კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პატიმარი სიკვდილს ევროსასამართლოს ჩარევით გადაურჩა

30 სექტემბერი, 2009

შორენა კაკაბაძე, ქუთაისი

რუსთავის მე-6 საპყრობილიდან პატიმარი მამუკა ნინუა რესპუბლიკურ საავადმყოფოში, უმძიმესი მდგომარეობით, რამდენიმე დღის წინ გადაიყვანეს. მას ქრონიკული კოლიტი, ფსიქოპატია და C ჰეპატიტი დაუდგინდა. პატიმარი სიკვდილს ადვოკატის  ძალისხმევითა და ევროსასამართლოს ჩარევით გადაურჩა. ამ უკანასკნელმა საქართველოს მთავრობას მოთხოვნა დაუყენა - საფუძვლიანად შეისწავლოს პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობა  და მას სათანადო სამედიცინო დახმარება აღმოუჩინოს.

აღნიშნული ისტორია 2006 წელს დაიწყო, როცა ქუთაისის მე-2 საპყრობილეში მყოფი პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად დამძიმდა და ადვოკატმა მისი პირადი საქმიდან სამედიცინო დასკვნა მოითხოვა. როგორც ხშირ შემთხვევაში, ამჯერადაც ციხის ადმინისტრაციის მხრიდან მოთხოვნა უპასუხოდ დარჩა.  ოჯახის წევრები პატიმრის გადარჩენას ითხოვდნენ.

„პასუხი ის იყო, რომ პატიმარი ქუთაისის ციხიდან რუსთავის მე-6 საპყრობილეში გადაიყვანეს. მე, რა თქმა უნდა, იმათაც მივმართე სამედიცინო დასკვნა მოეწოდებინათ, რათა სათანადო ღონისძიებებისთვის მიმემართა. არაერთი მცდელობის შემდეგ პასუხი მივიღე, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და დამატებით გამოკვლევას არ საჭიროებს. არადა, პატიმრის მდგომარეობა ყოველდღიურად უარესდებოდა. ერთხელ მან თავის მოკვლაც კი სცადა. როგორც კი საშუალება მიეცემოდა, მთხოვდა, რომ რამე მეღონა მის გადასარჩენად“, - ამბობს ადვოკატი ანა ჩაფიძე.

ადვოკატის მიმართვის შემდეგ მამუკა ნინუა მაშინდელმა სახალხო დამცველმა სოზარ სუბარმაც მოინახულა. მან რუსთავის მე-6 საპყრობილის ადმინისტრაციისგან პატიმრის სამედიცინო დასკვნა გამოითხოვა. პირველმა მცდელობამ უშედეგოდ ჩაიარა, მეორეს კი მამუკა ნინიუას საავადმყოფოში გადაყვანა მოჰყვა.

„მისი დიაგნოზი იყო ქრონიკული კოლიტი და ფსიქოპატია. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ამ დიაგნოზით იგი საავადმყოფოში მხოლოდ ერთი დღე დატოვეს. მალევე ქსნის მე-7 მკაცრი რეჟიმის დაწესებულებაში გადაიყვანეს, სადაც გაურკვეველი მიზეზის გამო, კარცერში მოათავსეს. ეს იყო პასუხი ჩემს რამდენიმეწლიან მოთხოვნაზე, არაერთი ინსტანციის მიმართ. განსაკუთრებულს არაფერს ვითხოვდი. ვცდილობდი (და დღემდე ვცდილობ) პატიმარს, როგორც სულიერს ისე მოქცეოდნენ და მის გადასარჩენად რაიმე ეღონათ. ეს იყო საშინელი დღეები და წლები, როცა მე, ადვოკატი, ვერანაირად ვერ ვახერხებდი, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი მსჯავრდებულის უფლებები დამეცვა“, - ამბობს ანა ჩაფიძე.

სახალხო დამცველის აპარატის მართლმსაჯულების სამმართველოს უფროსის ლევან ჯაჭვლიანის სახელზე გაკეთებულ მიმართვაში, რომელსაც ხელს  სასჯელაღსრულების დეპარტამენტის საერთო და მკაცრი რეჟიმის დაწესებულების (მე-6 საპყრობილე) დირექტორი დავით მარგებაძე აწერს, ვკითხულობთ: „თქვენი წერილის პასუხად გაცნობებთ, რომ მსჯავრდებული 13. 02. 09. გადაყვანილ იქნა პატიმართა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში, გამოკვლევის მიზნით. დაესვა დიაგნოზი: ქრონიკული კოლიტი და ფსიქოპათია. დღეისთვის მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და ამ ეტაპზე მისი გადაყვანა პატიმართა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში არ იგეგმება“.

„ჯანმრთელი პატიმრის“ პრობლემა მოგვიანებით ევროსასამართლომ გადაჭრა.  ადვოკატმა სახელმწიფოთაშორის ინსტიტუტს სასწრაფო მოთხოვნით მას შემდეგ მიმართა, როცა მიხვდა, რომ საქართველოში ციხის უფროსიდან დაწყებული, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრით დამთავრებული, აღნიშნული საკითხი ყველას ნაკლებად აღელვებდა. წერილში იგი ადრესატს თხოვს, სასამართლოს რეგლამენტის 39-ე მუხლის თანახმად,  გამოიყენონ დროებითი ღონისძიება - პატიმარს დაუსვან ზუსტი დიაგნოზი, გადაიყვანონ იგი რესპუბლიკურ საავადმყოფოში და ჩაუტარონ სწორი მკურნალობა, რათა არ დაიღუპოს.

პასუხად ევროსასამართლომ ადვოკატის მოთხოვნა (თანმხლებ დოკუმენტებთან ერთად) საქართველოს მთავრობას გადაუგზავნა და ევროსასამართლოს რეგლამენტის 54-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დაავალა, 2009 წლის 4 სექტემბრამდე მისთვის პატიმრის სამედიცინო დოკუმენტები მიეწოდებინა. დოკუმენტებში უნდა ყოფილიყო ინფორმაცია როგორც მსჯავრდებულის ამჟამინდელი მდგომარეობის, ისე მისთვის ციხეში (ან საავადმყოფოში) აღმოჩენილი სამედიცინო დახმარების შესახებ.

„ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ საქართველოს მთავრობას ევროსასამართლოსგან რაიმე ახალი და უცხო დოკუმენტაცია არ მიუღია. ესაა ჩემს მიერ მათთვის არაერთგზის გაგზავილი ქაღალდების ასლები, რომლებიც, შესაძლოა ჩვენი ჩინოსნების კაბინეტებში დღემდე ინახება. ფაქტია, როგორც კი, ევროსასამართლოდან საქართველოს მთავრობის მიმართ გაგზავნილი წერილის ასლი მივიღე, მეორე დღესვე პატიმარი რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. მას დაუდგინდა ორივე ფილტვის დაჩრდილვა და თიაქარი, რომლის ოპერაციაც რამდენიმე დღეში გაუკეთეს. გარდა ამისა, აღმოაჩნდა C ჰეპატიტი, რომელიც დაპატიმრებამდე არ ჰქონდა. ევროსასამართლოს მივწერე, რომ  C ჰეპატიტი ჰქონდა და ამას ციხის ადმინისტრაცია უარყოფდა. ახლა ეს დიაგნოზი, როგორც ხედავთ,  დადასტურდა და იმედია, ამ ცნობას ევროსასამართლოს მიაწვდიან“, - ამბობს ადვოკატი.

როგორც ირკვევა, პატიმრის სამედიცინო ბარათებიდან ამოკრებილი ინფორმაცია ციხის ხელმძღვანელობის (და არა მხოლოდ მათ) რეაქციასთან, 2006 წლიდან მოყოლებული (მამუკა ნინუა სასჯელს ქურდობისთვის 2006 წლიდან იხდის), შესაბამისობაში ნაკლებად მოდის. ეს ის ერთერთი (და, სამწუხაროდ, არა ერთადერთი) შემთხვევაა, როცა ქვეყნის მთავრობა საკუთარი ხალხის მიმართ გულისხმიერი მხოლოდ სატელევიზიო ეთერიდანაა, ქართველი ხალხის ბედი კი, მათ სასარგებლოდ, მხოლოდ ევროსასამართლოში წყდება.

ახალი ამბები