კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ვარშალომიძეების ქონებრივი რეაბილიტაციის შედეგად 14 ოჯახი უსახლკაროდ რჩება

1 ოქტომბერი, 2009

მაკა მალაყმაძე, ბათუმი

ბათუმში, ზ. გორგილაძის ქუჩის #4-ში მცხოვრები ოჯახების ბედი 20 წელიწადზე მეტია გაურკვეველია. მათ იციან, რომ სახლი 2012 წლამდე უნდა დაცალონ, მაგრამ სად უნდა წავიდნენ და ვისგან მიიღონ კომპენსაცია კუთვნილი ქონებისთვის, მათთვის უცნობია.

საქმე ისაა, რომ სახლი, რომელშიც 14 ოჯახი ცხოვრობდა 1989 წლის 5 სექტემბერს, ბათუმის სახალხო სასამართლოს გადაწყვეტილებით, რეპრესირებული ვარშალომიძეების ოჯახს დაუბრუნდა. რეპრესირებული ვარშალომიძეების ქონებრივი რეაბილიტაციის შემდეგ, გაურკვეველი დარჩა იმ 14 ოჯახის ბედი, რომლებიც ამ შენობაში აქამდე კანონიერად ცხოვრობდა.

ისინი ამ შენობაში ბათუმის მერიის კანონიერმა „წინაპარმა“ - სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტმა შეასახლა. მათგან სამი ოჯახის ბედის შესახებ მეზობლებმა არაფერი იციან. მხოლოდ ვარაუდობენ, რომ ვარშალომიძეებმა ისინი თანხით დააკმაყოფილეს. დანარჩენთაგან კი - ერთი საცხოვრებლად ძმასთან გადავიდა, მეორე - საბერძნეთში, ერთი ოჯახი კი პოლიციის ჩარევით, 2000 წელს გაასახლეს. ასე რომ ამჟამად, გორგილაძის ქუჩის #4-ში იმ თოთხმეტიდან მხოლოდ რვა ოჯახი ცხოვრობს.

„კანონი მხოლოდ ვარშალომიძეებისათვის ხომ არ არსებობს?!“

"ადამიანის უფლებათა ცენტრი" გორგილაძის #4-ში მცხოვრებ რამდენიმე წევრს გაესაუბრა:

გენადი კაკაბაძე: „1919 წლიდან მამაჩემი ცხოვრობდა ამ მისამართზე. 1936 წელს დაიბადა ჩემი ძმა, როლანდ კაკაბაძე, რომელიც ვარშალომიძეებმა გააგდეს აქედან და აქ აღარ ცხოვრობს. მე 1939 წლიდან დღემდე, 70 წლის კაცი ვარ და ჯერ აქ ვცხოვრობ.
 
მამაჩემი ომში დაიღუპა და რუსეთშია დაკვრძალული. მე, დედაჩემი და ჩემი ძმა ამ სახლში კანონიერად ვცხოვრობდით ამ ხნის მანძილზე. სად უნდა წავიდე? ჩვენ ვარშალომიძეებს არ ვედავებით, მერიამ შეგვასახლა და მათ უნდა მოგვცენ კომპენსაციაც. ახლა 2012 გაგვიგრძლეეს ვადა. ალბათ, ჩვენს სიკვდილს ელოდებიან ფართი, რომ გათავისუფლდესო.

როცა მერიას კომპენსაციას ვთხოვთ გვეუბნებიან, რომ ჩვენ ამ მისამართზე მცხოვრებლები არ ვართ, სახლს სხვა მეპატრონე ყავს. თუმცა არჩევნების დროს კი მოგვდის ბიულეტენი აქ“.

ნანული კომახიძე: „ჩვენ გვაქვს მერიის მიერ მოცემული ორდერები, რომლითაც აქ ვცხოვრობდით. თუკი ვარშალომიძეებმა ქონება დაიბრუნეს, კომპენსაცია ვიღაცამ ხომ უნდა გადაგვიხადოს. ვისაც მივმართეთ, ყველა სხვასთან გვაგზავნის: ეკონომიკის სამინისტრო მერიისკენ მიგვითითებს, მერია - სახელმწიფოსკენ, ვინ არის სახელმწიფო ვეღარ გავიგეთ. პასუხისმგებლობას ჩვენზე არავინ ღებულობს. კანონი მხოლოდ ვარშალომიძეებისთვის ხომ არ არსებობს?!“.

ვალენტინა პეტრენკო: „სასამართლო ამბობს რომ ვარშალომიძეებისაა ეს ქონება. თითქოს ჩვენ არავინ გვაწუხებს, ამ მისამართზე ცხოვრებას 2012 წლამდე ვაგრძელებთ. ერთხელ მერიიდან უწყება მოგვიტანეს, რომელშიც ეწერა, რომ ჩვენ ვარშალომიძეებისთვის გადასახდელი გვაქვს 8 000 ლარი. უწყებაში ეწერა, რომ ჩვენ ვარშალომიძეებისთვის ქირის სახით თურმე ყოველთვე 100 ლარი უნდა გადაგვეხადა. ვიჩხუბეთ და შემდეგ აღარავინ მოსულა ამის თაობაზე“.

ქონებადაბრუნებული ვარშალომიძეები და უმოქმედო კანონი მოსახლეობისთვის

„საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონი საქართველოს პარლამენტის მიერ 1998 წლის 25 ივნისსაა მიღებული. მის მერვე პრიმა მუხლში წერია, რომ ასეთ შემთხვევებში, „მოსარგებლეებისთვის“ „...კომპესაციის გადახდის ვალდებულება სახელმწიფოს ეკისრება 2007 წლის 1 იანვრიდან“. თუმცა, კანონი გორგილაძის #4-ში მცხოვრებთათვის უმოქმედო აღმოჩნდა. 

კომუნალური ორსართულიანი სახლი 1919 წლიდან კერძო საკუთრებით ეკუთნოდა იუსიფ ხუსეინის ძე ვარშალომიძეს, რომელიც ჩამოართვეს 1936 წელს. სახლი კომუნალურ ფონდში ჩაირიცხა და მოქალაქეებზე განაწილდა.

1988 წელს, იუსუფ ვარშალომიძის მემკვიდრეებმა საქმე აღძრეს სასამართლოში ქონების დასაბრუნებლად. 1989 წლის 5 სექტემბრის ბათუმის სახალხო სასამართლოს გადაწყვეტილებით, მათი მოთხოვნა დაკმაყოფილდა. „დავალდებულდეს ბათუმის სახელმწიფო დეპუტატთა საბჭოს აღმასკომი, რომ დაუბრუნოს მოსარჩელეებს შაუმიანის და გორკის ქუჩების კვეთაში არსებული 29/4 სახლის 1003 კვ/მ. ფართი საკუთრების უფლებით“, - ასეთია სასამართლოს მაშინდელი გადაწყვეტილება.

1990 წლის 23 მაისის აჭარის დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის #405 გადაწყვეტილებით, სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება მოხდა. თუმცა, მასში არაფერია ნათქვამი იმ 14 ოჯახის ბედზე, რომლებსაც ეს ფართი კანონიერად ეკავათ.

1995 წელს, საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, ვარშალომიძეებს გაუგრძლედათ სამკვიდრო ქონების მიღების ვადა და პირადი საკუთრების უფლებით დაუბრუნდათ ზემოთაღნიშნული ქონება. გადაწყვეტილება საბოლოო იყო და გასაჩივრებას არ ექვემდებარებოდა. 14 ოჯახის ბედის შესახებ, არც ამ გადაწყვეტილებაშია რამე ნათქვამი. თუმცა, ისინი სასამართლო პროცესზე „დაინტერესებული პირთა“ სტატუსით იყვნენ წარდგენილნი.

ამის შემდეგ, კანონიერმა მოსარგებლეებმა დაიწყეს დავა. ზოგიერთმა კომპესაციისათვის, ზოგმაც სხვა საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების მოთხოვნით. თუმცა, უშედეგოდ.

ეთერ ლავრენჩუკმა და ოქსანა კაზაჩენკომ 2006 წელს ბათუმის საქალაქო სასამართლოს ფართით დაკმაყოფილების თაობაზე მიმართეს. მოპასუხე ბათუმის მერიამ სარჩელი არ ცნო. მოსამართლე ჯემალ კიკნაძემ მოსარჩელეებს უარი უთხრა სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

მოქალაქე ლეილა ვადაჭკორიამ და ნანული კომახიძემაც მიმართეს სასამართლოს.  მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძისგან მათაც მეზობლის მსგავსი გადაწყვეტილება მიიღეს.

უარი - ყველა სტრუქტურიდან

საჯარო რეესტრის მონაცემის მიხედვით, ყოფილი ტექნიკური აღრიცხვის არქივის მასალებით, სახლმფლობელობა მდებარე ზ. გორგილაძის ქუჩა #4-ში ირიცხება ვარშალომიძეთა ოჯახის 7 წევრზე, აღმასკომის 1990 წლის 23 მაისის #400 გადაწყვეტილებისა და 1995 წლის 4 მაისის სასამართლო გადაწყვეტილების თანახმად.

14 ოჯახი წლეების განმავლობაში ცდილობდა სხვადასხვა სახელმწიფო სტურუქტურაში მათი საცხოვრებლის ან კომპენსაციის საკითხის გარკვევას. წარმოგიდგენთ რამდენიმე ოფიციალურ წერილს, რომელიც მათ ამ სტრუქტურებიდან მიიღეს:

13 აპრილი, 2007 წელი; აჭარის მთავრობის აპარატი: „საცხოვრებელი სადგომით წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით, მოსარგებლისათვის სათანადო კომპესაციის გაცემის ვალდებულება სახელმწიფოს ეკისრება მხოლოდ სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილების საფუძველზე“.

21 დეკემბერი, 2007 წელი; აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო: „საკითხის გადაწყვეტა არ წარმოადგენს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს კომპეტენციას. თქვენ, საცხოვრებელი სადგომის მოსარგებლეს, გაქვთ უფლება მფლობელობის შეწყვეტისას მოითხოვოთ სახელმწიფოსგან საცხოვრებელი სადგომის საბაზრო ღირებულება, რისთვისაც უნდა მიმართოთ სასამართლოს“.

15 იანვარი, 2008 წელი; საქართველოს ფინანსთა სამინისტრო: „საცხოვრებელი სადგომით წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული კომპესაციის გაცემის მიზნით სახელმწიფო ბიუჯეტი თანხებს არ ითვალისწინებს. ამასთან მიგვაჩნია რომ დაკავებული საცხოვრებელი სადგომის საბაზრო ღირებულება მოსარგებლეს უნდა აუნაზღაუროს ადგილობრივმა თვითმმართველობის ორგანომ ადგილობრივი ბიუჯეტიდან“.

16 იანვარი, 2009 წელი; ქალაქ ბათუმის მერია: „ის ვალდებულებები, რომლის შესრულებაც აღებული აქვს სახელმწიფოს არ წარმოადგენს თვითმმართველი ერთეულის ვალდებულებას და მის შესრულებაზე პასუხისმგებელია სახელმწიფო შესაბამისი ორგანოების მეშვეობით. ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე, საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ საქართველოს კანონით დადგენილი ვალდებულებები ქალაქ ბათუმის მერიას არ აკისრია და აღნიშნულთან დაკავშირებით მიმართეთ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს“.

6 თებერვალი, 2009 წელი; საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო: „საკითხის განხილვა სცილდება სამინისტორს კომპეტენციის ფარგლებს. მოკლებული ვართ შესაძლებლობას აღმოგიჩინოთ ქმედითი დახმარება განცხადებაში დასმულ საკითხთან დაკავშირებით“.

"ადამიანის უფლებათა ცენტრი" ბათუმის მერიის ადმინისტრაციის უფროსს, გელა მახარაძეს დაუკავშირდა:

- კი ბატონო, ბათუმის მერია სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის სამართალმემკვიდრეა და არც არავინ უარყოფს რომ გასცა ორდერები. მერია იმაში ნამდვილად არაა დამნაშავე, რომ 1992 წლის შემდეგ, მათ პრივატიზაცია არ გააკეთეს.

- 1992 წლამდე  ეს ფართი სასამართლოს გადაწყვეტილებით ვარშალომიძეებს გადაეცათ, პრივატიზაციას როგორ გააკეთებდნენ?

- ადრე გაცემული ორდერის გამო მერია არ არის ვალდებული მათ სხვა ბინა მისცეს.

- ვის ევალება მაშინ მათი დაკმაყოფილება?

- არის შესაბამისი კანონი, რომ სახელმწიფოს ეკისრება მათზე კომპენსაცის გადახდა.

- მერია არის თუ არა სახელმწიფო?

- თქვენ იცით, რა სხვაობაა სახელმწიფოსა და თვითმმართველ ერთეულს შორის?

- საქართველოს ფინანსთა სამინისტრო აცხადებს, რომ კომპენსაცია თვითმმართველობის ორგანომ ადგილობრივი ბიუჯეტიდან უნდა გადაიხადოს.

- ჩემთვის  მნიშვნელოვანია რას ამბობს კანონი და არა პასუხი წერილზე.

ახალი ამბები