კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საზღვრისპირა სოფლებს ხელისუფლება ყურადღებას არ აქცევს

9 ოქტომბერი, 2009

თეა თედლიაშვილი, გორი

წითელუბანი გორის მუნიციპალიტეტში შემავალი სოფელია, სადაც ძირითადად ოსი ეროვნების ადამიანები ცხოვრობენ, მაგრამ ამის მიუხედავად სოფელი ქართული მხარის დაქვემდებარებაშია და იქ შესვლა მკაცრად კონტროლდება ქართველი სამართალდამცავების მიერ.

წითელუბანს სამი მხრიდან ოსეთის დე ფაქტო რეჟიმის მიერ კონტროლილებადი სოფლები ესაზღვრება.

სოფელი ომის დროს არ დაურბევიათ. სოფლის მოსახლეობის აზრით, ეს მხოლოდ იმის გამო მოხდა, რომ სოფელი ძირითადად ოსებითაა დასახლებული. 1993 წლამდე სოფელის მოსახლეობა 330 კომლს ითვლიდა, საიდანაც სულ რამოდენიმე ოჯახი იყო ქართული, თუმცა გაუთავებელი კონფლიქტების შედეგად ოსებმა ნელ-ნელა დატოვეს სოფელი და ნაწილი ცხინვალში, ნაწილი კი ვლადიკავკაზში გადასახლდა.

ამის პარალელურად სოფელში აჭარის მეწყერსაშიში ზონიდან 27 ოჯახი ჩაასახლეს. გარდა ამისა, სოფელში დაასახლეს მაჰმადიანი მესხებიც.

მიუხედავად იმისა, რომ სოფელი კონფლიქტის ზონას ესაზღვრება, ჩვენ ვერ ვნახეთ ერთმანეთზე ეროვნული ნიშით განაწყენებული ადამიანები. ოსები და ქართველები აქ მშვიდობიანად ცხოვრობენ და მჭიდრო ნათესაურ კავშირში არიან ერთმანეთთან. სოფლის მოსახლეობა ხელისუფლებაზე ერთნაირადაა გულნატკენი, რადგან მათზე არავინ ფიქრობს. მიუხედავად იმისა, რომ ეს საზღვრისპირა სოფელია 2008 წლის კონფლიქტის შემდგომი რეაბილიტაციის პროგრამაში ის პრაქტიკულად არ გაუთვალისწინებიათ და სხვა მსგავს სოფლებთან შედარებით ძალიან მწირი დახმარება მიიღეს. სოფლის მოსახლეობას მთავრობა მხოლოდ ნაკვეთების დამუშავებასა და ხორბლის დათესვაში დაეხმარა. სოფლის მოსახლეობამ სარწყავი წყლის არარსებობის გამო მთავრობის დახმარებით რეალურად ვერც ისარგებლა, რადგან ხორბლის მოყვანა უწყლოდ შეუძლებელი აღმოჩნდა. სარწყავი არხის სათავე ნაგებობა ცხინვალშია და აქედან აგვისტოს შემდეგ მხოლოდ ოსების მიერ კონტროლირებადი სოფლები მარაგდება.

„ჩვენს ზემოთ არსებული სოფლები წყალს ჩვენამდე არ უშვებენ და ამიტომ მხოლოდ წვიმის იმედად ვართ დარჩენილი. ცხინვალიდან წყალს კი უშვებენ, მაგრამ აქამდე არ მოდის, რადგან ზედა სოფლები გვიკეტავენ წყალს“, - ამბობს სურენა ბოლოთაევა. მას „მეზობლების“ საქციელი აკვირვებს, რადგან მათ იციან, რომ სოფელში ძირითადად ოსები ცხოვრობენ.

„ოსები და ქართველები კი კარგად ვართ ერთმანეთთან, მაგრამ ცხოვრება ძალიან გვიჭირს. წყალი არ არის, რომ რამე მოვიყვანოთ. საძოვრები არ არის, რომ პირუტყვი ვიყოლიოთ. ოჯახს ერთზე მეტი ძროხის ყოლის საშუალება არ გააჩნია, კვება ხომ უნდა პირუტყვს, რასაც საკუთარ ბაღებში მოვთიბავთ იმას ვაჭმევთ საქონელს“, - ამბობს ეთერ კუსრაევა.

საძოვრების პრობლემა ისედაც მცირემიწიან სოფელში მას შემდეგ გაჩნდა, რად ავტომაგისტრალის მშენებლობა დაიწყო. ეს მაგისტრალი სოფლის მოსახლეობის უკმაყოფილებას სხვა მიზეზითაც იწვევს: - მის მშენებლობაზე სოფლის მოსახლეობიდან არავინ დაუსაქმებიათ, მაშინ როცა უმუშევრობა სოფლის მოსახლეობისთვის უმთავრეს პრობლემას წარმოადგენს.

”ჩვენთან ახლოს მაგისტრალის მშენებლობა მიმდინარეობს. აქ ჩვენი დასაქმებაც შეიძლებოდა, მაგრამ არც ერთი ადამიანი ჩვენი სოფლიდან მაგ სამუშაოებზე არ დაუსაქმებიათ. ამ მაგისტრალმა საძოვრები ხომ მოგვისპო, არც სამსახურს გვთავაზოვენ. თუ ასე გაგრძელდა სოფელი ნელ-ნელა დაიცლება მოსახლეობისგან“, - ამბობს სურენა ბოლოთაევა. რომლის ნათესავებისა და მეზობლების უმრავლესობამ სოფელი რამოდენიმე წლის წინ დატოვა და საცხოვრებლად ვლადიკავკაზში გადავიდა.

სოფელი წითელუბანი ხელისუფლების ყურადღების ცენტრში მხოლოდ 2007 წლის 6 აგვისტოს მოხვდა, როდესაც სოფელში სარაკეტო ჭურვი ჩამოვარდა. მაშინ რუსეთის  და საქართველოს მხარეებმა ერთმანეთს დაუწყეს დავა იმის შესახებ ვინ იყო პასუხისმგებელი სოფლის ტერიტორიის დაბომბვაზე. ხელისუფლება მხოლოდ მაშინ გვაქცევს ყურადღებას როცა გვბომბავენო, ამბობენ სოფლის მაცხოვრებლები.

ახალი ამბები