კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ქუთაისის მერია საჯარო ინფორმაციას არ გასცემს

7 ოქტომბერი, 2009

შორენა კაკაბაძე, ქუთაისი

რესპუბლიკური პარტიის ქუთაისის ორგანიზაციის წარმომადგენლებმა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსიდან მე-40 მუხლი ამობეჭდეს და ქუთაისის მერიის კედლებზე გააკრეს. ამით მათ ადგილობრივი ჩინოვნიკების მხრიდან საჯარო ინფორმაციის გასაიდუმლოება გააპროტესტეს. როგორც რესპუბლიკელები აცხადებენ, რომ საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის შესახებ შესული წერილების იგნორირება ქუთაისის მერსა და სხვა თანამდებობის პირებს უკვე ჩვევად ექცათ.

„ეს მუხლი საჯარო პირს ავალდებულებს საჯარო ინფორმაცია 10 დღის ვადაში გასცეს. ჩვენ (და არც არავის) ამაზე ხვეწნა არ უნდა გვჭირდებოდეს. თუმცა, ეს საქციელი ამ ხალხს უკვე ჩვევად გადაექცა, დაინტერესებულ პირებს ინფორმაციას არ აწვდიან. ეს კი, იმას ნიშნავს, რომ არც თუ ისე პატიოსნად ცხოვრობენ და მუშაობენ, როგორც ამას თვითონ აცხადებენ. ჩვენ, ამჯერად ქალაქის მერისგან  მერიის თანამშრომელთა სახელფასო მონაცემები გამოვითხოვეთ. რაღაც ამ ბოლო დროს, როგორც თავად მერის, ისე ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის, ასევე, საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარეების ხელფასები და პრემიები ძალიან გაიზარდა. ხალხს უფლება აქვს, იცოდეს მისი ქალაქის მერი თუ სხვა თანამდებობის პირები, რომლებიც თავად აირჩია (საკრებულო), სახელწიფოსგან რა თანხას იღებენ. ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ ისინი, ხელფასის გარდა, პრემიის სახით საკმაოდ სოლიდურ თანხებს იღებენ. თან ამ ყველაფერს ერთჯერადი სახე არა აქვს, ეს ყოველ ორ, ან სამ თვეში ერთხელ მეორდება“, - ამბობს რესპუბლიკური პარტიის ქუთაისის ორგანიზაციის ხელმძღვანელი ნატო ქათამაძე.

რესპუბლიკური პარტიის ქუთაისის ორგანიზაციის წევრებმა ქალაქის მერიიდან სარემონტო სამუშაოებზე დახარჯული თანხის შესახებაც გამოითხოვეს ინფორმაცია. ბოლო ორი თვეა ქუთაისის მერიაში სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს და როგორც ადგილობრივი ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, ამისთვის საკმაოდ სოლიდური თანხები იხარჯება.

„ისევე როგორ სახელფასო დეკლარაციაზე, მიმდინარე სარემონტო სამუშაოებზეც ვერ მივიღეთ ინფორმაცია. არადა, გვაქვს ინფორმაცია, რომ გაცილებით მეტი თანხები იხარჯება, ვიდრე ამ საქმეს რეალურად  ჭირდება“, - ამბობს ქათამაძე.

საჯარო ინფორმაციის მოპოვებასთან დაკავშირებით ქუთაისში პრობლემები მხოლოდ ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებს არ ექმნებათ. ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია „ასა“-ს (იმერეთის რეგიონის სამეცნიერო- საინფორმაციო ასოციაცია) ხელმძღვანელი ზაზა ხელაძე აცხადებს, რომ იგივე პრობლემის წინაშე თვითონაც არაერთხელ აღმოჩნდა: „უკვე რამდენიმე თვეა ქალაქის კეთილმოწყობის სამსახურიდან  ქუთაისში წყალგაყვანილობისთვის გამოყოფილ თანხებზე და ზოგადად, ამ კუთხით ჩატარებულ სარემონტო სამუშაოებზე ზუსტ ინფორმაციას ვითხოვ, მაგრამ უშედეგოდ. ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით მათგან არანაირი ინფორმაცია არ მიმიღია. ეს, უკვე, ჩვეულებრივი ამბავია, არ უნდათ და ინფორმაციას არ გასცემენ. არადა, საინტერესოა, ვინ ატარებს ამ სამუშაოებს, პროფესიონალები არიან თუ არა და ა. შ. თუმცა, პროფესიონალებთან რომ არა გვაქვს საქმე, ეს ჩატარებული სამუშაოებიდანაც ნათლად ჩანს. ერთიდაიგივე ქუჩა, არასწორად ჩაწყობილი მილების გამო, არაერთხელ გადაითხარა“.

აღნიშნული პრობლემა ქუთაისში დღემდე რჩება ადგილობრივთა უკმაყოფილების მიზეზად. გადათხრილი ქუჩების გამო, ბოლო წელიწადნახევარია, როგორც მანქანით, ისე ქვეითად გადაადგილება მაქსიმალურად შეზღუდულია.

რაც შეეხება რესპუბლიკელებს, როგორ თავად აცხადებენ, მათი პროტესტი მხოლოდ მერიის კედლებზე ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-40 მუხლის გაკვრით არ შემოიფარგლება. ისინი უახლოეს დღეებში ქუთაისის საქალაქო სასამართლოში, მერიის წინაარმდეგ, სარჩელს შეიტანენ.

ახალი ამბები