ეზოდან წაიყვანეს. რამდენიმე დღის შემდეგ მისი სახლიდან ნარკოტიკული ნივთიერება ამოიღეს და ამ საფუძველზე გაასამართლეს. მაგრამ საქმე ის გახლავთ, რომ არც სამინავას საქმეში (რომელიც ცალკე აღიძრა) ფიგურირებს ბოხონკოს ეპიზოდი და, როგორი უცნაურიც უნდა იყოს, არც თავად ბოხონკოს საქმეში ჩანს სადმე სამინავა. გამოდის, რომ სასამართლო ადგენს ბოხონკოს დანაშაულს, იმას, რომ მას რეალიზების მიზნით საქართველოში ჩამოჰქონდა დიდი რაოდენობის (93, 299 გრ.) ნარკოტიკული ნივთიერება, მაგრამ არ ინტერესდება ვისთან?  რატომ არ ფიგურირებს ბოხონკოს საქმეში ზაზა სამინავა? რატომ გაუშვეს შანსი ძიებამ და სასამართლომ, რომ ამ უმნიშვნელოვანესი საკითხისთვის მოეფინათ ნათელი? ძიებას არ დაუდგენია არც ის საკითხი, უკრაინაში სად და ვისგან შეიძინა ბოხონკომ საკმაოდ სოლიდური რაოდენობის ნარკოტიკი. საქმის მასალებიდან არ ჩანს, გამოძიებამ ამ მიზნით ითანამშრომლა თუ არა უკრაინელ სამართალდამცავებთან. ამიტომ არ არსებობს დღეს პასუხი კითხვაზე: ნამდვილად არის თუ არა ნარკოტიკების რეალიზატორი ორესტ ბოხონკო, რომელიც ნარკოტიკს, თუკი ის მართლა გადმოჰქონდა, ციდან ვერ მოწყვეტდა. რეალიზება ყიდვა-გაყიდვის პროცესს გულისხმობს. ბოხონკოს საქმეში კი არც ბოხონკოსთვის ნარკოტიკების მიმცემი ჩანს და არც  მისი სავარაუდო მიმღები. გამოძიებამ და სასამართლომ არ იციან, საიდან დაიწყო მოგზაურობა ნარკოტიკმა, არ იციან ასევე, სად უნდა დამთავრებულიყო ეს მოგზაურობა, ვისკენ მიემართებოდა ნარკოტიკი; საეჭვო მეთოდებით აქვთ დადგენილი მხოლოდ მისი გადატანის საშუალება, ადამიანის ანალური ხვრელი, და სასამართლოს განაჩენიც ამ ერთ ხვრელს ებღაუჭება, ამ ერთ ხვრელს მიუყვება.

ახლა კი დაწვრილებით ვნახოთ, როგორ მოიპოვა გამოძიებამ ის ნივთმტკიცება, რომლის საფუძველზეც სასამართლომ 23-წლიანი განაჩენი გამოიტანა. ამონაწერი ბრალდებულ ბოხონკოს “შუამდგომლობის” ტექსტიდან, რომელიც მოსამართლე ლელა შკუბულიანის სახელზეა დაწერილი: “მათ (პოლიციის თანამშრომლებმა) ჩამიტარეს პირადი ჩხრეკა. რამე კანონსაწინააღმდეგო ნივთიერება არ აღმოუჩენიათ, შემდეგ შემომთავაზეს, გამეხადა ტანსაცმელი. ამ პროცესს იღებდნენ როგორც ვიდეოკამერით, ასევე ოთახში მყოფი თითქმის ათამდე პოლიციელი მობილური ტელეფონებით. ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ პოლიციელები რამე საგამოძიებო მოქმედებას კი არ აწარმოებდნენ, არამედ უბრალოდ მამცირებდნენ და დამცინოდნენ. შემდეგ იქ მყოფმა ერთ-ერთმა პოლიციელმა, რომელიც ოპერატიული ჯგუფის უფროსად გამეცნო, სახელად კოხტამ, გაიკეთა რეზინის ხელთათმანები, სხვების დახმარებით მაიძულა, გადავხრილიყავი და ასე ჩამიტარა ანალური ხვრელის შემოწმება, რაც უშედეგოდ დამთავრდა”... როგორც ბოხონკო იხსენებს, მისი წამება ამით არ დასრულებულა, ანალური ხვრელის პირველი უშედეგო გამოკვლევის შემდეგ ოთახი რამდენიმე პოლიციელმა დატოვა, ოთახში დარჩენილებმა კი მისი დამცირება და შეურაცხყოფა განაგრძეს. გარკვეული დროის შემდეგ ოთახიდან გასული პოლიციელები უკან დაბრუნდნენ და ფიზიკური ზეწოლის ქვეშ კვლავ ბოხონკოს ანალური ხვრელის “ჩხრეკას” შეუდგნენ. “ისინი მაწამებდნენ და ხელებს მიჭერდნენ ყელში, რის გამოც დავკარგე გრძნობა და გონს რომ მოვედი, განმიმარტეს, რომ ჩემი ანალური ხვრელიდან გამოიტანეს ნარკოტიკული საშუალება “მეტადონი”.

ბოხონკოს დაკავება და მასზე განხორციელებული უსამართლო „ჩხრეკა“ სამართალდამცავების მიერ აეროპორტის ერთ-ერთ შენობაში განხორციელდა. ჩხრეკას პოლიციელების გარდა გარეშე პირი არ დასწრებია, არც აეროპორტის რომელიმე თანამშრომელი, რომ არაფერი ვთქვათ აეროპორტის დაცვის სამსახურზე. როგორც აეროპორტში განგვიცხადეს, ოპერატიული ღონისძიების შემთხვევაში, ისინი კოლეგებს თავისუფალი მოქმედების საშუალებას აძლევენ და მათ საქმიანობაში არ ერევიან, თუ კოლეგები დახმარებისთვის არ მიმართავენ. 27 სექტემბრის საღამოს უკრაინელ მოქალაქეს სამართალდამცავები აეროპორტის ოთახში „კანონიერად“ აწამებდნენ, აეროპორტის დაცვის პოლიცია კი ჰოლში ადამიანების უსაფრთხოების დაცვისთვის ზრუნავდა.

სასამართლოს არ დაუკმაყოფილებია ბოხონკოს ადვოკატების შუამდგომლობა, რომ მოწმეთა დასწრების გარეშე ამოღებული ფხვნილი არ ჩათვლილიყო ნივთმტკიცებად; სასამართლომ მოისმინა ადვოკატების შუამდგომლობა იმაზეც, რომ, რადგან, საქმის მასალების მიხედვით, ბოხონკოს სწორი ნაწლავიდან ნარკოტიკი ამოიღო არა ექსპერტმა, არამედ პოლიციელმა, ეს კანონდარღვევად უნდა ჩათვლილიყო და სასამართლოს ეს ფხვნილი არ უნდა ჩაეთვალა ნივთმტკიცებად. ბოხონკოს ადვოკატმა, ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტმა ნინო ანდრიაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ ანალური ხვრელის “ჩხრეკა” არ წარმოადგენდა ჩხრეკას კოდექსისეული გაგებით და არ უნდა ყოფილიყო იგი ჩხრეკად სახელდებული დაკავების ოქმებსა და სხვა დოკუმენტებში. “აღნიშნული მოქმედება თავისი ხასიათით უფრო მეტად შეესაბამება შემოწმებას, ვიდრე ჩხრეკას. პირადი ჩხრეკა შეიძლება ჩატარდეს პირის ტანსაცმელზე, მის ნივთებში ან მის სხეულზე. აქ არსად მოიაზრება სხეულში (შიგნით) ჩხრეკა. 350-ე მუხლის თანახმად, ბოხონკოს მიმართ განხორციელებული გამოკვლევა უნდა ჩაწერილიყო, როგორც შემოწმება და არა ჩხრეკა. შემოწმება კი, კანონით, ექიმის მიერ ტარდება, რაც ამ შემთხვევაში არ მოხდა”. 

სასამართლომ არ სცა პატივი კანონს, რომელიც მიუთითებს, რომ საჭიროების შემთხვევაში, ეჭვმიტანილის ანალური ხვრელი მხოლოდ და მხოლოდ სპეციალისტმა უნდა შეამოწმოს სპეციალურ, ანუ სამედიცინო დაწესებულებაში, რომ ამ პროცედურის ჩატარებას კანონი პოლიციელებს უკრძალავს.  სასამართლომ არ აღიარა, რომ უკრაინელი მოქალაქის უფლებები ქართველმა სამართალდამცავებმა ამ შემთხვევაშიც უხეშად დაარღვიეს, მას სამედიცინო “შემოწმება” ოპერატიული ჯგუფის ხელმძღვანელმა, ვინმე კოხტა კოდუამ ჩაუტარა. ბრალმდების მხარემ სასამართლოზე აღნიშნული კანონდარღვევა სასწრაფო წესით ჩხრეკის ჩატარების აუცილებლობით ახსნა, რაც საფუძველს მოკლებულია. თუ ეჭვმიტანილი ნარკოტიკულ ნივთიერებას საკუთარი სხეულით ატარებდა, პოლიციელებს შეეძლოთ საკუთარი მეთვალყურეობით გადაეყვანათ იგი შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში, სადაც კანონის დაცვით მოხდებოდა ნარკოტიკის მოძიება. 

ორესტ ბოხონკომ სასამართლოს განუცხადა, რომ მას გონზე მოსვლის შემდეგ პოლიციელებმა ყვითელი ბუშტი და პოლიეთილენის პარკში მოთავსებული ფხვნილი აჩვენეს. ისინი მაგიდაზე ერთმანეთისგან განცალკავებით იდო. პოლიციელების განმარტებით, პარკში მოთავსებული ფხვნილი ნარკოტიკული ნივთიერება “მეტადონი” იყო, რომელიც ბოხონკოს სხეულში ყვითელი ფერის ბუშტში გახვეულ მდგომარეობაში ჰქონდა დამალული. მაგრამ სად გაქრა ყვითელი ბუშტი? დღეს ბოხონკოს საქმეში ნივთმტკიცებად მხოლოდ პოლიეთილენის გამჭვირვალე პარკი ინახება, ყვითელი ბუშტი კი არსად ჩანს. როგორც სამართალდამცავები ამტკიცებენ, ეს ბუშტი თავიდან მოიშორეს იმ მიზეზით, რომ იგი ფეკალური მასებით იყო დასვრილი და „ცუდი სუნი“ ასდიოდა. სწორედ, ცუდი სუნის გამო არ მიიჩნიეს მისი შენახვა საჭიროდ. ზუგდიდიდან ჩამოსული პოლიციელები პროქტოლოგიის გარდა საქართველოს კანონმდებლობაშიც რომ ყოფილიყვნენ გარკვეულები, მათ ეცოდინებოდათ, ფეკალიებით დასვრილი ყვითელი ბუშტის გადაგდებასთან ერთად როგორ განძს კარგავდნენ საკუთარი სიმართლის (რომ ბუშტი ნამდვილად ბოხონკოს ნაწლავიდან გამოიღეს) დასამტკიცებლად. ჯერ ერთი, კანონის მიხედვით, ნივთმტკიცება, რომელიც ამოღების შემდეგ ისეთივე სახით არ დაილუქება და შეინახება, როგორი სახითაც ის იქნა ამოღებული, არ შეიძლება ჩაითვალოს კანონიერად. გარდა ამისა, ყვითელი ბუშტის განადგურება, რომელიც საქმეში ძირითად მტკიცებულებას წარმოადგენდა, შეუძლებელს ხდის ექსპერტიზის მეშვეობით იმის დამტკიცებას, ნამდვილად იყო თუ არა აღნიშნული ნივთი ბოხონკოს სხეულში.

წესით, წინასწარი გამოძიების მიერ კანონის დარღვევით მოპოვებული ნივთმტკიცებულება სასამართლოს დაუშვებლად უნდა ეცნო, მაგრამ ეს არ გააკეთა. არადა, ამავე სასამართლომ (მოსამართლე ლელა შკუბულიანმა) გამომძიებელ ჯანაშიას მიერ ბოხონკოს დაკავებისა და ჩატარებული ჩხრეკის ფაქტი უკანონოდ ცნო და შესაბამისი ზომების გასატარებლად ძიების გაგრძელება პროკურატურას სთხოვა. ”ამ განაჩენით სასამართლომ პრაქტიკულად აღიარა გამომძიებლის მიერ ნივთმტკიცების უკანონოდ მოპოვების ფაქტი, რაც იმას ნიშნავს, რომ სასამართლომ, ფაქტობრივად, გამომძიებელი ჯანაშია სისხლის სამართლის დამნაშავედ ცნო. კანონდარღვევით მოპოვებული მტკიცებულების დაუშვებლად ცნობაზე კი უარი განაცხადა, რაც გაუგებარია”,- განმარტავს “ადამიანის უფლებათა ცენტრის” ადვოკატი ნინო ანდრიაშვილი. საბოლოოდ, სასამართლო პროცესზე ბოხონკოს ადვოკატებმა ამ ნივთმტკიცებულების უკანონოდ მოპოვების დადასტურება კი შეძლეს, მაგრამ, ამის მიუხედავად, უკანონოდ მოპოვებული მტკიცებულება მოსამართლე შკუბელიანმა სასამართლო პროცესზე დასაშვებად ცნო. ეს, მართლაც, დაუშვებლის დაშვება იყო.

***
ორესტ ბოხონკო, რომელსაც ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ ჯეირან მორგოშიამ აღკვეთის ღონისძიების სახით ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა, გაოგნებული მხოლოდ ერთსა და იმავეს იმეორებდა: „ ეს ის ქვეყანაა, რომელსაც ევროკავშირში შესვლა სურს?! ეს უცნაური შეკითხვა მას დაკავების წუთიდან აეკვიატა და დღესაც ხშირად იმეორებს. თუმცა იცის, რომ ამ ქვეყანაში კითხვებზე არასდროს პასუხობენ. არც სააპელაციო სასამართლოს იმედი აქვს, რადგან ისიც იმ მართლმსაჯულების ნაწილია, რომელმაც სამართლიანობის სახელით სულში და სხეულში დიდხანს უფათურა ხელები. ადვოკატები საქმის სტრასბურგში გასაჩივრების პერსპექტივით ანუგეშებენ. ამას კი წლები დასჭირდება. ახლა მისთვის ერთადერთი რამ არის მთავარი: შორს ამ ქვეყნიდან და რაც შეიძლება მალე. ბოხონკო, სწორედ ამ თხოვნით მიმართავს უკრაინის საელჩოს საქართველოში და უკრაინის ხელისუფლებას: სასჯელის მოხდის საშუალება საკუთარ ქვეყანაში მისცენ. 

ჟურნალისტური გამოძიების ხელმძღვანელი ლია ტოკლიკიშვილი
პუბლიკაცია მომზადებულია ადამიანის უფლებათა ცენტრისა და ჟურნალ „სიტყვის“ მიერ პროექტის ფარგლებში - „სასამართლო სისტემის მონიტორინგი საქართველოში”
პროექტის მხარდამჭერია “ევრაზიის პარტნიორობის ფონდი”

ახალი ამბები