კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ბავშვები სხვის სახლში...

12 ოქტომბერი, 2009

საბა წიწიკაშვილი, გორი

გაეროს ბავშვთა ორგანიზაციის მონაცემებით, საქართველოს მასშტაბით ბავშვთა მდგომარეობის ყველაზე უარყოფითი მაჩვენებელი შიდა ქართლში ფიქსირდება. ეს შეფასება ჯერ კიდევ 2008 წლის აგვისტოს მოვლენებამდე გაკეთდა. „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ იმ ბავშვების ბედით დაინტერესდა, რომელთა სავალალო მდგომარეობაზე გაეროს ბავშვთა ორგანიზაცია ჯერ კიდევ ომამდე საუბრობდა.

თეონას და მთვარისას ამბავი...

თეონა და მთვარისა სადაღაშვილები 5 წელია სხვის სახლში, გორის რაიონის სოფელ ქვახვრელში ცხოვრობენ. თეონა, რომელიც ეპილეფსიითა დაავადებული, მეცხრე კლასშია, ხოლო მთვარისა - მეათეში. მათი მამა – ტუბერკულიოზითაა დაავადებული.

ოჯახის დიასახლისი, ქალბატონი ცირა, ამბობს, რომ ოჯახს შემოსავლის წყარო არ გააჩნია. სიღარიბის დაძლევის პროგრამის სოციალური აგენტი მის სახლში ორჯერ იყო მისული, ახსოვს რომ ორივე შემთხვევაში შეფასების ანკეტაში ნული ქულები ჩაუწერეს, საბოლოო პასუხი არც კი აცნობეს.

„ველოდი, რომ სოციალურად დაუცველ და სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ოჯახების სიაში მოვხვდებოდი, თუმცა პასუხი არ გვაღირსეს. ბოლოს თვითონ მივაკითხე ამ ორგანიზაციას და აღმოვაჩინე, რომ 58 ათასი ქულა დაგვიგროვებია, ანუ ქონება მქონია. ეს სახლი სადაც ვცხოვრობ, მამა მალხაზს ეკუთვნის, რომელიც ამჟამად ოჯახთან ერთად საზღვარგარეთ ცხოვრობს. 5 წელია ჩვენ მის სახლში ვცხოვრობთ. საქართველოში რომ დაბრუნდეს ან სახლის გაყიდვა დასჭირდეს, ღია ცის ქვეშ დავრჩებით“, - ამბობს ქალბატონი ცირა.

„მეზობელი ან ახლობელი თუ მოგვაწვდის რამეს, ესაა ჩვენი საკვები. ასე გაგვაქვს თავი“, - ამბობს ბავშვების დედა.

ბაშვები სკოლაში სხვისი ნაჩუქარი ტანსაცმლით დადიან. წლებია საკუთარი ტანსაცმელი არ სცმიათ.

ეპილეფსიით დაავადებული თეონა, რომელსაც საუბარი უჭირს, ამბობს, რომ მას ყველაზე მეტად ინგლისური ენა მოსწონს.

ქვახვრელის საშუალო სკოლის სასწავლო ნაწილის გამგე ნანა სადაღაშვილი, რომელიც ბავშვების მეზობელიცაა, ჩვენთან საუბარში აცხადებს, რომ თეონასთვის გათვალისწინებული აქვთ სწავლების ინკლუზიური მეთოდი.

„ვერ აღვწერ ამ ბავშვების ბედნიერ სახეს მაშინ, როდესაც მეზობლების, მასწავლებლებისა და თანატოლების შეგორვებულ საჩუქრებს (ტანსაცმელს, საჭმელს და ა. შ.) გადასცემენ ხოლმე. ბავშვების თვალებში განუზომელ სიხარულს ამოიკითხავთ. ყველაზე უფრო მეტად ამ ოჯახის მდგომარეობას ის ფაქტი ართულებს, რომ ოჯახის ორ  წევრს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სერიოზული პრობლემები აქვს. ეს ყველაფერი ბავშვებზე მოქმედებს. მით უფრო რომ ამ ბავშვებიდან ერთ-ერთს დაავადება სჭირს" - ამბობს ნანა მასწავლებელი.

ჩვენს საუბარს თეონასგან განსხვავებით, მთვარისა შორიდან ადევნებდა თვალყურს. ის უფრო მორიდებული ჩანდა. თეონას კი სტუმრებთან ყოფნა და საკუთარ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემებზე საუბარი არ ერიდებოდა. ნანა მასწავლებელმა ამას ასეთი ახსნა მისცა:

„მთვარისა ძალიან გონებამახვილი, არაჩვეულებრივი გოგოა. ის ალბათ უკვე კარგად აცნობიერებს საკუთარი ოჯახის მდგომარეობას, აცნობიერებს იმას თუ რა მდგომარეობაშია მისი და; აგრეთვე მისი მამა, რომელიც ტუბერკულიოზით არის დაავადებული. ვფიქრობ, რომ ამით აიხსნება მისი მორიდება“.

ნანა მასწავლებლის განცხადებით მთვარისა სკოლაში ერთ ერთი საუკეთესო მოსწავლეა. ის არაჩვეულებრივად ხატავს.

„რაც მადამ ბოვარი წავიკითხე, მის მერე გადავწყვიტე ამ ქალის დახატვა“, - გვითხრა მთვარისამ და საკუთარი ხელით შესრულებული მადამ ბოვარის პორტრეტი გვიჩვენა. კედლებზე მის მიერ შესრულებული სხვა ნახატებიც დაგვათვალიერებინა.
ფანქრები და ფუნჯები მთვარისას მეზობელმა, მხატვარმა გელა ფილიშვილმა აჩუქა. წიგნი „მადამ ბოვარი“ კი სახლის ნამდვილი მეპატრონეს მამა მალხაზს ეკუთვნის. მთვარისას იმაში მაინც გაუმართლა, რომ მისი კეთილისმყოფელის ოჯახის კარადაში ძალიან ბევრი საინტერესო წიგნი დახვდა.

ზამთრის მოახლოება ამ ოჯახისთვის ყველაზე დიდი პრობლემაა. „წლებია შეშა არ გვიყიდია. გარშემო ბაღებში რასაც მოვაგროვებთ, იმითი ვანთებთ ცეცხლს. ადრე, სანამ ჯანმრთელი იყო, ჩემი მეუღლე ტყეში მუშად დადიოდა და თითო-ოროლა მორს გამოიყოლებდა ხოლმე. ამჟამად ამის საშუალებაც აღარ გვაქვს. შეშას არ ვჩივივართ, თვითონ ღუმელი არა გვაქვს, რითიც უნდა გავთბეთ. შარშან მეზობელმა მოგვცა ძველი ღუმელი, რომელიც უკვე გამოუსადეგარია“, - ამბობს ქალბატონი ცირა.

მიუხედავად ამ სირთულეებისა, ბავშვები მაინც მოუთმენლად ელიან 7 იანვრის დადგომას. შარშანდელი შობა მათთვის განსაკუთრებით ბედნიერი გამოდგა. საქმე ისაა, რომ უფლისციხის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის მრევლმა გაჭირვებული ოჯახებისთვის პროდუქტი შეაგროვა. ამ საქველმოქმედო აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი მრევლის ერთ-ერთი წევრი მარიკა ორთანეზაშვილი იყო.

,,თავდაპირველად, ვფიქრობდით, რომ ასეთი ტიპის აქცია შეჭირვებული ოჯახებისთვის შეურაცხმყოფელი იქნებოდა. ვცდილობდით რაც შეიძლება ნაკლებ ადამიანს გაეგო ამის შესახებ და შეგროვებული პროდუქტი საღამოს საათებში დავარიგეთ, ვიფიქრეთ რომ ამ დროს ნაკლებად შესამჩნევი იქნებოდა, თუ ვის მივუტანეთ შეგროვებული პროდუქტი. აღმოჩნდა რომ ქალბატონი ცირას ოჯახისთვის ეს სასიხარულო საჩუქარი იყო. ჩვენ ასეთ აქციებს მომავალშიც გავმართავთ“, - გვითხრა მარიკა ორთანეზაშვილმა.

„იმდენად გახარებული ვიყავით შარშან შობა დღეს მიღებული საჩუქრებით, რომ ბავშვები წელსაც მოუთმენლად ელოდებიან შობის დადგომას. მოტანილი პროდუქტი თითქმის ერთი თვე გვეყო“, - ამბობს ქალბატონი ცირა.

„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ ოჯახს სოციალურად დაუცველი და სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ოჯახებისთვის გამოყოფილი დახმარების მიღებაში ხელშეწყობას დაპირდა და იმედია ამ პუბლიკაციის გამოქვეყნება სააგენტოს წარმომადგენლებს ოჯახის ქონებრივ მდგომარეობაზე ინფორმაციის გადამოწმებისაკენ უბიძგებს.

ახალი ამბები