კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„ბატონო პრეზიდენტო, რატომ მომიკლა შვილი თქვენი დაცვის წევრმა?!“

5 ოქტომბერი, 2009

ნინო მიქიაშვილი

წელიწადნახევრის წინ მოსკოვის პროპექტზე მომხდარი სისხლიანი ინცინდენტი, ძალიან ჰგავს შარდენ-ბარში დაწყებულ შელაპარაკებას, რომელიც 28 წლის სანდრო გირგვლიანის მკვლელობით დასრულდა. გირგვლიანის შემთხვევაში თუ შსს-დან დიდი თანამდებობის პირები და თავად მინისტრის მეუღლე ფიგურირებენ, 2008 წლის 11 ივნისს, მოსკოვის პროსპექტზე მომხდარი დღემდე გაუხმაურებელი ინცინდენტის მსხვერპლის - 30 წლის ვასილ ამონიშვილის დედა აცხადებს, რომ მისი შვილი ძმებმა ბერძენიშვილებმა მოკლეს, რომელთაგან მისივე განმარტებით, ერთი მიხეილ სააკაშვილის დაცვის წევრია, ხოლო მეორე – პოლიციელი, ისან-სამგორის მთავარი სამმართველოს პირველი ქვეგანყოფილების თანამშრომელი.

„ამაში 100%-ით დარწმუნებული ვართ და სანამ ცოცხლები გახლავართ, გაჩუმებას არ ვაპირებთ“, - უთხრეს პრესა.გე-ს ვასილ ამონიშვილის დედამ, გულნაზ ამონიშვილმა და მოკლულის დეიდამ, გულსუნდა მიქაძემ, რომელთაც გუშინ, 3 ოქტომბერს დღის პირველ ნახევარში, საზოგადოებრივი ორგანიზაცია „დაიცავი სიცოცხლე!“-ს ოფისში, „ჯაზუში“ შევხვდით და ვესაუბრეთ.

პრესა.გე-ს მიერ მომზადებული მასალა ეფუძნება ვასილ ამონიშვილის დედის და დეიდის მონათხრობს; ასევე, იმ მწირ დოკუმენტებს, რომლებიც მათ ხელთ აქვთ. მათ შორისაა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ ჩატარებული გვამის გამოკვლევის დასკვნა №885/33, რომელიც ისან-სამგორის მთავარი სამმართველოს მეხუთე განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის ვახტანგ ჩოფლიანის მიმართვის საფუძველზე, 2008 წლის 17 ივნისს დაიწყო და იმავე წლის 29 აგვისტოს დასრულდა.

ექსპერტიზის წინაშე გამომძიებელმა 4 კითხვა დასვა: 1. გარდაცვალების მიზეზის და დროის დადგომა; 2. სხეულზე დაზიანების, მისი ხარისხის, ხანდაზმულობის და კიდევ იმის განსაზღვრა, შესაძლო დაზიანება იყო თუ არა მიზეზობრივ კავშირში დამდგარ სიკვდილთან; 3. ჰქონდა თუ არა ამონიშვილს ალკოჰოლი მიღებული და 4. რომელ ჯგუფს მიეკუთვნებოდა გარდაცვლილის სისხლი.

ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ვასილ ამონიშვილს სისხლში ალკოჰოლი არ აღმოაჩნდა; რაც შეეხება დაზიანებებს, სხეულის სხვადასხვა ნაწილზე გვამს აღენიშნებოდა სისხლჩაქცევები, ნაჭდევები, სისხლნაჟღენთები, რაც იყო - „მსუბუქი ხარისხის და მათ სიკვდილის გამოწვევა არ შეეძლოთ“. გვამის შინაგანი გამოკვლევაც ჩატარდა, რაზეც დასკვნაში წერია: „ნანახი იქნა სუბდურული და სუბარაქნოიდალური სისხლჩაქცევები მარცხნივ შუბლ-თხემ-საფეთქლის მიდამოში. წერტილოვანი ხასიათის სისხლჩაქცევები თავის ტვინის ნივთიერებაში. დაზიანებები განვითარებულია სიცოცხლის დროს, რაიმე მკვრივი და ბლაგვი საგნის მოქმედებით, მიეკუთვნებიან სიცოცხლისთვის სახიფათო ხარისხს, რასაც შედეგად კიდევაც მოჰყვა სიკვდილი“.

დასკვნაში მითითებული „რაიმე მკვრივი და ბლაგვი საგანი“, რომლის მოქმედებამ ვასილ ამონიშვილის გარდაცვალება გამოიწვია, გულნაზ ამონიშვილის განმარტებით, არის ე. წ. კასტეტი, რომელიც მის შვილს სააკაშვილის დაცვის წევრმა, მოსკოვის პროესპექტზე, №41-ე კორპუსის ეზოში ჩაარტყა - „ჩემს შვილს ამ საგნის ჩარტყმით ფუძე ჩაუწყდა; „ეს პროფესიონალის გაკეთებულია, ისეთ წერტილშია ჩარტყმულიო“, - გვითხრა რეანიმაციიდან გამოსულმა ექიმმა“.

ინცინდენტის მეორე დღეს, 2008 წლის 12 ივნისს, თბილისის ისან-სამგორის მეხუთე განყოფილებაში დაიწყო წინასწარი გამოძიება, ვასილ ამონიშვილის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე (სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი ნაწილი). იმ დოკუმენტების საფუძველზე, რომელიც მოკლულის დედას აქვს, პროკურატურაში წინასწარი გამოძიება დღემდე მიმდინარეობს, მასზე თბილისის პროკურატურას კონტროლი აქვს დაწესებული.

„სუფრის წევრები დაკითხულები არიან, მაგრამ გამოძიება ცდილობს საქმე ისე წაიყვანოს, რომ ძმები ბერძენიშვილების ინცინდენტში მონაწილოება მიჩქმალოს“ – ამბობს გულნაზ ამონიშვილი და დასძენს, რომ დაზარალებულის უფლებამონაცველდაა ცნობილი. ამის შესახებ მხოლოდ სიტყვიერად უთხრეს, მაგრამ დამადასტურებელი დოკუმენტი მას არ გააჩნია.

ინცინდენტი ასე დაიწყო: ვასილ ამონიშვილი საცოლესთან, მეგისთან ერთად, 2008 წლის 11 ივნისს თავისი თანამშრომლის დავით დოგრაშვილის ოჯახში (მოსკოვის პროსპექტი, №41-ე კორპუსი) დაბადების დღეზე მივიდა. სუფრაზე ვასილისა და მეგისთვის უცნობი 20-მდე ადამიანი იყო. ვასილ ამონიშვილი საჯარო რეესტრის დაცვაში მუშაობდა, მისი საცოლე - საჯარო რეესტრში. „შენ ის ბიჭი არა ხარ, საჯარო რეესტრში რომ არ შემიშვიო?!“ - უთქვამს სუფრის ერთ-ერთ წევრს ვასილ ამონიშვილისთვის. ამ დიალოგის შესახებ გულნაზ ამონიშვილმა მაშინ გაიგო, როცა მისი შვილი ჯერ კიდევ ცოცხალი იყო.

მოკლულის დედა იხსენებს: „2008 წლის თებერვალში, სამსახურიდან ძალიან ანერვიულებული მოვიდა. დედი, რა მოხდა-მეთქი, - ვკითხე და „სააკაშვილის დაცვიდან ერთი ბიჭი მოვიდა, „ქსივა“ მაჩვენა, ურიგოდ უნდოდა შესვლა და რადგან წინ მოხუცები, ბავშვიანები იდგნენ, არ შევუშვი - მერე რა, რომ „ქსივა“ გაქვს-მეთქი და ის ბიჭი გამიბრაზდაო“. ვასიკო რომ მომიკლეს, კატეგორიულად ვითხოვდი საჯარო რეესტრში, ვიდოეთვალის კადრები მაჩვენეთ-მეთქი, რომელსაც თურმე 6 თვე ინახავენ, მაგრამ არავინ მაჩვენა.

ის კადრები რომ მომეპოვებინა, სიმართლის დამტკიცებას უფრო ადვილად შევძლებდი, მაგრამ ვერ მოვიპოვე, არ მაჩვენეს. გაუბედურებული და უსუსური ვიყავი. ეგ კი არა, ადვოკატის აყვანა რომ დავაპირე, გამომძიებელმა მითხრა - „რად გინდათ ადვოკატი? თქვენს ინტერესებს ადვოკატზე უკეთესად დავიცავთო. თავიდან ეს დავიჯერე. ჩემი მეუღლე აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში იბრძოდა, ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანი იყო, 2004 წელს გარდაიცვალა. მან 35 წელი ორგანოში იმუშავა და ვერ წარმომედგინა, რომ დამნაშავეს არ დასჯიდნენ“.

ვასილ ამონიშვილის დეიდის და დედის განმარტებით, გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებაში, დოგრაშვილების ოჯახში გაშლილი სუფრის თამადა ამბობს, რომ ვასილმა სუფრის იმ წევრს, რომელმაც თებერვალში მომხდარი გაუხსენა, ბოდიში მოუხადა, შემდეგ ერთი სადღეგრძელოს უფლება ითხოვა - სუფრის წევრები დალოცა, მოუბოდიშა, გტოვებთო და იქიდან საცოლესთან ერთად წამოვიდა.

„ერთადერთი სწორი ჩვენება თამადამ მისცა. დანარჩენების უმრავლესობა ორგანოს მუშაკები, ან ორგანოს მუშაკების შვილები არიან და თურმე, ყველა ადვოკატებით მიდიოდა და ასე აძლევდნენ ჩვენებებს - თითო სიტყვას ინიშნავდნენ, რომ ყველას ერთნაირად ეთქვა და ამ დროს მე სახლში ვიჯექი, ადვოკატი არ გჭირდებაო – მეუბნებოდნენ.

მეგი და ვასიკო სუფრიდან წამოვიდნენ და მეგის მანქანაში ჩასხდნენ, ძმებმა ბერძენიშვილებმა ჩამოსდიეს, გინებით და ჩხუბით. სააკაშვილის დაცვის წევრს ხელში ანთებული სიგარეტი ეჭირა და ცდილობდა ვასიკოს სახეზე ჩაექრო, მაგრამ მეგიმ მინის აწევა მოასწრო და მანქანა დაძრა. მეგი ამბობს, ქალი ვარ და ამხელა შეურაცხყოფის მოთმენა გამიჭირდებოდა, მაგრამ ვასიკომ მოითმინა, წამოვიდა, მე სახლში დამტოვა და უკან, ორ მეგობართან ერთად დაბრუნდაო“, - ამბობს მოკლულის დეიდა.

ვასილ ამონიშვილმა საცოლე დაამშვიდა - „არ იდარდო, მეგობრებთან ერთად წავალ და გავარკვევ რა უნდოდა იმ ბიჭს ჩემგანო“. მის ორ მეგობარს (სპორტის ორ სახეობაში მსოფლიო ჩემპიონებს, რომელთა გვარებს მოკლულის დედის თხოვნით არ ვასახელებთ) სთხოვა მოსკოვის პროსპექტზე გაჰყოლოდნენ - „ჩემს თანამშრომელს, დათოს ჩამოვიყვან და გავარკვევ, რა უნდოდა ამ ბიჭს; მეგისთან ერთად არ დავილაპარაკეო“.

რომ მივიდნენ, დავით დოგრაშვილი ორ ბიჭთან ერთად გვერდითა სადარბაზოში იდგა. მანქანიდან მხოლოდ ვასიკო გადავიდა. „ჩამოიყვანე ის ბიჭი რა უნდოდა გავარკვიოთო“, - უთქვამს დოგრაშვილისთვის, რომელიც ვასიკოს დამშვიდებას ცდილობდა. ზემოდან გადმოუხედავთ. ძმები ბერძენიშვილები გამოვარდნილან. მათ უკან სუფრის დანარჩენი წევრებიც გამოჰყოლიან.

„იქვე ყოფილა სააკაშვილის დაცვის წევრის ფეხმძიმე მეუღლე, რომელიც ბერძენიშვილების ეზოში ჩამოსვლამდე, ვასიკოს ძმაკაცებს ეხვეწებოდა - „თქვენი მეგობარი აქაურობას იქნებ გაარიდოთო“. მის ქმარს თურმე პათოლოგიური სიმთვრალე ჰქონია (სიფხიზლეშიც არ აკლებს, ნახევრად გიჟია და ეს მთელმა კორპუსმა იცის) და ამიტომაც იხვეწებოდა ვასიკო გაარიდეთო.

ჩემს შვილს ძმები ბერძენიშვილებიდან ერთ-ერთმა, სააკაშვილის მცველმა რაღაც ჩაარტყა და ვასიკო გათიშული ძირს დაეცა, რომელსაც დავით დოგრაშვილის დედა და და გადაეფარნენ; იხვეწებოდნენ გაჩერდითო, მაგრამ კი არ გაჩერდნენ, ეს ორი ქალი ააგლიჯეს და ნახევრად მკვდარი ჩემი შვილი გავეშებულმა ხალხმა უმოწყალოდ სცემა. ამას მთელი კორპუსი უყურებდა. იმ სუფრის წევრებს, რომლებიც იქვე ცხოვრობენ, ვასიკოს ცემაში ეზოში მყოფებიც მიეხმარნენ.

„მოსკოვის პროსპექტზე ეგ ეზო საშინელებებითაა ცნობილი. ჩემი ვასიკოს 40-ზე იქ კიდევ მოკლეს ბიჭი, ოღონდ იარაღით. ვასიკომ 5 დღე იცოცხლა, მაგრამ მხოლოდ სუნთქავდა, გონზე არ მოსულა, 17 ივნისს მიხაილოვის საავადმყოფოში დალია სული. პირველად იქვე, მოსკოვის პროსპექტზე, მეხუთე საავადმყოფოში მიიყვანეს.

მომხდარიდან დაახლოებით 2 საათში ჩემი შვილის ტელეფონიდან დოგრაშვილმა დამირეკა - „ვასიკომ 8 ლიტრა ღვინო დალია, წაიქცა, თავი დაარტყა და ახლა საავადმყოფოშიაო“. იქ ახალი მისულები ვიყავით, როცა სამხედრო ფორმაში გამოწყობილი 2 ბიჭი მოვიდა და იქ მყოფები (იმ ავადსახსენებლი სუფრის წევრები) დასაკითხად წაიყვანა, მაგრამ, როგორც ვიცი, პირველი ჩვენებები საქმიდან გამქრალია. მოგვიანებით ადვოკატი ავიყვანეთ, მაგრამ საქმის ასლის გადაღების ნება მაინც არ დაგვრთეს“, - ამბობს მოკლულის დედა.

ვასილ ამონიშვილის დეიდის, გულსუნდა მიქაძის თქმით, მკვლელობიდან 4 თვე იყო გასული, როცა საჯარო რეესტრში, ძმები ბერძენიშვილებიდან ერთ-ერთი, სააკაშვილის დაცვის წევრი, რაღაც საქმეზე მივიდა. მეგიმ იცნო - „ვაიმე, ვასიკო რომ მოკლა, ეს ის არისო“. ამის პასუხად, ბერძენიშვილს უთქვამს - „თუ არ გაჩერდები, ვასიკოს გვერდზე მიგიწვენო“ და იქაურობას სწრაფად გაცლია.

„ღირსებააყრილი ვარ, შვილო, დღეს აქ, ვაზაგაშვილებთან სწორედ ამან მომიყვანა. იქნებ, დამაკვალიანონ და დამეხმარონ. აქ ჩემსავით გამწარებული ოჯახები - გამცემლიძეები, რობაქიძეები, შარაძეები, შავაძეები იკრიბებიან და დამნაშავეების დასასჯელად ერთად იბრძვიან. ავისმზრახველი ცალ-ცალკე უფრო იოლად მოგვერევა და ერთად თუ დავდგებით და დამნაშავეების დასასჯელად ვიბრძოლებთ, სიმართლეს უფრო ადვილად დავამტკიცებთ. პირადად მე, სანამ ცოცხალი ვარ, გაჩერებას არ ვაპირებ. 2 თებერვალს სააკაშვილს განცხადებით მივმართე. ახლა თქვენი მედიასაშუალების მეშვეობით ვეკითხები:

„ბატონო პრეზიდენტო, რატომ მომიკლა შვილი თქვენი დაცვის წევრმა? თუ წყნეთში, ირინა ბათიაშვილის დაბადების დღის შემდეგ მომხდარი ინცინდენტი, რომლის დროსაც ახალგაზრდა დაიჭრა, 3 თვეში გამოიძიეს და ლევან გოგიჩაიშვილს 7 წელი მიუსაჯეს, რატომ აჭიანურებენ წელიწადნახევარი მოსკოვის პროსპექტზე მომხდარი ინცინდენტის გამოძიებას, რომლის დროსაც ჩემი შვილი მოკლეს?“ - კითხულობს ვასილ ამონიშვილის დედა და იქვე დასძენს, რომ სანამ ეს ხელისუფლება ქვეყნის სათავეში იქნება, მკვლელის დასჯის იმედი არა აქვს.

ამასთან, გულნაზ ამონიშვილი ოპოზიციისა და სახალხო დამცველის აპარატის უყურადღებობით უკმაყოფილოა. იგი ამბობს, რომ სახალხო დამცველის ოფისში შვილის სიკვდილიდან რამდენიმე დღის შემდეგ მივიდა. ასევე დახმარებისთვის მიმართა რესპუბლიკურ პარტიას, სადაც მას მოუსმინა უჩა ქირიამ; მიუსამძიმრა, მოუბოდიშა, მაგრამ უარით გამოისტუმრა - ვერაფრით დაგეხმარებითო.

მოკლულის დედა ამბობს, რომ კონსერვატორ კახა კუკავასაც შეხვდა, რომელიც დახმარებას დაჰპირდა - „აუცილებლად დაგეხმარებით, ეს საქმე გირგვლიანზე უარესიოა“ და იურისტ ბესო ღვინიაშვილს დაავალა, ამ ოჯახს დაეხმარეო, მაგრამ ამაოდ. მელიქიშვილის გამზირზე, „ეროვნული ფორუმის“ ოფისში მოკლულის დედა იმ იმედით მივიდა, რომ გუბაზ სანიკიძეს შეხვდებოდა, მაგრამ იქ 2 უცნობი მამაკაცი დახვდა, მათ განცხადება დაიტოვეს. მოკლულის დედა ამბობს, რომ მისმა განცხადებამ შესაძლოა ვერც მიაღწია ადრესატამდე, ანუ გუბაზ სანიკიძემდე.

მოსკოვის პროსპექტზე მომხდარ სისხლიან ინცინდენტთან დაკავშირებით ერთადერთი სტატია 2008 წლის 24-25 ივნისს, გაზეთ „ალიაში“ გამოქვეყნდა, მაგრამ როგორც მოკლულის დედა ამბობს, მაშინ სიმართლე ბოლომდე გარკვეული არ ჰქონდათ, შეშინებულებიც იყვნენ და ჟურნალისტს მხოლოდ ის უთხრეს, რომ ვასილ ამონიშვილის მკვლელობაში ძალოვნები მონაწილეობდნენ.

პრესა.გე ორშაბათს მთავარი პროკურატურის პრესსამსახურს, ვასილ ამონიშვილის საქმეზე კითხვებს გაუგზავნის. ვიმედოვნებთ, რომ პასუხებს ისევე ოპერატიულად მოგვაწვდიან, როგორც ეს მოხდა წამებით მოკლული როინ შავაძის საქმესთან დაკავშირებით. ასევე მივმართავთ სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციის სამმართველოს და დავინტერესდებით რა დადგინეს მოკვლევის შედეგად. ამასთან, მასალაში ვასილ ამონიშვილის დედის მიერ დასახელებულ პირებს თუ გამოხმაურების სურვილი გაუჩნდებათ, მზად ვართ შევხვდეთ და მოვუსმინოთ.

წყარო: პრესა.გე

ახალი ამბები