კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ქიბარ ხალვაში: „კახეთის ვიცეგუბერნატორმა ჩვენი მანქანა მიითვისა“

7 ოქტომბერი, 2009

„თელავში ეგრეა და იმიტომ“

გელა მთივლიშვილი, კახეთი

ბიზნესმენი ქიბარ ხალვაში კახეთის გუბერნატორის პირველ მოადგილეს გიორგი სიბაშვილს კომპანია „პრიზას“ ქონების მითვისებაში ადანაშაულებს. ხალვაშის განცხადებით, სიბაშვილი „პრიზას“ კუთვნილი, „შევროლეს“ მარკის მანქანით დადის, რომელიც კომპანიის ავტოპარკიდან ღამით გაიტანა. ბიზნესმენის განცხადებას სიბაშვილი უარყოფს. ვიცეგუბერნატორის თქმით, მანქანა მას მეგობარმა ათხოვა, რომლის ვინაობასაც არ ამჟღავნებს.

„მანქანა, რომლითაც სიბაშვილი გადაადგილდება, ორი წლის წინ არის ნაყიდი, თუმცა თითქმის ახალია. კომპანიამ მასში 26 ათასი აშშ დოლარი გადაიხადა. სიბაშვილმა „პრიზას“ ავტოპარკიდან მანქანა გვიან ღამით თავად წაიღო“, - აცხადებს ქიბარ ხალვაში.

კახეთის გუბერნატორის პირველი მოადგილე, როგორ უკვე აღვნიშნეთ, განმარტავს, რომ მანქანა მეგობრისგან ითხოვა, თუმცა არ აკონკრეტებს ვისგან. მანქანაზე არაოფიციალურად არის მიმაგრებული კახეთის გუბერნატორის ადმინისტრაციის კუთვნილი მანქანის „ნისან პატფაინდერის“ სანომრე ნიშანი KAX-300.

კითხვაზე, თუ სიბაშვილს მანქანა ნამდვილად ნათხოვი აქვს, კახეთის გუბერნატორის ადმინისტრაციის კუთვნილი მანქანის სანომრე ნიშანი რატომ და როგორ მიამაგრა, გუბერნატორის პირველი მოადგილე პასუხობს: „მანქანა მართლაც მეგობრისგან მაქვს ნათხოვი. ჩემი საკუთარი ავტომანქანა არის დამტვრეული. სანამ ის მანქანა გაკეთდება, ეს მანქანა იმიტომ ვითხოვე. არ მიყიდია და ამისათვის ბიუჯეტიდან არცერთი თეთრი არ გაგვიხარჯავს. რაც შეეხება სანომრე ნიშანს, არაოფიციალურად მაქვს მიმაგრებული. თელავში ეგრეა და იმიტომ. ხელშეკრულება არ მაქვს გაფორმებული. გავაფორმებ და ყველაფერი წესრიგში იქნება“, - აცხადებს სიბაშვილი.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტის თამარ გურჩიანის შეფასებით, კახეთის გუბერნატორის პირველი მოადგილის მხრიდან ადგილი აქვს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას, რაზედაც რეაგირება საპატრულო პოლიციამ უნდა მოახდინოს. „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 122-ე მუხლის მე-3 პუნქტით, სატრანსპორტო საშუალების მართვა სხვისი ან შენიღბული სახელმწიფო სანომრე ნიშნით, იწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით. ამასთან ერთად, ამ სამართალდადღვევის ჩადენის შემთხვევაში, დამრღვევს საქმის განხილვამდე უნდა ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალება და ის გადაყვანილ იქნეს სპეციალურ დაცულ სადგომზე“, - განმარტავს გურჩიანი.

მიუხედავად იმისა, რომ დარღვევის შესახებ საინფორმაციო საშუალებებით ინფორმაცია არაერთხელ გავრცელდა, აღნიშნული ფაქტზე საპატრულო პოლიციას რეაგირება არ მოუხდენია. „თელავი ჩემი სამოქმედო ტერიტორიაა და რეაგირებაც მე უნდა მოვახდინო, თუ დარღვევას ვნახავ. ასეთი დარღვევა კი ჩემთვის უცნობია“, - ამბობს საპატრულო პოლიციის უფროსი ალეკო დეკანოიძე.

ახალი მანქანით გადაადგილდება თელავის მუნიციპალიტეტის გამგებელი ვასილ დავითაშვილიც. „ნისანის“ მარკის ახალი „ჯიპის“ შესაძენად ბიუჯეტიდან 10 ათასი აშშ დოლარია გახარჯული.

„კახეთი სტიქიამ წალეკა. მოსახლეობა დახმარების გარეშეა დარჩენილი. ამ ფონზე, კახეთის გუბერნატორის პირველმა მოადგილემ სამსახურებრივი ავტომანქანა „ჯიპი“ გუბერნატორის მეორე მოადგილეს პეტრე კიკნაძეს გადასცა, თვითონ კი „შევროლეს“ მარკის ახალი „ჯიპით“ დადის. შავ ბაზარზე ასეთი მანქანა მინიმუმ 30 ათასი დოლარი ღირს. გუბერნატორის მოადგილეს არც თელავის მუნიციპალიტეტის გამგებელი ვასილ დავითაშვილი ჩამორჩა. გამგებელმა „ნისანის“ მარკის ახალი „ჯიპი“ შეიძინა, რომელიც 10 ათას დოლარზე მეტი ღირს“, - განაცხადა ოპოზიციური პარტია „ახალი მემარჯვენეების“ წარმომადგენელმა ნიკა ვარდოშვილმა.

თელავის მუნიციპალიტეტის გამგებელი ადასტურებს, რომ ახალი მანქანით ნამდვილად თვითონ სარგებლობს, თუმცა აღნიშნავს, რომ ეს მანქანა უშუალოდ გამგებლისთვის არ არის შეძენილი. „ნისანის“ მარკის ჯიპი საკრებულოს გადაწყვეტილებით, სამხედრო კომისარიატისთვის იყიდეს. მე მანქანა არ მყავს და როცა იქნება, მაინც უნდა ვიყიდო. მანამდე ამ მანქანას მოვიხმარ“, - აღნიშნა ვასილ დავითაშვილმა.

უნდა აღინიშნოს, რომ ახალი მანქანის შეძენამდე თელავის გამგებელს „მერსედესის“ მარკის საკმაოდ კომფორტული მანქანა ემსახურებოდა, რომელიც თელავის გამგეობის ბალანსზე ირიცხებოდა.

საყურადღებოა, რომ რამდენიმე დღის წინ, თელავის რაიონს სტიქიამ 180 ათასი ლარის ზარალი მიაყენა. დაზარალებულია არაერთი ოჯახი. დაზარალებულ ოჯახებს ადგილობრივმა ხელისუფლებამ დახმარებაზე უარი უთხრა, იმ მიზეზით, რომ ბიუჯეტში თანხები არ აქვთ.

ახალი ამბები