06:47, Sunday, 05.07.2020
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

სკოლის მასწავლებლებს ნაცმოძრაობაში გაწევრიანებას აიძულებენ

15.10.2009
გელა მთივლიშვილი, კახეთი

კახეთის რეგიონში საჯარო სკოლების მასწავლებლებს მმართველ პარტიაში გაწევრიანებას აიძულებენ. პედაგოგების თქმით, დავალება სკოლის დირექტორებისგან მიიღეს, დირექტორებმა კი საგანმანათლებლო რესურსცენტრების უფროსებისგან. „იმ შემთხვევაში თუ „ნაციონალურ მოძრაობაში“ გასაწევრიანებლად განცხადებებს არ დავწერთ, დირექტორებმა მიგვითითეს, რომ საათები მოგვაკლდება და შესაძლოა, საერთოდ სამსახურის გარეშე დავრჩეთ“, - განაცხადეს პედაგოგებმა.

„რამდენიმე დღის წინ, სკოლის დირექტორმა თათბირზე შეგვკრიბა და ყველას გვითხრა, რომ მმართველ პარტიაში უნდა გავწევრიანდეთ. დირექტორმა მიგვანიშნა, რომ მისი თხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში, იძულებული იქნება სამუშაო სათები მოგვაკლოს, ხელფასი შეგვიმციროს და სამსახურიდან გაგვიშვას. ისიც პირდაპირ გვითხრა, რომ დავალება გურჯაანის საგანმანათლებლო რესურს-ცენტრის უფროსისგან აქვს მიღებული და თუ არ შეასრულებს, პრობლემები შეექმნება. რამდენიმე მასწავლებელმა დირექტორს მაშინვე ვკითხეთ, სკოლაში მასწავლებლობის უმრავლესობა თუ არ დაწერდა განცხადებებს პარტიაში გაწევრიანების თაობაზე, ყველას ხომ არ გაგვათავისუფლებდნენ? დირექტორმა გვიპასუხა: მაშინ მე დამაწერინებენ განცხადებას თანამდებობიდან წასვლაზე ან სამეურვეო საბჭოს მიაღებინებენ გადაწყვეტილებას და გამიშვებენო“, - აღნიშნა ჩვენთან საუბარში გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაზისუბნის საჯარო სკოლის ერთ-ერთმა მასწავლებელმა. რესპონდენტის ვინაობას მისივე თხოვნით არ ვამჟღავნებთ.

„12 წელია სკოლაში ვმუშაობ. რუსულ ენასა და ლიტერატურას ვასწავლი. არ მახსოვს, ვინმეს ასე დაეძალებინოს, გინდა თუ არ გინდა, ჩვენს პარტიაში უნდა გაწევრიანდეო. მე მესმის, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ახლოვდება და ისევე გვამუშავებენ აგიტატორებად, როგორც წინა არჩევნების დროს, მაგრამ მაშინ პარტიის წევრები არ ვყოფილვართ. არჩევნების დროს ხმის მიცემას ისედაც ფარული კენჭისყრის კაბინაში შესვლის გარეშე გვავალდებულებდნენ. ასე ძირითადად იმათ ექცეოდნენ ვის ერთგულებაშიც ეჭვი ეპარებოდათ. გვითხრეს, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში სამსახურიდან გაგვიშვებდნენ. იგივეს თუ მოითხოვენ, ბევრი პედაგოგი, ლუკმა-პური რომ არ დაკარგოს, ამაზე უარს არც ახლა იტყვის. ამიტომაც ვერ გამიგია, რატომ გახდა ახლა საჭირო მასწავლებლების პარტიაში გაწევრიანება?

ვფიქრობ, რომ მასწავლებელი არც ერთი პარტიის წევრი არ უნდა იყოს, მასწავლებლებს ამას არ უნდა აძალებდნენ. ჩვენი მოვალეობა ბავშვებთან მუშაობაა, მაგრამ ვინ გვაცლის? რაც უფრო ახლოვდება არჩევნები, პედაგოგის მოვალეობის შესასრულებლად მით უფრო ნაკლები დრო გვრჩება. დღე ისე არ გავა, რომ ავტობუსებში არ ჩაგვსვან და სადმე არ წაგვიყვანონ შეხვედრაზე. არ აინტერესებთ, გვაქვს თუ არა სურვილი იმ შეხვედრაზე მისვლის, სავალდებულოა და მორჩა.

იცით, პედაგოგების ნაწილმა სკოლის დირექტორს ანგარიში გაუწია და ნაციონალურ მოძრაობაში გაწევრიანებაზე განცხადება უკვე დაწერა“, - გვითხრა პედაგოგმა, რომლის ვინაობასაც გასაგები მიზეზების გამო ასევე არ ვამჟღავნებთ.

არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ იურისტების ცნობით, ბოლო ორი კვირის განმავლობაში მათ კონსულტაციისათვის რეგიონის სხვადასხვა სკოლებიდან არაერთმა პედაგოგმა მიმართა.

„მასწავლებლებს აინტერესებთ ვალდებულები არიან თუ არა დაწერონ განცხადება ნაციონალურ მოძრაობაში გაწევრიანების შესახებ. ჩვენთან პირად საუბარში რამდენიმე სკოლის დირექტორმა დაადასტურა, რომ დავალება ამის შესახებ საგანამანათლებლო რესურს-ცენტრის უფროსისგან აქვთ მიღებული. განცხადებები რა ფორმით უნდა დაიწეროს, ისიც კი გვაჩვენეს“, - ამბობს „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ იურისტი ნინო ანდრიაშვილი.

გურჯაანის საგანმანათლებლო რესურს-ცენტრის უფროსი ლალი გაბიტაშვილი ამ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფს. უნდა აღინიშნოს, რომ ლალი გაბიტაშვილი რესურს-ცენტრის უფროსის თანამდებობაზე, საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, კახეთის გუბერნატორის პირველი მოადგილის, გიორგი სიბაშვილის ძალისხმევით დაინიშნა. სიბაშვილი იმ დროისთვის ნაცმოძრაობის გურჯაანის საარჩევნო შტაბის უფროსი იყო. წინასაარჩევნო პერიოდში გაბიტაშვილი კახეთის ამჟამინდელ გუბერნატორს გიორგი ღვინიაშვილს, რომელიც მაშინ არჩევნებში გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატის კანდიდატის სტატუსით მონაწილეობდა, სკოლებში დაჰყვებოდა და პედაგოგებს მისი მხარდაჭერისაკენ საჯაროდ მოუწოდებდა. გურჯაანის საგანმანათლებლო რესურს-ცენტრის უფროსად ლალი გაბიტაშვილი რომ დაენიშნათ, რესურს-ცენტრის ყოფილ უფროსს, ცხინვალიდან დევნილ დალი მინდიაშვილს განცხადება სამსახურიდან წასვლის შესახებ დაპატიმრების მუქარით დააწერინეს. მას შემდეგ საჯარო სკოლებში არაერთი საკადრო ცვლილება განხორციელდა. რესურს-ცენტრისა და კახეთის გუბერნატორის ადმინისტრაციის ერთობლივი ჩარევით, იმ სკოლის დირექტორებს, რომელთა სრულ ერთგულებაშიც ადგილობრივ ხელისუფლებას ეჭვი ეპარება, ხსნიან და გამოთავისუფლებულ ადგილებზე ნათესავებს, მეგობრებსა და იმ ადამიანებს ნიშნავენ, რომელთაც არჩევნებში მუშაობის დიდი გამოცდილება აქვთ. ცოტა ხნის წინ, ზუსტად ამავე მიზეზით დააწერინეს განცხადება დედოფლისწყაროს რესურს-ცენტრის უფროსს ნონა გომელაურსაც. ჩვენი ინფორმაციით, გომელაურს თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ განცხადების დაწერა დედოფლისწყაროს მაჟორიტარი დეპუტატის ავთანდილ ლეკაშვილის დავალებით მოსთხოვეს. ამასთან დაკავშირებით, თავად გომელაურს საუბარი არ სურს. რესურს-ცენტრის უფროსად ავთანდილ ლეკიშვილის მეგობარი და მისი ნდობით აღჭურვილი პირი მარინე მეხრიშვილი დაინიშნა.

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო დაკარგეთ თუ არა სამსახური?
დიახ არა

ბლოგი

ძალადობის მსხვერპლი ქალები
ასაკის მატებას ერთი უპრატესობა აქვს, მრავალწლიან გამოცდილებასთან ერთად საზოგადოებრივი ცნობიერების ცვლილების უშუალო მონაწილე ხდები. ეს ცვლილებები შემდეგ უკვე საკანონმდებლო ცვლილებებში აისახება. დრო ცვლის
ვრცლად...
ქალ პატიმართა მოლოდინები
სექსუალური უმცირესობები საქართველოს ციხეებში
არქივი
   

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2020 HRIDC